17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეიზღუდება

28
spot_img

დედაქალაქში 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსვლელობა ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან 12:00 საათზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით გაგრძელდება, რა დროსაც მიმდევრობით ჩაიკეტება რუსთაველის გამზირის ნაწილი, კერძოდ, გია ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული საგზაო მონაკვეთი, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი.

„რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება თარხნიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით; მძღოლები მელიქიშვილის გამზირისა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვის, ზანდუკელისა და შანიძის ქუჩების გამოყენებით; მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და შემდეგ ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით.

რაც შეეხება თავისუფლების მოედანს, დროის აღნიშნულ მონაკვეთში გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას შეძლებენ ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან, ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; გადაადგილება შეიზღუდება ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებზეც. მძღოლები რუსთაველის გამზირზე მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

ბარათაშვილის ქუჩის ჩაკეტვის დროს, ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები მშრალი ხიდის გავლით, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩასა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს დაუკავშირდებიან; მსვლელობის მონაწილეების ავლაბრის მოედანზე გადანაცვლების პერიოდში, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ავტომობილები იმოძრავებენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების, ასევე, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ხიდს, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, შემდგომ იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებს და ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოძრავებენ.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რუსთაველის გამზირზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ჭანტურიას ქუჩიდან გადაინაცვლებენ ვირსალაძის ქუჩაზე, გაივლიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებულ პანდუსზე მოუხვევენ, საიდანაც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩით თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ; თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამაღლების ქუჩის N11-თან გაჩერდება და მგზავრებს უკუმიმართულებითაც აღნიშნული მისამართიდან მოემსახურება; ავლაბრის მოედნისკენ მოძრავი ტრანსპორტი კი, გადაადგილდება მხოლოდ ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კაჩინსკის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით დაუკავშირდება ბოჭორმის ქუჩას, მეტროსადგურ „300 არაგველთან“ მდებარე წინანდლის ქუჩით გადაინაცვლებს ქეთევან დედოფლის გამზირზე და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.