Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

დღეს, როცა მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა ოჯახური ღირებულებების უფრო აქტიური მხარდაჭერა-მეუფე შიო

დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა ოჯახური ღირებულებების უფრო აქტიური მხარდაჭერა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განაცხადა და მრევლს  მიმართა.

მეუფე შიომ ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, დედაქალაქის მერო, ყოვლადსამღვდელონო, მღვდელმთავარნო, მამანო,დედანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ დღეს, ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს, რომელიც ათი წელიწადია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღინიშნება. გადმოგცემთ მის დალოცვას, კურთხევას.

საუკუნეების განმავლობაში ოჯახი ყოველთვის სიწმინდედ ითვლებოდა ჩვენს ეკლესიაში, მაგრამ დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა ოჯახური ღირებულებების უფრო აქტიური მხარდაჭერა და მათი წარმოჩენა, როგორც დიდი სიწმინდის.

ადამიანი ღმერთმა დასაბამიდანვე შექმნა, როგორც ოჯახი, ამდენად ოჯახი არის ყოფიერების ის ფორმა, რომელიც თავად ღვთისაგან მოგვეცა. სწორედ ამიტომ ვუწოდებთ ოჯახს სიწმინდეს. როგორც იცით, ადამიანი ღმერთმა შექმნა თავის ხატად და მსგავსად. წმინდა მამების ნაწილი ამბობს, რომ სწორედ ოჯახი არის ყოვლადწმინდა სამების ხატების ერთ-ერთი გამოვლინება ადამიანში. როგორც ღმერთს აქვს ერთი ბუნება და სამი ჰიპოსტასი, ასევე ოჯახსაც აქვს სამი ჰიპოსტასი – მამაკაცის ჰიპოსტასი, ქალის ჰიპოსტასი და ბავშვის ჰიპოსტასი, ადამიანი მოწოდებულია, ყოვლადწმინდა სამების მსგავსად იცხოვროს სიყვარულში. ოჯახში უკავშირდება ერთმანეთს სხვადასხვა თაობა. უფროსი თაობისგან უმცროს თაობას გადაეცემა სულიერი და კულტურული გამოცდილება“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ჰიმნის იდეა წამოვიდა, როცა ხუთი წლის ვიყავი, დედაჩემს მივყავდი ინგლისურზე, დავით გამრეკელის გამოსვენებას შევესწარით და გულში ჩამივარდა არიის სიტყვები “თავისუფლება დღეს ჩვენი”-სააკაშვილი

მინდა იცოდეთ, საიდან წამოვიდა ჩვენი ჰიმნის იდეა, ხუთი წლის ვიყავი, როცა დედაჩემს მივყავდი ინგლისურის გაკვეთილზე და ამ დროს შევესწარით ცნობილი ტენორის, დავით გამრეკელის გამოსვენებას, ჩართული იყო არია ზაქარია ფალიაშვილის დაისიდან „ოდა თავისუფლებას“ და გულში ჩამივარდა ამ არიის სიტყვები „თავისუფლება დღეს ჩვენი“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, როდესაც ჰიმნის შეცვლის საკითხი დადგა, კომისიას ეს მელოდია შესთავაზა.

„„თავისუფლება დღეს ჩვენი“.

მინდა იცოდეთ, საიდან წამოვიდა ჩვენი ჰიმნის იდეა. ასე ხუთი წლის ვიყავი, როცა დედაჩემს რუსთაველის გამზირით მივყავდი ინგლისურის გაკვეთილზე და ამ დროს შევესწარით ოპერის თეატრიდან ცნობილი ტენორის, დავით გამრეკელის გამოსვენებას.

მთელ რუსთაველზე დინამიკებში ჩართული იყო არია ზაქარია ფალიაშვილის დაისიდან „ოდა თავისუფლებას“, დავით გამრეკელის შესრულებით. გულში ჩამივარდა ამ არიის სიტყვები „თავისუფლება დღეს ჩვენი“. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, როდესაც ჰიმნის შეცვლის საკითხი დადგა, მე კომისიას ეს მელოდია შევთავაზე. მალე ტექსტის პროექტიც მომიტანეს, რომელშიც ვერ ვიპოვე მთავარი სიტყვები “თავისუფლება დღეს ჩვენი”, ამიტომ ჩემი ხელით ჩავწერე:
„თავისუფლება დღეს ჩვენი,
მომავალს უმღერს დიდება;
დიდება თავისუფლებას,
თავისუფლებას დიდება“.

ძალიან ვამაყობ, როდესაც ეს სიტყვები მრავალგზის გამეორებული მესმის მოედნებზე და ქუჩებში. არასდროს დამიწერია ეს, მაგრამ ახლა მინდა რომ იცოდეთ. ვინაიდან ჩემი ღრმა რწმენით სწორედ სიტყვები „თავისუფლება დღეს ჩვენი“ ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს გენეტიკურ კოდს“, – წერს სააკაშვილი.

 ორმაგი სტანდარტები, რაც არსებობს ტაივანთან დაკავშირებით, ძალიან საშიშია, შეიძლება, მომავალში რამე ფორმით საქართველოსაც შეეხოს – ჭოუ ციენი

x

ორმაგი სტანდარტები, რაც არსებობს ტაივანთან დაკავშირებით, ძალიან საშიშია, შეიძლება, მომავალში რამე ფორმით საქართველოსაც შეეხოს, – ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა.

ჭოუ ციენის თქმით, საერთაშორისო პრინციპები იმისთვის არსებობს, რომ ყველა სახელმწიფომ დაიცვას.

ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, ჩინეთი არასდროს აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას.

„მაგალითად, ავიღოთ კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. თუ არიან ქვეყნები, რომლებიც ადრე კოსოვოს და მის დამოუკიდებლობას უჭერდნენ მხარს, ვერ ვიტყვით, რომ ეს ქვეყნები მომავალში შეიძლება, უჭერენ მხარს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. კანონები და საერთაშორისო პრინციპები იმისთვის არსებობს, რომ ყველა სახელმწიფომ დაიცვას. ჩინეთი არ აღიარებს და არც უღიარებია კოსოვოს დამოუკიდებლობა, ასევე იქნება მომავალში აფხაზეთთან დაკავშირებითაც, არასდროს აღიარებს მის დამოუკიდებლობას. ყველა სახელმწიფომ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა და პატივი სცეს ამ საერთაშორისო კანონებსა და პრინციპებს. ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემდა სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მომავალშიც ასე გააგრძელებს“, – განაცხადა ელჩმა.

 ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა, საქართველოვ, მიყვარხარ -პატრიარქი

საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ ქაშვეთის ტაძარში შეკრებილ მრევლს, რომელიც ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს.

„უფალმა დაავალა ღვთისშობელს, რომ ყოფილიყო პატრონი საქართველოში. ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ“, – განაცხადა ილია მეორემ.

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა მიმდინარეობს. ქაშვეთთან შეკრებილი სამღვდელოება და მრევლი საზეიმო ლოცვითი მსვლელობით გაემართებიან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც მსვლელობის ბოლოს შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.

 17 მაისი არ არის ოჯახური სიწმინდის დღე, ეს არის ძალადობის დღე -რომან გოცირიძე

17 მაისი საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც სამარცხვინო დღე, როდესაც ბნელმა ძალებმა საქართველოს საპატრიარქოს წინამძღოლობით, ტაბურეტიანი მღვდლების მეთაურობით საშინლად დაარბია ქუჩაში გამოსული ადამიანები და ეს ძალადობა მათ ჩაიდინეს ოჯახური სიწმინდისა და ქართული ტრადიციების შენარჩუნების ლოზუნგით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

  „მეგობრებო მთელ მსოფლიოში 17 მაისი აღინიშნება, როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე. მაგრამ საქართველოში ეს დღეს შევიდა როგორც სამარცხვინო დღე. როგორც სამარცხვინო ლაქა საქართველოს ეკლესიისა და საქართველოს მთავრობის, ასე ვთქვათ, სხეულზე. 

