Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ეს ქვეყანა ყველასია, ყველას აქვს ერთი ხმა, ეს არის დემოკრატია – შალვა პაპუაშვილი 

დღეს არის მცდელობა ეიჯიზმისა, თითქოს რომელიღაც ასაკის ადამიანს მეტი, რომელიღაცას ნაკლები ეთქმის. ეს ჩვეულებრივი ეიჯიზმია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის განცხადებით, ეს ქვეყანა ყველასია, უფროსის და უმცროსის, ქალის და კაცის და ყველას ეთქმის სიტყვა. მისი თქმით, ყველას აქვს ერთი ხმა, ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ.

„ასაკოვანი ადამიანის მიმართ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რა დამოკიდებულება ჰქონდა, ფაქტობრივად ჩარეცხეს გარკვეული ასაკის ადამიანები, ეს იყო ეიჯიზმი. „ნაციონალური მოძრაობის“ გამოგონილია ეს ეიჯიზმიც, რომელიც გამოყენებული აქვთ სხვა მხრივ. გარკვეულ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს რატომღაც თურმე მეტი უნდა ეთქმოდეთ, ვიდრე სხვებს. ეს ქვეყანა ყველასია, უფროსის და უმცროსის, ქალის და კაცის და ყველას ეთქმის სიტყვა. ყველას აქვს ერთი ხმა, ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ. ეს არის დემოკრატია. 200 000 ადამიანი მოვიდა 29 აპრილს ამ იდეების მხარდასაჭერად და იმათი ხმა ხმა არ არის? თუ რანაირად ზომავენ? ასაკით, სქესით, თვალის ფერით? თუ სხვა რა მიდგომები აქვთ კიდევ ეიჯისტური თუ ფაშისტური?! მთავარი სათქმელი ზუსტად ეს არის. აქ საამაყო, სათქმელი ან ხაზგასასმელი ასაკი კი არ არის. მთავარი შინაარსია. არა ფორმა, არამედ შიგთავსი. ზოგი ასაკოვანი ახალგაზრდულად გამოიყურება და ზოგი ახალგაზრდა ასაკოვანად, ფორმა ხომ არ არის მთავარი, მთავარი შინაარსია. შინაარსი და კითხვა არის მარტივი – რა არის ამ კანონში ისეთი, რაც არის მიუღებელი, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო? ეს კანონი ზუსტად ამ თითოეული ახალგაზრდის ინტერესშია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მოვუწოდებთ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, გადახედონ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას – ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები

მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, გადახედონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ამჟამად განიხილება საქართველოს პარლამენტში, შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან.

„ჩვენ, ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას მისი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირმა აჩვენა, რომ ის მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს. საქართველოს მიენიჭა მკაფიო გზა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად და შემდგომ, ევროკავშირში გასაწევრიანებლად. თუმცა, ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ შემაშფოთებელი ტრაექტორია აირჩია, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ამჟამად განიხილება საქართველოს პარლამენტში, შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან. მიღების შემთხვევაში, კანონი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გასაჩუმებლად, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ საქართველოს დასახმარებლად ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე.

საქართველოს ხელისუფლების განცხადებები ევროკავშირის კანონპროექტთან ქართული კანონპროექტის მსგავსებასთან დაკავშირებით უსაფუძვლო და დამაბნეველია. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, გადახედონ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას. ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა საქართველოსა და მისი ხალხის სუვერენული არჩევანია. ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში, წინაპირობების შესრულება საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. საქართველოს ხელისუფლების ანტი-დასავლური რიტორიკა სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ არჩევანს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭა იმ შეთანხმების საფუძველზე, რომ 9 ნაბიჯი შესრულდებოდა. ამ ეტაპზე, აღნიშნული ნაბიჯების შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლებამ პროგრესს ვერ მიაღწია. ჩვენ გვაქვს ძლიერი სურვილი ვიხილოთ საქართველოს წარმატება მის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე, როგორც ეს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილია. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარას გამოიყენებს, რაც გაძლიერებულმა ევროკავშირის გაფართოების პროცესმა წარმოქმნა და დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების კურსს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ერთადერთი, რაც ევროკავშირის ღირებულებასთან შეუთავსებელია, ეს არის „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ მიერ საქართველოში ფულის ფარული ხარჯვა სპეცსამსახურების მეთოდებით – შალვა პაპუაშვილი

