23 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე, თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ, ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა 

80
spot_img

საქართველოს პროკურატურის და 11 ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, 23 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე, თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ, ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოვლენის მიზნით.

გვსურს გამოვეხმაუროთ ევროჯასტის მიერ ერთობლივი, წარმატებული, ღონისძიებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2023 წლის ივლისში შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა.

ღონისძიების მიზანს ტრანსნაციონალური ხასიათის მქონე თაღლითური ქოლ-ცენტრების და მათ ორგანიზებაში ჩართულ პირთა გამოვლენა წარმოადგენდა, რომლებიც საქართველოს გარდა არაერთ, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც მოქმედებდნენ.

ერთობლივი გამოძიების ფარგლებში დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ასეულობით ვებ გვერდის გამოყენებით ქმნიდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ. ორგანიზებული ჯგუფის სამიზნეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის ძირითადად შვეიცარიის და გერმანიის მოქალაქეები წარმოადგენდნენ. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით ზიანი რამდენიმე მილიონ ევროს შეადგენს.

საქართველოში ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე ქოლ-ცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებული იქნა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები. ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ უძრავ-მოძრავ ქონებებს, საბანკო ანგარიშებს და მათზე განთავსებულ ფულად თანხებს.

ერთობლივი გამოძიება ამჟამადაც გრძელდება და გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, საქართველოს პროკურატურაში, ტრანსნაციონალური, ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით, მიმდინარე  გამოძიების ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობის შედეგად, პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ათეულობით ფიზიკური და რამდენიმე იურიდიული პირის მიმართ, რომელთაც ბრალდება  ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ.

ამავდროულად, საქართველოს  პროკურატურა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ევროჯასტის კოორდინაციით ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას სხვადასხვა ქვეყნებში ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების, მათ შორის ტრანსნაციონალური დანაშაულების ორგანიზატორების მხილების მიზნით.

ევროჯასტმა აღნიშნულ ფართომასშტაბიან ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადება

გაავრცელა: https://www.eurojust.europa.eu/news/actions-across-europe-against-online-fraud-cryptocurrencies