17 მაისს, ბრბომ, აგრესიული ადამიანების ერთობამ, ჯოგმა, რომელთაც წინ მიუძღოდათ მღვდლები ტაბურეტკებით ხელში. აი, ამ სკამებით გადაუარეს ქუჩაში გამოსულ მომიტინგეებს. და იმ დღიდან მოყოლებული საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი გამოაცხადა  ოჯახური სიწმინდის დღედ. ცინიკური მოვლენაა, როდესაც აგრესიისა და დარბევის დღეს აცხადებ რაღაცის სიწმინდის დღედ და მოხდა საოცრება, ახლა პირველად 17 მაისი გამოაცხადა უქმე დღედ, არასამუშაო დღედ. დაიხურება ყველაფერი, სამუშაო ადგილები, ინსტიტუტები, სკოლები, ბაღები და მთავრობამ მოუწოდა ხალხს, რომ გამოვიდნენ ქუჩაში და ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად გაიარონ მარშით რუსთაველი პროსპექტი და მივიდნენ სამებამდე. 

ცნობილ ფრანგ მწერალს ალბერტ კამიუს აქვს ასეთი სიტყვები, იქ სადაც რელიგია უერთდება პოლიტიკას, წარმოიშობა ინკვიზიცია. არცერთი წესიერი ადამიანი არ უნდა გამოვიდეს ქუჩაში 17 მაისს.

არ მიხვიდეთ 17 მაისს, ეს არ არის ოჯახური სიწმინდის დღე. ეს არის ძალადობის დღე. 

ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ, ანუ საერო სახელმწიფოში და ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც შეცდება რელიგია, ეკლესია გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისთვის, ის ვნებს ქვეყნის მომავალს, ის ვნებს მის მომავალს განვითარებას, იქცევა არაჰუმანურად. და საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, მათ შრის მოსყიდვის გზით, იყენებს სასულიერო ინსტიტუტებს. 

17 მაისს არავინ უნდა გავიდეს ქუჩაში. აი ამ მარშზე, რომლის ორგანიზატორები საქართველოს საპატრიარქო და საქართველოს მთავრობა. –  განაცხადა რომან გოცირიძემ ვიდეო მიმართვაში, რომელიც “ფეისბუკზე” გამოაქვეყნა.

მაისის ბოლოს, ჩინეთსა და საქართველოს შორის უვიზო შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავარაუდოა, რომ პირდაპირი ფრენები გახშირდება -ჩინეთის ელჩი საქართველოში

ჩინეთის რესპუბლიკის ელჩის, ჭოუ ციენის განცხადებით, მაისის ბოლოს, ჩინეთსა და საქართველოს შორის უვიზო შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავარაუდოა, რომ პირდაპირი ფრენები გახშირდება.

ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩემი და ჩემი ქართველი კოლეგების ერთობლივი ძალისხმევით, ჩინეთსა და საქართველოს შორის უვიზო შეთანხმება თვის ბოლოს ოფიციალურად ამოქმედდება. სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები გახშირდება. ჩინური კომპანიების მიერ ბოლო დროს განხორციელებული პროექტები საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩინეთი მზადაა ქართულ მხარესთან ერთად კიდევ უფრო გაამდიდროს სტრატეგიული პარტნიორობის შინაარსი. მინდა აღვნიშნო, რომ იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც უვიზოდ შეუძლიათ ჩინეთში გამგზავრება, არაა ბევრი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უკვე არსებობს, გადავწყვიტეთ ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმის დამყარება. ამის შემდეგ ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია შეიძინოს ბილეთი და ისე გაემგზავროს ჩინეთში, არ დაგჭირდებათ სავიზო პროცედურების გავლა“,- განაცხადა ჭოუ ციენმა.

მან, ასევე, აღნიშნა ისიც, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ჩინეთი, როგორც პასუხისმგებელი დიდი ქვეყანა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ყოველთვის პატივს სცემს ყველა სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“,- განაცხადა ჭოუ ციენმა.