ერთი წელი, მე ამაზე მქონდა საუბარი, მათ შორის ევროკომისიის წარმომადგენლებს, საელჩოებს, ელჩს, ყველას მივმართე ამასთან დაკავშირებით, რომ შეუთავსებელია, ევროკავშირის ღირებულებებთან უცხო ქვეყანაში სპეცსამსახურების მეთოდით ფულის ფარული ხარჯვა, რადიკალური ოპოზიციისა და ჯგუფების დაფინანსება,– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, როგორც ჩანს, ზოგიერთ აქტორს ურჩევნია, აირიოს სიტუაცია საქართველოში, ვიდრე ის, რომ გასაჯაროვდეს, ვის, რას და რატომ აფინანსებენ.

,,ამ საკითხებზე მაღალი დონის რიგ წარმომადგენლებთან დახურულ კარს მიღმა ვთანხმდებით, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ დაფინანსების პრინციპები ეწინააღმდეგება ამ ღირებულებებს ორი მიზეზის გამო. ერთი, რომ ის არის ფარული და არ საჯაროვდება და მეორე, რომ შინაარსშიც ჩვენ რამდენიმე შემთხვევაზე გვქონდა მსჯელობა და შევთანხმდით იმაზე, რომ ნამდვილად, ეს იყო გადაცდომა, უფრო სწორად, ეს იყო ისეთი ხარჯვა, რომელშიც ჩადებული პოლიტიკური მიზნები. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია „დროა“, რომელიც არის პირდაპირი პოლიტიკური ფულად კონვერტირებული ვითომ დახმარების ფული.

რაც შეეხება მოწოდებებს, რომელიც გვესმის ევროკავშირის წარმომადგენლობისგან, საელჩოებისგან, თუ სხვადასხვა ქვეყნისგან ღირებულებებთან დაკავშირებით, თუკი ღირებულებები მათთვის მართლაც ფასეულია, ერთადერთი, რაც ეწინააღმდეგება ამ მთლიან ისტორიაში ევროპულ ღირებულებებს, ეს არის „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ მიერ საქართველოში ფულის ფარული ხარჯვა სპეცსამსახურების მეთოდებით, რაც უნდა შეწყდეს. ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურას შეუძლია, რომ ეს გააკეთოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამჯობინებენ, ქართული საზოგადოება მიიყვანონ ისტერიამდე, საზოგადოება აჩხუბონ ერთმანეთთან, მათ შორის იმით, რომ დაბრენდონ ეს კანონპროექტი, თითქოს არის ანტიევროპული. სინამდვილეში, ნაცვლად იმისა, რომ ხუთი წუთი დახარჯონ და EED-ის ფონდის დაფინანსებები გაასაჯაროონ. რატომ მალავენ EED-ის დაფინანსებას. ეს მარტივი კითხვაა, რომელსაც როგორც ჩანს, მარტივი პასუხი არ აქვს და ზოგიერთ აქტორს ურჩევნია, აირიოს სიტუაცია საქართველოში, ვიდრე ის, რომ გასაჯაროვდეს, ვის, რას და რატომ აფინანსებენ, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარადოქსია, რუსეთისთვის ტერიტორიების ჩამბარებლებმა, რუსები ეძახონ ხალხს, რომელთა მმართველობის დროს უზრუნველყოფილი იქნა წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე – მამუკა მდინარაძე

რაც არ უნდა დეტალური განმარტებები ვაკეთოთ კანონპროექტთან დაკავშირებით, სინამდვილეში ის არავის აინტერესებს, კანონპროექტი მხოლოდ საბაბია სიტყვა “რუსულის” გამოსაყენებლად, ხოლო არგუმენტი არა თუ რუსულობის, ოდნავი, ობიექტური პრობლემის შესახებაც კი ვერ წარმოადგინეს! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, უპასუხოდ დარჩა კითხვა, როგორ შეიძლება გამჭვირვალობა რუსული იყოს.

მისივე თქმით, არსებობს მრავალი პარადოქსი, მათ შორის ის, რომ ოპონენტები, რომლებმაც რუსეთს ტერიტორიების ნაწილი ჩააბარეს, სტრატეგიული ობიექტები გადასცეს და საკუთარ ჯარისკაცებს ომის დაწყება დააბრალეს, რუსებს ეძახიან ხალხს, რომელთა მმართველობის დროს გადაიდგა ყველა ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე.

