დროებით ოკუპირებულ გალში მოკლული ვიტალი კარბაიას ცხედარს ექსპერტიზა გუშინ ჩაუტარდა. „მოძრაობა აფხაზეთისთის“ წერს, რომ კაცი ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.
„დღეს აფხაზეთში, გალში – სოფელ წარჩეში მიწას მიაბარეს ე.წ. მილიციელების – ზარაქუა, კვეკვესქირი და აბშილავას მიერ ცემით მოკლულ ვიტალი კარბაია. ჩვენი ინფორმაციით გუშინ საღამოს გალის რაიონის ხელმძღვანელის მიერ იყო მოთხოვნა, ჩატარებულიყო ექსპერტიზა, რომელიც ჩაუტარდა. ექსპერტიზამ დაამტკიცა ცემის შემდგომ მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაცვალება”, – ვკითხულობთ მოძრაობის ფეისბუკგვერდზე.
ცნობისთვის, 9 დეკემბერს ოკუპირებულ გალში საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა ჩხრეკის მიზნით გააჩერეს და სასტიკად სცემეს საქართველოს მოქალაქე,თემურ (ვიტალი) კარბაია.მოგვიანებით ის ე.წ. მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც, სავარაუდოდ, ფიზიკური ანგარიშსწორება გაგრძელდა.მიყენებული დაზიანებების გამო, კარბაია სოხუმის საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.