კობა კობალაძე სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე,სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად,ოფიციალური ვიზიტით,გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძე, თავდაცვის ატაშე გერმანიასა და შვეიცარიაში, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე და ქართული დელეგაციის წევრები, ქალაქ ლაიფციგში, საპროთეზო ორთოპედიული საშუალებების საერთაშორისო გამოფენას დაესწრნენ, სადაც თანამედროვეობის წამყვანი საპროთეზო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ამ სფეროში ტექნოლოგიურ ნოვაციებს გაეცნენ.

გამოფენის მონაწილეთა შორის იყო ამ სფეროში ლიდერი გერმანული კომპანია_ ოტტობოკი, რომელთანაც, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მრავალწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს.

პირველად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ოტტობოკთან თანამშრომლობას, 2016 წელს ჩაეყარა საფუძველი, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით. მემორანდუმის ფარგლებში, სამსახურის 53 ბენეფიციარს დაუმზადდა მაღალი დონის საპროთეზო საშუალებები. კობა კობალაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, დავით ძებისაშვილი და თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრის დირექტორი, თეა ერისთავი შეხვდნენ ოტტობოკის რეგიონულ მენეჯერს, ანატოლი ტირიკს და პრეზიდენტს აღმოსავლეთ ევროპაში, შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში, ტიმ შაფერს. შეხვედრაზე დაიგეგმა ამპუტანტი ვეტერანებისთვის შესაბამისი საპროთეზო საშუალებებით უზრუნველყოფა, ვეტერანთა შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავება.

შეხვედრის დასასრულ, მხარეებს შორის, განახლდა სამმხრივი, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი კობა კობალაძემ, თეა ერისთავმა და ტიმ შაფერმა მოაწერეს. მემორანდუმი ითვალისწინებს, საპროთეზო და სარეაბილიტაციო მომსახურების გაწევას სამსახურის იმ ბენეფიციართათვის, ვინც უკვე სარგებლობს ოტტობოკის მიერ წარმოებული საპროთეზო საშუალებებით და საჭიროებს დამხმარე საშუალების ან პროთეზის განახლებას.

მსოფლიოში ერთი ჩინეთია და ტაივანი მისი ნაწილია, ჩინეთის მთავრობა მთელი ჩინეთის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია, ტაივანი არასოდეს ყოფილა სახელმწიფო და “პრეზიდენტიც” ვერ ეყოლება -ჭოუ ციენი

გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია ადასტურებს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს, რომელიც ნიშნავს, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია და ტაივანი მისი ნაწილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა მთელი ჩინეთის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა ბრიფინგზე განაცხადა.

ელჩის თქმით, ტაივანი არასოდეს ყოფილა სახელმწიფო და „პრეზიდენტიც“ ვერ ეყოლება.

„როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, უდავოდ, ყველაზე ფუნდამენტური და საკვანძო საკითხია. ჩინეთი, როგორც პასუხისმგებელი დიდი ქვეყანა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ყოველთვის პატივს სცემს ყველა სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩინეთი განუხრელად იცავს გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებს. ამის საპირისპიროდ, დასავლეთში ზოგი სახელმწიფო ე.წ. „წესებზე დაფუძნებული წესრიგის“ აფიშირებას ახდენს, მაგრამ ფეხქვეშ თელავს საერთაშორისო სამართალსა და ნორმებს, სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში ორმაგ სტანდარტებს იყენებს, კონფლიქტების პროვოცირებას ახდენს და „პროქსი ომებსაც“ კი აწარმოებს.

