ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

29
spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო ბასოს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა, საქართველოსა და EBRD-ს შორის წარმატებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ის პროექტები მიმოიხილეს, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

მთავრობის მეთაურმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსების კუთხით EBRD-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების საშუალებას იძლევა.
ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე. პრემიერ-მინისტრმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური ტენდენციები გააცნო და აღნიშნა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურად მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს და მთავრობის ეფექტურმა პოლიტიკამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მოუტანა.
ყურადღება ასევე გამახვილდა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებზეც მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს.

შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ოდილ რენო ბასომ განიხილეს თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს, რომელიც შეადგენს დაახლოებით 5 მილიარდ ევროს 289 პროექტში. ირაკლი ღარიბაშვილმა ოდილ რენო ბასოს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.