სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს გაცემულია 11 279 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.2 პროცენტით მეტია. საუბარია 9 379.2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდს 26.4 პროცენტით აღემატება.
საქსტატის ცნობით, ნებართვების 73.7 პროცენტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49.7 პროცენტი მოდის თბილისზე, 8.9 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.4 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე და 6.7 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 3 293.2 ათასი კვ.მ ფართობის ობიექტი. ობიექტების რაოდენობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.7 პროცენტითაა გაზრდილი. ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, 33.1 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 13.1 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.0 პროცენტი – კახეთის რეგიონზე და 8.5 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.