“მე მინდამ” არ უნდა გადაყლაპოს „მე უნდა” -გია მურღულია

195
spot_img

„მე მინდამ” არ უნდა გადაყლაპოს „მე უნდა”. ეგოისტებს წარმატებული ქვეყანა არსად აუშენებიათ,- ამის შესახებ ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

„როგორც ამბობენ, ადამიანი “აღუვსებელი საწყაულია” – მის სურვილთა ყულაბა არასდროს იცლება.
ერთს შეისრულებს, მეორე ებადება, მეორეს შეისრულებს – მესამე და ასე დაუსრულებლად – სიკვდილამდე.
თუ ამ სურვილებს ვერ ისრულებს, უბედური ხდება, დეპრესიაში ვარდება, ჰგონია, რომ ღმერთმაც მიატოვა და ადამიანებმაც.

რუსთველი კი ასწავლის: “რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა”, ანუ შენს სურვილებს მონად ნუ დაუდგები, თავად გაუბატონდიო, მაგრამ მას ვინღა უსმენს?!

ბევრს უკვე მოსწონს კიდეც, აღუსრულებული სურვილებით რომ იტანჯება და მსოფლიო სევდის მიმდევართა რიგში დგება.
ამიტომ არის საჭირო ნებისყოფა, რომლის გარეშეც სრულფასოვანი პიროვნება საერთოდ არ არსებობს.

ჩვენ რამეს ვაკეთებთ, ბავშვებში ნებისყოფა რომ ჩამოვაყალიბოთ და განვავითაროთ? – არა, “უფრო მნიშვნელოვანი” საქმეები გვაქვს.

სხვა უნარებზეც უნდა ვფიქრობდეთ:

მოქმედების ალგორითმის გააზრებაზე, შრომის კულტურაზე, მიზანსწრაფვაზე, წარუმატებლობის მიმართ მდგრადობაზე, მყარ პასუხისმგებლობაზე…

ამათ გარეშე არც წესიერი ადამიანი არსებობს, არც ოჯახი, არც საზოგადოება და არც სახელმწიფო.

ოჯახიც ამაზე უნდა ზრუნავდეს და სკოლაც.

“მე მინდამ” არ უნდა გადაყლაპოს “მე უნდა”.

ეგოისტებს წარმატებული ქვეყანა არსად აუშენებიათ.

მარტო ცოდნა საკმარისი არ არის, თუ მას ნებისყოფა, პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და მომავლის ხედვა არ წარმართავს.

ქართველებმა ამაზე უნდა ვიფიქროთ, თუ გვსურს “დავდგეთ ერად სხვა ერთა შორის”.

ყოველდღიურად დიდი გარჯა გვმართებს, სასურველ წარმატებას რომ მივაღწიოთ.
აბა, დასვენება და გართობაო? – იკითხავს ზოგიერთი.

მაგას დამსახურება უნდა”,- წერს გია მურღულია.