Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ბუნებაში არ არსებობს არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა იყოს მიღებული კანონი – კახა კალაძე

მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ. ჯერ პრემიერი გამოვიდა და ყველა ბრიფინგზე აბსოლუტურად ღიად საუბრობდა იმაზე, რომ თუ ვინმეს კითხვები აქვს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ელჩებთან მიმართებითაც კი გაკეთდა განცხადებები, რომ თუ არსებობს რაიმე კითხვები, მზად ვიყავით დისკუსიისთვის საჯარო ფორმატში, ღია ფორმატში, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებული ხანგრძლივი პროცესის განმავლობაში, საზოგადოებას არ მოუსმენია არგუმენტირებული განცხადებები, თუ რატომ ეწინააღმდეგება კანონი ევროპას და ევროპულ მომავალს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ მაინც დატოვა სივრცე და ვეტოს ფარგლებში გამოთქვა სრული მზადყოფნა, შინაარსობრივად სწორი შენიშვნები გაეთვალისწინებინათ, თუმცა, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ ოპონენტებს არგუმენტები არ გააჩნიათ.

„თუ არის რაიმე კითხვები, თუ არის შენიშვნები, ეს, რა თქმა უნდა, გაზიარებული უნდა იყოს, მაგრამ ბუნებაში არ არსებობს არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა იყოს მიღებული აღნიშნული კანონი. ამდენი ხანია ვაკვირდებით პროცესს, ამდენი ხანია მიმდინარეობს პროცესი, მოგისმენიათ ერთი არგუმენტირებული განცხადება, თუ რა არის პრობლემა შინაარსობრივად და რატომ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის კანონი ევროპულ ღირებულებებს და ევროპულ მომავალს. მე არ მომისმენია, ეგეთი განცხადება ვინმეს გაეკეთებინოს. არის ზედაპირული განცხადებები და მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც დავტოვეთ სივრცე და განვაცხადეთ, რომ პრეზიდენტის ვეტოს ფარგლებში თუკი მოიტანთ რამე შინაარსობრივ საგანს, რისი შეცვლა შეიძლება, რაზე შეგვიძლია წავიმუშაოთ – ჩვენ გამოვთქვით სრული მზადყოფნა, რომ ვეტოს ფარგლებში შეგვიძლია გავითვალისწინოთ რაღაცები, თუ შინაარსობრივად სწორი იქნებოდა, მაგრამ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილებაც მეტყველებს იმაზე, რომ მათ არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ და შესაბამისად, ჩვენ დავძლევთ ვეტოს და იმ ფორმით, როგორითაც არის წარდგენილი აღნიშნული კანონპროექტი, შევა ძალაში,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

მიუღებელია შანტაჟის და მუქარის ენით საუბარი. მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტი ქვეყნის შიგნით იღებს კანონებს და პოლიტიკოსები ამის გამო უნდა დასანქცირდნენ? -კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ გამოცემა „politico”-ს სტატიის შესახებ ისაუბრა, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკის კონგრესში შესულია კანონპროექტი, რომლითაც შესაძლებელია მოხდეს გარკვეული პოლიტიკოსების თუ ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირება.

თბილისის მერი აღნიშნავს, რომ მიუღებელია შანტაჟის და მუქარის ენით საუბარი.

მისივე თქმით, სტრატეგიულ პარტნიორს ამ ფორმით არ უნდა ელაპარაკებოდნენ.

„აბსოლუტურად მიუღებელია შანტაჟის და მუქარის ენით საუბარი. მგონია და ვფიქრობ, რომ სტრატეგიულ პარტნიორს ამ ფორმით არ უნდა ელაპარაკებოდნენ, თუმცა ერთი რამ ცხადია, როდესაც შენ აკეთებ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს და მეორე მხრიდან ისმის შანტაჟის შემცველი განცხადებები, მუქარები, რომ პოლიტიკოსები იქნებიან დასანქცირებული, რის გამო? რატომ? რატომ უნდა დაასანქცირონ საქართველოს პოლიტიკოსები, რატომ უნდა დაგვასანქციროს ვინმემ? ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტი ქვეყნის შიგნით იღებს კანონებს და პოლიტიკოსები ამის გამო უნდა იყოს დასანქცირებული? წარმოუდგენელია ისეთ აბსურდში ვართ შესული, თუმცა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, რაც მსოფლიოში ხდება, ნამდვილად არაფერი მიკვირს“-განაცხადა კახა კალაძემ.

ითვლება თუ არა ისევ ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ლეგიტიმურ პრეზიდენტად – რას წერს „ნიუსვიქი“

„20 მაისიდან ვოლოდიმირ ზელენსკი შეიძლება არალეგიტიმურ პრეზიდენტად ჩაითვალოს. მისი გადაწყვეტილება – არ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი სტატუსის ლეგიტიმურობის დასადასტურებლად – დასავლეთში პრეზიდენტის ავტორიტეტს შებღალავს. უკვე არის იმის ნიშნები, რომ ბევრ დასავლელ პოლიტიკოსს უკრაინის ლიდერმა თავი მოაბეზრა. ისინი ეძებენ საბაბს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრებს თავი აარიდონ“, – ნათქვამია ამერიკული ჟურნალის „ნიუსვიქის“ (Newsweek) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიაში სათაურით „ითვლება თუ არა ისევ ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ლეგიტიმურ პრეზიდენტად“ (ავტორი – სერგეი მაიდუკოვი, უკრაინელი მწერალი).


გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:


„ომი რომ არ მიმდინარეობდეს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მარტში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა.


