“2024 წლიდან, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახალ ფუნქციას შეითავსებს” – ლევან დავითაშვილი

228
spot_img

იგეგმება ბონდების გამოშვების თანადაფინანსება – 2024 წლიდან, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახალ ფუნქციას შეითავსებს და კომპანიებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში დაეხმარება. 2024 წლის განმავლობაში, დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც 150 მილიონამდე დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ საფონდო ბაზარზე ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, კერძო სექტორის, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, ასევე, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა ეკონომიკის ზრდის კუთხით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, კვლავ რჩება მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.

როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ მიმართული სტრუქტურული რეფორმების განხორციელება.

„გაგრძელდება კაპიტალის ბაზრის სტრუქტურული რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ბაზარზე ფასიანი ქაღალდების სახეობის, რაოდენობისა და ხელმისაწვდომობის ზრდას, აგრეთვე ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე ინვესტორთა ბაზის განვითარებას. იგეგმება ბონდების გამოშვების თანადაფინანსება – 2024 წლიდან, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახალ ფუნქციას შეითავსებს და კომპანიებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში დაეხმარება. 2024 წლის განმავლობაში, დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც 150 მილიონამდე დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ საფონდო ბაზარზე“, – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კიდევ ერთი სტრატეგიული მიმართულება საინვესტიციო ფონდების განვითარებაა. მისი თქმით, მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გააგრძელებს მუშაობას კერძო კაპიტალის ფონდების დასაფუძნებლად, სადაც სახელმწიფო ლიმიტირებული პარტნიორი იქნება.

„2024 წელს ასევე დაგეგმილია აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების პლატფორმის შექმნა, რაც კომპანიებს საშუალება მისცემს, საკუთარი აქტივები დამატებითი სასესხო რესურსის მოსაზიდად გამოიყენონ.

პარალელურად გაგრძელდება ბიზნესის მხარდამჭერი ტრადიციული პროექტების განხორციელება: მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 2024 წლის განმავლობაში, სქემით ისარგებლებს დამატებით 250 პროექტი, სადაც დაგეგმილია 200 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელება. ამასთან, სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს დაგეგმილია 400-ზე მეტი ახალი პროექტის მხარდაჭერა, რის შედეგადაც მოხდება 500 მილიონ ლარამდე სესხის და 700 მილიონ ლარამდე ინვესტიციის მობილიზება.

ამასთან, სააგენტო გააგრძელებს მუშაობას მიკრო და მცირე მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის და ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე, აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპების საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის მიზნით, მათ შორის გაგრძელდება თანადაფინანსების საგრანტო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 2024 წელს დაფინანსდება 40 სტარტაპი 150 000 ლარიანი გრანტით. ასევე, გაგრძელდება რეგიონული საგრანტო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება 40 მდე სტარტაპი 25 000 ლარიანი გრანტით.

500 Global-ის აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს 30 ადგილობრივი და საერთაშორისო სტარტაპი გაივლის ინტენსიურ სამთვიან აქსელერაციის კურსს. გაფართოვდება ტექნოპარკების ქსელი საქართველოში და აქტიურად გაგრძელდება ყველა ტექნოპარკში ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარებისა და განათლების ხელშემწყობი პროექტების განხორციელება. დაგეგმილია სენაკის და ქუთაისის ტექნოპარკის გახსნა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.