Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ახლა ბურთი „ქართული ოცნების“ მხარესაა და თუ უნდათ ვა-ბანკზე წასვლა, შეუძლიათ, ეს გააკეთონ – თეონა აქუბარდია პრეზიდენტის ვეტოზე

x

პრეზიდენტის ვეტო პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ შეაფასა.

„პრეზიდენტმა, მკაფიოდ, გაუსვა ხაზი, რომ ის სამართლებრივად სწორი იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ მოტივირებული შენიშვნები იქნება. პრეზიდენტის განცხადება, რომ ის ვაჭრობაში არ შევა „ქართულ ოცნებასთან“, რომელმაც თავად მოიჭრა უკან დასახევი გზა და სამი მოსმენით მიიღო კანონი ისე, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას არ დაელოდა, კიდევ ერთხელ იმის მაჩვენებელია, რომ ახლა ბურთი არის „ქართული ოცნების“ მხარეს და თუ უნდათ ვა-ბანკზე წასვლა მათ ეს შეუძლიათ გააკეთონ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.,

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო.

თავისებური ქალი ზურაბიშვილი თავდაუზოგავად ცდილობს არასტაბილურობას საკუთარ ქვეყანაში – ვის ინტერესებს იცავს ქალბატონი პრეზიდენტი? – გრიგორი კარასინი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს ეხმაურება და მას „თავისებურ ქალს“ უწოდებს, რომელიც „თავდაუზოგავად ცდილობს არასტაბილურობას საკუთარ ქვეყანაში“.

„თავისებური ქალი ზურაბიშვილი, როგორც ჩანს, თავდაუზოგავად ცდილობს არასტაბილურობას საკუთარ ქვეყანაში. პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ მიღებული კანონი უცხოური აგენტების შესახებ მასში უცნაურად დაჟინებულ უარყოფას იწვევს. აქ ჩნდება კითხვა: ვის ინტერესებს იცავს ქალბატონი პრეზიდენტი? სცენარი ზოგადად ნათელია, მაგრამ მნიშვნელოვანია პოლიტიკოსმა არ დაკარგოს ზომიერების გრძნობა!“, – წერს კარასინი „ტელეგრამ“ არხზე.

საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება მასზეა დამოკიდებული – ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი

ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით, – ამის შესახებ საფრნგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„ჩვენი ქვეყნები საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერი არიან და აქტიურად დაუჭირეს მხარი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ 2023 წლის დეკემბერში. ღრმა მწუხარებით ვაკვირდებით საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას გადაუხვიონ ამ გზიდან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებით, ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონის მიღებით“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები აცხადებენ, რომ „საქართველოს ევროპული გზა გაწერილია – მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული“.

პრეზიდენტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს პარლამენტს იგივე სახით უკან უბრუნებს და მხოლოდ ერთ მუხლს ამატებს, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს პარლამენტს იგივე სახით უკან უბრუნებს და მხოლოდ ერთ მუხლის ამატებს, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.

მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი განმარტავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწვეული აგენტების შესახებ კანონი იყო.

პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 და 78-ე მუხლებს.

“ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური – მაშესადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, ის გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია.

შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და წარმოადგენს ხალხის ნებას.

ყოველივე ზემოთააღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე”, – წერს პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში.

ჩემი შვილის მკვლელი თავისუფლად დასეირნობს, შვილის საფლავთან ვდგავარ და მრცხვენია სურათს თვალებში შევხედო – ღმერთმა ქნას, ისევ არ მოვექცეთ რუსეთის კლანჭებში – გიგა ოთხოზორიას დედა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ე.წ საზღვართან, 30 წლის საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა.

იგი აფხაზმა ე.წ. მესაზღვრემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

დღეს მის საფლავზე ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.

გიგა ოთხოზორიას დედის თქმით, მისი შვილის მკვლელი ამ დრომდე თავისუფლად დადის და მისი დასჯის იმედიც უკვე აღარ აქვს.

