„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 278.8 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 599.4 ათასი ერთეული შეადგინა.
მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 6.2 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 17.5 პროცენტით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
„2023 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 693.2 ათასით განისაზღვრა, რაც 8.1 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2023 წელს ვიზიტორების 36.6 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 54.5 პროცენტს შეადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 34.6 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 16.9 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 9.6 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.
2023 წელს ვიზიტების უმრავლესობა (47.2 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
საანგარიშო პერიოდში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 368.2 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 342.6 ათასი ვიზიტი თვეში).
2023 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 278.0 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 12.0 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირებულია 4.7 პროცენტით და 173.8 ლარს უტოლდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.