9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩვენი გეგმის წარდგენას ვაპირებთ -დავით კირკიტაძე

22
spot_img

9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩვენი გეგმის წარდგენას ვაპირებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრის შემდეგ იტყვის, რამდენად აქვს „ქართულ ოცნებას“ რეკომენდაციების შესრულებისკენ ნაბიჯების გადადგმის სურვილი. კირკიტაძის განცხადებით, ოლიგარქია და სამართლიანი სასამართლოს კუთხით არსებული პრობლემები მოქალაქეებზე აისახება.

„ვნახოთ, დღეს ტარდება პირველი შეხვედრა და ალბათ ამ შეხვედრის შემდეგ მექნება უფრო მეტად საშუალება გავაკეთო კომენტარი, სურს თუ არა „ქართულ ოცნებას” იმ მიმართულებით იმოძრაოს, რაც ჭირდება ჩვენს ხალხს და ევროპელ პარტნიორებს.

ეს პუნქტები სჭირდება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, დაწყებული დეოლიგარქიზაციიდან, გაგრძელებული სასამართლოს რეფორმით, რადგან ქვეყანაში სადაც არის ოლიგარქი და არ არის სამართლიანი სასამართლო, გამორიცხულია მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შეიქმნას და ღირსეული დასაქმების საშუალება ჰქონდეთ მოქალაქეებს“, – განაცხადა კირკიტაძემ.

ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა იმართება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წევრები ესწრებიან. საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრაში არ მონაწილეობს “ლელო”. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, შეხვედრაზე მხოლოდ “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლები იმყოფებიან.