განა შეეძლო ვოლოდიმირ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვება მას შემდეგ, რაც უკვე ხუთი წელი მართავდა ქვეყანას? განა შეეძლო წარმატების მიღწევა მას შემდეგ, რაც მან მთელ მსოფლიოს აჩვენა თავისი უუნარობა – ან სურვილის არქონა – ებრძოლა იმ კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინას შიგნიდან ჭამს? კორუფციისა, რომელიც მშვიდობიან პერიოდში ბატონობდა, ახლა კი, სამხედრო პერიოდშიც გრძელდება?
ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ კითხვებზე შეუძლებელია იმდენად, რამდენადაც ისტორიული ფაქტისათვის შეუთავსებელია კავშირებითი კილოს გამოყენება – ანუ ისეთი მოქმედება, რომელიც სასურველია, შესაძლებელია ხდებოდეს, მოხდეს ან მომხდარიყოს. თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ: ვოლოდიმირ ზელენსკი თვითონვე დარწმუნდა, რომ დამარცხდებოდა და ამიტომ არჩევნები გააუქმა.


იანვარში, როცა უკრაინა მოუთმენლად ელოდებოდა ვაშინგტონის კაპიტოლიუმიდან ამბავს დახმარების პაკეტის თაობაზე, ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებდა, რომ არჩევნების ჩატარება შეუძლებელია ქვეყანაში გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობის გამო, რომლის იურიდიული გაუქმება მხოლოდ აგვისტოში იქნება შესაძლებელიო. ბრიტანული ტელეარხის Channel 4 News-თვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტი ხაზს უსვამდა, რომ კანონი კრძალავს ომის დროს არჩევნების ჩატარებას.


ინტერვიუმ მძაფრი დისკუსია გამოიწვია მასობრივ მედიაში და სოციალურ ქსელებში. მრავალრიცხოვანი პოლიტოლოგები და ექსპერტ-მიმომხილველები ხაზს უსვამდნენ, რომ უკრაინაში გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობა და არჩევნები კონსტიტუციას არ შეესაბამება. საბოლოო ჯამში მივიდნენ კომპრომისამდე: დავა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. მაგრამ 25 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოპოზიციის მოთხოვნა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე კრემლის იდეოლოგიურ დივერსიად ითვლება. მან არჩევნების შესაძლებლობა არამარტო „ცუდ იდეად“ შერაცხა, არამედ უფრო შორს წავიდა – განაცხადა, რომ არჩევნების ჩატარების მხარდამჭერები „ქვეყნის ყველაზე დიდი მოღალატეები არიან“.


სახელმწიფოს ღალატის ბრალდება ომის დროს სერიოზულ დანაშაულს წარმოადგენს, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მომხრეები ამან ვერ შეაჩერა. ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკურმა ოპონენტებმა სულ უფრო ხშირად დაიწყეს იმის განცხადება, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 20 მაისის შემდეგ ამოწურული იქნება, ანუ ქვეყნის მეთაურის შემდგომი ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
იუსტიციის მინისტრი დენის მალიუსკა შეეცადა არ დაეშვა რეჟიმის „პოლიტიკური ნავის შექანავება“ და 10 მაისს ბრიტანული BBC News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამჟამინდელი მომენტი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვისათვის ხელსაყრელი და მიზანშეწონილი არ არის. „რთული სიტუაციისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით, ამჟამად პრეზიდენტის ლეგიტიმურობის მიმართ ეჭვების გაჩენა ოფიციალურად და საჯაროდ დიდ შეცდომად მიმაჩნია, ამიტომაც ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვა უაზრობა იქნებოდა“. მინისტრმა აღიარა, რომ პრეზიდენტის მიმართ შესაძლოა სერიოზული კრიტიკული დამოკიდებულება გაჩნდეს, მაგრამ ამგვარ მომენტებს ხელისუფლება მხედველობაში არ მიიღებს.


მე პირადად მხარს არ ვუჭერ არჩევნების დაუყოვნებლივ ჩატარების იდეას, მაგრამ ვთვლი, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება – არ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტის გამოსატანად – სერიოზულ რისკს წარმოადგენს როგორც თვითონ მისთვის, ასევე მთელი უკრაინელი ხალხისთვისაც.


საკითხები, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტის ავტორიტეტს უკავშირდება, ისეთია, რომ უცხოელი ლიდერების თვალში შეიძლება ვოლოდიმირ ზელენსკი ე.წ. „კოჭლ იხვად“ გადაიქცეს (ანუ პრეზიდენტად, რომელსაც თანამდებობის შენარჩუნების შანსი არ აქვს. უფრო მარტივად კი – უფუნქციო და ლეგიტიმაციაგალეულ პრეზიდენტად). ზოგიერთი უცხოელი უმაღლესი რანგის პოლიტიკოსი უკრაინის პრეზიდენტს კომპრომისების ხელის შემშლელ ადამიანად თვლის: მსოფლიოს სულ უფრო მეტი ქვეყნების ლიდერები მიიჩნევენ, რომ ომის შეწყვეტის ყველაზე კარგ გამოსავლად სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვა წარმოადგენს. თუმცა არის ერთი პრობლემა – მთავარ შუამავლებად თურქეთი და ჩინეთი გამოდიან, რომლებიც კრემლის პოზიციების მომხრენი არიან (ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნების საკითხში), რაც, თავის მხრივ, უკრაინას არ აწყობს.


თურქეთისა და ჩინეთის ლიდერების – რეჯეფ ერდოღანისა და სი ძინპინის გააქტიურებას ამ მიმართულებით იზიარებენ სხვა ევროპელი ლიდერებიც, მაგალითად, უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი. საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონის კი იმედი აქვს, რომ „ოლიმპიურ ზავს“ მიაღწევს – პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პერიოდში. ასევე შვეიცარიაში უახლოეს ხანში უნდა დაიწყოს საერთაშორისო კონფერენცია, რომლის ორგანიზატორები და მონაწილეები მიზნად ისახავენ უკრაინისათვის მშვიდობის ფორმულის შემუშავებას.
ამასთან, ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სავარაუდო შეხვედრას ხელს უშლის ქვეყნის შიგნით არსებული ზეწოლის რისკი – არ არის გამორიცხული, რომ საპროტესტო აქციები დაიწყოს, რომლებსაც პრეზიდენტის დამხობა შეიძლება მოჰყვეს. მეორე მხრივ, პრეზიდენტის რადიკალური უარი მოლაპარაკების გამართვაზე შეიძლება საკვანძო მოთამაშეებისათვის [ჩათვალე – დასავლეთისათვის] მიუღებელი აღმოჩნდეს და ასეთ სიტუაციაში ისინი შეეცდებიან ვოლოდიმირ ზელენსკის გადადგომას მიაღწიონ – პოლიტიკური და სამართლებრივი არალეგიტიმურობის საბაბით და იმ იმედით, რომ პრეზიდენტის სავარძელს ვინმე უფრო მორჩილი პერსონაჟი დაიკავებს.


რუსეთის ბოლოდროინდელი შეტევა უკრაინისათვის სახიფათოა იმ მხრივაც, რომ კიევი კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება უცხოურ სამხედრო და ფინანსურ დახმარებაზე, მისგან გამომდინარე კი, დასავლელ მფარველებზე. სხვაგვარად რომ ვტქვათ, უკრაინის პრეზიდენტი მათ დაუკითხავად ნაბიჯსაც ვერ გადადგამს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო მის ლეგიტიმურობას დაადასტურებს, მაშინ მითქმა-მოთქმა ხელისუფლების უზურპაციისა და მოწოდებები არჩევნების შესახებ ნელ-ნელა ჩაცხრებოდა.


უკრაინისათვის პოლიტიკური სტაბილურობა თავისი მნიშვნელობით პირველხარისხოვან საკითხს წარმოადგენს, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიის დროს, მაგრამ არანაკლებ სერიოზულია პოლიტიკური ლეგიტიმურობის პრობლემაც. ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც ომის წლებში ვერაფერი გაიგო დიპლომატიისა და პოლიტიკური კომპრომისების შესახებ, შეიძლება სამუდამოდ წაერთვას შანსი იმისა, რომ ქვეყნისთვის რაღაც კარგი გააკეთოს.


წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ

„ქართული ოცნების“ დეპუტატებს მინდა მოვუწოდო, სანამ ვეტოს დაძლევის ღილაკს მიაჭერენ თითს, დაფიქრდნენ, რას აძლევენ ხმას – გიორგი ვაშაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატებს მინდა მოვუწოდო, სანამ ვეტოს დაძლევის ღილაკს მიაჭერენ თითს, დაფიქრდნენ, რას აძლევენ ხმას – თავიანთი თავის სანქცირებას თუ უვიზო მიმოსვლას ამერიკაში? – ამის შესახებ „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომლიც გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, აშშ-ს მხრიდან ეს საქართველოსთვის უპრეცედენტო შეთავაზებაა და მიიჩნევს, რომ ეს არა მმართველი პარტიის, არამედ ქართველი ხალხის დამსახურებაა.

„უპრეცედენტო შეთავაზება აქვს საქართველოს ამერიკელი პარტნიორებისგან – უვიზო მიმოსვლა, მეორე მხრივ ეკონომიკური მხარდაჭერა, რაც მილიარდობით ინვესტიციას ნიშნავს საქართველოში, უსაფრთხოების გაძლიერება და სამუშაო ადგილების შექმნა. სწორედ ეს არის შედეგი იმ ასობით ათასი ქართველის ქუჩაში გამოსვლისა და ქუჩაში პროტესტის. იმ ახალგაზრდების ბრძოლის, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს. ეს რომ მოვიდეს მოქმედებაში, აუცილებელია, ღიად ვთქვათ, რომ ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო. საქართველო უნდა დაუბრუნდეს დასავლური განვითარების კურსს. რომ ამ ქვეყანაში არ იყოს რუსული კანონების, რუსული რეჟიმების, ანტიმედასავლეთეების, ანტიქართველების ადგილი.

ჩვენ არაერთხელ, მანამდე ამერიკაში ვიზიტის დროს ვსაუბრობდით ამ შესაძლებლობებზე, ახლა ხმამაღლა საუბრობენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები. მე მაინტერესეს, რა პასუხს გასცემენ ამას “ქართული ოცნების“ დეპუტატები? ისევ „რუსული კანონის“ მიღებას აპირებენ? ისევ აპირებენ, რომ საქართველო დასავლური განვითარების გზას ააცილონ და ეს პერსპექტივა ჩაუხშონ და მოუკლან?

საჭიროა საერთო ეროვნული კონსოლიდაცია, არჩევნების მექანიზმით ხელისუფლების ცვლილება, დემოკრატიული პროდასავლური კოალიციური მეთოდით ხელისუფლებაში მოსვლა.

ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტი ამერიკული კომპანიების საქართველოში გახსნას გულისხმობს, რომელიც მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შექმნის. ეს არის პერსპექტივა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და ფაქტობრივად დიდი ნახტომისებრი განვითარება იქნება საქართველოსთვის. ეს არის გზა ტერიტორიული მთლიანობისკენ და გზა ძლიერი, ერთიანი საქართველოსკენ, რომელიც ყველას გვინდა.

