Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

მკაცრად ვგმობთ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს საქართველოში – ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი

მკაცრად ვგმობთ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და მედიის მუშაკების მიმართ, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ბრიფინგზე, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ის, რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოში, არის ევროკავშირისკენ ქვეყნის გზისა და ევროპული მომავლის მიმართ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მართლაც შთამბეჭდავი ვალდებულება და ჩვენ ნამდვილად მოველით, რომ საქართველოს მთავრობა და საქართველოს ხელისუფლება ასახავს ამ სურვილს და დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისადმი საკუთარი მოსახლეობის ამ მიჯაჭვულობას. ჩვენ ვნახეთ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ხელისუფლებისა და განსაკუთრებით პოლიციის მხრიდან რეაგირების კუთხით ძალადობა და ჩვენ მკაცრად ვგმობთ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკოსების და ჟურნალისტების და მედიის მუშაკების მიმართ. ეს არის სასტიკი ქმედებები და ეს სასტიკი ქმედებები ჩვენ ვნახეთ გუშინ ღამითაც და მკაცრად ვგმობთ მას“, – აღნიშნა პიტერ სტანომ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პროტესტის გამოხატვის უფლების დაცვა.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ხალხის მიერ პროტესტის გამოხატვის უფლების დაცვა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჩაატაროს სათანადო გამოძიება და მოველით, რომ პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან“, – აღნიშნა პიტერ სტანომ.

მეგობრებო, ეს ძალა და ენერგია უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გასაერთიანებლად – კახა კალაძე

„იქ საღად მოაზროვნე ადამიანებიც არიან და ისინიც დარწმუნდებიან, რომ ტყუილად იდგნენ წვიმაში, ათენებდნენ ღამეს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, როცა მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის მონაწილეებზე ისაუბრა.

„დარწმუნებული ვარ, გავა დრო, მე არ ვსაუბრობ ექსტრემისტულ დაჯგუფებებზე და რადიკალური ოპოზიციის ახალგაზრდებზე, მაგრამ საღად მოაზროვნე ადამიანებიც არიან იქ და ისინიც დარწმუნდებიან, რომ ტყუილად იდგნენ წვიმაში, ათენებდნენ ღამეს. ვის უთენებდნენ, ესეც გაუგებარია, სამადაშვილს, გვარამია-მელიას თუ რომანა გოცირიძეს? აბსოლუტურად გაუგებარია ეს ყველაფერი, ეს ძალა და ენერგია უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გასაერთიანებლად. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენ, დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად შევძლებთ და შევძლებთ იმასაც, რომ გავხდეთ ევროკავშირის ღირსეული წევრი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა თავიდანვე მოკლა შანსი კანონპროექტის შეცვლის – ნინო წილოსანი

პრეზიდენტი უკვე დიდი ხანია კონსტიტუციის ჩარჩოდან არის გასული, პრეზიდენტს უკვე არ აქვს უმრავლესობის ნდობა. ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ ეს პრეზიდენტის მიმართ განხორციელებულ იმპიჩმენტის პროცედურაში. თუმცა პრეზიდენტი, როგორც უკვე ნათელი არის ყველასთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი კლასტერის მეშვეობით ინარჩუნებს პოზიციას. რა თქმა უნდა, ის, რომ ვეტოს აგზავნის შენიშვნების გარეშე ეს არის ანტიკონსტიტუციური, ეს პირდაპირ, ისევე, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში სრულებით აბათილებს მის უფლებამოსილებას და მას, როგორც ამ პოზიციაზე მყოფ ადამიანს ფაქტობრივად აკონფიგურირებს მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის დამხმარე რგოლად, სხვა დანიშნულება ამ ადამიანს აღარ გააჩნია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანმა აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავიდანვე მოკლა შანსი კანონპროექტის შეცვლის, რომ ვეტოს გამოგზავნის პირობებში, გარკვეულწილად, გაუმჯობესების შესაძლებლობა ყოფილიყო, როგორც ისინი ითხოვდნენ.

„სალომე ზურაბიშვილი თავის სცენარში ზის, ის ყოველ ჯერზე უფრო და უფრო დესტრუქციული ქმედებებით გამოდის. შანსი, რომელიც შესაძლებლობა იყო ვეტოს გამოგზავნის პირობებში გამხდარიყო კანონპროექტის შეცვლის და გარკვეულწილად მისი გაუმჯობესების შესაძლებლობა, როგორც ისინი ითხოვდნენ, სალომე ზურაბიშვილმა ეს შანსი თავიდანვე მოკლა, ის აცხადებს, რომ არ გამოაგზავნის არანაირ შენიშვნებს. ეს უკვე სასაცილოც აღარ არის, სატირალია, როდესაც ვეტოს აგზავნის პრეზიდენტად წოდებული ადამიანი და შიგნით არ წერს შენიშვნას, თავისთავად პრემიერ მინისტრის და ჩვენი მხრიდან განცხადებული მზაობა, რომ უკვე ვენეციის კომისიის შესაბამისად იყოს გათვალისწინებული სამართლებრივი შენიშვნები, რომელიც შესაძლებელი იყო ვეტოს დაძლევის და გათვალისწინების პირობებში განხორციელებულიყო – სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ჩაკეტილია ეს გზა. ეს გზა მოჭრილი აქვთ თავად აქციის მონაწილეებსაც და სწორედ ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ აქცია არ ემსახურება ამ კანონპროექტის გამჭვირვალობის და ზოგადად ამ პრინციპების სრულყოფას, ეს აქციები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური უმცირესობის მიზნების მიღწევას“, – განაცხადა წილოსანმა.

ქართველი ხალხი არასდროს იქნება ვინმეს ვასალი – კახა კალაძე

საქართველო, ქართველი ხალხი არასდროს იქნება ვინმეს ვასალი. შეიძლება ეს ასე იყო წლების განმავლობაში სხვა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ვერავინ იქნება ჩვენი ბატონ-პატრონი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით აღნიშნა, ესენი არიან პოლარიზაციის წამახალისებელი ადამიანები და ვისაც არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება.

„ჩვენ თუ გადავხედავთ ამ ადამიანების განცხადებებს წარსულში, ესენი არიან პოლარიზაციის წამახალისებელი ადამიანები და ვისაც არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება ერთი მიზეზით, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი ხალხის ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის ეროვნულობას, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, ეს არ მოსწონთ. საქართველო, ქართველი ხალხი არასდროს იქნება ვინმეს ვასალი, შეიძლება ეს ასე იყო წლების განმავლობაში სხვა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ვერავინ იქნება ჩვენი ბატონ-პატრონი. ჩვენი ბატონ-პატრონი და ყველაზე მთავარი ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, მისი აღმატებულება ხალხი. ხალხი გადაწყვეტს ვინ იქნება ხელისუფლებაში, ვინ იქნება მთავრობაში და ა.შ. ეს ადამიანები იმის მაგივრად, რომ პოლარიზაციის შემცირებას უწყობდნენ ხელს, აქეზებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაპირისპირება მოხდეს. ჩვენ არავისთან არ გვაქვს დასაპირისპირებელი. ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპული, ჩვენი გზა არის და აუცილებლად შევალთ იმ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია. არის ამ გზაზე წარმოდგენილი 9-პუნქტიანი გეგმა და მზად ვართ ეს ყველაფერი შევასრულოთ, როგორც 12-პუნქტიან გეგმაში იყო, გავაკეთეთ ყველაფერი და კანდიდატურის სტატუსი მივიღეთ. მზად ვართ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ და ვერავინ და არაფერმა შეუშალოს ხელი ინტეგრაციის გზას“, – განაცხადა კალაძემ.

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ტყუილად არ დაუკავებიათ არავინ, ეს ადამიანები ახორციელებდნენ ძალადობას -კახა კალაძე

მშვიდობიანი აქციის ჩატარების უფლება ამ ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ვერავინ შეუშლის ამას ხელს, თუმცა ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ბოთლების სროლა პოლიციელებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. უკანონობას ყოველთვის მოყვება სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან აქციების პროცესის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, პროტესტის მონაწილეების მხრიდან დაფიქსირდა არაერთი დარღვევა, რაც ასახულია ვიდეომასალებშიც.

