Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

რუსეთი საქართველოს მეგობარი არაა, მაგრამ „ოცნება“ როგორც ჩანს, სხვანაირად ფიქრობს – მათი გრავიტაცია რუსეთისკენაა – კონგრესმენი სტივ კოენი

ნათელია, რომ “ოცნება” “ოცნება” არაა, “ეს ცუდი სიზმარია”, ცუდი ოცნება – მას არ შეუსრულებია ის პირობა, რომელიც ქართველ ხალხს მისცა წლების წინ, – ასე აფასებს საქართველოში განვითარებულ პროცესებს ამერიკელი კონგრესმენი სტივ კოენი.

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრი, ტენესის შტატის დემოკრატი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის წევრი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში საუბრობს იმაზე თუ რას უნდა ელოდოს საქართველოს ხელისუფლება აშშ-საქართველოს პარტნიორობის ამ ეტაპზე.

„ვფიქრობ შეერთებულ შტატებს, ევროპის უმეტესობის მსგავსად, ნაკლები სურვილი ექნება მიიღოს, კარი გაუღოს საქართველოს ევროკავშირში, რაც მგონია, რომ საქართველოს სურს და რაც ის ადგილია, საითკენაც საქართველო ეკონომიკურადაც უნდა მიილტვოდეს. კანონი, რომელიც მათ მიიღეს, ქართველი ხალხის დიდ ნაწილს არ მოსწონს, არ მიესალმება. ქუჩებში გამოსული ადამიანების რაოდენობა ფენომენალურია.

ეს მახსენებს იმ დღეს, როცა “ოცნებამ” არჩევნებში [პირველად] გაიმარჯვა. მაშინ ვნახეთ უამრავი ადამიანი ქუჩებში, მთავარ გამზირზე. რა თქმა უნდა, [მას შემდეგ] “ოცნება” “კოშმარად” იქცა და არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. იმის ნაცვლად, რომ მთავრობა გამხდარიყო უფრო ღია და გამჭვირვალე, კანონის მეტი უზენაესობით, ის უფრო პრორუსული გახდა. კანონი, რომელიც მათ მიიღეს, ავალდებულებს ნებისმიერ ჯგუფს, რომელიც დაფინანსების 20%-ს იღებს უცხოეთიდან, გამოცხადდეს უცხო ქვეყნის მთავრობის აგენტად. ეს ნამდვილად არ არის მაღალი სტანდარტი. არიან ჯგუფები და ადამიანები, რომლებიც დემოკრატიის, გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობისთვის მუშაობენ, მაგრამ ამ ჯგუფში მოხვდებიან. ეს კი არ ნიშნავს, რომ ისინი რამენაირად უცხო ქვეყნის მთავრობების აგენტები არიან.

სამწუხაროა, რომ ეს კანონი მიიღეს. ნათელია, რომ “ოცნება” “ოცნება” არაა, “ეს ცუდი სიზმარია”, ცუდი ოცნება. მას არ შეუსრულებია ის პირობა, რომელიც ქართველ ხალხს მისცა წლების წინ“, – აცხადებს კონგრესმენი.

კონგრესმენი ფიქრობს, რომ კანონპროექტის მიღების მიზანი „არის სამოქალაქო საზოგადოების წევრების ხმის ჩახშობა, მათი, ვინც ცდილობს, რომ დემოკრატიასთან დაკავშირებული საკითხები წინ წამოსწიოს, დაიცვას დემოკრატია და კანონის უზენაესობა, უმცირესობების უფლებები, სიტყვის თავისუფლება”, რაც მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ სურს.

„ არ მგონია, რომ “ქართულ ოცნებას” ეს სურს. ვფიქრობ, მათ რუსეთთან დაახლოება უნდათ…

როცა თბილისში ჩავედი, და მათ არჩევნებში გაიმარჯვეს, ვფიქრობდი, რომ პარტიის სახელიც შესანიშნავად იყო შერჩეული. წინა ხელისუფლებას ბევრი ცუდი ჰქონდა გაკეთებული, ბევრი კითხვის ნიშანი იყო მათ მიმართ, “ქართულ ოცნებას” კი კარგ სახელთან ერთად, კარგი კამპანია ჰქონდა, მაგრამ მათ ეს სტანდარტი ვერ დააკმაყოფილეს. ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდა.

ხშირად ვხედავთ იმას, რომ ავტორიტარული მთავრობა, როცა ძალაუფლებას მიიღებს, ცდილობს ის ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენოს და მას დააბრალოს ის, რასაც ხშირად თავად აკეთებს.

ისინი [უნგრეთის ლიდერის, ვიქტორ] ორბანის მსგავსად იქცევიან, არ სურთ თავიანთ ქვეყნებში იმ ხალხის გავლენა, ვინც მათ ავტორიტარულ ძალაუფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს” , – დასძენს კოენი.

კონგრესმენი ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი დასავლეთთან კავშირებს ემხრობა, რაც არ ჩანს მთავრობისგან, შესაბამისად კოენის აზრით, ეს არის მოძრაობა სტალინიზმისკენ.

„ქართველი ხალხი ნამდვილად ასე ფიქრობს, ემხრობა ევროკავშირთან, ევროპასა და ამერიკასთან კავშირებს, მაგრამ ჩვენ არ გვინახავს ეს ამ მთავრობისგან. ვხედავთ მოძრაობას სტალინიზმისკენ…

ვისურვებდი, საქართველოს ევროკავშირის წევრად გახდომა მენახა. ვფიქრობ, სწორედ ესაა მათი სურვილი. მაგრამ რუსეთს სურს, ისინი კვლავ გახდნენ საბჭოთა კავშირის წევრები, თავი მეორე. [16 წლის წინ] ისინი შეიჭრნენ სამხრეთ ოსეთში და ყოველგვარი სინანულის გარეშე მიიტაცეს საქართველოს ნაწილი, რომელიც კვლავ ოკუპირებული აქვთ. რუსეთი საქართველოს მეგობარი არ არის, მაგრამ „ქართული ოცნება“ როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ არის. და მათ აიღეს ეს თავისი კანონი პირდაპირ რუსეთისგან. ესაა ტიპური რუსული კანონი, რომელიც იქ აქვთ, და რითაც ისინი ემსგავსებიან რუსეთს” ,- აღნიშნავს კოენი.

კონგრესმენის აზრით, საქართველოს ხელისუფლება „უფრო მეტად არიან რუსეთისკენ გადახრილნი, ვიდრე – დასავლელი მოკავშირეებისკენ. მათი გრავიტაცია რუსეთისკენაა, რომელსაც მათი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული აქვს”.

ასევე, კოენმა უპასუხა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტსა და ე.წ. ფარას – “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს” შორის მსგავსებასა და განსხვავებას შორის დასმულ კითხვასაც.

“ “ფარა” ეხება ლობისტურ საქმიანობას, ის არ ეხება სამოქალაქო ორგანიზაციებს, ეს მათ არანაირ პრობლემას არ უქმნის. ის გავლენას ახდენს ლობისტებზე. ორგანიზაციებზე, რომლებიც სხვა ქვეყნის მთავრობების მიზნების მიღწევას ცდილობენ. არის განსხვავება იმაში, რომ ეცადო მოახრჩო სამოქალაქო საზოგადოება ან ეცადო, რომ გაიგო, რას წარმოადგენენ ორგანიზაციები, რომლებიც შენს ქვეყანაში, მის ლიდერებზე გავლენით ცდილობენ, რეგულაციების შეცვლას სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ და ლობირებით”, – აღნიშნავს ის.

საქართველო ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია უკრაინელი ხალხის და უკრაინის მხარდასაჭერად – არჩილ თალაკვაძე

მორიგი არაადეკვატური განცხადებაა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, წარსულშიც არაერთხელ მოგვისმენია ასეთი. იმის ნაცვლად, რომ ჩვენს საზოგადოებას, ხელისუფლებას დაუდგნენ გვერდით იმ მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო, რაც არის უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, აკეთებენ ასეთ გაუგებარ განცხადებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით,  რეალურად უკრაინაში დღეს არის ძალიან მძიმე ვითარება, უკრაინელი ხალხი იცავს თავისუფლებას, ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს.

„საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია უკრაინელი ხალხის და უკრაინის მხარდასაჭერად. რა თქმა უნდა, ვინც ახლა ამბობს, რომ უკრაინის დღევანდელი ვითარება არის მარტივი და სასურველი, ის ატყუებს საზოგადოებას. პირიქით, ახლა მთელი ცივილიზებული სამყარო ვდგავართ უკრაინის გვერდით სწორედ იმიტომ, რომ უკრაინაში მიმდინარეობს ბრუტარული ომი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა: „აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ შურს უკრაინელების, ეს არ არის შემთხვევითი წამოცდენა, მათთვის მთავარი დავალებაა, საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს“.

სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა ვეტო, რომელსაც არცერთ მუხლთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტაცია და შენიშვნა არ მოჰყვება – არჩილ თალაკვაძე

პრემიერ-მინისტრმა, ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ განვიხილოთ ყველა არგუმენტირებული შენიშვნა. მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებში ასეთი რიტორიკა გვესმოდა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა ვეტო, რომელსაც არცერთ მუხლთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტაცია და შენიშვნა არ მოჰყვება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი მზად იყო ნებისმიერი დასაბუთებული შენიშვნის განხილვისთვის.

„საქართველოს პარლამენტმა მიიღო გამჭვირვალობის შესახებ ისეთი კანონი, რომლის მსგავსიც აქვს ევროკავშირის 15 ქვეყანას, ვგულისხმობ გამჭვირვალობის რეესტრებს, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს, ავსტრალიას და ახლა უკვე კანადაც მუშაობს ამაზე. პრეზიდენტის, ოპოზიციის, საერთაშორისო აქტორების მხრიდან იყო არაერთი განცხადება, რომ მრავალი არგუმენტი არსებობს და შენიშვნა კანონთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა, ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ განვიხილოთ ყველა არგუმენტირებული შენიშვნა. მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებში ასეთი რიტორიკა გვესმოდა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა ვეტო, რომელსაც არცერთ მუხლთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტაცია და შენიშვნა არ მოჰყვება. ეს არის პოლიტიკური მოტივაციით გამოგზავნილი ვეტო, რომ საპროტესტო აქციას, მოქალაქეების ემოციებზე ზეგავლენას როგორმე შეუწყოს ხელი. ვიმეორებ. ჩვენ მზად ვიყავით ნებისმიერი არგუმენტის, დასაბუთებული შენიშვნის განხილვისთვის. იყო საერთაშორისო პარტნიორებისგან მოწოდებებიც, რომ პრეზიდენტმა ვეტოში ასახოს ეს შენიშვნები, მაგრამ, როგორც ხედავთ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ დაელოდა ამ შენიშვნებს, არ დაელოდა არგუმენტაციას, რომელზეც ისიც ამბობდა, რომ ჰქონდა შენიშვნები. ნაჩქარევად წარმოადგინა ვეტო, რომელშიც მხოლოდ პოლიტიკური მოტივაცია არის მოცემული. შესაბამისად, ამით მან დახურა ის სივრცეც, რომლითაც მისივე არგუმენტების, ოპოზიციის არგუმენტების ან საერთაშორისო არგუმენტების განხილვა სურდათ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო.

პრეზიდენტის ვეტო არის მოტივირებული – გიორგი მსხილაძე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, პრეზიდენტის ვეტოში ასახულია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც ირღვევა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით და განმარტებულია, თუ რატომაა ეს კანონპროექტი რუსული.

„პრეზიდენტის ვეტო არის მოტივირებული, მასში არის აღწერილი კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც ირღვევა ამ კანონით. არის განმარტებული, რატომაა აღნიშნული კანონი რუსული. არის მოყვანილი მისი მიღების მოტივაცია, რა ფორმით იყო ეს კანონი მიღებული, რომ ეს არის ჩვენთვის მიუღებელი და დაუშვებელი“, – აღნიშნა გიორგი მსხილაძემ.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო 19 მაისს დაადო.

საქმე მიჰყავთ იქითკენ, თითქოს მე ვარ რაღაც ძალადობრივის ორგანიზატორი, დღეს დაკითხვა მორჩა, შემდეგ რას იზამენ, არ ვიცი – ზურაბ ჯაფარიძე

საქმე მიჰყავთ იქითკენ, თითქოს მე ვარ რაღაც ძალადობრივის ორგანიზატორი, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ დააკავონ, ზურაბ ჯაფარიძე პასუხობს, რომ „შეიძლება კი. მიდი და ამტკიცე, რომ ის ჩანაწერი სამი წლის წინაა გაკეთებული. მაგ სტადიაში არიან, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

„თავიდან ზოგადი კითხვები დამისვეს, ამ და ამ რიცხვში სად იყავიო. შემდეგ საუბარი წაიყვანეს იქითკენ – „იმედმა“ სუს-ის მიერ გაკეთებული ჩანაწერები რომ გაუშვა. ეს ჩანაწერები ორი ან მეტი წლის წინ არის გაკეთებული. იმ ჩანაწერებში რაღაცებს ამბობო, მოკლედ, სამი წლის წინ რაც ვილაპარაკე, მაგას ამ აქციებს აბამენ. კითხვები იყო, ოდესმე დაგიორგანიზებიათ თუ არა, ძალადობრივი რაღაც. ვეუბნებოდი, რომ არა. [საქმე] მიჰყავთ იქითკენ, რომ თითქოს მე ვარ რაღაც ძალადობრივის ორგანიზატორი. დღეს მორჩა და მერე რას იზამენ, არ ვიცი. ხმის ნიმუში გვინდაო და არ მოგცემთ – მეთქი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და  სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება – Politico

აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო და სავაჭრო პაკეტის გადაცემას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

Politico-ს ცნობით, კანონპროექტის პირობების მიხედვით, რომელსაც „რესპუბლიკელი“ ჯო უილსონი, კონგრესს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენს, აშშ საქართველოსთან „ძლიერი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გასახსნელად მოლაპარაკებებს დაიწყებს, თუ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოხდება.

ამერიკულ ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებასთან ერთად, კანონპროექტი, რომელსაც Politico გაეცნო, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასაც ითვალისწინებს.

ასევე, კანონპროექტი ოფიციალურ პირებს საქართველოსთვის სამხედრო მხარდაჭერის პაკეტის შემუშავებას ავალდებულებს, მათ შორის „უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფას, რომელიც რუსული აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვისთვის და მასთან დაკავშირებული სასწავლო, ტექნიკური და ოპერაციების დამხმარე ელემენტებისთვის იდეალურია“.

თუმცა, პროგრამა მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ აშშ დაადასტურებს, რომ „საქართველომ დემოკრატიის აღდგენის მიმართულებით მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი აჩვენა, რასაც როგორც მინიმუმ, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო მოწმობს“.

ცნობისთვის, Politico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელსაც ჯო უილსონი ამერიკის კონგრესში წარადგენს, ქართველი პოლიტიკოსების სანქცირებას ითვალისწინებს.

როსტომ ცხვედიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს რაჭის გუბერნატორის მოადგილე იყო – არჩილ თალაკვაძე

ქალბატონმა ეკატერინა ხვედელიძემ ძალიან ღირსეულად, გულწრფელად და ყოველგვარი ქედმაღლობის გარეშე უპასუხა ბატონ როსტომ ცხვედიანს, – ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, როსტომ ცხვედიანმა ნეიტრალური ექიმის სახელით მიმართა ეკატერინა ხვედელიძეს, მაშინ როცა 2009-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, რაჭის გუბერნატორის მოადგილე, ხოლო 2016 წელს პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრი და მაჟორიტარობის კანდიდატი იყო მისი პარტიიდან.

„რაც შეეხება თავად ბატონ ცხვედიანს, რომელმაც ნეიტრალური ექიმის სახელით მიმართა ქალბატონ ეკას, ალბათ მართებული იქნებოდა და უფრო სწორი იქნებოდა, მას ეთქვა თავიდანვე, რომ ის იყო 2009-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, რაჭის გუბერნატორის მოადგილე და 2016 წელს იყო პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრი და მაჟორიტარობის კანდიდატი მისი პარტიიდან. ეს მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც საზოგადოებას მისცემდა საშუალებას, რომ მისი მიმართვა შეეფასებინა. ალბათ უფრო სწორი და მართებული იქნებოდა, რომ ნეიტრალური ექიმის პოზიციიდან კი არა, მიემართა მას იმ პოზიციიდან, რომელსაც სინამდვილეში წარმოადგენს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როსტომ ცხვედიანმა ეკატერინა ხვედელიძეს „ფორმულას“ ეთერში მიმართა: „მე მჯერა, რომ შენ შენს ოჯახში ხმა გაქვს და სიტყვა გეთქმის. ჩააგდე მანდილი სამოქალაქო დაპირისპირებულ მხარეებს შორის – დღეს საქართველოს ეს სჭირდება ყველაზე მეტად. თუ შენ ოჯახში სიტყვა არ გეთქმის და ამ სიტუაციის განტვირთვისთვის ვერაფერს აკეთებ, მაშინ შუშანიკი გაიხსენე. დღეს საქართველოში ასე დგას საკითხი – სხვა გზა არ გვაქვს. უნდა გადავრჩეთ, გადარჩენისთვის კი შერიგებაა საჭირო“.

თავისუფლების მოედნიდან შსს-ს სამინისტრომდე 24 მაისს მარში გაიმართება

24 მაისს თბილისში, თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე მარში გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მარში 19:00 საათზე დაიწყება, ისინი მარშით სოლიდარობას გამოუცხადებენ პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულ, დაპატიმრებულ და დაზარალებულ პირს.

„ „რუსული კანონის“ ინიცირებიდან დღემდე, შეთითხნილი ბრალდებით, პროტესტში მონაწილე 2 ასეულ ადამიანზე მეტი დააკავა პოლიციამ. ათეულობით ადამიანს მისდის საჯარიმო ქვითრები არჩადენილი სამართალდარღვევებისთვის. ასეულობით ადამიანს იბარებენ უსაფუძვლოდ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოსაკითხად.

ათეულობით ადამიანი პოლიციამ სასტიკად ცემა, ზოგიერთი მათგანი დღემდე მკურნალობს.

ჩვენ გვინდა სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც: პოლიცია დაგვიცავს;

ხელისუფლების ხელში პოლიტიკური იარაღი არ იქნება;

პოლიციელების შვილები იამაყებენ მათი მშობლების საქციელით;

პოლიციელი დასაჭერად კრიმინალებს დასდევს და არა ლაღ, სამშობლოსთვის გულანთებულ, თავისუფლებისთვის მებრძოლ და განათლებულ ახალგაზრდებს.

არ გვინდა ჩვენი თანატოლები და მეგობრები სირცხვილით მალავდნენ, თუ რას საქმიანობენ მათი პოლიციელი მშობლები. მათი შვილებიც ხომ ჩვენთან ერთად იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

დღეს კი, სამწუხაროდ, პოლიცია არა კანონს, არამედ შეთქმულების თეორიებით შეპყრობილ ივანიშვილს ემორჩილება და თავად იქცა მთავრ მოძალადედ. შინაგან საქმეთა მინისტრი, გომელაური ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველია და საქართველოს პოლიცია ივანიშვილის დაცვის პირად სამსახურად აქცია – ეს ნებისმიერ ქართველს შეურაცხყოფს.

ამიტომ, 2024 წლის 24 მაისს, 19 საათზე, შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე და დავიძრათ მარშით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ, რათა სარკეში ჩავახედოთ და ვაჩვენოთ პოლიციელებს, როგორ გამოიყურებიან, როდესაც უსწორდებიან საქართველოს უკეთესი მომავლისათვის მებრძოლ დებს, ძმებსა და შვილებს.

ამ მარშით სოლიდარობა ვაჩვენოთ პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულ, დაპატიმრებულ და დაზარალებულ თანამებრძოლს.

კი ევროპას!

არა რუსულ კანონს!“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ადამიანური ტრაგედიით სარგებლობ და საჯარო სივრცეში ასეთ განცხადებებს ავრცელებ მაშინ, როცა მთელი მსოფლიო სამძიმრის წერილებს აგზავნის – მიხეილ ყაველაშვილი ირანის პრეზიდენტის დაღუპვასთან დაკავშირებით ოპოზიციის გამოხმაურებაზე

„ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც ირანის პრეზიდენტის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტზე სოციალურ ქსელში პოსტებს აქვეყნებს, „უჯიშოთა ჯიშად“ მოიხსენიებს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ყაველაშვილმა განაცხადა, ის, რომ ადამიანურ ტრაგედიას აბუჩად იგდებ, ფაშიზმზე უფრო დიდი უზნეობაა.

