„31 წლის წინ ქართველი ბარბაროსები აფხაზეთს თავს დაესხნენ“ – ასლან ბჟანია

528
spot_img

„რეციდივისტები, რომლებმაც იარაღი ხელში აიღეს და რომლებსაც ჯარის ფუნქცია მიანიჭეს, 31 წლის წინ თავს დაესხნენ აფხაზეთს და იქ ეთნიკური ნიშნით მკვლელობები, სადამსჯელო ოპერაციები, მშვიდობიანი მოსახლეობის მაროდიორობა და აფხაზეთის ეროვნული სიმდიდრის ბარბაროსული ძარცვა დაიწყეს.“ ასე გამოეხმაურა სოხუმის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია  აფხაზეთის ომის დაწყების 31-ე წლისთავს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ბჟანიას თქმით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი აფხაზი ხალხის ისტორიაში.

„მტერი მუხანათურად დაესხა თავს ჩვენს მშვიდობიან ქვეყანას, მოიტანა ქაოსი და ნგრევა. საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დიპლომატიის ენას ტანკები და ქვემეხები არჩია, ჩვენთვის საკუთარი ნების თავზე მოხვევა სცადა. მაგრამ ჩვენი ხალხი არ შედრკა, გამოჩენილი ლიდერის, ვლადისლავ არძინბას მოწოდების შემდეგ გამოვიდა საკუთარი სამშობლოს დასაცავად. აფხაზებთან ერთად სამართლიანობის დასაცავად რუსები, სომხები, ბერძნები, ქართველები და სხვა ეროვნებების წარმომადგენლები გამოვიდნენ. ჩვენს მოწოდებას დახმარების შესახებ ჩრდილოეთ კავკასიის წარმომადგენლები და მსოფლიოდან ჩვენი თანამემამულეები, ასევე რუსეთის, დნესტრისპირეთის და მთიანი ყარაბაღის მოხალისეები გამოეხმაურნენ.

უდიდესი მსხვერპლისა და ძალისხმევის შედეგად ჩვენ აგრესორის ამ შეტევის მოგერიება შევძელით და ის უკან გავაბრუნეთ. იმ დღეების ტრაგიკულობის მიუხედავად, ჩვენ ვხვდებით, რომ სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ამან აფხაზეთის მომავალი ბედი განსაზღვრა. ჩვენ პატივს მივაგებთ დაღუპულ გმირებს, ქედს ვიხრით ვეტერანების წინაშე და გამარჯვებულ ხალხს, აფხაზეთის რესპუბლიკას მშვიდობასა და აყვავებას ვუსურვებთ“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

ცნობისთვის, 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს შენაერთები აფხაზეთში რკინიგზის უსაფრთხოების დასაცავად შევიდნენ. ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო  საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 23 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველოდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ეს მაშინ, ფაქტობრივად, თბილისისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავდა.