“ორივე ფეხზე დამწვრობა მივიღე, ძვალი მთლიანად დამემსხვრა, ფეხის მოჭრაზეც კი იყო საუბარი” – 7 ნოემბრის საქმის მოწმე

42
spot_img

7 ნოემბრის ხმაურიან საქმეზე დღეს აქციაზე დაშავებულები და დაზარალებულები დაიკითხნენ. როგორც მოწმე ნიკოლოზ დიდიშვილმა პროცესზე განაცხადა, იგი რიყეზე მიტინგის დარბევის დროს მძიმედ დაშავდა. მისი თქმით, სამართალდამცველის მიერ სროლის შედეგად ორივე ფეხის მძიმე დაზიანება მიიღო. მან ასევე დაადასტურა დარბევაში საჯარისო დანაყოფების მონაწილეობა.

„ბარათაშვილის ხიდიდან ჩამოვედით და გზა მეტეხის მიმართულებით გავაგრძელეთ. უკან გამობრუნება როცა დავაპირეთ, მაგ დრო დამჭრეს ფეხში. ერთი ფეხი კანზე მეკიდა, მეორე დამწვარი მქონდა. გამვლელს ვთხოვე დახმარება. გამვლელ მანქანაში ჩამსვეს და ე.წ. არამიანცში მიმიყვანეს. საჯარისო დანაყოფები მითითებებს იღებდნენ, ემზადებოდნენ რაღაცებისთვის. პოლიციელების და რობოკოპების კორიდორი იყო, ჩაკეტილი იყო გზა, გასასვლელი. ხალხის დიდი ნაწილი ვერ გავიდა. რეზინის ტყვია არ იყო, რაც ფეხში მომხვდა. ორივე ფეხზე დამწვრობა მივიღე, მარცხენა ფეხი მთლიანად დამემსხვრა, კანზე ეკიდა ფეხი. რეზინის ტყვია ამას ვერ იზამდა. გამვლელები დამეხმარნენ. კოლონა, რომელიც ჩვენკენ მოდიოდა, იქიდან ყვიროდნენ, რომ დატოვეთ, დააგდეთ, ჩვენ მივხედავთ მაგასო. იქ რომ დავრჩენილიყავი, იმდენი სისხლი მდიოდა, შეიძლებოდა დავცლილიყავი კიდევაც სისხლისგან. ფეხის მოჭრაზეც იყო საუბარი, კანი აღდგენას ვერ ახერხებდა“, – განაცხადა მოწმემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრება.