Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

როგორც ჩანს,  ბატონი “ელჩყოფილისთვის” თავისი რეკომენდატორის ზარი უფრო მნიშვნელოვანია-ნინო წილოსანი

როგორც ჩანს, ბატონი “ელჩყოფილისთვის” თავისი რეკომენდატორის ზარი უფრო მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიეკრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება საფრანგეთში საქართველოს ელჩის გოჩა ჯავახიშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას.

„ბატონი “ელჩყოფილისთვის”, როგორც ჩანს, თავისი რეკომენდატორის ზარი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საფრანგეთის ქვედა პალატის მიერ მიღებული გამჭვირვალობის “რუსული კანონი”“, – წერს წილოსანი „ფეისბუქზე“.

საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი თანამდებობას ტოვებს. დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ვეღარ ხედავს საკუთარ როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: – ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს“.

როგორც ჯავახიშვილი განმარტავს, ის გარემოება და განწყობა, რომელიც “რეინკარნირებული კანონპროექტის გამო“ ქვეყნის მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად მისი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას.

როცა ერთი ხელით კარგ საქმეს აკეთებ და მეორე ხელით პოლარიზაციას, შუღლის გაღვივებას აფინანსებ, ეს უკვე არც მეგობრობაა, არც პარტნიორობა-კახა კალაძე

როცა ერთი ხელით ამას [კარგ საქმეს] აკეთებ და მეორე ხელით პოლარიზაციას, შუღლის გაღვივებას, სარწმუნოების წინააღმდეგ, ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ, რაც ძვირფასია, ყველაფერი იმის წინააღმდეგ, აფინანსებ [კამპანიებს], ეს უკვე არც მეგობრობაა, არც პარტნიორობა, – ამის შესახებ კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

დედაქალაქის მერს და „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს წამყვანმა ჰკითხა რას ფიქრობს იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გამჭვირვალობის შესახებ კანონს აღიქვამენ როგორც იარლიყის მიწებებას იმისათვის, რომ ხელისუფლებამ შეძლოს მათი კონტროლი, რომ თითქოს ხელისუფლების მიზანია, რომ საბოლოო ჯამში, აღარ შემოვიდეს თანხები არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირებისთვის და ისინი გაქრნენ.

„ძალიან მარტივად ვიტყვი, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები. როგორ შეიძლება ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი შეეწინააღმდეგოს კარგი პროექტების განხორციელებას?! როგორ შეიძლება შევეწინააღმდეგო იმ კარგს, რაც უცხოური დაფინანსებით კეთდება ქვეყანაში. საკუთარი თავის მტერი ხომ არ ვართ, საკუთარი ქვეყნის მტრები ხომ არ ვართ?! ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც რა თქმა უნდა, დამაზიანებელია და მაქსიმალური მცდელობაა, რომ შეარყიონ ხელისუფლება, მიიღონ გარკვეული დაფინანსებები ორგანიზაციებმა, რომლებიც პირდაპირ არიან მხილებულნი პოლარიზაციის გაღვივებაში, ექსტრემიზმში, რევოლუციის მოწყობაში. საიდან ფინანსდებიან ესენი? – უცხოეთიდან, უცხოური ფონდებიდან.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, საიდან და ვინ აფინანსებს კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას. დღეს ეს ცნობილი არ არის. არავინ არ იცის მაგალითად „სირცხვილია“ საიდან ფინანსდება, „დროა“ საიდან ფინანსდება, „ტალღა“, სხვები. უამრავი ექსტრემისტული ორგანიზაციაა შექმნილი იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია გაიზარდოს. შენ როდესაც ჩემი კეთილმოსურნე ხარ, გინდა ჩემი ქვეყნის განვითარება, გინდა, რომ დამიფინანსო მაგარი პროექტები, ამაში როგორ შეიძლება შეგეწინააღმდეგო?! მაგრამ როცა ერთი ხელით ამას [კარგ საქმეს] აკეთებ და მეორე ხელით პოლარიზაციას, შუღლის გაღვივებას, სარწმუნოების წინააღმდეგ, ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ, რაც ძვირფასია, ყველაფერი იმის წინააღმდეგ, აფინანსებ [კამპანიებს], ეს უკვე არც მეგობრობაა, არც პარტნიორობა. შესაბამისად, ეს კანონი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოებამ ყველაფერს დაარქვას თავისი სახელი. უნდა ვიცოდეთ ვინ არის მტერი და ვინ არის ჩვენი ქვეყნის მოყვარე“, – აღნიშნა კალაძემ.

საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი ნათელია – ევროკავშირი სრულიად უჭერს მხარს თქვენს სურვილს-შარლ მიშელი

ევროპის დღეს ჩემი გზავნილი საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი ნათელია, ევროკავშირი მხარს უჭერს თქვენს სურვილს კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

„ევროპის დღეს ჩემი გზავნილი საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი ნათელია. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს თქვენს სურვილს – კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებისთვის. ეს არის გზა ევროკავშირისა და ჩვენი საერთო მომავლისკენ. ეს არის გზა, რომელზეც თქვენს ქვეყანას ევროკავშირი მხარს დაუჭერს“, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.

 ქართველი ხალხი აქციებს ყოველთვის მართავდა ხოლმე დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოთხოვნით – დღეს კი აქცია იმართება დამოკიდებულების მოთხოვნით -ხუნდაძე

შარშან თითქოს ქართველ ხალხს მისცეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და დღეს, კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევას იხილავენ. თუ ხალხს მისცეს, მაშინ რატომ ართმევენ დღეს? – ამის შესახებ „ხალხის ძალის” გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ მედიას განუცხადა.

დეპუტატის შეფასებით, გასულ წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ირგვლივ დაწყებულმა კამპანიამ, რომ ის რუსულია, იმუშავა, თუმცა, ხუნდაძემ აქვე აღნიშნა, რომ ამ მესიჯმა დღეს ძირითადად მხოლოდ ახალგაზრდებზე იმოქმედა.

„შარშან თითქოს ხალხს მისცეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და დღეს, კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევას იხილავენ. თუ ხალხს მისცეს, რატომ ართმევენ დღეს?! ეს მიდგომა, რა თქმა უნდა, აცდენილია რეალობას.

„ნაციონალურმა მოძრაობამ” ქუჩა ვერ დააფორმირა – 20-25 კაცი დადიოდა, ხან აღმა, ხან დაღმა და წამოვიდა შეძახილები, თითქოს ეს კანონი არის რუსული. მაშინ ამან იმუშავა და გარკვეულწილად დღესაც, მაგრამ ეს მესიჯი სადღაც გაქრა. ძირითადად, ახალგაზრდებზე იმუშავეს. არადა, ეს არის ის თაობა, რომელმაც უფრო მეტი უნდა წაიკითხოს და მეტი იცოდეს, თუმცა, დაკვეთა ასეთი იყო “არ წაიკითხო და გააპროტესტე.” დღესაც რომ შეეკითხები, რატომ არის ეს კანონი რუსული, არ იცის, რადგან “იმან” ასე თქვა.

საქართველოში, მთავარ პოლიტიკურ მოედანზე, ძალიან ბევრი აქცია გვახსოვს ჩვენც და ძალიან ბევრი აქცია ახსოვს ჩვენი მშობლების თაობასაც, მაგრამ აქციების უდიდესი ნაწილი იმართებოდა დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოთხოვნით. დღეს კი ქუჩაში აქცია იმართება დამოკიდებულების მოთხოვნით, რადგან “იმან ასე თქვა.” ახალგაზრდა თაობა, რაოდენობრივად საკმარისი არ იყო და იქ ვხედავთ სკოლის ბავშვებს”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

უჩა აბაშიძის წინააღმდეგ გამოძიება იარაღის და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა-შენახვაზეა დაწყებული -ადვოკატი

ბლოგერი უჩა აბაშიძე, რომლის სახლშიც სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ, სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ადვოკატის ინფორმაციით, აბაშიძე დაკავებულია.

„უჩა აბაშიძე ოფიციალურად დაკავებულია. ამ ეტაპზე ეუბნებიან იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას. რამდენადაც ჩვენ განგვიცხადა, მას ყველანაირი იარაღი აქვს კანონიერად რეგისტრირებული. მან ასევე განგვიცხადა, რომ მისი სახლიდან რაღაც ნივთები გაიტანეს, სხვა ოთახიდან, სადაც ის არ იმყოფებოდა, რაც მას თვალით არ უნახავს. ჩვენ, ადვოკატებს, არ გვქონია შესაძლებლობა, ამ პროცესში სრულყოფილად ჩავრთულიყავით“, – განაცხადა ადვოკატმა ანა გახოკიძემ.

მისივე თქმით, აბაშიძე ორთაჭალაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

ადგილზე უჩა აბაშიძის მხარდასაჭერად მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი, რომლებიც ამ დროისთვის მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.

ოპონენტების ცემას, დაშინებას, დემონსტრაციების დარბევას, რეპრესიებს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, ეს ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებებია-პრეზიდენტი

ოპონენტების ცემას, დაშინებას, დემონსტრაციების დარბევას, რეპრესიებს და სხვა სასტიკ მეთოდებს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, ეს ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებებია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის თეატრში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართველი ერი არის ბრძენი და პროვოკაციებს არ აჰყვება.

„დღესდღეობით ვხედავთ ძალადობას, ძალადობას ერის საწინააღმდეგოდ. ოპონენტების ცემა, ოპონენტების დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები და სხვა სასტიკი მეთოდები – ამას არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, ეს არის სწორედ ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები; ძალადობა და ზეწოლა პარტნიორებზე, რომლებიც გვეხმარებოდნენ, მხარში გვედგნენ, მხარს გვიჭერდნენ – ეს არის გამოხატულება ამ ძალადობის. ქართველი ერი აღარ იარსებებდა, რომ არ ყოფილიყო ასეთი ბრძენი. სწორედ იმიტომ, რომ ქართველი ერი არის ბრძენი, არ აჰყვება პროვოკაციებს, არ მიიღებს კომფრონტაციას, დაპირისპირებას, მაგრამ არ დანებდება, ბოლომდე მივა და მიყვება ევროპულ გზას თავისუფალ არჩევნებამდე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ივანიშვილი იმ რეჟიმის გაგრძელებად იქცა, რომელიც ქართველმა ხალხმა, მასთან ერთად, 2012 წელს მოიშორა-გიორგი გახარია

დღეს არც სააკაშვილს აქვს შანსი დაბრუნდეს არჩევნებით და არც ივანიშვილს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში დარჩეს. ზუსტად ამიტომ, ერთდროულად ალაპარაკდა ორივე რევოლუციაზე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი იქცა იმ რეჟიმის გაგრძელებად, რომელიც ქართველმა ხალხმა, მასთან ერთად, 2012 წელს „მოიშორა“.

„ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ქვეყანაში 2 რამ შეიცვალა: მან ღიად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროპული მომავალი და ჩვენს მოქალაქეებზე ზონდერების მიერ ფიზიკური ძალადობა დააბრუნა, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი. ასე იქცა ივანიშვილი იმ რეჟიმის გაგრძელებად, რომელიც ქართველმა ხალხმა, მასთან ერთად, 2012 წელს მოიშორა.

ფაქტია, დღეს არც სააკაშვილს აქვს შანსი დაბრუნდეს არჩევნებით და არც ივანიშვილს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში დარჩეს. ზუსტად ამიტომ, ერთდროულად ალაპარაკდა ორივე რევოლუციაზე. ამაში ემთხვევიან ერთმანეთს, არც ერთს არ აწყობს, რომ ჩვენ მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე. არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება, გარანტირებულად ორივეს დამარცხებას ნიშნავს

სამწუხაროდ მსგავს ვითარებაში ჩვენ პირველად არ ვართ, ამიტომ ამჯერად დაუსჯელი ვერავინ დარჩება, ამიტომ ამჯერად მაინც! სამართლიანობა უნდა აღდგეს ყველასთვის. ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენ შვილებს იგივე წრეზე სიარული მომავალში აღარ მოუწიოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს წევრობისკენ, ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა, არ გაუშვათ ის ხელიდან, ჩვენ გელოდებით-პაველ ჰერჩინსკი

წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს წევრობისკენ, ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან, ჩვენ გელოდებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ რუსთაველის თეატრში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირს სურს, საქართველო თავისი მშვიდობიანი და ეკონომიკურად სტაბილური მომავლის უზრუნველყოფაში წარმატებული იყოს.

„ყოველწლიურად, ევროპის დღეს ჩვენ ვზეიმობთ ევროინტეგრაციის საოცარი გზის, განსხვავებული ისტორიისა და კულტურის მქონე, მაგრამ საერთო ღირებულებებითა და მისწრაფებებით დაკავშირებული 27 ქვეყნის მშვიდობიან და წარმატებულ კავშირს. საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენს საერთო ევროპულ გზაზე.

შარშან, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, მართლაც ამაღელვებელი ეროვნული დღესასწაულის მოწმე გავხდი. დავინახე ყველა თაობის და წრის ადამიანები მათთვის და მათი ოჯახებისთვის მშვიდობიანი, აყვავებული, უსაფრთხო მომავლის იმედით სავსე. ვამაყობდი, რომ ამ არაჩვეულებრივი მომენტის მონაწილე ვიყავი და არა მარტო ყველა პოლიტიკურ ლიდერს, არამედ, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობას ეს ისტორიული მიღწევა გულწრფელად მივულოცე. სწორედ ამიტომ, დღეს, სულ რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ევროკავშირმა საბოლოოდ ფართოდ გაუღო კარი საქართველოს, გულდასაწყვეტია ყოყმანისა და დაეჭვების დანახვა. დაბნეულობის, დაყოფის და, უფრო უარესი, დაშინების და ძალადობის დანახვა. როგორც პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა თქვა, საქართველო გზაგასაყარზეა. ის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს. ამ წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს წევრობისკენ. ამისთვის საქართველომ უნდა აჩვენოს ევროკავშირის ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულება და საჭირო რეფორმები განახორციელოს. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. ის ხელიდან არ უნდა გაუშვათ, არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენ გელოდებით.

გვინდა, რომ საქართველო თავისი მშვიდობიანი და ეკონომიკურად სტაბილური მომავლის უზრუნველყოფაში წარმატებული იყოს. გვინდა, გახდეთ ჩვენი კავშირის ნაწილი, რადგან პატივს ვცემთ საქართველოს ამაყ ხალხს, რომელიც არის მშვიდობისმოყვარე, ნიჭიერი და ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს იზიარებს. ევროკავშირი ამაყობს თავისი მრავალფეროვნებით და ყველა წევრი ქვეყნის უნიკალურ ისტორიას, კულტურას სათუთად უფრთხილდება. გვინდა, საქართველო თავისი მდიდარი კულტურითა და ტრადიციებით ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი გახდეს.

რუსთაველის ულამაზესი თეატრის შემხედვარე, ვხედავ ჩვენ პარტნიორებს, პოლიტიკოსებს, საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს. ვხედავ მუსიკოსებს, პოეტებს, მოსამართლეებს, ექიმებს, მასწავლებლებს და სტუდენტებს. მინდა, გულწრფელად მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ქვეყნის, საქართველოს კეთილდღეობით აღსავსე და მშვიდობიან ევროპულ მომავალში შეტანილი წვლილისთვის, თქვენი თავდადებისთვის. ძალა ერთობაშია. ჩვენ გვჯერა თქვენი. საქართველოს შეუძლია, ეს გვერდი გადაფურცლოს და ევროკავშირის წევრობისკენ სვლა გააგრძელოს. დრო ჯერ კიდევ არის.

ძალიან მკაფიო ვიქნები: ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება, მოხდება ეს საქართველოსთან ერთად თუ საქართველოს გარეშე, ეს დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე, საქართველოს მოსახლეობაზე. დარჩით ევროკავშირის გზაზე. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, რათა მაქსიმალურად დაგეხმაროთ.

დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ნება მიბოძეთ, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მაესტრო ნიკოლოზ რაჭველს, საქართველოს სიმფონიურ ორკესტრს და მოწვეულ ხელოვანებს დღევანდელი მუსიკალური საჩუქრისთვის. ისიამოვნეთ საოცარი შესრულებით“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

 მივესალმები საფრანგეთში საქართველოს ელჩის, გამორჩეული პროფესიონალის, გოჩა ჯავახიშვილის სწორსა და გაბედულ ნაბიჯს -მიხეილ სააკაშვილი

მივესალმები საფრანგეთში საქართველოს ელჩის, გამორჩეული პროფესიონალის, გოჩა ჯავახიშვილის სწორსა და გაბედულ მოქალაქეობრივ ნაბიჯს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ამასთან, სააკაშვილი მოუწოდებს სახელმწიფო თანამდებობებზე მყოფ ნებისმიერ პირს, მათ შორის მის დროს დანიშნულს, გააკეთოს სწორი არჩევანი და არ დაუპირისპირდეს საქართველოს ინტერესებს.

„ამას უსათუოდ დაგიფასებთ საზოგადოება, ის თაობა, რომელიც დღეს იბრძვის ქვეყნის გადასარჩენად. დღეს კიევში გაიჟღერა ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას განცხადებამ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება უკრაინასა და მოლდოვასთან და იმედია, მათ მალე შეუერთდებიან საქართველო და ბელორუსი. ამასაც მივაღწიეთ, რომ ვართ ერთ დონეზე ბელორუსთან. ეს მოგვწონს? ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი? კარგად დაფიქრდით და ნუ გაწირავთ სამშობლოს!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გოჩა ჯავახიშვილმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას ტოვებს.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/976663690495895?ref=embed_post

შვილებს ეხებიან უკვე და თქვენ ძალიან მოგწონთ, რადგან თქვენ თვითონ ხართ ამ ბოროტების სათავე და ქომაგი-ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციას

ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე, რომელიც ცდილობს ქართულ საზოგადოებაში ფეხი მოიკიდოს და ნორმად იქცეს! – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და ამით სოციალურ ქსელში პარლამენტარ დიმიტრი სამხარაძისთვის მისი შვილის მიმართ მუქარას გამოეხმაურა.

ზურაბ ქადაგიძე მუქარის ასეთ ფორმას, როცა ადრესატები შვილები არიან, ამაზრზენ ფაქტად აფასებს და დასძენს, რომ მსგავსი სიმდაბლე ქართულ საზოგადოებაში ნორმად არ უნდა იქცეს. სწორედ ამიტომ, ძალა (ნაციონალური მოძრაობა), რომელიც ამ გზავნილების უკან დგას, ქადაგიძის აზრით, უნდა ამოიძირკვოს.

„ეს როგორ იკადრეთ თქვე ნაძირალებო?! ყველა ზღვარი მოშალეთ აბსოლუტურად და ახლა პასუხს რომ გაგცემენპოლიტიკურიაო იტყვით?!

ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე, რომელიც ცდილობს ქართულ საზოგადოებაში ფეხი მოიკიდოს და ნორმად იქცეს! ამაზე ამაზრზენი რამ არც მინახავს და არც გამიგია. უნდა გადაშენდეს ეს სექტა, როგორც სახადი, ავადმყოფობა. ახლა სად არის ძაან-კრიტიკული მედია და უფლებადამცველები?!

შვილებს ეხებიან უკვე და თქვენ ძალიან მოგწონთ, რადგან თქვენ თვითონ ხართ ამ ბოროტების სათავე და ქომაგი!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი-ირაკლი კობახიძე

ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” წერს.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ყველა სირთულე, რომელიც დღეს ევროკავშირის განვითარებასთან და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან არის დაკავშირებული, გადაილახება.

“1950 წლის 9 მაისს, ხელი მოეწერა შუმანის დეკლარაციას, რითაც ევროკავშირის დაფუძნებას ჩაეყარა საფუძველი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპა დაეფუძნა ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, რაშიც განსაკუთრებული როლი ევროკავშირმა და მისმა ინსტიტუტებმა შეასრულა. ხანგრძლივმა მშვიდობამ ევროკავშირს მისცა ეკონომიკის თანმიმდევრული განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის მაღალი დონის უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

დარწმუნებული ვარ, ყველა სირთულე, რომელიც დღეს ევროკავშირის განვითარებასთან და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან არის დაკავშირებული, გადაილახება.

ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. მჯერა, რომ საქართველო 2030 წლისთვის აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, რის შემდეგაც ჩვენი ქვეყანა, თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ევროკავშირის წარმატებაში თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს!”,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

გვსურს, საქართველოსთან დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, ვიმედოვნებთ, ეს მოხდება, მაგრამ ამისთვის უნდა გადავჭრათ უცხოური გავლენის კანონპროექტის საკითხი – პაველ ჰერჩინსკი

წლევანდელი ევროპის დღე თბილისში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან წელს პირველად აღვნიშნავთ საქართველოსთან, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანასთან ერთად. ამავდროულად, შეშფოთებული ვარ მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ჯერ კიდევ არის დრო წინსვლისთვის.

„9 მაისს ტრადიციულად ევროპის დღე აღინიშნება. ჩვენ ვზეიმობთ ევროპული ინტეგრაციის შესანიშნავ ისტორიას. ევროკავშირის 27 წევრის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ისტორიას. თითოეულ მათგანს საკუთარი კულტურა და ტრადიცია აქვს, მაგრამ ერთობლივად დაკავშირებული ვართ ღირებულებებით, რომელსაც მტკიცედ მივყვებით. რა თქმა უნდა, წლევანდელი ევროპის დღე თბილისში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან წელს პირველად აღვნიშნავთ საქართველოსთან, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანასთან ერთად. მოხარული და ამაყი ვარ, რომ ამ დღეს აღვნიშნავთ.

ამავდროულად, ძალიან შეშფოთებული ვარ მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარებით, რაც ართულებს საკითხებს. ჯერ კიდევ არის დრო წინსვლისთვის. როგორც იცით, ჩვენ გულწრფელად გვსურს, საქართველომ წარმატებას მიაღწიოს და გადავიდეს ევროპული ინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე, რომ დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები. ეს უკვე მოხდა უკრაინასა და მოლდოვასთან. ჩვენ უნდა დავეწიოთ და სწრაფად ვიმოქმედოთ, მჭიდროდ ვიმუშავებთ მთავრობასთან, რომ ეს მოხდეს, გულწრფელად ვიმედოვნებთ, ეს მოხდება, მაგრამ ამისთვის უნდა გადავჭრათ უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის საკითხი.

როგორც არაერთხელ ითქვა ყველა ევროპელი ლიდერის მიერ, ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის სამართალსა და ღირებულებებს. ვიმედოვნებთ, რომ ჯერ კიდევ არის დრო ყველა შესაძლო პროცედურის გამოსაყენებლად, რათა არ გარდაიქმნას კანონად. ამავდროულად, ექვსი თვე გავიდა გაფართოების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებიდან. საქართველოს წინსვლისთვის ცხრა ნაბიჯის შესრულება დაევალა. საჭიროა დაჩქარება, ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად დრო იწურება. ჯერ კიდევ დროა მომდევნო ანგარიშის გამოქვეყნებამდე, მაგრამ ყურადღება არ უნდა გაიფანტოს, საჭიროა რეფორმებზე ფოკუსირება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.