ამერიკული გაზეთის Politico-ს ევროპულ ვერსიაში (ოფისით ბელგიაში) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ევროპის შემდეგი კრიზისი: წყლის დეფიციტი“ (ავტორები – ზია ვეისე და ანტონია ციმერმანი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
„ევროპას წინ მძიმე, გვალვიანი ზაფხული ელოდება, რომლის სიმპტომები ახლავე ჩანს: ესპანეთში ყველაზე დიდი წყალსაცავი, რომელიც მილიონობით კატალონიელის წყურვილს უკლავს, დაშრობის პირას დგას. საფრანგეთში, სადაც მდინარეები და ტბები შრება, სოფლების მოსახლეობას ერთმანეთთან კონფლიქტები მოსდით, ხოლო იტალიის ყველაზე დიდი მდინარე პო უკვე ისეთი მცირეწყლიანი გახდა, როგორც ეს შარშანდელი ზაფხულის დროს, ივნისში იყო. რა იქნება ერთი თვის შემდეგ, როცა წელიწადის ყველაზე ცხელი დრო დადგება, მიაღწევს პოს წყალი შესართავამდე, ადრიატიკის ზღვამდე?
აპრილის ბოლო რიცხვების მდგომარეობით, ევროპის კონტინენტის ორი მეოთხედ ტერიტორიაზე მოსალოდნელი გვალვის სიმპტომები უკვე გაჩნდა, ამიტომ ბევრი სახელმწიფო შარშანდელი მშრალი ზაფხულის გამეორებას ელოდება, თუმცა ბევრად უფრო ნეგატიური შედეგებით.
კოსმოსური თანამგზავრების მეშვეობით 2018 წლიდან გადაღებული ფოტოსურათების შედარებისას კარგად ჩანს, რომ ევროპა გვალვით ძალიან ზარალდება. სტაბილურად მაღალი ტემპერატურა, ნალექების პერიოდშიც კი, როცა წვიმა და თოვლი უნდა მოდიოდეს, მიწას სინოტივის გარეშე ტოვებს და სასმელი თუ სარწყავი წყლის რესურსები სულ უფრო მცირდება.
„ხუთი ან ექვსი წლის წინათ მე შემეძლო მეთქვა, რომ ევროპაში საკმარისი რაოდენობით წყალი გვაქვს“, – ამბობს ტორსტენ მეიერ-გიური, თანამგზავრული კვლევების ავტორი, – ახლა კი დავწმუნდი, რომ წინ დიდი პრობლემები გველოდება“.
ექსპერტების თქმით, თბილმა ზამთარმა ევროპა უგაზობას და სიცივეს გადაარჩინა, მაგრამ სამაგიეროდ, თოვლისა და წვიმის გარეშე დარჩენილ გარემოში წყალი შემცირდა. ახლა გაზაფხულზე, წვიმებიც რომ მოვიდეს, გამომშრალ მიწას საკმარისად მაინც ვერ დაატენიანებს.
მთავრობები გამოსავალს ეძებენ. როგორც ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, „გვალვა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში უახლოესი წლების განმავლობაში ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იქნება“.
ზამთრის გვალვა
2022 წლის ზაფხულის ისტორიულმა გვალვამ ევროპის მიწისზედა და მიწისქვეშა რეზერვუარები თითქმის დაცალა. ზამთარს შვება უნდა მოეტანა, მაგრამ კონტინენტის ბევრ ადგილზე არც წვიმა მოსულა და არც თოვლი.
საფრანგეთმა, სადაც წვიმა იანვარ-თებერვალში ზედიზედ 30 დღის განმავლობაში არ მოსულა, უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში ყველზე მშრალი ზამტარი გადაიტანა.
იტალიის კლიმატური კვლევითი ფონდის მონაცემებით, აპრილის შუა რიცხვებისათვის ატმოსფერულმა ნალექების დეფიციტმა 64%-ს მიაღწია. ქვეყნის მთავარ მდინარეში – პოში წყლის დონემ კატასტროფულად დაიკლო. გარდას ტბაში კი ამჟამად წყალი იმის ნახევარია, რაც უნდა იყოს. არადა, წინა წლებში ტბას რაიმე მსგავსი პრობლემა არასდროს არ ჰქონია.
ესპანეთში ზეთისხილის მოსავალი საფრთხის ქვეშაა. კატალონიაში საუს ცნობილ წყალსაცავში ზედმეტი თევზის ჭერა დაიწყეს: წყალმა იმდენად დაიკლო, რომ თევზებს ჟანგბადი აღარ ჰყოფნით და იღუპებიან. არადა ასეთი რამ, რაც წყალსაცავი არსებობს (1960-იანი წლებიდან) არასოდეს მომხდარა, თანაც გაზაფხულზე, როცა წინა წლებში ხშირი წვიმები მოდიოდა. დღეისათვის საუ მხოლოდ 27%-ითაა შევსებული, წინ კი, როგორც მეტეოროლოგები ამბობენ, გვალვიანი ზაფხული უნდა იყოს.
როგორც ესპანეთის ეკოლოგიის მინისტრმა ტერეზა რიბერამ განაცხადა, თუ ასე გაგრძელდება, ათი წლის შემდეგ ესპანეთში, საფრანგეთის მსგავსად, მტკნარი წყლის 40%-იანი დეფიციტი იქნება.
„ზამთრის ნალექებს ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებისთვის უდიდესი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ“, – აღნიშნავს ფრედ ჰატერმანი, პოტსდამში არსებული კლიმატოლოგიის ინსტიტუტის ჰიდროლოგი. მისი თქმით, თუ გავითვალისწინებთ ზამთრის მცირე ნალექებს და ალპებში თოვლის თხელ საფარველს, იტალიაში და რეგიონის სხვა ქვეყნებში მძიმე გვალვა იქნება“.
