Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

 წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს წევრობისკენ, ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა, არ გაუშვათ ის ხელიდან, ჩვენ გელოდებით-პაველ ჰერჩინსკი

წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს წევრობისკენ, ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან, ჩვენ გელოდებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ რუსთაველის თეატრში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირს სურს, საქართველო თავისი მშვიდობიანი და ეკონომიკურად სტაბილური მომავლის უზრუნველყოფაში წარმატებული იყოს.

„ყოველწლიურად, ევროპის დღეს ჩვენ ვზეიმობთ ევროინტეგრაციის საოცარი გზის, განსხვავებული ისტორიისა და კულტურის მქონე, მაგრამ საერთო ღირებულებებითა და მისწრაფებებით დაკავშირებული 27 ქვეყნის მშვიდობიან და წარმატებულ კავშირს. საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენს საერთო ევროპულ გზაზე.

შარშან, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, მართლაც ამაღელვებელი ეროვნული დღესასწაულის მოწმე გავხდი. დავინახე ყველა თაობის და წრის ადამიანები მათთვის და მათი ოჯახებისთვის მშვიდობიანი, აყვავებული, უსაფრთხო მომავლის იმედით სავსე. ვამაყობდი, რომ ამ არაჩვეულებრივი მომენტის მონაწილე ვიყავი და არა მარტო ყველა პოლიტიკურ ლიდერს, არამედ, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობას ეს ისტორიული მიღწევა გულწრფელად მივულოცე. სწორედ ამიტომ, დღეს, სულ რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ევროკავშირმა საბოლოოდ ფართოდ გაუღო კარი საქართველოს, გულდასაწყვეტია ყოყმანისა და დაეჭვების დანახვა. დაბნეულობის, დაყოფის და, უფრო უარესი, დაშინების და ძალადობის დანახვა. როგორც პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა თქვა, საქართველო გზაგასაყარზეა. ის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს. ამ წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს წევრობისკენ. ამისთვის საქართველომ უნდა აჩვენოს ევროკავშირის ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულება და საჭირო რეფორმები განახორციელოს. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. ის ხელიდან არ უნდა გაუშვათ, არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენ გელოდებით.

გვინდა, რომ საქართველო თავისი მშვიდობიანი და ეკონომიკურად სტაბილური მომავლის უზრუნველყოფაში წარმატებული იყოს. გვინდა, გახდეთ ჩვენი კავშირის ნაწილი, რადგან პატივს ვცემთ საქართველოს ამაყ ხალხს, რომელიც არის მშვიდობისმოყვარე, ნიჭიერი და ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს იზიარებს. ევროკავშირი ამაყობს თავისი მრავალფეროვნებით და ყველა წევრი ქვეყნის უნიკალურ ისტორიას, კულტურას სათუთად უფრთხილდება. გვინდა, საქართველო თავისი მდიდარი კულტურითა და ტრადიციებით ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი გახდეს.

რუსთაველის ულამაზესი თეატრის შემხედვარე, ვხედავ ჩვენ პარტნიორებს, პოლიტიკოსებს, საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს. ვხედავ მუსიკოსებს, პოეტებს, მოსამართლეებს, ექიმებს, მასწავლებლებს და სტუდენტებს. მინდა, გულწრფელად მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ქვეყნის, საქართველოს კეთილდღეობით აღსავსე და მშვიდობიან ევროპულ მომავალში შეტანილი წვლილისთვის, თქვენი თავდადებისთვის. ძალა ერთობაშია. ჩვენ გვჯერა თქვენი. საქართველოს შეუძლია, ეს გვერდი გადაფურცლოს და ევროკავშირის წევრობისკენ სვლა გააგრძელოს. დრო ჯერ კიდევ არის.

ძალიან მკაფიო ვიქნები: ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება, მოხდება ეს საქართველოსთან ერთად თუ საქართველოს გარეშე, ეს დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე, საქართველოს მოსახლეობაზე. დარჩით ევროკავშირის გზაზე. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, რათა მაქსიმალურად დაგეხმაროთ.

დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ნება მიბოძეთ, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მაესტრო ნიკოლოზ რაჭველს, საქართველოს სიმფონიურ ორკესტრს და მოწვეულ ხელოვანებს დღევანდელი მუსიკალური საჩუქრისთვის. ისიამოვნეთ საოცარი შესრულებით“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

 მივესალმები საფრანგეთში საქართველოს ელჩის, გამორჩეული პროფესიონალის, გოჩა ჯავახიშვილის სწორსა და გაბედულ ნაბიჯს -მიხეილ სააკაშვილი

მივესალმები საფრანგეთში საქართველოს ელჩის, გამორჩეული პროფესიონალის, გოჩა ჯავახიშვილის სწორსა და გაბედულ მოქალაქეობრივ ნაბიჯს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ამასთან, სააკაშვილი მოუწოდებს სახელმწიფო თანამდებობებზე მყოფ ნებისმიერ პირს, მათ შორის მის დროს დანიშნულს, გააკეთოს სწორი არჩევანი და არ დაუპირისპირდეს საქართველოს ინტერესებს.

„ამას უსათუოდ დაგიფასებთ საზოგადოება, ის თაობა, რომელიც დღეს იბრძვის ქვეყნის გადასარჩენად. დღეს კიევში გაიჟღერა ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას განცხადებამ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება უკრაინასა და მოლდოვასთან და იმედია, მათ მალე შეუერთდებიან საქართველო და ბელორუსი. ამასაც მივაღწიეთ, რომ ვართ ერთ დონეზე ბელორუსთან. ეს მოგვწონს? ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი? კარგად დაფიქრდით და ნუ გაწირავთ სამშობლოს!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გოჩა ჯავახიშვილმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას ტოვებს.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/976663690495895?ref=embed_post

შვილებს ეხებიან უკვე და თქვენ ძალიან მოგწონთ, რადგან თქვენ თვითონ ხართ ამ ბოროტების სათავე და ქომაგი-ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციას

ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე, რომელიც ცდილობს ქართულ საზოგადოებაში ფეხი მოიკიდოს და ნორმად იქცეს! – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და ამით სოციალურ ქსელში პარლამენტარ დიმიტრი სამხარაძისთვის მისი შვილის მიმართ მუქარას გამოეხმაურა.

ზურაბ ქადაგიძე მუქარის ასეთ ფორმას, როცა ადრესატები შვილები არიან, ამაზრზენ ფაქტად აფასებს და დასძენს, რომ მსგავსი სიმდაბლე ქართულ საზოგადოებაში ნორმად არ უნდა იქცეს. სწორედ ამიტომ, ძალა (ნაციონალური მოძრაობა), რომელიც ამ გზავნილების უკან დგას, ქადაგიძის აზრით, უნდა ამოიძირკვოს.

„ეს როგორ იკადრეთ თქვე ნაძირალებო?! ყველა ზღვარი მოშალეთ აბსოლუტურად და ახლა პასუხს რომ გაგცემენპოლიტიკურიაო იტყვით?!

ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე, რომელიც ცდილობს ქართულ საზოგადოებაში ფეხი მოიკიდოს და ნორმად იქცეს! ამაზე ამაზრზენი რამ არც მინახავს და არც გამიგია. უნდა გადაშენდეს ეს სექტა, როგორც სახადი, ავადმყოფობა. ახლა სად არის ძაან-კრიტიკული მედია და უფლებადამცველები?!

შვილებს ეხებიან უკვე და თქვენ ძალიან მოგწონთ, რადგან თქვენ თვითონ ხართ ამ ბოროტების სათავე და ქომაგი!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი-ირაკლი კობახიძე

ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” წერს.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ყველა სირთულე, რომელიც დღეს ევროკავშირის განვითარებასთან და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან არის დაკავშირებული, გადაილახება.

“1950 წლის 9 მაისს, ხელი მოეწერა შუმანის დეკლარაციას, რითაც ევროკავშირის დაფუძნებას ჩაეყარა საფუძველი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპა დაეფუძნა ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, რაშიც განსაკუთრებული როლი ევროკავშირმა და მისმა ინსტიტუტებმა შეასრულა. ხანგრძლივმა მშვიდობამ ევროკავშირს მისცა ეკონომიკის თანმიმდევრული განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის მაღალი დონის უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

დარწმუნებული ვარ, ყველა სირთულე, რომელიც დღეს ევროკავშირის განვითარებასთან და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან არის დაკავშირებული, გადაილახება.

ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. მჯერა, რომ საქართველო 2030 წლისთვის აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, რის შემდეგაც ჩვენი ქვეყანა, თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ევროკავშირის წარმატებაში თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს!”,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

გვსურს, საქართველოსთან დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, ვიმედოვნებთ, ეს მოხდება, მაგრამ ამისთვის უნდა გადავჭრათ უცხოური გავლენის კანონპროექტის საკითხი – პაველ ჰერჩინსკი

წლევანდელი ევროპის დღე თბილისში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან წელს პირველად აღვნიშნავთ საქართველოსთან, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანასთან ერთად. ამავდროულად, შეშფოთებული ვარ მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ჯერ კიდევ არის დრო წინსვლისთვის.

„9 მაისს ტრადიციულად ევროპის დღე აღინიშნება. ჩვენ ვზეიმობთ ევროპული ინტეგრაციის შესანიშნავ ისტორიას. ევროკავშირის 27 წევრის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ისტორიას. თითოეულ მათგანს საკუთარი კულტურა და ტრადიცია აქვს, მაგრამ ერთობლივად დაკავშირებული ვართ ღირებულებებით, რომელსაც მტკიცედ მივყვებით. რა თქმა უნდა, წლევანდელი ევროპის დღე თბილისში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან წელს პირველად აღვნიშნავთ საქართველოსთან, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანასთან ერთად. მოხარული და ამაყი ვარ, რომ ამ დღეს აღვნიშნავთ.

ამავდროულად, ძალიან შეშფოთებული ვარ მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარებით, რაც ართულებს საკითხებს. ჯერ კიდევ არის დრო წინსვლისთვის. როგორც იცით, ჩვენ გულწრფელად გვსურს, საქართველომ წარმატებას მიაღწიოს და გადავიდეს ევროპული ინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე, რომ დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები. ეს უკვე მოხდა უკრაინასა და მოლდოვასთან. ჩვენ უნდა დავეწიოთ და სწრაფად ვიმოქმედოთ, მჭიდროდ ვიმუშავებთ მთავრობასთან, რომ ეს მოხდეს, გულწრფელად ვიმედოვნებთ, ეს მოხდება, მაგრამ ამისთვის უნდა გადავჭრათ უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის საკითხი.

როგორც არაერთხელ ითქვა ყველა ევროპელი ლიდერის მიერ, ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის სამართალსა და ღირებულებებს. ვიმედოვნებთ, რომ ჯერ კიდევ არის დრო ყველა შესაძლო პროცედურის გამოსაყენებლად, რათა არ გარდაიქმნას კანონად. ამავდროულად, ექვსი თვე გავიდა გაფართოების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებიდან. საქართველოს წინსვლისთვის ცხრა ნაბიჯის შესრულება დაევალა. საჭიროა დაჩქარება, ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად დრო იწურება. ჯერ კიდევ დროა მომდევნო ანგარიშის გამოქვეყნებამდე, მაგრამ ყურადღება არ უნდა გაიფანტოს, საჭიროა რეფორმებზე ფოკუსირება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ფეხბურთელების უმრავლესობაზე მიმდინარეობს ყოველდღიური ინტენსიური ფსიქოლოგიური ზეწოლა და ტერორი – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკის განცხადებით, თითოეულ ფეხბურთელზე, მათ უმრავლესობაზე მიმდინარეობს ყოველდღიური ინტენსიური ფსიქოლოგიური ზეწოლა და ტერორი. ასე შეაფასა მან For.ge-ს მიერ მოპოვებული ფარული ჩანაწერები, რომლებშიც სავარაუდოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიგურირებენ.

„ამას აქვს ორი მიზანი. პირველია, რომ როგორმე მოიზიდონ ისინი იმ პოლიტიკურ ველზე, სადაც თვითონ ბოგინობენ. მეორე – მათ მიაჩნიათ, რომ ფსიქოლოგიურად უნდა იყოს დაცემული ჩვენი გუნდი, რომ წარმატება არ ჰქონდეთ, იმიტომ რომ აღფრთოვანებულია საქართველო და პოზიტიური განწყობა არ უნდა სუფევდეს საქართველოში. შეურაცხყოფა, რაც მოვისმინეთ, არის ის რეალობა, რაც ამ ადამიანებს შინაგანად აქვთ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

სააგენტომ For.ge-მ ფარული ჩანაწერი გაავრცელა, სადაც, სავარაუდოდ ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის.

