7 ნოემბრის საქმეში არანაირად არ დგინდება, რომ მძიმე დაზიანებები, რომელიც მოქალაქეებმა მიიღეს, რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის მიერ გაცემულ ბრძანებებს უკავშირდებოდა, – ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, ეს ფაქტი გამოძიების პრობლემაა და პოლიტიკურ მოტივაციაზე მიანიშნებს.
„ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ მოწმეების დაზიანებებს, რომელთა ჩვენებებიც დღეს მოვისმინეთ, არაფერი ამართლებს. ადამიანურად სრული თანაგრძნობა მათ, ამ ნაწილში ბუნებრივია, არავის აქვს უფლება თქვას, რომ რომელიმე დემონსტრანტის დაზიანება, რომელიც მათ 2007 წელს თუ 2019 წელს მიიღეს, რამით უნდა გამართლდეს. რაც შეეხება ფაქტს, გზები იყო თუ არა ჩახერგილი, დაკითხვის დროს მკაფიოდ დადასტურდა და კადრებითაც დასტურდება, რომ გზები ჩახერგილი არ იყო, კონკრეტული მიმართულებები არსებობდა, სადაც სამართალდამცავები იმყოფებოდნენ და მომიტინგეებს რუსთაველის ტერიტორიაზე დაბრუნების საშუალებას არ აძლევდნენ. სხვა მიმართულებები ღია იყო. მოცემულ საქმეში არანაირად არ დგინდება, რომ მძიმე დაზიანებები, რომელიც მოქალაქეებმა მიიღეს, რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის მიერ გაცემულ ბრძანებებს უკავშირდებოდა, რაც ამავე გამოძიების დიდი პრობლემაა, რაც პოლიტიკურ მოტივაციაზე მიანიშნებს. რა ბრძანების საფუძველზე იქნა გამოყენებული რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი თუ ა.შ. ამ საქმის ფარგლებში გამოკვლეული არ არის. მინდა პარალელი გავავლო 2019 წელთან, როცა 20 ივნისს, თვალები დათხარეს ადამიანებს, როცა უმძიმესი ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს თვალის დათხრის პარალელურად, ამ ნაწილში დადგენილია ის დანაყოფები, ვინც ეს განახორციელა და ამავდროულად, დადგენილია ის პირები, ვინც ეს ბრძანებები გასცა. დღემდე, პასუხისგებაში ერთი ადამიანი არ არის მიცემული. 2007 წლის მოვლენებთან დაკავშირებით სასამართლო განხილვები მიმდინარეობს, 2019 წლის მოვლენებზე სასამართლო განხილვები კი არა, ერთი პირიც არ არის პასუხისგებაში მიცემული. ასე იყენებს ბიძინა ივანიშვილი პროკურატურის სისტემას. საქმეებზე, სადაც პოლიტიკური ინტერესი აქვს, სასამართლო განხილვებია, საქმეები, სადაც მისი მონაწილეობაც კი შეიძლება იკვეთებოდეს, რადგან გახარია იმ საზარელი დანაშაულების ჩადენას ვერ გაბედავდა, იქ თაროზეა საქმეები შემოდებული.
რაც შეეხება საჯარისო ნაწილების გამოყენებას, არც ერთ წარმოდგენილ მოწმეს არ უთქვამს რომ ისინი მოქალაქეების დარბევაში იღებდნენ მონაწილეობას. ყველამ თქვა, „რობოკოპის“ ფორმაში ჩაცმული პირები და სპეცრაზმის აღჭურვილობით იყვნენო, ნიღბის ქვეშ იმყოფებოდნენ ის პირები, რომლებმაც რეზინის ტყვიების გასროლა განახორციელესო. ჯარის გამოყვანის ერთადერთი მოტივაცია იყო ორი მხარი დაეშორებინა და შეტაკებები არ ყოფილიყო“, – განაცხადა ბასილაიამ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართა. სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.