ეს ნაბიჯი არის ქართველი ხალხისთვის, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ პარტნიორებს აღარ ელაპარაკება. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები „ქართულ ოცნებაში“ პარტნიორს ვერ ხედავენ. ორი არჩევანია, ან კომპანიები – apple, google, amazon და ა.შ. შემოდიან საქართველოში და ამერიკაში ხალხი უვიზოდ წავა, ან რუსეთის პროვინცია ხდები.

“ქართული ოცნების” დეპუტატებს მინდა მოვუწოდო, სანამ ვეტოს დაძლევის ღილაკს მიაჭერენ თითს, დაფიქრდნენ, რას აძლევენ ხმას – თავიანთი თავის სანქცირებას, თუ უვიზო მიმოსვლას ამერიკაში?” – განაცხადა ვაშაძემ.

“ქართულ ოცნებას” სურს მოსკოვთან უფრო მჭიდროდ  იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან”-“ამერიკის ხმა”

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ინტერვიუ ფრენსის ფუკუიამასთან, სათაურით „ქართულ ოცნებას“ სურს მოსკოვთან უფრო მჭიდროდ  იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან“, რომელშიც სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მიიჩნევს, რომ ე.წ. “უცხოეთს აგენტის” კანონს, “ქართული ოცნება” კრიტიკული აზრისა და ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენებს. პოლიტიკის მეცნიერი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი კანონი, რომელსაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო სამართლიანად დაადო, რუსულ მოდელზეა დაფუძნებული, საქართველოს დასავლეთისგან აშორებს და მოსკოვთან აახლოვებს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

– პროფესორო ფუკუიამა, დიდი მადლობა დროის დათმობისთვის. საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით მიიღო ე.წ. „უცხოეთის აგენტის“ კანონი. ხელისუფლება მას გამჭვირვალობის კანონს უწოდებს. ამის გათვალისწინებით, სად დგას საქართველო ახლა და სად ხედავთ მის მომავალს?

– ვფიქრობ, საით მიდის საქმე, ამაზე მეტყველებს ის, რაც გასულ კვირას მოხდა, როდესაც რეჟიმის მოკავშირეებმა, უკვე დაიწყეს დემონსტრანტებზე თავდასხმა და ფიზიკური ძალადობა. ისინი არ დაელოდნენ კანონის საბოლოო მიღებას და დაშინების კამპანია დაიწყეს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კანონის მიზანი არ არის უცხოური დაფინანსების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციების რეგულირება, არამედ რუსეთის კანონის მსგავსად, ის გამოყენებული იქნება ოპოზიციის წევრების დასარბევად.

– საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე, სადამსჯელო ოპერაციებზე საუბრობენ. დემონსტრაციები კი გრძელდება, როგორც დედაქალაქში, ასევე სხვა დიდ ქალაქებში. ფიქრობთ, რომ ხელისუფლება რეპრესიულ ტაქტიკას მიმართავს?

– ვფიქრობ, დემონსტრანტების წინააღმდეგ მეტ ძალას გამოიყენებენ. მინდა ერთი რამ ცხადად ვთქვა – რამდენიმე ადამიანმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებს, მსგავსი კანონები აქვთ, რომლებიც უცხოური დაფინანსების შესახებ გამჭვირვალობას მოითხოვს და, ზოგიერთ შემთხვევაში, საერთოდ კრძალავს არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოურ დაფინანსებას. ვფიქრობ ეს უადგილო „ვოთებაუთიზმის“, [კონტრ ბრალდებების წაყენების ტაქტიკის] გამოყენების შემთხვევაა. ჩემი აზრით, ამ თავდაცვას მოსკოვის მომხრეები იყენებენ. განსხვავება ისაა, რომ შეერთებულ შტატებსა და სხვა დასავლურ დემოკრატიებს, მოგეხსენებათ, მართავენ ელიტები, რომლებიც საიმედოდ პროდემოკრატიულები არიან. ჩვენ, შეერთებულ შტატებში, არ ვცდილობთ დავხუროთ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც საგარეო კავშირები აქვთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მთავრობისგან დამოუკიდებელნი არიან. ვფიქრობ, საქართველოში ამ კანონის ნამდვილი მოდელი ისაა, რაც რუსეთში მიიღეს და პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, ნებისმიერი წინააღმდეგობის აღმოსაფხვრელად გამოიყენეს. დასავლურ დემოკრატიებსა და ყალბ დემოკრატიებში ამ კანონის მიღება [ერთმანეთთან] არ დარდება. ისინი ამბობენ, რომ არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგი და მათ უბრალოდ გამჭვირვალობა სურთ. რაც მათ ნამდვილად უნდათ, არის სამართლებრივი მექანიზმი ნებისმიერი კრიტიკული ხმის ჩასახშობად, რომელიც შეიძლება არსებობდეს, ჯერ რუსეთში და ახლა საქართველოში.

– ჩვენ ვიხილეთ ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებები, რომ ამ კანონის საბოლოოდ მიღება ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს და მძიმედ აზარალებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ბევრს არ ესმის, რატომ რისკავს „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროპულ მომავალს და შეერთებულ შტატებთან ორმხრივ ურთიერთობებს. განსაკუთრებით, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. თქვენს სტატიაში, ამბობთ, რომ „ქართული ოცნება“ კრემლის ინტერესებს ემსახურება. როგორ ფიქრობთ, რა არის „ქართული ოცნების“ მიზანი?

