ისრაელის გაზეთ „The Jerusalem Post”-ში სათაურით „აშშ-ისრაელის კავშირები მტკიცეა როგორც არასდროს“ გამოქვეყნებულია ვრცელი ინტერვიუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან (ესაუბრებიან ჟურნალისტები ლაჰავ ხარკოვი და ევი მაიერი).
„ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ისრაელში, ტრადიციული საზოგადოებრივი სიმშვიდის ქვეყანაშიც კი, ძალიან დაძაბული სიტუაციაა შექმნილი. მოსახლეობა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს ატარებს – ადამიანები ეწინააღმდეგებიან ისრაელი ნეორთოდოქსული მთავრობის მიერ განზრახული იმ სასამართლო რეფორმის განხორციელებას, რომელიც ხელისუფლების სისტემის გარდაქმნას ითვალისწინებს. მთავრობას ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც, მთავრობიდან მიდიან უკმაყოფილო მინისტრები, მათ ადგილს კი კმაყოფილები იკავებენ. საგარეო ფრონტზეც არასტაბილურობა იგრძნობა: ტერორიზმი იორდანის დასავლეთ ნაპირზე, კიდევ ერთი მოსალოდნელი მინი-ომი ღაზას სექტორში… როგორი იქნება ურთიერთობა აშშ-სთან, რუსეთთან, ირანთან?
პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც თანამდებობას გასული წლის ბოლოს დაუბრუნდა, ქვეყანას თითქმის 16 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს – ყველაზე ხანგრძლივად სხვა პრემიერებთან შედარებით. ჩვენ მას კანცელარიაში შევხვდით, პრემიერის ოფისში. ბენიამინ ნეთანიაჰუს გამომეტყველებას და ნათქვამს თუ დავუჯერებთ, შეგვექმნება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი ნორმალურადაა. ყოველ შემთხვევაში, უნდა გვჯეროდეს, რომ არსებობს ძლიერი ხელი, რომელიც მტკიცედ მართავს ისრაელის ხომალდის საჭეს მღელვარე ოკეანეში.
გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:
კითხვაზე, რომელიც ისრაელ-ამერიკის ურთიერთობას ეხება, პრემიერ-მინისტრი პასუხობს: „ჩვენ ამერიკასთან დღეს ისეთი მტკიცე ურთიერთობები გვაქვს, როგორც არასოდეს გვქონია. ჩვენი კავშირები დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროებში უმაღლეს დონეზე იმყოფება. ჩვენს შორის ურთიერთობებში სრული გამჭვირვალობა არსებობს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც უთანხმოებები არ არსებობს. დიახ, გარკვეული უთანხმოება ნამდვილად არის, მაგრამ ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ოჯახის შიგნით არსებული მდგომარეობაა, რომელიც მალე გაუმჯობესდება“.
უკრაინისადმი იარაღის მიწოდების თაობაზე დასმულ კითხვას ბენიამინ ნეთანიაჰუ ასეთ კომენტარს უკეთებს: „ჩვენ გვაქვს შეშფოთების მიზეზი, რომ ჩვენგან უკრაინისადმი გადაცემული ყოველი სახის იარაღი შესაძლოა ირანის ხელში მოხვდეს და ჩვენს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. სხვათა შორის, ეს მხოლოდ თეორიული ვარაუდი არ არის. ასე ნამდვილად მოხდა დასავლურ იარაღთან დაკავშირებით – ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, რომელიც უკრაინამ დასავლეთისაგან მიიღო, დღეს უკვე ჩვენს საზღვრებთან ახლოს ვხედავთ… უკრაინას იარაღს ვერ მივაწვდით კიდევ იმიტომ , რომ რუსული თვითმფრინავები ჩვენთან ახლოს დაფრინავენ [იგულისხმება სირია].