“8 წლის თავზე კიდევ არ მინდა გავიმეორო ის, რასაც ტელეეკრანის წინაშე ჩემი შვილის საფლავთან წელიწადში ორჯერ ვამბობ. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ძალისხმევით გიგას მკვლელობის საკითხი გავიდა სტრასბურგის სასამართლოზე და დადებითად გადაწყდა, ცნეს რუსული მხარე დამნაშავე პირად და გამოიტანეს შესაბამისი ბრძანებულებაც, მაგრამ 8 წლის მანძილზე ჩემი შვილის მკვლელი თავისუფლად დასეირნობს. ალბათ, კიდევ გავა წლები და ისევ, იგივე სურათი იქნება. შესაძლებელია, მე აქ არც ვიდგე. ჩემი შვილის საფლავთან ვდგავარ და მრცხვენია სურათს თვალებში შევხედო, იმიტომ, რომ რასაც ჩემი შვილი შეეწირა, ისეთი მოქმედებისთვის თბილისში ე. წ. სამართალდამცავები გამეტებით ებრძვიან ახალგაზრდებს თავიანთი სურვილის გამოხატვის გამო. არ უნდათ საქართველო რუსებს დაუთმონ. ღმერთმა ქნას ისე წავიდეს საქმე, რომ არ მოვექცეთ ისევ რუსეთის კლანჭებში“, – განაცხადა გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ.

ცნობისთვის, გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი-ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

ვეტო ყველა შემთხვევაში დაიძლევა, იმიტომ, რომ ვეტოში არაფერი დევს გასათვალისწინებელი – ირაკლი ქადაგიშვილი

ვეტო ყველა შემთხვევაში დაიძლევა, იმიტომ, რომ ვეტოში არაფერი დევს გასათვალისწინებელი,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ერთი სიტყვა არ არის შეცვლილი იმ კანონთან შედარებით, რაც პარლამენტმა მიიღო.

„ბოლო პუნქტია დამატებული, ერთი წინადადება, რომ ეს კანონი ამოქმედებიდან იმოქმედებს მხოლოდ ერთი დღე. მეტი სამართლებრივი შეფასება ამ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვერ მისცა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ კანონპროექტი სამართლებრივად არის გამართული და მაღალი სტანდარტის შესატყვისი.

დანარჩენი, პრეამბულაში, რა თქმა უნდა, წერილში უწერია, რომ რუსულია და ა.შ.“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო.

2024 წლის 19 მაისის მონაცემებით, რეგისტრირებულია 10 608  აივ ინფიცირებული პირი – მიმდინარე წელს გამოვლინდა 217 ახალი შემთხვევა – ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი

2024 წლის 19 მაისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 10 608 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 7945 – მამაკაცი და 2663 – ქალია. 2263 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს გამოვლინდა აივ ინფექციის 217 ახალი შემთხვევა.

„დღეისათვის, მსოფლიო სიტუაციის მიხედვით, საქართველო მიეკუთვნება აივ/შიდსის კონცენტრირებული გავრცელების ქვეყნებს სტაბილური ეპიდემიოლოგიური სურათით.

2024 წლის 19 მაისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 10 608 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 7945 – მამაკაცი და 2663 – ქალია. 2263 პაციენტი გარდაიცვალა.

მიმდინარე წელს გამოვლინდა აივ ინფექციის 217 ახალი შემთხვევა.

არვ (ანტირეტროსულ) თერაპიას იტარებს 6000-ზე მეტი პაციენტი, მათ შორის 42 – ბავშვი.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით შემდეგია:

32.0 %– ნარკოტიკების ინფექციური მოხმარება;

52.0 %– დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;

14.0 %– მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;

1.1 % – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;

0.4 %– სისხლის გადასხმის შედეგად;

0.5 %– გადაცემის გზა დაუდგენელია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიული განაწილების მხრივ –აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, შემდეგ სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, აფხაზეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, შიდა ქართლში, გურიაში, სამცხე-ჯავახეთში და ა.შ.

ჩაიტარე აივ ტესტირება, რადგან დროული დიაგნოსტიკა

სრულფასოვანი სიცოცხლის საწინდარია!

