ღაზაში ჰუმანიტარული ვითარება ამაზე უარესი ვერ იქნებოდა, არ არსებობს სიტყვები იქ შექმნილი სიტუაციის აღსაწერად, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყების წინ მედიასთან განაცხადა.
ბორელის თქმით, ევროკავშირის მინისტერიალზე ასევე მიწვეული არიან ისრაელის, არაბული და მუსლიმური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და არაბთა ლიგის გენერალური მდივანი.
„ღაზაში ჰუმანიტარული ვითარება ამაზე უარესი ვერ იქნებოდა, არ არსებობს სიტყვები იქ შექმნილი სიტუაციის აღსაწერად, რა დროსაც ასობით ათასი ადამიანი თავშესაფრის, საკვების, მედიკამენტების გარეშეა დარჩენილი ბომბების ქვეშ. ყოველდღე დიდი რაოდენობის მოქალაქეებს კლავენ. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს? ეს არის საკითხი, რომელსაც მინისტრები დღეს განიხილავენ, ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა“, – განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, მშვიდობის დამყარება ახლო აღმოსავლეთში ორი სახელმწიფოს არსებობის პრინციპზეა შესაძლებელი.
„ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საუბარი „სამშვიდობო“ პროცესზე და საუბარი უნდა დავიწყოთ უფრო კონკრეტულად „ორი სახელმწიფოს გამოსავლის“ პროცესზე, რადგან შესაძლებელია, არსებობდეს ბევრნაირი მშვიდობა. რა სახის მშვიდობაზე საუბრობთ თქვენ? მოდით, ვისაუბროთ იმაზე, რისი გაკეთება გვსურს. ის, რისი გაკეთებაც გვსურს, არის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გამოსავალი, ასე რომ, ვისაუბროთ ამაზე“, – განაცხადა ბორელმა.
ბორელის თქმით, მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში ასევე არის უკრაინის საკითხი.
„ის ფაქტი, რომ ჩვენ ჩართული ვართ ახლო აღმოსავლეთში გამოსავლის ძიებაში, არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. პირველი, ვისთანაც დღეს საუბარი გვექნება, არის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩვენ მინისტრებთან განვიხილავთ უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელებას. მოგვიანებით ასევე იქნება თავდაცვის მინისტრების ცალკე შეხვედრა ჩვენი მხარდაჭერის გაძლიერების განსახილველად. ნუ იღელვებთ, უკრაინელებმა არ უნდა იღელვონ, ევროპის მხარდაჭერა ისევ მტკიცედ გრძელდება“, – განაცხადა ბორელმა.