„ჩვენ ვნახეთ პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა. იქ იყო რამდენიმე ასეული ადამიანი და კონკრეტული ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ რადიკალურ, ექსტრემისტულ დაჯგუფებებს. რატომ სხვა ადამიანები არ იქცეოდნენ ისე, როგორც ის ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ისროდა ბოთლებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს. ეს არ არის სწორი. ასევე, ერთ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ერთ-ერთმა დემონსტრანტმა გამოიყენა ცრემლსადენი გაზი. თუ გაქვს რაიმე პროტესტი, შეგიძლია ეს ნორმალური ცივილური ფორმით გამოხატო. ამაში ხელს არავინ უშლის ადამიანებს, მაგრამ პარლამენტის პიკეტირება, ბლოკირება კატეგორიულად მიუღებელია. არავის აქვს ამის უფლება. იქ იყო უამრავი ადამიანი, ვინც აპროტესტებდა კანონის ფარგლებში და აფიქსირებდა საკუთარ შეხედულებას, რაც აქვს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, მაგრამ პოლიციას ესროლო ბოთლი, ქვა, შეასხა წიწაკის სპრეი, მიაყენო სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამას მოჰყვება რეაგირება. მერწმუნეთ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ტყუილად არ დაუკავებიათ არავინ. ესენი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ახორციელებდნენ ძალადობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მივმართავთ პარლამენტს, ხვალ პლენარულ სხდომაზე, გამოიყენოს კიდევ ერთი შესაძლებლობა და უარი თქვას კანონპროექტის მიღებაზე – CENN

CENN საქართველოს პარლამენტს მიმართავს, ხვალ პლენარულ სხდომაზე, გამოიყენოს კიდევ ერთი შესაძლებლობა და უარი თქვას კანონპროექტის მიღებაზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან.

„CENN გმობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მხარდაჭერას, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დემოკრატიის პრინციპების დარღვევით, მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, განახორციელა.

მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, ხვალ პლენარულ სხდომაზე, გამოიყენოს კიდევ ერთი შესაძლებლობა და უარი თქვას კანონპროექტის მიღებაზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან.

გვინდა, თითოეულ პარლამენტარს შევახსენოთ, რომ ამ კანონპროექტის მხარდაჭერით ისინი იღებენ პასუხიმგებლობას ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილების დამღუპველ შედეგებზე, რაც არაერთხელ აღინიშნა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ. კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება პარლამენტთან დიალოგის ფორმატის შენარჩუნება, რაც ქვეყანაში თანამშრომლობისგან მიღებულ სიკეთეებს შეამცირებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

“საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა მნიშვნელოვანია” – 12 ქვეყნის საგარეო მინისტრების მიმართვა ბორელსა და ვარჰეის

ევროკავშირის 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთან დაკავშირებით, ერთობლივი წერილით მიმართეს საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის.

ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

მიმართვას ხელს აწერენ ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

“მოგმართავთ დიდი წუხილით საქართველოში გაუარესებულ ვითარებასთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს და ევროპულ მისწრაფებას მთელი გულით ვუჭერდით მხარს. დღეს ქართველი ხალხისა და მათი ევროპული არჩევანის გვერდით ვდგავართ – ეს არის არჩევანი დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების სასარგებლოდ.

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა ადგას იმ გზას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის შესაძლებლობას ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაიწიოს.

საქართველოს პარლამენტი წინ მიიწევს ე.წ. “უცხოური გავლენის” კანონის მიღების გზაზე. იმის ფონზე, რომ ბევრი შეშფოთების სიგნალია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების თუ საქართველოს პარტნიორების მხრიდან, უნდა მოვძებნოთ სხვა გზებიც, რათა თბილისს ჰქონდეს არაორაზროვანი გზავნილი, რომ ეს კანონმდებლობა საქართველოს ევროპულ გზაზე პროგრესთან შეუთავსებელია.

ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების და ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც აშუქებდნენ პროტესტს, დათრგუნვა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების, შეუთავსებელია დემოკრატიასთან და ევროპულ ღირებულებებთან. მთავრობის შებრუნება დემოკრატიული დასავლეთიდან საკუთარ გამოსვლაში “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემაც გააძლიერა.

გიგზავნით პირდაპირ და ნათელი მესიჯს, რადგან საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა მნიშვნელოვანია…

ამ ვითარებაში გთხოვთ უზრუნველყოთ ზეპირი განცხადება ევროკომისიის იმაზე, თუ რა გავლენა ექნება შეთავაზებულ კანონმდებლობას ცხრა ნაბიჯის შესრულებაზე. ასევე გთხოვთ ამ საკითხს მიენიჭოს პრიორიტეტი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს კანონის საბოლოო მიღებამდე მოხდება”, – წერენ ევროპელი დიპლომატები.

როგორ შეიძლება მე ან ჩვენს თანაგუნდელებს გვინდოდეს რუსეთი? – წარსულში მინდა დავაბრუნო ჩემი შვილები, ჩვენი მომავალი?-კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესებას არ ელოდება, რადგან ის საკუთარი ქვეყნის ინტერესს იცავს. როგორც კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ხელისუფლებისთვის მთავარი არა რომელიმე ევროპარლამენტარის თუ პოლიტიკოსის განცხადება, არამედ ქართველი ხალხის აზრია.

„არავის ეშინია სანქციების. რას გვაშანტაჟებთ ამ სანქციებით? საერთოდ არ მაქვს არანაირი პრობლემა თუ დამასანქცირებენ. ჯერ რატომ უნდა დამასანქცირონ, აბსოლუტურად გაუგებარია. იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესს ვიცავ? ეს არის ევროპა და ევროპული მომავალი? ვინმეს დაჩაგვრა არის ევროპული მომავალი, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით აკეთებდნენ? ასეთი ევროპა გინდათ თქვენ? ჩემთვის ქართველი ხალხია პირველ რიგში მნიშვნელოვანი. ქართველი ხალხი არის უპირველეს ყოვლისა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი ცხრაპუნქტიანი გეგმა ზედმიწევნით შეასრულოს, რათა ქვეყნის ევროპულ მომავალს ხელი არაფერმა შეუშალოს.

„ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპული და აუცილებლად შევალთ იმ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია. ამ გზაზე წარმოუდგენილია ცხრაპუნქტიანი გეგმა და მზად ვართ, ეს ყველაფერი შევასრულოთ. როგორც ეს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების დროს მოხდა და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ახლაც მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ და ევროინტეგრაციის გზას ვერავინ და არაფერმა შეუშალოს ხელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ქვეყნის საგარეო კურსი ევროკავშირის წევრობისკენაა მიმართული და მოქმედი ხელისუფლება ამ გზიდან გადახვევას არ აპირებს.

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი მოსაზრება, მაგრამ პარლამენტის პიკეტირება, ბლოკირება, კატეგორიულად მიუღებელია. არ არის სწორი ფორმა. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ამ ახალგაზრდებს: უბრალოდ, გაუგებარია, რას ვაპროტესტებთ. ჩვენი კურსი და მომავალი არის ევროპა, ევროპული მომავალი. სხვა შეუძლებელია. როგორ შეიძლება, მე, ჩვენს თანაგუნდელებს გვინდოდეს რუსეთი ან რუსული მომავალი? წარსულში გვინდა დაბრუნება? წარსულში მინდა, დავაბრუნო ჩემი შვილები, ჩვენი მომავალი? არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. პირიქით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. გავა დრო, მერწმუნეთ, ძალიან მალე, ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს აღიშნულ კანონპროექტს აპროტესტებს, დარწმუნდება, რომ ცდებოდნენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

აშკარად იკვეთება ის, რომ რასაც დაავალებენ, რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს, იმას დაწერს -კახა კალაძე პრეზიდენტზე

პრეზიდენტს რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებს, მაქსიმალურად გაწელავს დროს და ბოლოს აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება მზად არის, რომ ვეტოს დადების შემდეგ, უცხოელი პარტნიორებისგან მოისმინოს ნებისმიერი არგუმენტი, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხება.

„პრეზიდენტის განცხადებებიდან გამოიკვეთა, რომ ის თავისით არ მოქმედებს. აშკარად იკვეთება, რომ რასაც დაავალებენ, რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს და დაწერს. სწორედ ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმალურად გამოიყენებს ვეტოს დადების ვადებს, მაქსიმალურად გაწელავს პროცესს და ბოლო ნაბიჯი იქნება – ვეტოს დადება. ჩვენ გავაკეთეთ განცხადებები და როდესაც იქნება ვეტო დადებული, მზად ვართ, კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან შენიშვნები. თუკი არსებობს რაიმე არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა იქნეს აღნიშნული კანონი მიღებული, ამას მოვისმენთ. თუმცა, მთელი ამ დროის განმავლობაში არგუმენტი ვერ მოვისმენთ და ალბათ, ვეტოს ფარგლებშიც, კონკრეტიკა არ იქნება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აღნიშნული კანონი მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება, არასამთავრობო ორგანიზაციებმა წელიწადში ერთხელ რომ დეკლარაციები წარადგინონ, ეს რატომ უნდა იყოს ცუდი? ჩვენ მაინც მზად ვართ არგუმენტების მოსასმენად“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კი ქართულ კანონს! კი დამოუკიდებელ საქართველოს! ღირსებით ევროპაში!-ზაზა ნადირაძე

ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო თასის ჩემპიონი, მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი, ევროპის თამაშების ვერცხლის პრიზიორი და 2016 წლის ოლიმპიადის მონაწილე, ზაზა ნადირაძე, ქვეყანაში „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ნადირაძე ქართულ კანონს მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი საქართველო ევროპაში ღირსებით უნდა შევიდეს.