– „ქართულ ოცნებას“ სურს, უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან. არ მგონია, ისინი განსაკუთრებულად განაწყენდნენ ფაქტით, რომ ეს შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. არ ვფიქრობ, რომ მათ სურთ, [საქართველო] ევროკავშირის ნაწილი იყოს. ასე რომ, ისინი არ იქნებიან უკმაყოფილო იმით, რომ ეს [კანდიდატის] სტატუსს დააზარალებს. ასევე არ მგონია, რომ ახლა ისინი განსაკუთრებით დაინტერესებულნი არიან შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობით, რადგან მათ მოსკოვთან დაკავშირება ურჩევნიათ. აქამდე, ეს ერთგვარად ფარული მოტივი იყო. ისინი მოსკოვისკენ იხრებოდნენ და რუსებს ევროპული სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარებოდნენ. რუსებისთვის ევროპული სანქციების თავის არიდებაში დახმარებით, ისინი მოსკოვისკენ იხრებოდნენ. საქართველოს გავლით, რუსეთში ბევრი ევროპული საქონელი გადის. მაგრამ, ოფიციალური პოზიცია მაინც ის იყო, რომ მათ სურდათ, სქართველო ევროკავშირის და შესაძლოა ნატოს წევრიც კი ყოფილიყო. მაგრამ, ვფიქრობ, ისინი ყოველთვის ცრუობდნენ. მათ ნამდვილად არ სურთ ეს შედეგი. ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ უკრაინასთან ომში, მომენტუმი თითქოს რუსეთისკენ იხრება. ამან „ქართული ოცნება“ გაათავისუფლა, რუსეთის მხარდაჭერაში უფრო ღია იყოს.

– რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში ამბობთ, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ, საქართველოს დემოკრატიის გადასარჩენად სწრაფად უნდა იმოქმედონ. რის გაკეთება შეუძლია დასავლეთს, საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად?

– ვფიქრობ, ბერკეტების ყველაზე დიდი წყარო, საქართველოში გარკვეული პირების მიმართ, მიზანმიმართული სანქციების დაწესებაა. მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ისეთი ზოგადი სანქციების გამოყენება, როგორც [იმ] უვიზო რეჟიმის გაუქმებაა, რომელსაც ევროპა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს. ვფიქრობ, შესაძლებელია ზოგადი სანქციების იმგვარად მოდიფიცირება, რომ ვიზები მოითხოვონ პირებისგან, რომლებიც მხარს უჭერენ პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების [წინააღმდეგ მიმართულ] კანონს, ასევე ზოგიერთ საკვანძო თანამდებობის პირს, რომლებიც, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობაში, ოპოზიციურ ჯგუფებზე ზეწოლის, მათი ხმების ჩახშობის მცდელობის უკან დგანან. ვფიქრობ ეს იქნება ბევრად ეფექტიანი გზა, სანქციების უფრო შეზღუდული, მაგრამ მიზანმიმართული გამოყენებისთვის.

– შესაძლო სანქციების შესახებ განცხადებები, ჩვენ ვიხილეთ ამერიკელი ოფიციალური პირებისგან. თუმცა, ზოგიერთ დამკვირვებელს აქვს მოლოდინი, რომ თუ ვაშინგტონი სანქციებს დააწესებს, ამას „ქართული ოცნება“ ანტიამერიკული, ანტიდასავლური პროპაგანდისთვის გამოიყენებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე თქვა, რომ სანქციები თავად ამერიკის რეპუტაციას დააზიანებს. როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს სანქციები ამ შემთხვევაში, რა შედეგები შეიძლება დადგეს?

– საქართველოში ჩატარებული გამოკითხვების მონაცემები და არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონმდებლობის წინააღმდეგ დემონსტრანტთა რაოდენობა იმაზე მეტყველებს, რომ ქართველების დიდი უმრავლესობა კვლავ მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და სურს, უფრო ახლოს იყოს აშშ-სთან. და არა მგონია, მიზნობრივი სანქციების არსებობამ ეს ადამიანები დააბრკოლოს. სანქციები მოსახლეობას რომ დაუწესდეს, ვთქვათ, უვიზო მიმოსვლის ყველასთვის შეწყვეტით, ამან შესაძლოა გარკვეული წინააღმდეგობა შექმნას. მაგრამ, ვფიქრობ, მიზანმიმართული სანქციები, რეალურად მხარდაჭერას მოიპოვებს იმ ადამიანებს შორის, რომლებიც შეშფოთებულნი არიან საქართველოს ავტორიტარიზმისკენ სვლის გამო.

– თქვენ ამბობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობა. ვის შეიძლება განიხილავდეს მმართველი პარტია საქართველოს პარტნიორად, თუ არა შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს?

– ცხადია, მოსკოვს. ვფიქრობ, ეს არის დაშვება, რასაც ყველა აკეთებს, რომ ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში მოსკოვს თანაუგრძნობდნენ, მაგრამ მათ ამ ფაქტის დამალვა მოუწიათ, რადგან [საქართველოს მოსახლეობაში] ევროკავშირთან გაერთიანებისადმი ამგვარი აბსოლუტური მხარდაჭერა არსებობს. მაგრამ, ამის შესახებ, ახლა ისინი ცოტა უფრო მკაფიო ხდებიან.

– როგორ ხედავთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს უფრო ფართო, რეგიონულ კონტექსტში. რა რეალობას ქმნის ეს რეგიონში?