ტაივანის საკითხი ამის კლასიკური შემთხვევაა. 20 მაისს ჩინეთის რეგიონის, ტაივანის ლიდერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის, ლაი ცინგდეს ე.წ. ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება, რომელზე დასწრებაც რამდენიმე ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა დაადასტურეს. ამასთან დაკავშირებით მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს და ტაივანი მისი ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა მთელი ჩინეთის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია. ტაივანი არასოდეს ყოფილა სახელმწიფო და „პრეზიდენტიც“ ვერ ეყოლება. ჩინეთი მოუწოდებს შესაბამის ქვეყნებს, დაიცვან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ დოკუმენტების პრინციპები და სულისკვეთება, პრაქტიკული ქმედებებით აჩვენონ „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი თავიანთი ერთგულება, თავი შეიკავონ „ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტული ძალების ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერისგან, რეალურად დაიცვან ტაივანის სრუტეში მშვიდობა და სტაბილურობა. აქვე ვაფრთხილებთ დემოკრატიულ-პროგრესული პარტიის ხელმძღვანელობას, რომ გარე ძალებთან გარიგებით „დამოუკიდებლობის“ პროვოკაციების ყველა მცდელობა კრახით დამთავრდება. ქვეყნისა და ერის ინტერესების მოღალატეებს პასუხი ისტორიის წინაშე მოეკითხებათ“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

მისივე თქმით, ლაი ცინგდეს ე.წ. ინაუგურაციის ცერემონიის გარდა, შეერთებული შტატები არაფრად აგდებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს და საერთაშორისო თანამეგობრობის კონსენსუსს.

„რამდენიმე დღის წინ, გერმანიის მარშალის ფონდის მიერ გამართულ სემინარზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, მარკ ლამბერტმა უხეშად განაცხადა, რომ გაერო-ს 2758-ე რეზოლუცია „არ ადასტურებს, არ უტოლდება და არ ასახავს „ერთი ჩინეთის“ პრინციპზე საერთაშორისო კონსენსუსს; რეზოლუციას არ აქვს არანაირი გავლენა ქვეყნების სუვერენულ არჩევანზე, რომ ჰქონდეთ ტაივანთან ურთიერთობა, იგი არ გამორიცხავს ტაივანის არსებით მონაწილეობას გაერო-ს სისტემასა და სხვა მრავალმხრივ ფორუმებში, არ წარმოადგენს გაერო-ს ინსტიტუციურ პოზიციას ტაივანის საბოლოო პოლიტიკურ სტატუსზე“. ეს განცხადება თავიდან ბოლომდე ამახინჯებს ფაქტებს და თეთრს შავად ასაღებს. გაერო-ს გენერალური ასამბლეის 2 758-ე რეზოლუცია სრულად ასახავს და ადასტურებს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს. „ერთი ჩინეთის“ პრინციპი გარკვევით ნიშნავს, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია და ტაივანი მისი ნაწილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა მთელი ჩინეთის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.

ამასთან, ჭოუ ციენის თქმით, ჩინეთის განვითარების შეკავების მიზნით, ზოგი ქვეყანა შეერთებული შტატების მეთაურობით, აგრძელებს „ტაივანის კოზირით“ პოლიტიკურ მანიპულირებას, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება ამას კარგად ხედავს.

„ეს ქვეყნების უმრავლესობის კონსენსუსს ვერ აზიანებს. ამიტომ, ბოლო დროს, შეერთებული შტატები, ზოგიერთ მოკავშირესთან ერთად, ჩინეთის ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე, განსაკუთრებით ე.წ. ჭარბი წარმოების პრობლემაზე სპეკულირებას ცდილობს. ბოლო დროს ჩინეთში განხორციელებული ვიზიტების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა ალტერნატიული ენერგიის ინდუსტრიაში ჩინეთის „ჭარბი წარმოების“ საკითხზე აქცენტის გაკეთება დაიწყეს. მათ ჩინეთი „ჭარბი ნაწარმის“ ექსპორტსა და „არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში“ დაადანაშაულეს.

