გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, შეძენილია 150-ზე მეტი მონიტორინგის სადგური, რომლის ნაწილი უკვე დამონტაჟებულია და პროცესი მიმდინარეობს. ასევე, მინისტრის თქმით, შეძენილია თანამედროვე ორი რადარი, მომზადებულია რუკები, რომელიც ასახავს საფრთხეებს. აღნიშნულის შესახებ ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც შეეხება ზოგადად წინასწარი შეტყობინების სისტემას, ბოლო პერიოდია, სამწუხარო მოვლენების შემდეგ, რაც შოვში დატრიალდა, ძალიან ბევრჯერ ვისმენთ, რომ ამ საკითხში ზოგი კარგად გარკვეული და არა გარკვეულიც საუბრობს – ადრეული გაფრთხილების სისტემა, როგორი მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ამას სპეციალისტები გაცილებით კარგად ახსნიან, მაგრამ მინდა მოკლედ ავხსნა, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემა ეს არ არის რაღაც ერთი მოწყობილობა ან თუნდაც ერთის სენსორი, რომელიც სადღაც იქნება დამონტაჟებული და ეს, რაღაც ინფორმაციას მოგვცემს. ეს არის ღონისძიებების მთლიანი კომპლექსი, რომელიც შედგება თვითონ მონიტორინგის მოწყობილობებისგან, მაგალითად, როგორიც არის მეტეოსადგური, რადარი, წყალმზომი და ა.შ. რომელიც ჩვენ გვაძლევს ინფორმაციას, ხდება ამ ინფორმაციის ანალიტიკა, შემდგომ ამ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შესაბამის მონაცემებს და პროგნოზს ვავრცელებთ და შესაბამის სამსახურებს ინფორმაციას ვაწვდით. გვესმის საუბარი, რომ ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა, დონორებმა თანხა გამოყვეს, ეს თანხა სად წავიდა და ა.შ. დიახ, „მწვანე კლიმატის ფონდის“ მიერ იქნა თანხა გამოყოფილი და 2018 წლიდან ამ მიმართულებით გაეროს განვითარების ფონდი არის ერთ-ერთი პროექტის განმახორციელებელი. ეს მათი დისკრედიტაციაა და ამ საკითხებზე ასე საუბარი არაფრით შეიძლება. მათ ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ ჩვენ ამ თემებზე. 150-ზე მეტი მონიტორინგის სადგური იქნა შეძენილი, მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური, რომლის ნაწილი უკვე დამონტაჟებულია და ეს პროცესი მიმდინარეობს. ასევე 2 თანამედროვე რადარი შევისყიდეთ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში, ერთი დასავლეთში, მეორე აღმოსავლეთში. გარდა ამისა, მომზადებულია რუკები, რომელიც ასახავს საფრთხეებს და წლის ბოლოს, ყველა მიმართულებით იქნება მომზადებული სხვადასხვა სტიქიური მოვლენების მიხედვით, ეს იქნება მეწყერი, წყალდიდობა, თუ ა.შ. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იმისთვის, რომ იდენტიფიცირებული გვქონდეს ის ადგილები, სადაც შესაძლებელია მოსალოდნელი რაიმე მოვლენები განვითარდეს“-განაცხადა შამუგიამ.
ამასთან, მან ისაუბრა თბილისში, 29 აგვისტოს მოსულ ძლიერ ნალექზე.
„წინა დღეს, გარემოს დაცვის სააგენტომ გაავრცელა პროგნოზი, რომ მოსალოდნელი იყო უხვი ნალექი. დღეს გავრცელდა უკვე დეტალები, ნალექის შესახებ, ამ საკითხზე მერმაც ისაუბრა გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ თბილისის ზოგიერთ უბანში მოკლე დროში მოვიდა, ძალიან დიდი, დაახლოებით 113 მმ-ის ოდენობის ნალექი, რაც ორჯერ აღემატებოდა იგივე 2015 წლის 13 ივნისს მოსული ნალექის რაოდენობას. ეს,ზოგიერთ უბანში მეტი, ზოგიერთ უბანში ნაკლები იყო, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ დიდი ნალექი მოვიდა. რაც შეეხება თვითონ ღონისძიებებს, ამაზე მერმა დეტალურად ისაუბრა და ვფიქრობ, რომ საკმაოდ აქტიურად და სწრაფად შეძლეს შესაბამისმა სამსახურებმა სათანადო ღონისძიებების გატარება იმისთვის, რომ ასეთი უხვი ნალექის შემთხვევაში ყველაფერი მაქსიმალურად გაკეთებულიყო იმისათვის, რომ გადაადგილება არ ყოფილიყო შეზღუდული და მაქსიმალურად დავხმარებოდით მოსახლეობას. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მათ ამისთვის მადლობა გადავუხადო“-განაცხადა შამუგიამ.