„მამული, ენა, სარწმუნოება!

კი ქართულ კანონს!

არა რუსულ კანონს!

კი დამოუკიდებელ საქართველოს!

საქართველო უპირველეს ყოვლისა!

ღირსებით ევროპაში!“ – წერს ნადირაძე.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=2880419428792692&set=a.238694806298514&type=3&ref=embed_post

პატრიარქის მიმართვა იყო მოწოდება ლოცვისკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მრევლისადმი მიმართვასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, პატრიარქის მრევლისადმი მიმართვა იყო მოწოდება ლოცვისაკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამა წლის 12 მაისის მიმართვა მრევლისადმი იყო მოწოდება ლოცვისაკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის. ნებისმიერი პოლიტიკური ნიშნით მისი ინტერპრეტაციის მცდელობა კი არის არასწორი, სამწუხარო და ლოცვის არსის დამახინჯება. შევთხოვთ უფალს, მშვიდობით აკურთხოს საქართველო”, – აცხადებს საპატრიარქო.

მანამდე საპატრიარქომ პატრიარქ ილია მეორის მრევლისადმი მიმართვა გაავრცელა:

„ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, ჩვენო სულიერო შვილებო, ქრისტე აღდგა!

გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის განახლებას, კვირაცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს; ხსენებას წმ. თომა მოციქულისა, საქართველოში ქრისტეს პირველი მქადაგებლის, წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და ქრისტეს რწმენისთვის ლაზეთში მოწყვეტილ 300 მოწამეთა; ასევე, ღვთისმშობლის წილხვდომილობის ზეიმს!

დღევანდელო დღე გამორჩეულია და ამიტომაც მინდა გთხოვოთ, რომ სწორედ დღეიდან კიდევ უფრო გავაძლიეროთ ლოცვა საქართველოსთვის.

ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის. მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა,- ყოვლადწმინდა სამება.

მინდა შეგახსენოთ ჭეშმარიტი ღვთის სადიდებელი ლოცვა სამი ახალგაზრდისა: – ანანია, აზარია და მისაელისა, რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დასჯის მიზნით ისეთ გავარვარებულ ღუმელში ჩაყარა, რომ მის ახლოს მყოფი ადამიანებიც ცეცხლის ალისგან დაიწვნენ, ისინი კი სრულიად უვნებელნი დარჩნენ, რადგან უფლის ანგელოზი იყო მათთან და ცეცხლის მხურვალებამ ვერაფერი დააკლოთ.

შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, როგორც ანანია, აზარია და მისაელი გადაარჩინა მან უდიდეს განსაცდელს, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა და ერთობით გვაკურთხოს” – წერია მიმართვაში.

ოპოზიციამ მომხრეები ღამის ათი საათიდან პარლამენტთან დააყუდა, ღამე გაათენებინა, თავად კი მაინც დააგვიანა კომიტეტზე – გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის არყოფნა მათი მხრიდან „ჟურნალისტებთან კეკლუცობის“ სურვილით ახსნა. როგორც მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, პირადად მას კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად წინააღმდეგობა არ შეხვედრია.

„მე გამოვედი სახლიდან ცხრის თხუთმეტ წუთზე და მოვედი პარლამენტში ცხრას რომ აკლდა თხუთმეტი წუთი. ოპოზიცია ღამის ათი საათიდან იქ იდგა და დააგვიანა კომიტეტზე. ეს არის რეალობა. კომიტეტი დაიწყო ცხრა საათზე, როგორც იყო ჩანიშნული, იკითხა მომხსენებელმა იყო თუ არა რედაქციული შენიშვნები. შენიშვნები არ იყო და ამის შემდეგ გადავედით კენჭისყრის პროცედურაზე. მორჩა კომიტეტი, გამოვედით გარეთ და ოპოზიცია კეკლუცობდა – ზოგი მარცხენა მხარეს იყო თავდახრილი, ზოგი მარჯვენა მხარეს და კეკლუცობდნენ ჟურნალისტებთან. იმაზე ნერვიულობენ, რომ მომხრეები ღამის ათი საათიდან იქ დააყუდეს, ღამე გაათენებინეს, თავად კი მაინც დააგვიანეს კომიტეტზე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა, რასაც იმით ხსნიდა, რომ დეპუტატებს პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.