“2024 წლის თებერვალში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.3 პროცენტი შეადგინა” – საქსტატი

26
spot_img

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: წინა თვესთან შედარებით ფასები შემცირდა 4.6 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-8.3 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-3.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.11 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა (-1.7 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-0.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.9 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ალკოჰოლურ სასმელებზე (3.3 პროცენტი);

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.4 პროცენტით, რაც 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (2.7 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (2.1 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (1.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საოჯახო საფეიქრო ნაწარმზე (-1.7 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით, რაც 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (1.2 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (0.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე”, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.