მანვე აღნიშნა, რომ სწორედ ასეთ უზნეობას უნდა გამოვგლიჯოთ ახალგაზრდები, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილები და ავუხსნათ მათ, ვის გვერდით დგანან.

„20 და 22 წლის ბიჭი რომ ხარ და პოლიტიკაში ცვლილებების შემოტანის სურვილით შემოდიხარ, მაშინ ისიც უნდა იცოდე, რა გინდა და ვინ გინდა. როგორ არ ხარ „ნაციონალური მოძრაობისგან მართული“? გადავხედოთ ვინ არიან ასპარეზზე – ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე, შარვალჩახდილმა მტერს რომ მიუშვირა უკანალი, ამით გვინდა ეროვნული ლიდერი გამოიწრთოს? თუ ვინაა ლიდერი – ნიკა გვარამია, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიგა ბოკერია, თუ მისი ცოლი – საშინელებებს რომ იძახის?

წარმოუდგენელი რამ ხდება და ამიტომ გვინდა, რომ გამოვტაცოთ ჩვენი ახალგაზრდობა ამ უჯიშოებს. დღეს პოსტები დაიწერა, ჯერ კვესიტაძის, შემდეგ ჩხარტიშვილის (ირანის პრეზიდენტის ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ) და ფაშიზმიც არ არის მათი ქმედება – ადამიანური ტრაგედიით სარგებლობ და საჯარო სივრცეში ასეთ განცხადებებს ავრცელებ მაშინ, როცა მთელი მსოფლიო სამძიმრის წერილებს აგზავნის. ეს ადამიანები არ იცვლებიან და სწორედ ეს გვინდა ავუხსნათ ჩვენს ახალგაზრდებს. როგორ წარმოგიდგენიათ, რაც კვესიტაძემ და ჩხარტიშვილმა დაწერეს, რასაც რიგი ნაციონალები კადრულობენ, თავისით ხდება? ამდენი გაუპატიურება ციხეებში, ამდენი პრობაციონერი, ქონებების ჩამორთმევისა და ქუჩაში ხალხის ჩახოცვის ფაქტების უკან ასეთი ავადმყოფური აზროვნების ადამიანები დგანან. ჩემი მეგობრის მამამ, ფილოსოფოსი იყო ის ადამიანი, სწორი სახელი შეურჩია ამ ძალას – „უჯიშოთა ჯიში“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

როგორ შეიძლება ერთი კანონი წყვეტდეს ქვეყნის კურსს? ეს სრული ნონსენსია – ანრი ოხანაშვილი 

მე გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგოდ შინაარსობრივი, სამართლებრივად გამართული არგუმენტი არ მომისმენია. შეიძლება იყოს კონკრეტული პოზიცია კონკრეტულ პუნქტთან დაკავშირებით, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რომ ეს უკეთესია, ეს სხვანაირად გაიწეროს და ა.შ., მაგრამ კანონის არმიღების სამართლებრივად გამართული კონტრარგუმენტი მე არ მომისმენია, – ამის შესახებ „ანრი ოხანაშვილმა“ დღის ქრონიკაში განაცხადა. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ერთი კანონი არ წყვეტს ქვეყნის პროევროპულობას.

„ერთ კანონზე დადის პარტნიორებთან ურთიერთობა? ეს რა დამოკიდებულებაა სუვერენული სახელმწიფოსადმი? როგორ შეიძლება ერთი კანონი წყვეტდეს ქვეყნის კურსს? ეს სრული ნონსენსია. ჩვენ პარტნიორებთან ვრჩებით პარტნიორულ ურთიერთობაში. აქ გასარკვევი არაფერია. ყველამ პატივი უნდა სცეს სუვერენული სახელმწიფოს გადაწყვეტილებას. შეიძლება იყოს საკითხები, სადაც შეიძლება განსხვავებული აზრები გვქონდეს, მაგრამ ვართ გაერთიანებულები საერთო ღირებულებების ირგვლივ. საერთო ღირებულებები ნიშნავს ერთმანეთის აზრის პატივისცემას, რაოდენ კრიტიკულიც არ უნდა იყოს ერთმანეთთან კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ განსხვავებულ ღირებულებებს ვიზიარებთ“, – მიიჩნევს ოხანაშვილი.