“რაც არ უნდა დეტალური განმარტებები ვაკეთოთ კანონპროექტთან დაკავშირებით, სინამდვილეში ის არავის აინტერესებს, კანონპროექტი მხოლოდ საბაბია სიტყვა “რუსულის” გამოსაყენებლად, ხოლო არგუმენტი არა თუ რუსულობის, ოდნავი, ობიექტური პრობლემის შესახებაც კი ვერ წარმოადგინეს! ასე დარჩა უპასუხოდ ჩემი წინა დღეების პოსტებიც და მთავარი კითხვაც: როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს არაევროპული და გაუმჭვირვალობა – რუსული?!

პარადოქსები კი სხვებიც მრავლად გვაქვს:

1.პარადოქსი და საზოგადოების მძიმე შეურაცხყოფაა რუსეთისთვის ტერიტორიების ჩამბარებლებმა, ომის დაწყების და ომის დანაშაულის საკუთარ ჯარისკაცებზე დამბრალებლებმა, სტრატეგიული ობიექტების რუსებზე გამსხვისებლებმა, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების გარანტორმა ადამიანებმა რუსები ეძახონ ხალხს, რომელთა მმართველობის დროს იქნა უზრუნველყოფილი წარმატების აბსოლუტურად ყველა ეტაპი ევროინტეგრაციის გზაზე, კანდიდატის სტატუსის მიღების ჩათვლით!

2.აქციების პარალელურად გასაჯაროვდა ხელისუფლების წარმომადგენლების პირადი ნომრები, დაიწყეს რეკვები, შეურაცხმყოფელი მესიჯები (რაზეც ნაცებივით პანიკა და ტირილი არ აგვიტეხავს, ან შესაბამისად ვპასუხობდით, ან ვაიგნორებდით), საზოგადოებას აჩვენეს ვირთხული ძალადობის მაგალითები პარლამენტშივე, იძალადეს პოლიციელებზე პარლამენტს გარეთაც, იძალადეს ჟურნალისტებზე და ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში, დაიწყეს ბულინგის ფაშისტური კამპანია – როცა ამ ყველაფერმა განვრცობა მათზეც ჰპოვა, ძალადობა, ბულინგი, მუქარა მხოლოდ მაშინ გახდა ცუდი, მანამდე საამაყო საქციელი და სამშობლოსთვის ბრძოლა იყო

❗️აქვე, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ფიზიკურიც, ფსიქოლოგიურიც და ნებისმიერი სახის, ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ის! იმედი მაქვს შესაბამისი უწყებები დეტალურად გამოიძიებენ ნებისმიერ შემთხვევას და დამნაშავეებიც მკაცრად დაისჯებიან!

3.პარადოქსია, როდესაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი გამჭვირვალობის კანონპროექტზე ავრცელებს არასწორ ინფორმაციას და ამბობს, რომ ამერიკაში ის მხოლოდ სხვა სახელმწიფოების მთავრობებისგან დაფინანსებას ეხება…

ამ განცხადებას თუ დავუჯერებთ, გიული ალასანია და ტელეკომპანია “ფორმულა” მთავრობის სახელით მოქმედი პირები ყოფილან.

სინამდვილეში კი, ამერიკული “ფარა” არა მხოლოდ სხვა მთავრობების, არამედ ნებისმიერ უცხოურ დაფინანსებას ეხება!

4.გამჭვირვალობის კანონს იმ ქვეყნების წარმომადგენლებიც მკაცრად აკრიტიკებენ, რომელ ქვეყნებსაც გაცილებით მკაცრი რეგულაციები ან კანონპროექტები აქვთ ამ სფეროს დასარეგულირებლად.

5.მეხუთე სიმბოლური და განსაკუთრებულად ცინიკური პარადოქსი – ნაცები და ნაცების ტელევიზიების თანამშრომლები “იმედის” თანამშრომლების დაბულინგებას ცდილობენ და მიმართავენ, არ გრცხვენიათ? სად მუშაობთო…” – წერს მამუკა მდინარაძე.

მადლობა ღმერთს ცოტა ხანში ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება – დავით მათიკაშვილი 

მადლობა ღმერთს ცოტა ხანში ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება არა თუ მიუღებელია, არამედ მას საერთოდ არ უნდა მიექცეს ყურადღება.

