“2024 წელს საქართველოს მოქალაქემ უნდა შეცვალოს ხელისუფლება, კეთილდღეობა ყველას და არა ერთეულებს” – ლევან ხაბეიშვილი

16
spot_img

2012 წლიდან 2024 წლამდე ივანიშვილის პარტიამ ადამიანებს პროდუქტების ფასები გაუძვირა, ფაქტობრივად, ორნახევარჯერ, 2024 წელს საქართველოს მოქალაქემ უნდა შეცვალოს ხელისუფლება, კეთილდღეობა ყველას და არა ერთეულებს,- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა

„უმძიმეს რეალობაზე უნდა გესაუბროთ, რომელიც აქვს საქართველოს მოქალაქეს და ეს გამოისახება პროდუქტების გაზრდილ ფასებში. ყოველდღიურად ჩვენს მოქალაქეებს უწევთ გაძვირებული პროდუქტების შეძენა მარკეტებში, მაღაზიებში, ბაზრებში და ყოველდღიურად ადამიანი გრძნობს, თუ როგორ გაუძვირა ივანიშვილმა 12 წლისთავზე ცხოვრება. მე მიჭირავს ორი ქვითარი, რომელიც იყო 2012 წელს და რომელიც არის 2024 წელს. ძალიან მარტივად შემიძლია, დაგიდასტუროთ, თვალნათელი მაგალითები გითხრათ, როგორ გაძვირდა ცხოვრება ჩვენი თანამოქალაქისთვის. იგივე, მაგალითად, ზეთი, რომელიც ყველა ოჯახში არის, რათა მინიმალური პროდუქტების მომზადება შეძლოს ადამიანმა, ღირდა სამი ლარი და 10 თეთრი, ახლა ეს ზეთი ღირს 5 ლარი და 90 თეთრი. ძროხის ხორცი რომ ეყიდა ადამიანს, ამისთვის სჭირდებოდა 11 ლარი, დღეს ჭირდება 27 ლარი და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი, თვეები ისე გავა, რომ ხორცს ვერ აჭმევს თავის მცირეწლოვან შვილს. ზრდასრული ადამიანები კიდევ ითმენენ და თავის თავს არ ჩივიან, თუმცა შვილების გამოკვებას ვერ ახერხებენ ადამიანები. მე ვიცი საქართველოს მოქალაქე, რომელიც პურის ფქვილს ყიდულობს განვადებით და შემდეგ განვადებას იხდის, რომ სახლში თავისი ოჯახის წევრს პური გამოუცხოს. ამ ქვითარზე, სადაც პატარა კალათია გამოსახული – პური, კარტოფილი, ზეთი, კვერცხი, ძროხის ხორცი, ყველი, რძე, შაქარი, ხახვი – 2012 წელს თითო კილოგრამი რომ ეყიდა საქართველოს მოქალაქეს, დასჭირდებოდა 32 ლარი 80 თეთრი, დღეს იგივე კალათი რომ შეიძინოს მოქალაქემ, დასჭირდება 74 ლარი 45 თეთრი, ფაქტობრივად, ორნახევარჯერ უფრო მეტის გადახდა და ახლა ჰკითხეთ საქართველოს მოქალაქეს, როგორია, 30 ლარის კალათაში რომ იხდის 74 ლარს.

ცხადია, ეს არის კატასტროფა და უნდა გვესმოდეს ისიც, რომ 2024 წელი არის შესაძლებლობა, შევცვალოთ ეს დამოკიდებულება მოქალაქის მიმართ. უნდა ესმოდეს საქართველოს მოქალაქეს, რომ, მაგალითად, სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში იგივე პროდუქტი არის ბევრად იაფი, ვიდრე საქართველოში. შესაძლებელია, რომ საქართველოშიც იყოს იაფი, მით უმეტეს, სომხეთში ევროპული პროდუქციის დიდი ნაწილი ხვდება საქართველოს გავლით. ეს ყველაფერი 2024 წელს საქართველოს მოქალაქემ უნდა შეცვალოს, შეცვალოს ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც დაკავებულია მხოლოდ საკუთარი გამდიდრებით და არა ხალხზე ზრუნვით. კეთილდღეობა ყველას და არა ერთეულებს“, –  განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.