“26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ცხადია, უნდა იყოს ქართული დროშა” – კახა კალაძე

146
spot_img

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განმარტებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აქვს თავისი სლოგანი, შესაბამისი კამპანია და დეკორაციებიც ყოველ წელს იცვლება.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ევროკავშირის დროშასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ ატეხილი აჟიოტაჟი არის სპეკულაცია და სიბინძურე, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

„ეს არის მორიგი სპეკულაცია და ჩვეულებრივი სიბინძურე, რასაც კადრულობენ კონკრეტული ადამიანები. 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ცხადია, უნდა იყოს ქართული დროშა. ასევე, ყოველ დამოუკიდებლობის დღეს გვქონდა შესაბამისი სლოგანი და შესაბამისი შინაარსის კამპანია მიმდინარეობდა. მაგალითად, ერთ-ერთი იყო კამპანია, როცა მთავარი თემა იყო შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. მაშინ პარლამენტის შენობაზე საქართველოს დროშა საერთოდ არ იყო გამოფენილი და ამ პოემიდან ამონარიდები იყო წარმოდგენილი. გასულ წელს კამპანიის მთავარი ხაზი იყო ევროპა, დეკორაციებიც შესაბამისი იყო, მათ შორის ევროკავშირის დროშები.

სპეკულაციები საჭირო არ არის. არ ვიცი ეს სიბინძურე რას ემსახურება. შეიძლება ვინმეს მცდელობა ჰქონდა, რომ საზოგადოებისთვის დაეჯერებინა ან ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოეყენებინა. ხალხი ყველაფერს ხვდება. სიმართლე ყოველთვის გაირკვევა და ადამიანებს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობაც აქვთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ევროინტეგრაცია და ევროპული მომავალი არის დღევანდელი ხელისუფლების მიზანი, ეს ჩანაწერი კონსტიტუციაშიც არის გაკეთებული, თუმცა უპირველესი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.

„ჩვენ ხშირად გვახსენებენ იმას, რომ კონსტიტუციაში გიწერიათ ევროინტეგრაცია და ევროპული მომავალიო. რა თქმა უნდა, ეს გვიწერია და სწორედ ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, გაკეთდა ეს ჩანაწერი. მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველ რიგში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გვიწერია. ეს არის მნიშვნელოვანი და მერე უკვე სხვა დანარჩენი.

ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ ევროინტეგრაციის მიმართულებით, ვასრულებთ 12-პუნქტიან გეგმას. ოპოზიცია კი ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებს. ყველაფერს ვაკეთებთ და შევასრულებთ. შემდეგ კი, ევროკავშირზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა მან.