ესტონეთი მზად არის, კიევს გაწვევის ასაკის უკრაინელი მამაკაცები გადასცეს – ლაური ლიაენმეტს

54
spot_img

ესტონეთი მზად არის, გადასცეს კიევს გაწვევის ასაკის უკრაინელი მამაკაცები. ამის შესახებ განცხადება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლაური ლიაენმეტსმა გააკეთა.

„ეს თუ სჭირდება უკრაინას, ესტონეთს შეუძლია ამ ადამიანების პოვნა და მათი უკრაინისთვის გადაცემა. ზოგადად, ჩვენ ვიცით, სად არიან და რითი არიან დაკავებულები, უმრავლესობა დადის სამსახურებში. მათ აქვთ ესტონეთში ბინადრობის უფლება“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ლიანემეტსმა აღნიშნა, რომ უახლოეს ხანში ესტონეთი შესთავაზებს უკრაინას შეთანხმების გაფორმებას, რომელიც გაწვევის ასაკის მქონე უკრაინელების კიევისთვის გადაცემას ითვალისწინებს. ამჟამად, ესტონეთის კანონმდებლობა მხოლოდ იმ მოქალაქეთა ექსტრადიციის საშუალებას იძლევა, რომლებსაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2023 წლის მაისის მონაცემებით, ქვეყანაში 36 ათასი უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება.

ცნობისთვის, 2024 წელს უკრაინა აპირებს, ჯარში გაიწვიოს 25-დან 60 წლამდე უკრაინელი მამაკაცები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ამის შესახებ განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტამ უმეროვმა მედიასთან ინტერვიუში გააკეთა. ამის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში გაკეთდა განცხადება, რომ საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელების გაწვევის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა შესაბამის კანონპროექტს უმაღლეს რადაში ამზადებენ. უკრაინის პრეზიდენტის ოფისი მხარს უჭერს საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელების მობილიზაციის იდეას.