7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

90
spot_img

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი თავად სააკაშვილის პოზიცია გახდა, რომელიც სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დისტანციურადაც ვერ ჩაერთო, რის გამოც, მან მისი მონაწილეობის გარეშე პროცესის ჩატარებაზე უარი განაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატებს შუამდგომლობის დაყენება სურდათ, რომელიც მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევას შეეხებოდა, თუმცა, ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით სააკაშვილს პოზიცია დაფიქსირებული არ ჰქონდა, კოლეგიამ სხდომა გადადო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა.

შემდეგი სასამართლო პროცესი 20 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.