13 მაისიდან პარლამენტში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ტელევიზიების ჟურნალისტები

7
spot_img

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 13 მაისიდან საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

რაც შეეხება მედიას, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები, არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან.

შესაბამისად, სხვა მედიებს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე განხილვის პირობებშიც, სხვა მედიასაშუალებებს შენობაში მუშაობის საშუალება არ ექნებათ.

პარლამენტი არ აკონკრეტებს, რა ვადებში იმოქმედებს შესაბამისი ზომა.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 13 მაისიდან მის მოხსნამდე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, – ნათქვამია განცხადებაში.