2023 წელს საქართველოში 39 999 სოციალურად დაუცველი დასაქმდა – პრემიერის ანგარიში

18
spot_img

2023 წლის მდგომარეობით, საქართველოში 39 999 სოციალურად დაუცველი დასაქმდა – რაც შეეხება უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, 2023 წელს გერმანიაში 1193 მოქალაქე დასაქმდა, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 20 მაისამდე კი 424, – ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერის მოხსენებაშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმადვე, 2023 წლის მდგომარეობით დასაქმებულ სოციალურ დაუცველთაგან პროგრამას 7 078 პირი სხვადასხვა მიზეზით გამოეთიშა.

„2023 წლის მდგომარეობით, სულ დასაქმდა 39 999 სოციალურად დაუცველი, აქედან 32 921 პირს აქვს აქტიური ხელშეკრულება, ხოლო 7 078 პირი პროგრამას გამოეთიშა სხვადასხვა მიზეზით. 2023 წლის მდგომარეობით, ღია შრომის ბაზარზე დასაქმებულია 20 096 მოსარგებლე; მათ შორის, 2023 წელს დასაქმდა 11 124 პირი, მათ შორის, 317 შშ პირი. 2023 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით, საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება მოახდინა 2 386 პირმა. 22 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის ფარგლებში ჯამში მიმართვა განახორციელა 86 151 მოქალაქემ, მათ შორის, 14 757 პირმა 2023 წელს. 2024 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, სააგენტომ საზოგადოებრივ სამუშაოზე ჩართვის მიზნით, 29 417 სოციალურად დაუცველთან გააფორმა ხელშეკრულება“, – ნათქვამია მოხსენებაში.

ასევე, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ყოველდღიურად მიმდინარეობს გერმანიიდან შემოსულ ვაკანსიებზე შესაბამისი კანდიდატურების გადარჩევის პროცესი და წინასწარ (არსებული შერჩევის მეთოდოლოგიის საფუძველზე) შერჩეული კანდიდატების გერმანული მხარისთვის მიწოდება. ამასთან, მიმდინარეობს დიალოგი ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან (საბერძნეთი, ირლანდია, ავსტრია, პორტუგალია, ესპანეთი, ხორვატია, სლოვენია, კვიპროსი, უნგრეთი) საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების (ცირკულარული შრომითი მიგრაციის) შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით.

„2023 წლის 1-ელი მარტისთვის სამინისტროში შემოსული ანგარიშების საფუძველზე, საშუამავლო კომპანიების დახმარებით, 2022 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ დასაქმდა საქართველოს 255 მოქალაქე. რაც შეეხება განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების შემდგომ არსებულ მარეგულირებელ ნორმებს, 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა საშუამავლო კომპანიების სავალდებულო სერტიფიცირება. ამავდროულად, სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიები ანგარიშებს წარადგენენ წელიწადში ორჯერ. შესაბამისად, ამ მიმართულებით ოფიციალური მონაცემები შემდეგია: 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან 2024 წლის 20 მაისამდე პერიოდში საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატი გაიცა 13 საშუამავლო კომპანიაზე; 2024 წლის 1-ელი მარტისთვის ანგარიშვალდებული იყო 2 საშუამავლო კომპანია, რომელთა მიერაც, წარდგენილი ანგარიშების საფუძველზე, 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ამ კომპანიების დახმარებით, საზღვარგარეთ დასაქმდა საქართველოს 69 მოქალაქე“, – აღნიშნულია პრემიერის მოხსენებაში.

რაც შეეხება საქართველოში უცხოეთის მოქალაქეების დასაქმებას, მოხსენების თანახმად, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში უცხო ქვეყნის 1196 მოქალაქე დასაქმდა.

„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების ძალაში შესვლამდე მოქმედი მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად, სამინისტროში შემოსული ანგარიშების საფუძველზე, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში დასაქმდა 1196 უცხო ქვეყნის მოქალაქე; განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების შემდგომ, 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან 2024 წლის 20 მაისის ჩათვლით პერიოდში, ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში მოხდა საქართველოში დასაქმებული 25079 უცხო ქვეყნის მოქალაქის რეგისტრაცია“, – ნათქვამია მოხსენებაში.

რაც შეეხება ზოგადად დასაქმების სტატისტიკას, პრემიერის მოხსენების თანახმად, „2023 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა აისახა შრომის ბაზრის პოზიტიურ ტენდენციებზე“.

„2023 წელს ასევე დაფიქსირდა დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა და უმუშევრობის მინიმალური მაჩვენებელი. დასაქმებულთა რაოდენობა 51 ათასით გაიზარდა და მილიონ 335 ათასი შეადგინა. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 50 ათასით, რაც პროდუქტიულ დასაქმებაზე მიანიშნებს. უმუშევრობის დონე 2023 წელს შემცირდა 0.9 პროცენტული პუნქტით და 16.4%-ით განისაზღვრა. 2024 წლის პირველ კვარტალში, გაგრძელდა უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების მზარდი დინამიკა და უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. 2024 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე, წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით, შთამბეჭდავად − 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.0 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 130 ათასით გაიზარდა და ასევე რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი მილიონ 402 ათასი შეადგინა. დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ჯანსაღ ტენდენციებსა და სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს“, – ნათქვამია მოხსენებაში.

პრემიერის მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოიცავს 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდს.