“სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა კარგია, მაგრამ ოპოზიციონერი ლიდერების ზედმეტი ამბიციურობით, ამპარტავნებით არაფერი გამოვა”

40
spot_img

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა კარგია, მაგრამ ოპოზიციონერი ლიდერების ზედმეტი ამბიციურობით, ამპარტავნებით ამ საქმიდან არაფერი გამოვა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ელისაშვილის თქმით, მიუხედავად ამისა, დაესწრება შეხვედრებს, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური სპექტრთან მართავს.

„ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა. რატომ? – ინიციატივა კარგი და დროულია, მაგრამ ოპოზიციონერი ლიდერების ზედმეტი ამბიციურობით, ამპარტავნებით, რაც შემდეგ არაადეკვატურობაში გადაიზრდება, ამ საქმიდან არაფერი გამოვა. მინდა ჩემს თავთან ვიყო მართალი, ამიტომ მივალთ, ჩვენს აზრებს ვიტყვით და სხვებსაც მოვუსმენთ. ვეცდებით, პროდასავლური ოპოზიციის მონახაზი იყოს, ამისთვის მზად ვართ. რასაც ვუყურებ ოპოზიციიდან, ყველაფერი იქით მიდის, რომ არაფერი გამოვა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს. სალომე ზურაბიშვილი გუშინ, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დაცულობა, ამიტომ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულა და გზა არის მომავლის ქარტიის შექმნა. ამასთან, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ამ ინიციატივაში ჩაერთვება. ამ დროისთვის პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმყოფებიან „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ზურაბ ჯაფარიძე. შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა პარტიამ „საქართველოსთვის“ .