29 აგვისტოს მოსულმა უხვმა ნალექმა 300-მდე ობიექტი და ინფრასტრუქტურა დააზიანა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„29 აგვისტოს მოსულმა უხვმა ნალექმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა თბილისის ინფრასტრუქტურას. მთელი ღამის განმავლობაში მოქალაქეების მხრიდან შემოდიოდა ინფორმაცია ცხელ ხაზზე. საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ გამგეობებისა და საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები.
სტიქიის შედეგად დაზიანდა სახურავები, სადარბაზოები, შლამით გადაივსო სანიაღვრე და წყალარინების ქსელები, ასევე, დაზიანდა გრუნტის დამჭერი კედლები, განსაკუთრებით ნაძალადევის რაიონში. რამდენიმე კერძო სახლიდან, მათი ავარიულობის გამო, გავიყვანეთ ადგილობრივი მცხოვრებლები.
29 აგვისტოს 21 საათიდან 30 აგვისტოს დღის ბოლომდე, უამინდობასთან დაკავშირებით, რაიონულ გამგეობებს მერიის ცხელი ხაზიდან გადაეცათ 600-ზე მეტი შეტყობინება. მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაზიანებული საცხოვრებელი ობიექტები და მასთან დაკავშირებული დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღრიცხეს, რომელიც, დაახლოებით, 300-მდეა.
რაიონების მიხედვით, დაზიანებული ობიექტები განაწილდა შემდეგნაირად:
1. გლდანი – 136
2. ნაძალადევი – 114
3. საბურთალო – 92
4. ვაკე – 78
5. სამგორი – 65
6. დიდუბე – 49
7. ისანი – 30
8. მთაწმინდა – 24
9. კრწანისი – 19
10. ჩუღურეთი – 19
დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყოფილია შესაბამისი თანხები. უკვე დაწყებულია და უახლოეს პერიოდში განხორციელდება სტიქიით გამოწვეული ზიანის აღმოფხვრა“,- აღნიშნა კალაძემ.