“2-3 კვირაა სამართალდამცველების მანქანები დამდევენ მუდმივად”- გიორგი ბაჩიაშვილი

290
spot_img

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ბრალდებულის, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

საქართველოს პროკურატურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ბაჩიაშვილისთვის 3 მილიონ ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

მანამდე, თავად ბრალდებულმა, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბოლო 2-3 კვირაა, მას სამართალდამცავები დაბურულმინებიანი მანქანებით უთვალთვალებენ.

„მინდა განვაცხადო, რომ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ჩემს მანქანას სამართალდამცველების მანქანები დაჰყვებიან. დამდევენ მანქანები. 6-7 მანქანა. ყოველ დღე იცვლებიან. 2-2, 3-3 დადიან, მუდმივად. არ ვიცი ეს რამდენად კანონიერია. მითვალთვალებენ. ჩაბურული მინებით არიან. ამის დაფიქსირება მინდა”, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა  სასამართლო სხდომაზე.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალდება წარუდგინა.

საუბარია, 2017 წელს განხორციელებულ ქმედებაზე. კერძოდ, საგამოძიებო უწყების ცნობით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.