თუმცა რეალობა ისაა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ჩინური ელექტრომობილების დეფიციტია, მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე მიწოდება. ინდუსტრიის ამ დარგში წარმოებული პროდუქცია ძირითადად ჩინეთის შიდა ბაზარს მიეწოდება და ექსპორტზე დიდი მასშტაბით არ გადის. 2023 წელს ჩინეთმა ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე 9.587 მილიონი ავტომობილი აწარმოვა. აქედან, 9.495 მილიონი ერთეული გაიყიდა. გაყიდვების 87.3% შიდა ბაზარზე მოდიოდა, ხოლო ექსპორტზე მხოლოდ 12.7% გავიდა. 2023 წელს ევროპაში ჩინური ელექტრომობილების საშუალო გასაყიდი ფასი 31,000 ევროს აჭარბებდა, რაც შიდა ფასზე გაცილებით მაღალია, ამიტომ „ფასების დამახინჯების“ პრობლემა რეალობას საერთოდ არ წარმოადგენს.

ალტერნატიული ენერგიის ინდუსტრიაში ჩინეთის წარმატება ტექნოლოგიებში, ბაზარსა და სამრეწველო ჯაჭვებში მისი უპირატესობით არის განპირობებული. ერთი მხრივ, გლობალურ მომხმარებლებს შესაძლებლობა უჩნდებათ, ისარგებლონ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი პროდუქციით. მეორე მხრივ, ჩინეთს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მწვანე ტრანსფორმაციის პროცესში, რაც ქვეყნების უმრავლესობისთვის მისასალმებელია. შემიძლია მოვიყვანო ჩინური ბრენდის BYD-ის მაგალითი, რომელმაც გასული წლის მეოთხე კვარტალში ახალ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილების გლობალურ გაყიდვებში ტესლას გადაასწრო. ჩინელ მომხმარებელს შეუძლია 11,000დოლარად შეიძინოს BYD-ის კომპაქტური ელექტრო მანქანა. ამავე ფასში ხელმისაწვდომია უფრო დიდი ზომის ჰიბრიდული ავტომობილებიც. ვფიქრობ, ასეთ ფასში ასეთი მაღალი ხარისხის პროდუქტი – ნებისმიერ ქვეყანაში უაღრესად პოპულარული იქნება. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ, რომ ელექტრომანქანების ჩინური ბრენდები ქართულ ბაზარზეც მალე შემოვიდნენ, რათა ქართველ მომხმარებლებსაც გავუზიაროთ „ჩინური სტილის მოდერნიზაციის“ მნიშვნელოვანი მიღწევები“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი.

თბილისში 18 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 19-20 მაისს შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 18 მაისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 19-20 მაისს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): დედოფლისწყარო): ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

უკრაინას შეუძლია გამოიყენოს ამერიკული იარაღი მხოლოდ თავის ტერიტორიაზე -პენტაგონი

პენტაგონმა განაცხადა, რომ არ შეუცვლია პოზიცია უკრაინის მიერ სამხედრო დახმარების ფარგლებში შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, შეიცვალა თუ არა ხარკოვის ოლქში რუსეთის იერიშის ფონზე ვაშინგტონის მიდგომა, რომლის მიხედვითაც უკრაინას ამერიკული იარაღის გამოყენება მხოლოდ საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში შეუძლია? პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა, რომ აშშ-ის პოზიცია უცვლელი დარჩა.

„ჩვენ არ შეგვიცვლია ჩვენი პოზიცია, მიგვაჩნია, რომ ის აღჭურვილობა და შესაძლებლობები, რომლებსაც უკრაინას ვაწვდით ჩვენ და სხვა ქვეყნები, უნდა იყოს გამოყენებული უკრაინის სუვერენული ტერიტორიის დასაბრუნებლად“, – აცხადებს საბრინა სინგი.

სინგმა აღნიშნა, რომ პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი უკრაინელ კოლეგა რუსტემ უმეროვთან საუბრებში განიხილავს იმას, თუ როგორ შეიძლება ამ შეიარაღების გამოყენება.

„და ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს უნდა მოხდეს უკრაინის ტერიტორიის ფარგლებში“, – დასძინა მან.

 არ არსებობს იმაზე დიდი სიწმინდე, ვიდრე საკუთარი ოჯახია და არ არსებობს იმაზე ღირსეული ბრძოლა, ვიდრე ოჯახური ღირებულებების დაცვაა -დიმიტრი ხუნდაძე

“ხალხის ძალის“ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე  სრულიად საქართველოს ულოცავს დღევანდელ დღეს და აცხადებს, რომ დღეს ფასეულობათა ომია და მთავარი დარტყმა სწორედ ოჯახურ ღირებულებებზე მოდის, რადგან ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია.

“დღეს სრულიად საქართველო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს.

გილოცავთ!

ეს არის დღე, რომელიც აერთიანებს ჩვენს ქვეყანას უმთავრესი ღირებულების ირგვლივ. სახელმწიფოს შემეცნება და აღქმა უძველესი დროიდან ქართველებში ოჯახური კულტურით ყალიბდება. ეს არის ის საძირკველი, რაზედაც დაშენებულია რწმენისა და ეროვნული ფასეულობების ერთობლიობა.

სწორედ ამ ფასეულობებს გვართმევენ დღეს. სწორედ ამის განადგურება სურთ, რადგან იციან, რომ “ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა”, ძლიერი სახელმწიფოს წაქცევა კი შეუძლებელი!

დღევანდელ დღეს ვზეიმობთ და ამასთანავე გვტკივა ის რეალობა, რაც ჩვენს თვალწინ ხდება. მსოფლიოში გამეფებულმა ფსევდოლიბერალიზმმა ყველა ჯებირი გაანგრია და მთელი სისასტიკით, რომელსაც ეკლესია გარყვნილებას უწოდებს, უტევს დღევანდელობას.

ამ მიზანმიმართულად შექმნილ იდეოლოგიას სურს წაგვართვას ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი სიტყვები: – დედა, მამა, ძმა, და… სურს ოჯახი მხოლოდ ფიზიკურ ფართად აქციოს და არა იმ სულიერ განძად, რაც ჩვენი ისტორიის, ჩვენი იდენტობის სახეა.

დღეს ღირებულებათა ომია და ეს ომი ბევრად უფრო სასტიკია, ვიდრე სხვა. მისი სამიზნე სწორედ ოჯახია. მძიმეა ეს ბრძოლა, მაგრამ გვჯერა, რომ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ.

არ არსებობს იმაზე დიდი სიწმინდე, ვიდრე საკუთარი ოჯახია, და არ არსებობს იმაზე ღირსეული ბრძოლა, ვიდრე ოჯახური ღირებულებების დაცვაა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს ოჯახის სიწმინდისა და მშობელთა პატივისცემის დღეს!“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

 ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომ, ეკლესიასთან ერთად, ხელისუფლების ვალია, დაიცვას, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის -შალვა პაპუაშვილი

გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, სადაც ეროვნულ ტრადიციებსა და წმინდა ადამიანურ ღირებულებებს აშკარა საფრთხე დაემუქრა, ჩვენმა დედაეკლესიამ ფარად აღმართა ქართული ოჯახის სიწმინდე და მისი მარადიული ფასეულობები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ოჯახური ტრადიციები არის ქართული ადათი, თაობათა შორის დამოკიდებულების პატივისცემა, სტუმარმასპინძლობა, მოყვასის სიყვარული და სამშობლოს ერთგულება.

„გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს!

გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, სადაც ეროვნულ ტრადიციებსა და წმინდა ადამიანურ ღირებულებებს აშკარა საფრთხე დაემუქრა, ჩვენმა დედაეკლესიამ ფარად აღმართა ქართული ოჯახის სიწმინდე და მისი მარადიული ფასეულობები. ეს არის ჩვენი ცხოვრების წესი, რომელიც მამა-პაპათაგან გადმოგვეცა და ჩვენც ათასწლეულები სიამაყით ვატარებთ. ეს არის ქართული ადათი, თაობათა შორის დამოკიდებულების პატივისცემა, სტუმარმასპინძლობა, მოყვასის სიყვარული და სამშობლოს ერთგულება.

ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც, ეკლესიასთან ერთად, ხელისუფლების ვალია, დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის.

ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ მშვიდობას ჩვენს გულებში, ჩვენს ოჯახებში, ჩვენს სამშობლოში“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.