“2023 წელს საქართველოში პენსიას 838 ათასი ადამიანი, სოციალურ დახმარებას კი 182 ათასი მოქალაქე იღებდა” – საქსტატი

27
spot_img

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 838.1 ათასი შეადგინა, რომელთაგან 71.1 პროცენტი ქალია, ხოლო 28.9 პროცენტი – კაცი. აქედან, პენსიის მიმღებთა 30.3 პროცენტი თბილისშია, 15.8 პროცენტი – იმერეთში, 10.5 – პროცენტი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10.0 პროცენტი – ქვემო ქართლში, 8.7 პროცენტი – კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.8 პროცენტია.

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 181.9 ათასი შეადგინა, რომელთაგან 32.9 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 67.1 პროცენტი – კაცი.

სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 70.7 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 13.1 პროცენტს – ომის მონაწილეები, 11.7 პროცენტს – მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 4.4 პროცენტს – სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.1 პროცენტს – სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები.

სოციალური პაკეტის მიმღებთა 27.2 პროცენტი თბილისშია, 16.2 პროცენტი იმერეთში, 11.8 პროცენტი აჭარის არ-ში, 9.5 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 35.2 პროცენტია.

საქსტატის ცნობით, გასულ წელს, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 377.0 ათასი შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ – 122.9 ათასი. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია – 72.8 ათასი, საიდანაც დახმარების მიმღებია 31.9 ათასი.