– ბრძოლა მიმდინარეობს ავტორიტარულ მთავრობებს, რომლებსაც წარმოადგენენ მოსკოვი, ჩინეთი, ირანი, სირია და ა.შ და ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის დემოკრატიულ ქვეყნებს შორის. და მე ვფიქრობ, ეს ყოველთვის უყო უკრაინის ომის უფრო ფართო მნიშვნელობა. ეს არ არის მხოლოდ ომი რუსეთსა და უკრაინას შორის. ვფიქრობ, პირველი გასრულა საქართველო იყო, 2008 წელს – ეს იყო რუსეთის პირველი მცდელობა, დაეწყო ყოფილი საბჭოთა კავშირის გაერთიანება. შემდეგი ეტაპი კი, 2014 წელს, ყირიმის და დონბასის ოკუპაცია იყო. შემდეგ კი – სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც 2022 წლის თებერვალში დაიწყო. ვფიქრობ, რაც უფრო წარმატებული იქნება რუსეთი უკრაინაში, მით უფრო დაუცველი გახდება ყველა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანა. და ეს მოიცავს საქართველოს, ყაზახეთს, მოლდოვას. ვფიქრობ, ალბათ ეს არის სამი ქვეყანა, რომლებიც ყველაზე მეტადაა რისკის ქვეშ. და ვფიქრობ ეს არის ვლადიმირ პუტინის უფრო დიდი გეგმა – ყოფილი საბჭოთა კავშირის რაც შეიძლება მეტად გაერთიანების მიზნით.

– თქვენ ახსენეთ ჩინეთი, რომელიც გასული წლიდან, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. პეკინთან ამ პარტნიორობის ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საჯაროდ გააკრიტიკა შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა და თქვა, რომ კარგი იქნებოდა, ამერიკასაც ისეთივე პარტნიორობა ჰქონდეს საქართველოსთან, როგორიც ჩინეთს აქვს. ცნობილია, რომ ჩინეთს გაცხადებული ინტერესები აქვს საქართველოში, მათ შორის, შავ ზღვაში პორტების მიმართ. ხედავთ ჩინეთის ინტერესს და სარგებელს, საქართველოში მიმდინარე მოვლენებში?

– ჩინეთი ფიქრობს, რომ ის გლობალურ ბრძოლაშია შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური დემოკრატიების წინააღმდეგ. ყველაფერი, რაც ასუსტებს დასავლეთს, მათთვის სასარგებლო იქნება. და მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ კონკრეტული ინტერესები საქართველოს პორტში ან რაიმე მსგავსი, მე ვფიქრობ, რომ მათთვის რეალური საკითხია ის, რომ ეს არის გზა, რათა [ზოგადად] დემოკრატია სუსტად გამოიყურებოდეს. თუ რუსეთი გააფართოებს თავის გავლენას საქართველოში, ეს აშშ-ს, ევროპას, სუსტად წარმოაჩენს. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ეს ჩინეთის ფუნდამენტური ინტერესია.

– ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ კანონის ამოქმედება, მათ აიძულებთ, საქართველოს მიმართ პოლიტიკა შეცვალონ და პირდაპირ დახმარებას გადახედონ. თუ ასე მოხდება, რა რეალობას შექმნის ეს საქართველოსთვის?

– მიმაჩნია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია, საქართველოს მიმართ სიმპათიითაა განწყობილი. ვფიქრობ, ადმინისტრაციის ყურადღება ბევრ სხვა რამეზეა მიმართული, რაც მსოფლიოში ხდება – უკრაინის ომი, ომი ღაზაში, მოახლოებული არჩევნები. ვფიქრობ, მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ იმას, რაც საქართველოში ხდება, რადგან, საქართველო ძალიან პატარაა, მაგრამ ის არის მნიშვნელოვანი შემდეგი ნაბიჯი, რუსეთის უფრო ფართო გეგმის, რაც მისი გავლენის აღდგენას ისახავს მიზნად. ასე რომ, იმედი მაქვს, ისინი დაიწყებენ უფრო მკაცრი სანქციების პოლიტიკის მხარდაჭერას და ნათლად გამოხატავენ თავიანთ წინააღმდეგობას იმის მიმართ, რაც ხდება ან რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“.

– და ბოლოს, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ეს მოვლენები, რამდენიმე თვით უსწრებს წინ საქართველოში მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებს. შეერთებული შტატები აცხადებდა, რომ საქართველოში გრძელვადიანი დამკვირვებლების გაგზავნას გეგმავს. როგორ ხედავთ, ამ კანონმდებლობის ამოქმედების შემთხვევაში, მის გავლენას არჩევნებზე? საარჩევნო პროცესებს, ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც აკვირდება, რომლებსაც ეს კანონმდებლობა, უცხოეთის ინტერესების გამტარებლად აცხადებს…

– დიახ, არჩევნებზე დამკვირვებლები მნიშვნელოვანია. მაგრამ, ვფიქრობ, მთავარი ისაა, საქართველოში ოპოზიციურმა პარტიებმა იმაზე უკეთ ითანამშრომლონ, ვიდრე აქამდე. მე ვფიქრობ, ეს არის სისუსტე ბევრ ლიბერალურ ოპოზიციაში, მთელ მსოფლიოში. ვგულისხმობ, უნგრეთში, თურქეთში, სხვაგანაც ასე იყო – ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ერთგვარ პრორუსულ ავტოკრატიულ პარტიას, ერთმანეთთან მუშაობა უჭირთ იმისთვის, რომ არჩევნების მოსაგებად და წინსვლის შესანარჩუნებლად, [საკუთარი] ძალები გააერთიანონ. და ვფიქრობ ასეა საქართველოშიც, სადაც ოპოზიცია ძალიან სუსტი იყო. ასე რომ, იმედი მაქვს ისინი მზად არიან, არა მხოლოდ გააპროტესტონ ეს კანონპროექტი, არამედ ასევე გაერთიანდნენ ერთიან პლატფორმაზე მომავალი არჩევნებისთვის და ის, რის გაკეთებასაც ისინი ამ გზით შეძლებენ, გაცილებით მძლავრი იქნება.

წყარო:

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ აუცილებლად განიცდის მარცხს, არა მხოლოდ ოფისებს, არამედ ცენტრალურ ოფისსაც დახურავენ – გურამ მაჭარაშვილი

„ნაცმოძრაობას“ არა მხოლოდ ფინანსური კრიზისი, არამედ პოლიტიკური კრიზისი აქვს და ამიტომაც აკეთებს რეორგანიზაციას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ ფინანსური კრიზისის გამო „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მასშტაბით არსებული რაიონული ორგანიზაციების ოფისებს ხურავს, საბურთალოს ორგანიზაციის ოფისის გარდა.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ აუცილებლად განიცდის მარცხს და ამის მაგალითები იქნება არა მხოლოდ ოფისების დახურვა, არამედ ეს რეჟიმი პოლიტიკურად იქნება გასამართლებული და ისინი არა მხოლოდ ოფისებს, არამედ ცენტრალურ ოფისსაც დახურავენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გრძელდება გრიპის ვირუსის სიჭარბე, რაც პაციენტების ნაკადში აისახება – ივანე ჩხაიძე

გრძელდება გრიპის ვირუსის სიჭარბე, რაც პაციენტების ნაკადში აისახება – საქართველოში ერთადერთი რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტია, რომელიც 25 საწოლზეა გათვლილი და სრულად დაკავებულია. მიმართვიანობა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციებით მაღალია, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ივანე ჩხაიძე იმედოვნებს, რომ მომდევნო კვირიდან გრიპის შემთხვევები შემცირდება.

„ახლაც გრძელდება გრიპის ვირუსის სიჭარბე, რაც აისახება კლინიკურად პაციენტების ნაკადში. რესპირაციული ვირუსული ინფექციები, მაღალი ტემპერატურა, ხველა, ფილტვების ანთება – ამ სიმპტომებით ჯერ კიდევ არიან კლინიკებში. საქართველოში ამინდის ცვალებადობამაც ხელი შეუწყო გრიპის შემთხვევების გახანგრძლივებას. მოლოდინი გვაქვს, რომ ივნისის თვეში გრიპის შემთხვევები ერთეული იქნება, ან საერთოდ არ იქნება, მაგრამ გვახსოვს 2022-2023 წლები, როდესაც ივნისშიც ფიქსირდებოდა გრიპის შემთხვევების მკვეთრი მატება. იმედი გვაქვს, მომდევნო კვირიდან გრიპის შემთხვევები შემცირდება, ზაფხული წყნარი იქნება გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებებისთვის.

იცით, რომ საქართველოში ერთადერთი რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტია, რომელიც 25 საწოლზეა გათვლილი, ოცდახუთივე საწოლი დაკავებულია.

მიმართვიანობა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციებით მაღალია, ეს არის ბრონქიოლიტი, ფილტვების ანთება, ზემო სასუნთქი გზების მაღალი ცხელებით მიმდინარე დაავადებები. სტაციონარებში მიმართვიანობა უჩვეულოდ მაღალია მაისის თვესთან მიმართებაში“, – აღნიშნა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“.

პრეზიდენტის ვეტო ნიშნავს, რომ ჩაკეტილიყო მოლაპარაკებების ფორმატი და ქუჩაში როგორმე მუხტი აწეულიყო – გურამ მაჭარაშვილი

პრეზიდენტის ვეტო ნიშნავს, რომ ჩაკეტილიყო მოლაპარაკებების ფორმატი და ქუჩაში როგორმე მუხტი აწეულიყო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანას უსაფრთხოება და გამჭვირვალობა არა ერთი დღით, არამედ მუდმივად სჭირდება.

„პრეზიდენტის ვეტო ნიშნავს, რომ ქვეყანაში გამჭვირვალობის და უსაფრთხოების არსებობას ეთანხმება, თუმცა უნდა, რომ ეს მხოლოდ ერთი დღით იყოს. პრეზიდენტს ვერ დავეთანხმებით, რომ ქვეყანას უსაფრთხოება და გამჭვირვალობა მხოლოდ ერთი დღე სჭირდება. ეს საჭიროა მუდმივად. რა თქმა უნდა, მისი ამ ფორმის ვეტო ნიშნავს, რომ როგორმე მოლაპარაკებების ფორმატი ჩაკეტილიყო და ქუჩაში მუხტი აწეულიყო“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ამოღებულია ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში ფარულად მოთავსებული 52 კილოგრამამდე „კოკაინი“, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში ტრანზიტული გზით, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული გამოვლინდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე განმარტა, ამოღებული იქნა ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში ფარულად მოთავსებული 52 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში ტრანზიტული გზით, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ.

მისი თქმით, სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილი და განეიტრალებული იქნა ერთ-ერთი მსხვილი ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, რომელიც შსს-ის ინფორმაციით, ე.წ. შავი ბაზრის 50 პროცენტზე მეტს ამარაგებდა.

„ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ნარკოტრანზიტში ჩართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გამოვლენისა და მათი დაკავების მიზნით.

ასევე ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილი და განეიტრალებული იქნა ერთ-ერთი მსხვილი ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, რომელიც ე.წ. შავი ბაზრის 50 პროცენტზე მეტს ამარაგებდა.

აღნიშნულ მაღაზიას მართავდა, ასევე, დადების მეთოდით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდა ჩვენ მიერ დაკავებული, 1963 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე, რომლის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოღებული იქნა 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, 27 ათასი ცალი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზის“ აბები და 10 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო პერიოდში, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 77 პირია დაკავებული, მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია.

დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, ირანის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის და ნიგერიის მოქალაქეები.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

დაკავებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და მათი ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები:

„ჰეროინი“, „კოკაინი“, „მდმა“, „ალფა პვპ“, „მეტამფეტამინი“, „მეტადონი“, „ჰაშიში“ და ფსიქოტროპული ნივთიერებები.

ბრალდებულებისგან პოლიციამ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოიღო სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით ფული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

თუკი ამერიკას სურს ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება, ეს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა მოხდეს -თამთა მეგრელიშვილი

„საქართველო მიჰყვება დემოკრატიული განვითარების გზას და, მეტიც, გამჭვირვალობის შესახებ კანონიც დემოკრატიული განვითარების დასტურია. ასე რომ, თუკი აშშ-ს ნამდვილად უნდა ჩვენთან მეგობრობის გაღრმავება, ვიზალიბერალიზაცია, სავაჭრო ურთიერთობები და სხვა სახის ორმხრივი სასარგებლო ურთიერთობები, ამ ყველაფერს მხოლოდ მივესალმებით და პოლიტიკური ნიადაგი ამისთვის მზადაა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მეგრელიშვილი ეხმიანება გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემას და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება“.

მისი თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ საქართველო არ იღებს სავაჭროდ, ვინაიდან საქართველო დემოკრატიული განვითარების გზას მიჰყვება და კანონიც დემოკრატიული განვითარების დასტურია.

„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები თანამშრომლობის მრავალ სფეროს მოიცავს. ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო იყო მესამე უდიდესი კონტრიბუტორი ერაყის ომში და ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთში აშშ-ის ხელმძღვანელობით მისიაში.

2009 წლიდან საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გამარტივებულია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით, რომელმაც შექმნა ოთხი ორმხრივი სამუშაო ჯგუფი: დემოკრატიის პრიორიტეტული სფეროები; თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკური, სავაჭრო, ენერგეტიკული საკითხები; ხალხთა შორის და კულტურული გაცვლა. წლები გავიდა და ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს, რომ საქართველოსთან, როგორც პარტნიორთან, ურთიერთობა გაამყაროს.

(ვფიქრობთ, ამ მიმართულებით ნაბიჯები გაცილებით ადრეც უნდა გადაედგათ), მაგრამ, ამას ხელს უშლის ვირტუალური რეალობა, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი ლობისტები საგანგებოდ ქმნიან. მაგალითად, მიზანმიმართულად მუშაობენ, რომ ქართველ ხალხს და საერთაშორისო საზოგადოებას მოახვიონ თავს, თითქოს, ქართული კანონი – რუსულია, თითქოს კანონი, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, კანადაში, ავსტრალიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში გამჭვირვალობა მოაქვს, საქართველოში სიბნელეს მოიტანს, რაც არასწორია. საქართველო მიჰყვება დემოკრატიული განვითარების გზას და მეტიც, გამჭვირვალობის შესახებ კანონიც დემოკრატიული განვითარების დასტურია. ასე რომ, თუკი აშშ-ს ნამდვილად უნდა ჩვენთან მეგობრობის გაღრმავება, ვიზალიბერალიზაცია, სავაჭრო ურთიერთობები და სხვა სახის ორმხრივი სასარგებლო ურთიერთობები, ამ ყველაფერს მხოლოდ მივესალმებით და პოლიტიკური ნიადაგი ამისთვის მზადაა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ გამჭვირვალობის კანონს საქართველო არ იღებს სავაჭროდ, ქვეყანა არ აპირებს არავისთან ქვეყნის სუვერენიტეტით ვაჭრობას.

თუკი ამერიკას სურს ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება, ქართული სახელმწიფო ამას მიესალმება და, ვფიქრობთ, ეს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა მოხდეს. ქართული სახელმწიფო იმსახურებს მეტ დაფასებას!“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ის, რაც ღაზაში ხდება, არ არის გენოციდი -ჯო ბაიდენი 

ის, რაც ღაზაში ხდება, არ არის გენოციდი, ჩვენ უარვყოფთ ამას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ბაიდენმა ხაზი გაუსვა თავის რწმენას, რომ ისრაელი არის მსხვერპლი.

„ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით, რათა ერთად დავამარცხოთ „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი და „ჰამასის“ სხვა ჯალათები. ჩვენ გვსურს „ჰამასის“ დამარცხება და ვმუშაობთ ისრაელთან ერთად, რათა ეს გავაკეთოთ“, – განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ბოლომდე იბრძოლებს მძევლების გათავისუფლებისთვის.

დაცვის მექანიზმები, რომელიც სჭირდება ევროპას, სჭირდება ევროკავშირს, სჭირდება საქართველოსაც – არჩილ თალაკვაძე

ჩვენი ქვეყანა ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ლოკაციაში მდებარეობს ამიტომ ჩვენ ამ გამოწვევებს შესაბამისად ვპასუხობთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა.

„საქართველოს პარლამენტმა მიიღო გამჭვირვალობის შესახებ ისეთი რეგულაციები, როგორიც აქვს ევროკავშირის 15 ქვეყანას. ვგულისხმობ გამჭვირვალობის რეესტრებს. დაცვის მექანიზმები, რომელიც სჭირდება ევროპას, სჭირდება ევროკავშირს, სჭირდება საქართველოსაც“, – აღნიშნა თალაკვაძემ.