პრემიერ-მინისტრი გულიკო ჩაფიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ექიმისა და მეცნიერის, გულიკო ჩაფიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც პრემიერ-მინისტრის სამძიმარშია აღნიშნული, გულიკო ჩაფიძემ ეპოქა შექმნა ქართულ მედიცინაში.

„მწუხარებას გამოვთქვამ სახელგანთქმული ექიმისა და მეცნიერის, აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის გარდაცვალების გამო.

ქალბატონმა გულიკომ მთელი ეპოქა შექმნა ქართულ მედიცინაში. იგი ერთნაირი თავდადებით და წარმატებით ემსახურებოდა როგორც პრაქტიკულ მედიცინას, ისე სამკურნალო მეცნიერების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.

სამძიმარს ვუცხადებ ქალბატონი გულიკოს ოჯახს, ახლობლებს და მთელ სამედიცინო საზოგადოებას”, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.

ცესკოს თავმჯდომარემ მე-12 გლობალური ფორუმის ფარგლებში საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში თანამედროვე პირდაპირი დემოკრატიის შესახებ გამართულ მე-12 გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

დემოკრატიული პროცესები და საარჩევნო ადმინისტრაციების როლი ამ მიმართულებით, ქვეყნების გამოცდილების განხილვა, გამოწვევები, რეფერენდუმის დაგეგმვა, ჩატარება და მისი მნიშვნელობა – ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ფორუმის ფარგლებში გამართული პანელის – სახელწოდებით „ძლიერი ინსტიტუციები: პირდაპირი დემოკრატიის წინსვლა, ხელშეწყობა და საარჩევნო ადმინისტრაციების ხედვა“ ნაწილში მხარეებმა განიხილეს. მოლდოვას, ბოსნია და ჰერცეგოვინას, რუმინეთისა და მექსიკის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ პანელურ დისკუსიაში გიორგი კალანდარიშვილმა სხვადასხვა მიმართულებით ვრცლად ისაუბრა. მათ შორის, პირდაპირი დემოკრატიის განხორციელების პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციების როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, ხაზი გაუსვა დემოკრატიულ პროცესებში მოქალაქეთა უფლებამოსილებისა და ამომრჩევლების უშუალო მონაწილეობის ხელშეწყობის კუთხით განხორციელებულ პროექტებსა და საქმიანობებს და ისაუბრა ამ პროცესის მნიშვნელობაზე არჩევნების მთლიანობის უზრუნველყოფის ნაწილში. კალანდარიშვილმა ასევე ვრცლად ისაუბრა დეზინფორმაციაზე, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე. მან ფართო აუდიტორიას დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ცესკოს მიერ გამოყენებული საშუალებების, საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროექტების შესახებ, ასევე ინფორმირებული ამომრჩევლის მნიშვნელობაზეც მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც როგორც მან აღნიშნა დეზინფორმაციით არასწორი აღქმების ჩამოყალიბების პრევენციის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს. 

პანელური სესიის ფარგლებში, ცესკოს თავმჯდომარემ ტექნოლოგიურ ინტერვენციასა და ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებზეც ისაუბრა. დისკუსიის ბოლოს კალანდარიშვილმა საარჩევნო კულტურის განვითარებაზე, ამ მიმართულებით დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზეც ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნების მთლიანობის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კულტურის განვითარება და ინფორმირებული ამომრჩეველი მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ამასთანავე, ფორუმის ფარგლებში, ცესკოს თავმჯდომარე სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის სამზადისის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რუმინეთის მუდმივმოქმედ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს – ტონი გრებლას შეხვდა, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში ამავდროულად გაიმართა მეორე შეხვედრაც, რომელსაც საქართველოს გარდა ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებიც. აღნიშნულ შეხვედრაზე მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს 6-9 ივნისს დაგეგმილ ევროპარლამენტის და რუმინეთის ადგილობრივი არჩევნების მზადების პროცესზე, რომელსაც საქართველოს ცესკოს წარმომადგენლები შესაბამისი მოწვევის საფუძველზე საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით დააკვირდებიან.

15-18 მაისის გლობალური ფორუმის ფარგლებში გამართული პანელური სესია საარჩევნო საკითხებზე, რუმინეთის მუდმივმოქმედი საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო ადმინისტრაციების მსოფლიო ასოციაციის (A-WEB) მიერ იყო ორგანიზებული.