ევროპა რომ გვალვის „მოჯადოებული წრიდან“ ამოვარდეს და მიწისქვეშა წყლების დეფიციტი შეივსოს, თითქმის ათი წლის განმავლობაში ნალექები ნორმალური დოზით უნდა მოდიოდეს.
კლიმატის ცვლილების როლი
რასაკვირველია, ათი წლის განმავლობაში ამინდის პროგნოზირება შეუძლებელია. დღეს კლიმატი ძალიან სწრაფად იცვლება… თუმცა გერმანელები მაინც შეეცადნენ და სრულიად სამწუხარო შედეგები მიიღეს – 2033 წლამდე ქვეყანაში წყლის რეზერვები ყოველწლიურად შემცირდება.
გვალვა რთული კლიმატური მოვლენაა და დამოკიდებულია როგორც ატმოსფერულ ნალექებზე, ასევე ადამიანის მოქმედებაზე – წყლის რესურსების სწორ მოხმარება-განაწილებაზე და ეკოლოგიურ ფაქტორებზე.
ფრედ ჰატერმანის თქმით, გლობალური დათბობის პირობებში ევროპა დღევანდელთან შედარებით უფრო მშრალ რეგიონად გადაიქცევა სამი მიზეზის გამო:
პირველი – რაც უფრო მატულობს ტემპერატურა, მით უფრო მეტი წყალი ორთქლდება. ევროპის მჭიდრო მოსახლეობის გათვალისწინებით, წყლის ხარჯი ყოველწლიურად იზრდება და თუ ამას ტემპერატურის მატებით დახარჯულის მოცულობაც დაემატება, წყლის დეფიციტი აუცილებლად იქნება. საჭიროა მოვიდეს ნალექების მზარდი რაოდენობა, მაგრამ გლობალური დათბობის ტემპები ამას ხელს შეუშლის.
მეორე – კლიმატის გლობალური ცვლილება ევროპის ატმოსფეროზე ანომალურ ზემოქმედებას ახდენს. არ არის გამორიცხული, რომ ანომალური ატმოსფერული წნევის გამო ჰაერის ცხელი მასა ევროპის თავზე დიდი ხნით გაჩერდეს და ისეთი ძლიერი გვალვა გამოიწვიოს, როგორც ეს გასულ წელს იყო. ან შესაძლოა ცივი ჰაერის „გაბატონებას“ ასევე ანომალური წვიმები მოჰყვეს, როგორიც გერმანიაში იყო 2021 წელს.
მესამე – ევროპის მყინვარები და თოვლის საფარველი ტემპერატურის მატების გამო სწრაფად დნება და ამით მსხვილ მდინარეებს – დუნაის, რეინს, რონას, ლუარას, პოს და სხვებს სამომავლოდ წყალი აუცილებლად დააკლდებათ.
ახლო პერსპექტივაში, ანუ ამ ზაფხულს ყველაზე მოწყვლად ქვეყნებად ითვლებიან ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი და იტალია, თუმცა არის ნიშნები, რომ გვალვა იქნება პოლონეთშიც, რუმინეთშიც, ბულგარეთში და საბერძნეთში.
ფრედ ჰატერმანის თქმით, გერმანიის სხვადასხვა მხარეებში, მაგალითად, ბრანდენბურგში ბოლო თვეებში წვიმა კი იყო, მაგრამ შარშანდელი ძლიერი გვალვის გამო შემცირებული მიწისქვეშა გრუნტის წყლების მოცულობა ჯეროვნად მაინც ვერ შეივსო. „სიტუაცია უფრო გაუარესდება“, – ამბობს ჰიდროლოგი.
ომი წყლისათვის
უკრაინის დახმარებით გართული ევროპა სასიკვდილო საფრთხეს ძალიან დაყოვნებით აცნობიერებს. მართალია, მთავრობები იღებენ დადგენილებებს წყლის ხარჯვის შემცირების თაობაზე (ემანუელ მაკრონის განკარგულებით, მოხდება 10%-იანი შემცირება), სურთ გააუმჯობესონ წყლის რეზერვებისა და რესურსების მართვა, მიმდინარეობს გარკვეული პროექტების შემუშავება და მათი რეალიზება (გერმანიამ 78-პუნქტიანი გეგმა მიიღო), მაგრამ… ეს არასაკმარისია.
წყლის დეფიციტი ევროპაში სულ მალე პოლიტიკურ პრობლემად გადაიქცევა: ჯერ ერთი, რომ ქვეყნების შიგნით მუნიციპალიტეტები ერთმანეთს ედავებიან წყლის განაწილებაში, ფერმერები შეტაკებებსაც კი არ ერიდებიან. ადგილობრივად მომხდარი კონფლიქტები თავის გამოძახილს პოვებს ცენტრებში – დავაში ებმებიან პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები… ევროპის მდინარეები წყალმარჩხები ხდებიან – მცირდება მათი სატრანსპორტო მნიშვნელობა, რაც კრიზისებს იწვევს. დავის ობიექტი ხშირად ხდება მდინარე დუნაის – ევროპის ყველაზე დიდი მდინარის წყლის გამოყენების საკითხი, რომლითაც ცხრა სახელმწიფო სარგებლობს…
„სულ მალე მოსახლეობა წყლის დეფიციტს უფრო მტკივნეულად იგრძნობს… ბრძოლა წყლისათვის უკვე მიმდინარეობს და სულ უფრო გამწვავდება“, – ამბობს ფრედ ჰატერმანი.