„პრეზიდენტი, რომელმაც ზუსტად ის კონსტიტუცია გათელა ფეხქვეშ, სადაც 78-ე მუხლი, ანუ ქვეყნის ევროინტეგრაცია არის ქვეყნის საგარეო კურსის განმსაზღვრელად დადგენილი. ზურაბიშვილს ქვეყნის უმრავლესობამ იმპიჩმენტი გამოუცხადა და მისგან არა თუ მიუღებელია, არამედ საერთოდ ყურადღება არმისაქცევია ის განცხადებები, რომელსაც ეს ქალბატონი აკეთებს, რამეთუ ფაქტობრივად, ის არის ფორმალური პრეზიდენტი. სულ რამდენიმე თვე დარჩა მას ამ პოსტზე და მადლობა ღმერთს ცოტა ხანში ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

“ძალადობა იწვევს ძალადობას, ეს არის სპირალი, რომელშიც შეჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოება მთლიანად” – შალვა პაპუაშვილი

ძალადობა იწვევს ძალადობას. ეს არის სპირალი, რომელშიც შეჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოება მთლიანად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას კანონპროექტის მოწინააღმდეგე ადამიანებზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე.

მისი თქმით, პირდაპირ ძალადობის ტალღა იყო პოლიტიკოსების, უმრავლესობის წარმომადგენლების მიმართ, რაზეც მას არავის აღშფოთება არ უნახავს და ეს მაშინ, როდესაც „პარლამენტის წევრების პლაკატები დადო ყველა NGO-მ, საელჩოები რომ აფინანსებენ“.

პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ და მისი პარტიული დანაყოფი შესაბამისად, იმუშავებს იმისთვის, რომ ყველა მოძალადე ამხილონ.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, როდესაც მამუკა მდინარაძეს ალეკო ელისაშვილი თავს დაესხა, პარლამენტის გარეთ მყოფ ელისაშვილს „ჟურნალისტები ეხვეოდნენ და მადლობას უხდიდნენ“.

„ძალადობა, რომელიც არათუ ფარულად, გაუგებრად, ვიცით, არ ვიცით, ვინ იყო, არამედ პირდაპირ ეთერში, საქართველოს პარლამენტის შენობაში მოხდა ძალადობრივი თავდასხმა პარლამენტის წევრზე და ხარობდა ნახევარი ოპოზიცია. როდესაც რამდენიმე დღის წინ ბრიფინგი ჩავატარე, ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი, რომ ძალადობა იწვევს ძალადობას. ეს არის სპირალი, რომელშიც შეჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოება მთლიანად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ მან გაიხსენა შარშანდელი პროტესტი, რომელიც იგივე კანონპროექტთან დაკავშირებით იყო ქვეყანაში.

„შარშანაც იგივეს ამბობდნენ, რომ მათ ჰქონდათ უფლება ეძალადათ პოლიციაზე და წელსაც ამას ამბობენ, ჰქონდათ უფლება ეძალადათ პოლიციაზე, ესროლათ „მოლოტოვის კოქტეილი“ იმიტომ, რომ მიზანი ჰქონდათ დიადი. ეს არის ის ბოლშევიკური აზროვნება, როდესაც მიზანი ამართლებს საშუალებას.

ძალადობის სპირალში შესვლა, რაც მოხდა, მათ შორის დაიწყო იმით, რომ პარლამენტის შენობაზე მოხდა თავდასხმა. მეორე დღეს ვთქვი კიდევაც, ცოტა ხანი ველოდე – სამწუხაროდ, ვერცერთი საელჩოს, უცხოური აქტორის განცხადება ვერ ვნახე, ვინც დაგმობდა იმ ძალადობას, რომელიც მოხდა საქართველოს პარლამენტის შენობაზე მომხდარი თავდასხმის სახით და პოლიციელების დაზიანების სახით, რაც იყო ძალადობრივი აქცია. პირიქით, ეს შეირაცხა, როგორც მშვიდობიანი აქცია ისევე, როგორც ეს მოხდა 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით, შარშან, მარტის აქციების დროს, როდესაც ძალადობა ყოველ ჯერზე ფორმდება, როგორც მშვიდობიანი აქცია. საბოლოო ჯამში, ზუსტად ეს ახალისებთ მოძალადეებს, ხედავენ, რომ ესროლა „მოლოტოვის კოქტეილი“ – შეიწყალა პრეზიდენტმა. თქვეს, რომ მშვიდობიანია, გმირად გამოაცხადეს ის, ვინც პოლიციელს წვავდა.

ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რა თქმა უნდა, ყველა ამ საკითხის ჩაყოლა და გამოძიება. ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი და პირველი, რასაც ხელისუფლება აკეთებს სიტყვიერად გმობს და რა თქმა უნდა, შსს-ს სათანადო რეაგირება აქვს.

მნიშვნელოვანია, ვინც ამ სიძულვილს წვეთ-წვეთ აღვივებს და ჩუმად ხართ, აქ ვგულისხმობ, როგორც უცხოელ აქტორებს განსაკუთრებით, რომლებიც პარლამენტში ძალადობრივ თავდასხმას შემდეგ ნათლავენ, როგორც მშვიდობიან აქციას უკვირთ, რომ შემდეგ ძალადობაში ჩართული ადამიანების დაკავებები ხდება“-განაცხადა პაპუაშვილმა.

“ქალბატონ სალომეს თავისი გზა არჩეული აქვს – ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოა” – პაპუაშვილი

ქალბატონ სალომეს თავისი გზა არჩეული აქვს – ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო გზაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის წერილზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა“.

პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას „ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს, რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის და შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან, მას იმპიჩმენტი აქვს გამოცხადებული“.

რაც შეეხება თავად კობახიძის წერილის იმ ნაწილს, სადაც ის აქციის მონაწილე ახალგაზრდების ნაწილს გიგლა ბერბიჭაშვილს ადარებს, პაპუაშვილი ფიქრობს, რომ ეს შედარება ზუსტია.

„ეს ზუსტი შედარებაა. დღეს არის „ეიჯიზმის“ მცდელობა, თითქოს, რომელიმე ასაკის ადამიანს მეტი ეთქმის და რომელიმე ასაკის ადამიანს – ნაკლები. მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ასაკოვანი ადამიანები ფაქტობრივად ჩარეცხა და ეს იყო „ეიჯიზმი“. ახლაც ეს „ნაციონალური მოძრაობის“ გამოგონებულია და გამოყენებული აქვთ სხვა მხრივ – გარკვეულ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს რატომღაც ამ ქვეყანაში მეტი უნდა ეთქმოდეთ, ვიდრე სხვებს. ეს ქვეყანა ყველასია- უფროსის და უმცროსის, ქალის და კაცის, ყველას ერთი ხმა აქვს, ეს არის დემოკრატია.

აქციებზე როცა საუბრობენ, მათ აქციებზე 10-20 ათასი ადამიანი იყო პიკში, 29 აპრილს აქციაზე 200 ათასი ადამიანი მოვიდა ზუსტად ამ იდეების მხარდასაჭერად და იმათი ხმა ხმა არ არის? რანაირად ზომავენ, ასაკით, სქესით, თვალის ფერით? არ ვიცი, კიდევ სხვა რა მიდგომები აქვთ – „ეიჯისტური“ თუ ფაშისტური, როდესაც ასეთ საზომებს იყენებენ.

მთავარი სათქმელი ზუსტად ესაა – საამაყო და ხაზგასასმელი ასაკი კი არაა, მთავარი შინაარსია. არა ფორმა, არამედ შიგთავსი. ზოგი ახალგაზრდაა, ზოგი – ასაკოვანი, ზოგი ასაკოვანი ახალგაზრდულად გამოიყურება, ზოგი ახალგაზრდა ასაკოვანად. ფორმა ხომ არაა მთავარი, მთავარი შინაარსია. კითხვა არის მარტივი, რა არის ამ კანონში ისეთი, რაც არის მიუღებელი და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო?- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პრემიერ – მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდებისადმი ღია წერილი გამოაქვყნა.

„როდესაც 29 წლის გიგლა ბერბიჭაშვილმა 70 წლის ილია ჭავჭავაძეს ესროლა, მას ღრმად სწამდა, რომ თავად იყო პროგრესული გულწრფელი ახალგაზრდა, ხოლო ილია ჭავჭავაძე – ჩამორჩენილი არაკეთილსინდისიერი მოხუცი. ბერბიჭაშვილს და მის თანამოაზრე ახალგაზრდებს ეს რწმენა ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ ჩაუნერგა. მსგავსი მეთოდებით მუშაობს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიაც, რომელმაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პირდაპირ თუ ირიბად მიმდევარ ახალგაზრდებს დააჯერა, რომ სწორედ ისინი არიან გულწრფელობისა და პროგრესულობის მაგალითი ამ ქვეყანაში“,- განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის ამ წერილის შეფასებისას კი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ „ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა“.

„ეს სიტყვები პრემიერ-მინისტრს როცა ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და მის მთავრობის გაუცხოებას საკუთარ ხალხისგან ადასტურებს! მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება, „მამულის” სიყვარული სხვა არაფერია“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით! ჰაერში ვისროლე და დავემუქრე – პირველი ვირთხა ისე სწრაფად გაიქცა, ვერ დავინახე, სად შეძვრა – ზურაბ ჯაფარიძე

მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით! – ამ განცხადებას „ფეისბუქზე“ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ავრცელებს, რომელიც პოსტს ავტომობილის ფოტოს ურთავს თან.

„გირჩი ტვ-დან” გამოვედი, მანქანა განათლების სამინისტროს წინ მყავდა დაპარკინგებული.

ერთ-ერთ მანქანას, რომ ჩავუარე გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემკენ. ასევე, გაიღო მანქანის მეორე კარიც და მეორე ვირთხაც აპირებდა გადმოსვლას. ჰაერში ვისროლე და დავემუქრე. პირველი ვირთხა ისე სწრაფად გაიქცა, ვერ დავინახე, სად შეძვრა. ეს “მერსედესი” ადგილზე “დაბუქსავდა” და სწრაფად დაეშვა მიწისქვეშა გვირაბში. ბევრი მოწმე იყო გარშემო, დაადასტურებენ რასაც ვწერ თუ საჭირო გახდა“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 მაისისთვის 

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6755 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6755 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6797 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0042 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8837 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8812 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0025 ლარი შეადგინა.

ბავშვებს გაეშვით თქვე ნაძირალებო, მაგ წითელ ხაზს გადაჰყვებით ბოლომდე, მე 12 წლის ვიყავი, ცოტნე 15 წლის, პუტჩის დღეებში, ნაცების პოლიტიკური ლიდერშიფი და მათი მამები მოსაკლავად რომ მოგვივარდნენ -გიორგი გამსახურდია

ბავშვებს გაეშვით თქვე ნაძირალებო, მაგ წითელ ხაზს გადაჰყვებით ბოლომდე. მე 12 წლის ვიყავი, ცოტნე 15 წლის, პუტჩის დღეებში, ნაცების პოლიტიკური ლიდერშიფი და მათი მამები, მოსაკლავად რომ მოგვივარდნენ, – ამგვარად ეხმიანება სოციალურ ქსელში გიორგი გამსახურდია „ქართული ოცნების” რეგიონული მდივნის, დიმიტრი სამხარაძის შვილის ლიკვიდაციის მუქარას, რომელიც თავად სამხარაძემ გაასაჯაროვა.

ისე დიტოს ქეისზე გამახსენდა, ეს ნაცები და მათდამი ლოიალურები, ერჩიან ბავშვებს, პირველად არ გვაქვს ეს შემთხვევა ხომ? გვახსოვს ალბათ ირაკლის ბავშვზე აგრესია, ნაცმოძის სატელიტი ლელოს მხრიდან და მანამდე კიდევ უამრავი აგრესია ბიძინას შვილების მისამართით. ბავშვებს გაეშვით თქვე ნაძირალებო, მაგ წითელ ხაზს გადაჰყვებით ბოლომდე. ჰო,ისე მე 12 წლის ვიყავი, ცოტნე 15 წლის, პუტჩის დღეებში, ნაცების პოლიტიკური ლიდერშიფი და მათი მამები, მოსაკლავად რომ მოგვივარდნენ, დაცვამ და დედოფლისწყაროს პოლიციამ მოიგერია უბრალოდ, თორემ უეჭველი სიკვდილი გველოდა, – წერს გიორგი გამსახურდია

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. რა საკითხზე მსჯელობენ მმართველი პარტიის წევრები უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, საკითხი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს და მის გარშემო ქვეყანაში დაწყებულ საპროტესტო აქციებს შეეხება.

არსებული ინფორმაციით, სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის შეკითხვებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უპასუხებს.

“უკრაინაში მიმდინარე ომი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს ანგრევს“- The Daily Telegraph

“დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის განსაკუთრებული ურთიერთობა ზიანდება იმით, რომ უკრაინის საკითხში ლონდონსა და ვაშინგტონს შორის უთანხმოება არსებობს“, – ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 10 მაისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „უკრაინაში მიმდინარე ომი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს ანგრევს“ (ავტორი – ტომ როგანი, ამერიკელი ჟურნალისტი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

2022 წლის თებერვლის შემდეგ, როცა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, დიდი ბრიტანეთი ყოველთვის უფრო აგრესიული კიევის მხარდაჭერაში, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. ლონდონის უპირატესი მხარდაჭერა გამოვლინდა როგორ პოლიტიკურ და ფინანსურ-ეკონომიკურ, ასევე სამხედრო სფეროში. გარდა იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი თავის სამხედრო ტექნიკას უკრაინაში ყოველგვარი „გეოპოლიტიკური მორიდებულობის“ გარეშე გზავნის, კიევში იმყოფებიან ბრიტანელი სამხედრო სპეციალისტებიც, რომელთა მუშაობა ყველაზე მეტად უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) წარმატებულ მოქმედებაში გამოიხატება რუსეთის ტერიტორიაზე.

შეიძლება მკაფიოდ ითქვას: იმ დროს, როცა დიდი ბრიტანეთი ენერგიულად და აქტიურად მხარს უჭერს უკრაინას, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, რომ ფრთხილად იმოქმედოს და დაძაბულობის ესკალაციის რისკები შეამციროს, რითაც უკრაინის მთავრობასა და არმიას ზიანს აყენებს.

აი, შეადარეთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები: მაშინ როცა დევიდ კემერონი პირდაპირ ამბობს, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოიყენოს ბრიტანეთის მიერ მიწოდებული სამხედრო ტექნიკა (ანუ ქარხნები დაბომბოს), ენტონი ბლინკენი პირიქით აცხადებს – რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვა მსოფლიოში და აშშ-ში ბენზინის გაძვირებას იწვევს და ამიტომ კიევი მსგავს მოქმედებას უნდა მოერიდოსო. მოკლედ, ამერიკას ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბენზინის გაძვირება უფრო ადარდებს და ამიტომ უკრაინას დაბომბვების შეჩერებას აიძულებს.

ასეთი ქმედება იწვევს სტრატეგიული კავშირების შესუსტებას როგორც აშშ-სა და მის უახლოეს მოკავშირეს – დიდ ბრიტანეთს შორის, ასევე ვაშინგტონსა და პარიზს შორისაც: საფრანგეთის ლიდერი ემანუელ მაკრონი იმდენად არის დაინტერესებული კიევისადმი დახმარების გაფართოებით, რომ წინადადებას აყენებს უკრაინაში ფრანგული სამხედრო ქვედანაყოფების გაგზავნისათვის.
ლონდონ-პარიზის სინქრონული ნაბიჯები ვლადიმერ პუტინის გაღიზიანებას იწვევს. ინგლისურ-ფრანგული ერთობლივი მოქმედება მიმართულია რუსული ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი, ალბათ, იმედოვნებს, რომ ბირთვული იარაღის ამჟამინდელი ჟღარუნი უკვალოდ არ ჩაივლის და „დღეს“ თუ არა, „ხვალ“ მაინც თავის ნაყოფს გამოიღებს.
სანამ ვაშინგტონი თავს იკავებს აქტიური მოქმედებისაგან და დაძაბულობის ესკალაციის წინააღმდეგ გამოდის, ლონდონი და პარიზი თვლიან, რომ მოსკოვს წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ იმავე პრინციპების შესაბამისად, რომლებიც ცივი ომის დროინდელ შეკავების საფუძვლებს წარმოადგენდნენ.

მოკლედ, შექმნილი სიტუაცია „წყალს კრემლის წისქვილზე ასხამს“: ერთი მხრივ, აშშ-ის და მეორე მხრივ – დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთის მოქმედებას შორის უთანხმოებები ვლადიმერ პუტინს ნატოში განხეთქილების შეტანის შესაძლებლობებს აძლევს.

წყარო: