30 მილიონით საქართველო და ჩვენი თავდაცვის უწყების ბიჭები დასაჯეთ?! 30 მილიონი ჩვენმა ერთმა ღირსეულმა მოქალაქემ ფეხბურთელებს აჩუქა! – ძალიან ცდებით ბატონო ჰერჩინსკი, თუ თქვენ გგონიათ, რომ იაფფასიანი ტრიუკებით მებრძოლ და მეომარს ერს დააჩოქებთ და ქვეყნის ინტერესებზე ხელს ააღებინებთ! – ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩის მისამართით “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.
ზარქუამ აქვე განაცხადა ისიც, რომ სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება, ხოლო პაველ ჰერჩინსკის მოსახლეობისთვის თვალებში ჩახედვის შერცხვება.
“ევროკავშირის ელჩის განცხადება სამარცხვინო და მიუღებელია – დასაჯო საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი მაგარი ბიჭები, თავდაცვის უწყება, სამხედრო პირები იმის გამო, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის მიერ მიღებული კანონი არ მოგწონს?! რატომღაც დაავიწყდათ, რომ ეს მაგარი ბიჭები მსოფლიოს უსაფრთხოების პროგრამებში მონაწილეობდნენ – მათ შორის ერაყსა და ავღანეთში.
უფრო მეტსაც გეტყვით, ნატომ რომ უკან დაიხია და ავღანეთი თალიბებს დაუთმო, როცა უკან გამორბოდნენ, იქაც კი ქართველმა სამხედროებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, რათა დროულად გამოსულიყვნენ. რამდენი დაჭრილი და დაღუპული გვყავს. სამაგიერო რით გადაუხადეთ – 30 მილიონით დასაჯეთ საქართველო და ჩვენი თავდაცვის უწყების ბიჭები?! 30 მილიონი ჩვენმა ერთმა ღირსეულმა მოქალაქემ ფეხბურთელებს აჩუქა!
მინდა მადლობა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, რომელმაც კიდევ 100 მილიონი გამოყო თავდაცვის უწყების გაძლიერებისთვის.
თქვენ გგონიათ, ამ თქვენი 30 მილიონით ჩვენს ქვეყანას დააჩოქებთ?! ძალიან სცდებით ბატონო ჰერჩინსკი, თუ თქვენ გგონიათ, რომ იაფფასიანი ტრიუკებით დააჩოქებთ მებრძოლ და მეომარს ერს, რომელმაც უამრავი იმპერიების ბრძოლებს გაუძლო და ქვეყნის ინტერესებზე ხელს ააღებინებთ!
ველით, რომ არჩევნების შემდეგ, ალბათ, ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება და შემდეგ, ალბათ, შეგრცხვებათ – ჩვენი მოსახლეობისთვის თვალში ჩახედვის შეგრცხვებათ! ვწუხვარ, მაგრამ მოგიწევთ!“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.