იემენელი „ჰუსიტების“ მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ამერიკულ სავაჭრო ხომალდს მოხვდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
როგორც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო სარდლობაში განმარტავენ, ინციდენტის შედეგად ხომალდს მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიუღია.
“მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გადამზიდავმა, რომელიც ეკუთვნის და მართავს აშშ-ში დაფუძნებული კომპანია Eagle Bulk, უმნიშვნელო დაზიანება მიიღო და განაგრძობს სვლას”, – აცხადებს ცენტრალური სარდლობა. მათივე ცნობით, ბორტზე მყოფი პირები არ დაშავებულან.
ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო „ამბრიმ“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ „ჰუსიტებმა“ სამი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, თუმცა ორ მათგანს ზღვამდე არ მიუღწევია.