აუცილებლად იქნება ევროპის დღე საქართველოსთვის და ევროპის დღე ბელარუსისთვის – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოება უნდა გასცდეს იმ სახელმწიფოების ჩამონათვალს, რომლებსაც უკვე აქვთ კანდიდატის სტატუსი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზელენსკიმ ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა მალე დაელოდება ევროკავშირის ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, მაგრამ ევროკავშირის გაფართოება ასევე უნდა გავრცელდეს ევროპის სხვა სახელმწიფოებზეც.

„ჩვენ შევასრულეთ ყველა პირობა, რომ მოლაპარაკებების ჩარჩო დამტკიცდეს ივნისში და რეალურად დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის გაწევრიანებაზე, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სხვა ხალხებისთვის, რომლებიც იმსახურებენ ევროკავშირში ყოფნას, ევროპულმა ერთიანობამ ნამდვილად იმუშაოს, რათა მათაც მოახდინონ თავიანთი კანდიდატის სტატუსის რეალიზება“, – განმარტა ზელენსკიმ.

მან ჩამოთვალა ის სახელმწიფოები, რომლებსაც ის მომავალი ევროკავშირის შემადგენლობაში ხედავს.

„ევროპა არის როგორც ბალკანეთის ქვეყნები, ასევე მოლდოვა და აუცილებლად იქნება ევროპის დღე საქართველოსთვის და ევროპის დღე ბელარუსისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი თანამდებობას ტოვებს

საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი თანამდებობას ტოვებს. დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ვეღარ ხედავს საკუთარ როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: – ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს“.

„ჩემი დუმილით გამოწვეული ეჭვი რომ გავფანტო საქართველოს ევროპულ მომავალზე ჩემს დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, ევროპის დღესასწაულზე სიტყვა-სიტყვით გავიმეორებ, რაც შარშან იმ რთულ დღეებში გულწრფელად ვთქვი და დღესაც აქტუალური მგონია:

„ევროპა არ არის მხოლოდ საზღვრებით გარშემორტყმული სივრცე. ევროპა უპირველესად ღირებულებათა ერთობლიობაა. ევროპელობა ამ ღირებულებათა ერთგულებაა. საქართველო, რომელსაც მე ვემსახურები, არ გახლავთ არც მხოლოდ მთავრობა და არც მხოლოდ ოპოზიცია. არც ერთი და არც მეორე არ აერთიანებს საკუთარ თავში ქვეყნის აწმყოსა და მომავალს. მხოლოდ ხალხი, მისი ისტორია, კულტურა განსაზღვრავს ქვეყნის ისეთ ფუნდამენტალურ მისიას, როგორიცაა მისი სულიერი და კულტურული იდენტობა.

ჩვენ წინაპართა ნება და ანდერძია ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავალი. წარსულისა და მომავლის გააზრებით საქართველო ერთგული დარჩება ევროპული გეზის. მე ამ გეზს ვემსახურები ჩემი მოკრძალებული საქმით. ეს არის ჩემი მრწამსიცა და მოქალაქის პოზიციაც. დღემდე მთელი შეგნებით და გულწრფელობით ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე“.

30 წელია ვმსახურობ ქართულ დიპლომატიაში, 10 წელი ვასწავლიდი ევროპულ ინტეგრაციას. მეც მჯერა და სტუდენტებსაც ვარწმუნებდი, რომ ევროპული კულტურისა და მომავლის ქვეყანა ვართ. ევროპაა ჩვენი ადგილი. ვარწმუნებდი, რომ ევროპას ჩვენ სტერილური ერი კი არ ვჭირდებით, არამედ ჩვენი თავისებურებებით, ჩვენი უნიკალური ენით, ანბანითა და პოლიფონიით, ჩვენი მდიდარი ტრადიციებითა და უძველესი კულტურით, ჩვენი ხიბლითა და ლაზათით უნდა გავამდიდროთ ევროპა მეთქი. ამის გულწრფელად რომ არ მჯეროდეს, აქამდეც ვერავინ გამაჩერებდა ამ სამსახურში.

იმასაც დავამატებ, რომ მტკიცედ მჯერა, საქართველო უკვე საკმარისად გაძლიერდა ეროვნულ ღირებულებებში, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი ვიცით. ქართველმა ერმა რუსეთისაგან იმდენი ნახა და განიცადა, რომ ქართული მიწა ვეღარასოდეს იქნება ნოყიერი რუსული თესლისა და ნერგისთვის.

პირადად მე არავის ვიცნობ ჩემს ირგვლივ, არც მთავრობაში და არც დიპლომატებში ღიად პრორუსს. მესმის, რომ ეს შეიძლება ერთგვარი ტაქტიკა იყოს, გარკვეული მიზნის მისაღწევად, თუმცა მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს.