აივ ტესტირება კონფიდენციალური და უფასოა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უცნობი ნომრებიდან ზარების განხორციელებაზე 70-მდე შეტყობინება მივიღეთ, მათგან 10-მდე განცხადება, შინაარსით შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, უცნობი ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით, სამსახურმა 70-მდე შეტყობინება მიიღო, მათგან 10-მდე განცხადება, რომელიც შინაარსით შეიცავდა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, რეაგირებისათვის სამართალდამცავ ორგანოს გადაეგზავნა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სამსახურის მიერ ხორციელდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები განცხადებებსა და შეტყობინებებში მითითებულ, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ფაქტებთან დაკავშირებით, მათ შორის შესაბამის პირებთან განხორციელდა უკუკავშირი და ინფორმაციის მოძიება და დაზუსტება.

ამასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში საუბარია „უცხოური გავლენის გაჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ჩანაწერზე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების შესახებ და აღნიშნავს, რომ იგი დასაშვებია, თუ აღნიშნული პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით და მათი დამუშავება აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია, მომავალში შემუშავებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში დეტალურად გაიწეროს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საჭიროება, აუცილებლობა და მოცულობა, აგრეთვე, ის კონკრეტული მიზანი, რაც მონაცემების ამ გზით და მოცულობით დამუშავების ლეგიტიმურობას განსაზღვრავს.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან საკითხებზე.

ფიზიკური პირების სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე უცნობი ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით, ამ დროისათვის სამსახურმა მიიღო 70-მდე განცხადება/შეტყობინება, მათგან 10-მდე განცხადება/შეტყობინება, რომელიც თავისი შინაარსით შეიცავდა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისი რეაგირებისათვის გადაეგზავნა უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოს.

სამსახურის მიერ ხორციელდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები განცხადებებსა და შეტყობინებებში მითითებულ, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ფაქტებთან დაკავშირებით, მათ შორის, საჭიროების გათვალისწინებით, საკითხის დაზუსტების მიზნებისთვის, შესაბამის პირებთან განხორციელდა უკუკავშირი და ინფორმაციის მოძიება/დაზუსტება. სამსახურმა უკვე მიმართა მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებს, კონკრეტული სატელეფონო ნომრების კუთვნილებისა და მათი მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით.

რაც შეეხება დაანონსებული მონაცემთა ბაზების შექმნის საკითხს, იმის გათვალისწინებით, რომ არსებული მდგომარეობით ბაზები არ შექმნილა, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, წინასწარ შეაფასოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით პერსონალური ინფორმაციის დამუშავების კანონიერება, რომელიც მოწესრიგებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად. კერძოდ, აღნიშნული მუხლები განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების საფუძვლებს. ამასთანავე, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, დაიცვას კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული მონაცემთა დამუშავების ყველა პრინციპი. შესაბამისად, მონაცემთა ბაზის შექმნის პროცესში, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა/დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირებმა უნდა იხელმძღვანელონ ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით.

რაც შეეხება, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს, მე-2 მუხლით მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი სუბიექტი არის მხოლოდ ორგანიზაცია, თუმცა, კანონპროექტის ცალკეული ნორმები შეიცავს ჩანაწერს პერსონალური (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავების შესახებ.

საგულისხმოა, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ნებისმიერი პროცესის კანონიერებისთვის აუცილებელია სახეზე იყოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-6 (განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებისას) და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები, უზრუნველყოფილ იქნეს მონაცემთა დამუშავების უსაფრთხოების ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები და მონაცემთა სუბიექტებს გააჩნდეთ მონაცემთა სუბიექტის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 თავით განსაზღვრული ყველა უფლების რეალიზების შესაძლებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტის ცალკეულ ნორმებში არსებული ზოგადი მითითებები პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვის, მიღებისა და გამოყენების გზით დამუშავების თაობაზე, მისი კანონიერების უზრუნველსაყოფად, შესაბამისობაში უნდა იყოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან.

რაც შეეხება კანონპროექტის ჩანაწერს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების შესახებ, იგი დასაშვებია, თუ აღნიშნული პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით და მათი დამუშავება აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში. რამდენადაც, ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, სწორედ საკანონმდებლო აქტის დონეზე ხდება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერი საფუძვლის განსაზღვრა, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს დამუშავებისთვის აუცილებელი კონკრეტული, მკაფიო და კანონიერი მიზანი.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე პუნქტის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში, შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა უნდა მიიღონ/გამოსცენ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტები და უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

ხსენებული დათქმის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ მომავალში შემუშავებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში დეტალურად გაიწეროს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საჭიროება, აუცილებლობა და მოცულობა, აგრეთვე, ის კონკრეტული მიზანი, რაც მონაცემების ამ გზით და მოცულობით დამუშავების ლეგიტიმურობას განსაზღვრავს, კონკრეტულად რა სახის/კატეგორიის მონაცემები დამუშავდება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოებისას, სარეგისტრაციო განაცხადისა თუ საფინანსო დეკლარაციის ფორმის შემუშავების, რეგისტრაციის გაუქმების წესებისა და პროცედურის და მონიტორინგის განხორციელების დროს, ასევე, დაკონკრეტდეს, ვინ წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს, რა კონკრეტულ შემთხვევებში გააჩნია მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით კანონპროექტის შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებული უფლებამოსილება და დაზუსტდეს იმ მონაცემთა სუბიექტების წრე, ვისთან მიმართებითაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს იგი.

ამდენად, მიზანშეწონილია, რომ კანონპროექტის მიზნებიდან გამომდინარე საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კონკრეტული სამართლებრივი აქტების მეშვეობით მოწესრიგდეს კანონპროექტს მიღმა დარჩენილი მონაცემთა დამუშავების პროცესები.

გარდა აღნიშნულისა, ვინაიდან კანონპროექტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი პირი წარმოადგენს მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს, მასზე ვრცელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ყველა ვალდებულება, მათ შორის: მონაცემთა უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის, მონაცემთა დამუშავების პროცესში მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების, მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის შეტყობინების, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების განხორციელების, მონაცემთა მეტად დაფარვის პრიორიტეტის მექანიზმის გამოყენებისა და კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

აღსანიშნავია, რომ პირადი ცხოვრების პატივისცემა და პერსონალურ მონაცემთა უფლების დაცვა დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ნებისმიერ პროცესში დაცულ უნდა იქნეს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას – ბაიბა ბრაჟე

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვლიმა ვეტო დაადო კანონს, რომელმაც დიდი პროტესტი გამოიწვია საქართველოში და აშკარა საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის ევროპულ გზაზე, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას“, – აცხადებს ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

პარტნიორებთან ერთად ვამზადებთ პლატფორმას მთელი მსოფლიოსთვის, რომელსაც ნამდვილად შეუძლია, რუსეთს აიძულოს მშვიდობის დამყარება – ვოლოდიმირ ზელენსკი

ყველგან, სადაც რთული სიტუაციაა, ჩვენი ძალები ღირსეულად პასუხობენ ოკუპანტს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას ისაუბრა.

„რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია 2014 წელს მართლაც იყო გამოცდა, მტკიცე გამოცდა ყველასთვის, მთელ მსოფლიოში. იმ დროს სათანადო რეაქცია არ მოჰყოლია და პუტინმა გადაწყვიტა, რომ მას შეეძლო ყირიმის აჯანყება, მეტი ბოროტების გაკეთება დაუსჯელად. 24 თებერვალმა შეაჩერა ეს, ყველა უკრაინელის, მთელი ჩვენი ხალხის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევით: სხვადასხვა ხალხის, სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა შეხედულების, ვინც თანაბრად აკავებდა ოკუპანტს. მაშინ დაყენებული ისტორიული წერტილი აღარასოდეს გახდება მძიმე. მოსკოვს არასდროს ექნება შანსი, დაიპყროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, ჩვენი ცნობიერება და ისტორია. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მეომარს და უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს, რომლებმაც ამ კვირაში დაამტკიცეს, რომ რუსეთის სახელმწიფო გადაიხდის ყველაფრის საფასურს, რასაც აკეთებს ჩვენი ხალხისა და ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ. მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს მეომარს, რომელმაც გამოიჩინა საკმარისი გამძლეობა, განსაკუთრებით, ხარკოვის მიმართულებით. დამპყრობლები კარგავენ ქვეითებს და აღჭურვილობას, ეს მნიშვნელოვანი დანაკარგია, თუმცა როგორც 2022 წელს, ისინი იმედოვნებდნენ სწრაფ წინსვლას ჩვენს მიწაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა აქტიურად ემზადება სამშვიდობო სამიტისთვის.

„პარტნიორებთან ერთად ვამზადებთ ნამდვილ პლატფორმას, პლატფორმას მთელი მსოფლიოსთვის, რომელსაც ნამდვილად შეუძლია, რუსეთს აიძულოს მშვიდობის დამყარება, სამყაროს, რომელსაც რუსეთი ვერ მოატყუებს. ამ კვირაში სამიტს ახალი მონაწილეები დავამატეთ. საუბარი მქონდა საქართველოსთან, კანადასთან, კორეის რესპუბლიკასთან, ლუქსემბურგთან, ლიხტენშტეინთან, მალავისთან, პორტუგალიასთან, სლოვენიასთან, საფრანგეთთან, შვედეთსა და ლიბერიასთან, ასევე ვესაუბრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს. შემდეგი კვირა კი დიპლომატიური კუთხითაც აქტიური იქნება. უკრაინული დიპლომატია უკრაინულ იარაღთან ერთად მუშაობს ჩვენი ქვეყნისთვის სამართლიანი მშვიდობისა და ამ ომისთვის რუსეთის სამართლიანი დასჯისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო – დავით მათიკაშვილი

სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა განაცხადა

მისი თქმით, ეს არის პირდაპირი დადასტურება იმის, რომ რეალურად ამ კანონის მიმართ არანაირი არგუმენტი ზურაბიშვილს არ გააჩნია.

„კონსტიტუცია ადგენს, რომ ვეტო უნდა იყოს მოტივირებული, მოტივირებული შენიშვნებით და მხოლოდ კაპრიზით განხორციელებული აქტი, რა თქმა უნდა, ანტიკონსტიტუციურია.

ის უნდა იყოს ეროვნული გაერთიანებისკენ და ტემპერატურის, თუკი ასეთი აწეული ტემპერატურა, ზოგადად, არსებობს, მისი დაწევისკენ, შერიგებისკენ გამსჭვალული და მიმართული. სანაცვლოდ, მხოლოდ რადიკალიზმის გაღვივებას ცდილობს სალომე ზურაბიშვილი. თუმცა, მეორე მხრივ, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ კარგად დაინახა, რომ ნებისმიერი მცდელობა იმის, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი წარმოაჩინონ როგორც რაიმე უფლების შემზღუდავი, არა არგუმენტირებული, ეს არის მცდარი შეხედულება. არ არსებობს არცერთი არგუმენტი მის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, ეს კანონი საბოლოოდ იქნება მიღებული“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო.

ამ გადაწყვეტილებით ზურაბიშვილმა დაადასტურა რომ ის ემსახურება რადიკალიზმს – გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე

ამ გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ის ემსახურება რადიკალიზმს, – განაცხადა პრეზიდენტის ვეტოს შეფასებისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

„დიალოგის მომხრე არ არის, გამჭვირვალობის მომხრე არ არის, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობების მომხრე არ არის, ვენეციის კომისიის დასკვნის მომხრე არ არის ა ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე, ხელისუფლება დიალოგზე არ მოდის. ამ გადაწყვეტილებით ეს რამდენიმე ფაქტორი დაადასტურა ზურაბიშვილმა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო.