სანქტ-პეტერბურგში 18 იანვრის ღამით უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ეს არის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოპერაცია თანამედროვე უკრაინული საშუალებების გამოყენებით. მონაცემთა შეგროვება გრძელდება, დადასტურებულია სამიზნეებზე დარტყმები“, – განაცხადა მედიასთან საუბარში წყარომ, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენელია.
კითხვაზე, პირველად შეუტიეს თუ არა უკრაინულმა დრონებმა ლენინგრადის ოლქს, წყარომ უპასუხა: „პირველად არა, მაგრამ არის განსხვავებები და მტერმა იგრძნო ისინი“.
18 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანქტ-პეტერბურგში უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ამასთან, „ტელეგრამ“ არხი Astra იუწყება, რომ დრონი სანქტ-პეტერბურგში, „პეტერბურგის ნავთობტერმინალის“ ტერიტორიაზე დაეცა და აფეთქდა.