ის გარემო და განწყობა, რომელიც რეინკარნირებული კანონპროექტის გამო ჩვენს მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად ჩემი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას. შესაბამისად, უკვე მივმართე ჩემს უშუალო ხელმძღვანელობას თხოვნით, ვადამდე შემიწყდეს დაკავებულ თანამდებობაზე უფლებამოსილება.

ასევე გულწრფელად ვიტყვი, რომ პროტესტიცა და კმაყოფილებაც არჩევნებზე უნდა გამოვხატოთ. არ მინდა ჩემი გულწრფელი აზრი პოლიტიკურ დემარშად იქნას აღქმული ვინმეს სასარგებლოდ ან ვინმეს საზიანოდ. მინდა, დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ გავთავისუფლდე იმ ტვირთისგან, რომელსაც ვგრძნობ ვეღარ ვერევი.

თუნდაც ვცდებოდე, არ ვინანებ. მხოლოდ საკუთარი სინდისის კარნახით ვიქცევი. იმასაც ვაცნობიერებ, ბევრს გულს ვატკენ ამ გადაწყვეტილებით და ამას უფრო განვიცდი.

მომავალშიც, სადაც არ უნდა ვიყო, მუდამ ვიქნები საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი და გულშემატკივარი“, – წერს ჯავახიშვილი.

არა სათაკილო, არამედ საამაყოა საქმის კეთება, რომელიც უცხოურ კეთილშობილურ ინტერესთან ერთად, ეროვნულ საქმესაც ემსახურება – დასამალი მაშინ ხდება დაფინანსება, როდესაც ანტიეროვნულ საქმეებს ემსახურება – მამუკა მდინარაძე

რუსული და ცუდი რომ ვერაფერი მოძებნეს კანონპროექტში, ბოლოს სათაურს ჩაეჭიდნენ, სტიგმატიზაციას ახდენს და ამ სათაურით და სახელის ქვეშ ცოცხალი თავით არ ვიმუშავებთო, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, როდესაც უცხოური დაფინანსება კარგ საქმეს ხმარდება, ამ შემთხვევაში ორგანიზაცია ამაყად განაცხადებს, რომ, უცხოური დაფინანსებით ატარებს კონკრეტული უცხო ქვეყნის ინტერესს საქართველოში, რაც ამავდროულად, ქართულ, ეროვნულ ინტერესებთან არის თანხვედრაში. მდინარაძე ასევე მიმოიხილავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეგულირების პრაქტიკას.

ხელისუფლებამ უკვე აჩვენა პრინციპულობა და არც დასავლეთის მწვავე განცხადებებზე აჰკანკალებია ფეხები – საქართველოში მაიდანი არ იქნება – თამარ ჩიბურდანიძე

დღეს დასავლეთი ხისტია განცხადებებში და ოპოზიციას სჯერა, რომ ხვალაც ასე იქნება. ახალ გეოპოლიტიკაში ჯერჯერობით ხელების გადაგრეხის პოლიტიკა მიდის დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. იგივე პოლიტიკაა საქართველოშიც, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, საქართველოში მაიდანი არ იქნება და ოპოზიცია ცდება, როდესაც დასავლეთის განცხადებების სჯერა.

„დღეს დასავლეთი ხისტია განცხადებებში და ოპოზიციას სჯერა, რომ ხვალაც ასე იქნება. ახალ გეოპოლიტიკაში ჯერჯერობით ხელების გადაგრეხის პოლიტიკა მიდის დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. იგივე პოლიტიკაა საქართველოშიც. ხელისუფლებამ უკვე აჩვენა პრინციპულობა და არც დასავლეთის მწვავე განცხადებებზე აჰკანკალებია ფეხები. საქართველოში მაიდანი არ იქნება. ოპოზიცია ცდება, როდესაც დასავლეთის დღევანდელი განცხადებების სჯერა. დასავლეთის პოზიცია ხვალ აუცილებლად შეიცვლება და როგორც ყოველთვის, ხელმოცარულნი დარჩებიან.

სი ძინპინის ვიზიტი ევროპაში სერიოზული გზავნილი იყო ამერიკისთვის. ყველასათვის ნათელია, რომ ევროპული პოლიტიკა იცვლება. პოლიტიკა აუცილებლად შეიცვლება ამერიკაშიც შემოდგომის არჩევნებით. ამიტომ, ქართული ოპოზიცია მოსწრებაზეა, თუ ვერ მოასწრეს სახელმწიფო გადატრიალება შემოდგომამდე, სამუდამოდ ემშვიდობებიან პოლიტიკას. ამიტომ, ისინი ბოლომდე გამოიყენებენ საკუთარ რესურსს ამ დღეებში, რადგან უკან დასახევი გზა არა აქვთ.

ვერ ხვდებიან იმას, რომ ეს პროცესი ხელისუფლებამ დაიწყო „გამჭვირვალობის კანონის“ ხელახლა შემოტანით და ამ პროცესსაც ის მართავს. ალბათ ხვდებიან იმასაც, რომ ეს კარგად მოფიქრებული პოლიტიკური სვლაა და ძალიან ძნელია ამ სვლაში მატი ჩაუსვა ოცნებას. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ამ დღეებში ჩვენ ვიხილავთ რუსთაველზე ოპოზიციის სრულ რესურსს, მაგრამ ამჯერადაც ამაოდ. დღეს იმდენად გაიზარდა საზოგადოებაში ცნობიერება, რომ ძალიან ძნელია მისი მოტყუება, გარდა გულანთებული ახალგაზრდებისა. მჯერა, რომ ისინიც მალე მიხვდებიან ოპოზიციის მუხანათობას“, – წერს ჩიბურდანიძე.

„ქართული ოცნების“ მატარებელი გასულია სადგურიდან და მოუსავლეთში მიდის – ნიკა გვარამია

ჩვენ ვართ ვეფხისტყაოსნის ქვეყანა. ეს ის შემთხვევა არ არის, როცა „შიში შეიქმს სიყვარულსა“, იქ სხვა შიშზე არის ლაპარაკი – საღვთოზე. ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ღმერთი ჰქონია თავისი თავი, მაგრამ ღმერთი კი არა ბოლო ნაძირალაა, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ სანამ დრო ჯერ კიდევ არის „გაჩერდნენ“. „ჩვენ ვეფხისტყაოსნის ქვეყანა ვართ. ეს ის შემთხვევა არ არის, როცა „შიში შეიქმს სიყვარულსა“, იქ სხვა შიშზე არის ლაპარაკი – საღვთოზე. ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ღმერთი ჰქონია თავისი თავი, მაგრამ ღმერთი კი არა ბოლო ნაძირალაა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ის არის ამ ქვეყნის მტერი, ის არის უზურპატორი და უზურპატორი ხელისუფლებიდან უნდა გავუშვათ. ეს კაცი დგას ჩვენსა და ნათელ მომავალს შორის, ჩვენი შვილების ნათელ მომავალს და ჩვენს შვილებს შორის. ჩვენი დიდი წინაპრების ოცნებებსა და მისწრაფებებსა და ამ მიზნების ახდენას შორის. ამიტომ ეს კაცი უნდა გავწიოთ. მორევაზე ნუ გადადიან! – იმიტომ, რომ თუ მორევაზე გადაიყვანენ პროცესებს, მათი დამცველი ამ ქვეყანაში აღარავინ აღარ დარჩება და პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება მათი დაცვა. არა და მოდის დრო, როცა ძალიან დასჭირდებათ ეს ამბავი და დასჭირდებათ ამ ქვეყნის პატრიოტი მოქალაქეების მიერ დაცვაც. იმიტომ, რომ პირველი ის „ვანდერლოგები“ შეესევიან, ვისაც დღეს ქართველ პატრიოტებს უსევენ. ამიტომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მათი პირადი ინტერესებიდან გამომდინარეც გაჩერდნენ სანამ დროა, გაჩერდნენ. დრო ნამდვილად ჯერ კიდევ არის. რაც შეეხება იმას რასაც აკეთებენ, კვლავ გავიმეორებ, ეს ვეფხისტყაოსნის ქვეყანაა და ამ დიდ წიგნშია ნათქვამი, რომ კეთილი სძლევს ბოროტს. ეს ის შემთხვევაა, როცა კეთილი აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა გვარამიამ.

გარდა ამისა, გვარამია ჟურნალისტებთან საუბრისას გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ყველა ტექსტი არის დამონტაჟებული, ყველა მასალა არის უკანონოდ მოპოვებული, კატეგორიულად ავთენტურობას გამორიცხავს“.

„სამარცხვინო ამბავია, რასაც ხელისუფლება აკეთებს. ჯერ ერთი არის ფაბრიკაცია, აბსოლუტურად ყველა. მერე არის უკანონო სადღაც დამონტაჟებული, კომპიუტერში შესული, მოსმენილი და ა.შ. ჩემი აზრით, სირცხვილია ამაზე საუბარიც, უკანონო ჩანაწერების განხილვა, ფაბრიკაციებში შესვლა. არავის ეს არ აინტერესებს. ჩავლილი აქვს ამ მატარებელს. „ქართული ოცნების“ მატარებელი გასულია სადგურიდან და მიდის მოუსავლეთში. დროზე ჩამოხტნენ იმიტომ, რომ ეს ძალიან ცუდი მატარებელია. არ შევალ არაფერ სისულელის განხილვაში. იმიტომ, რომ ყველა ტექსტი არის დამონტაჟებული, ყველა მასალა არის უკანონოდ მოპოვებული, კატეგორიულად გამოვრიცხავ ავთენტურობას და არ მაღელვებს ვინ სად, როდის და რა თქვა და რა გამოაქვეყნა“, – აღნიშნა გვარამიამ.

“გადაწყვეტილებად გვაქვს მიღებული, რომ სახლად ვაქციოთ რუსთაველის გამზირი და არა ვუთხრათ რუსულ რეჟიმს” – ნიკა მელია

როდესაც სახლებში გვიცვივდებიან, როდესაც სახლებთან გვისაფრდებიან, როდესაც მშობლებს ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ, როდესაც შვილებს სცემენ, როდესაც ხელისუფლება ძალადობს, რომელმაც დაკარგა ლეგიტიმაცია, ამ პირობებში ჩვენ საკუთარ გადაწყვეტილებად გვაქვს მიღებული, რომ სახლად ვაქციოთ რუსთაველის გამზირი და არა ვუთხრათ რუსულ რეჟიმს, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევებითაც დასტურდება, რომ მათი მხარდაჭერა 25%-ს ჩამოსცდა და ასეთ დროს მათთვის ერთადერთი თუმცა ფუჭი გამოსავალი აქვთ მოძებნილი ძალმომრეობის სახით.

„საკუთარ კვლევებშიც კი მათი მხარდაჭერა 25%-ს ჩამოსცდა და დღეს მთლიანად არის გაკოტრებული. ასეთ შემთხვევაში მათთვის ერთადერთი ფუჭი გამოსავალი არის მოძებნილი ძალმომრეობა და როდესაც ამ ყველაფერს აკეთებ, ჩვენ საკუთარ გადაწყვეტილებად გვაქვს მიღებული, რომ სახლად ვაქციოთ რუსთაველის გამზირი და არა ვუთხრათ რუსულ რეჟიმს და მის ძალმომრეობას, ეს ასე იქნება. საქართველო ვერ გახდება რუსეთი, რუსული ინსტრუქციებით ვერ მართავ ქართველ ხალხს, ძალმომრეობით ვერ მართავ სახელმწიფოს! არაფერი სხვა მათ აღარ შეუძლიათ, არ შეუძლიათ დებატები, არ შეუძლიათ საუბარი, არ შეუძლიათ საკუთარი ამომრჩევლის ნაწილის დარწმუნებაც კი და მაშასადამე, ერთადერთი გზა არის – კრიმინალური ქმედებები. მაგრამ ამას უნდა გაეცეს პასუხი სიმრავლით, სიმტკიცით, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებას. ყველა ერთად უნდა დავდგეთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება და ახლა 11 მაისს 3 ლოკაციაზე ვიკრიბებით – მარჯანიშვილის მეტროსთან, 300 არაგველის მეტროსთან და რესპუბლიკის მოედანზე, საღამოს 19:00 საათზე და სიმრავლით და სიმტკიცით უნდა გავცეთ პასუხი. ვერ დაიმორჩილებ დაშინებით ვერავის, არავის ეპატიება ოჯახის წევრების დაშინება, შეურაცხყოფა, „ბაიკერებისთვის“, მშვიდობიანი დემონსტრანტებისთვის მუხრუჭების გადაჭრა, ამ ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება, რომელსაც აქვს პრეტენზია მართოს სახელმწიფო, თუნდაც ცუდად?! სინამდვილეში ეს ყველაფერი ხომ ემსახურება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას და რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებას და უკან შეყვანას! არ გამოვა ეს!“- განაცხადა მელიამ.