11 თვეში საქართველოში 5.6 მილიონი $-ის პიროტექნიკა შემოვიდა

64
spot_img

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში 5.6 მილიონი დოლარის ღირებულების პიროტექნიკის (ფოიერვერკი, სასიგნალო შუშხუნა, წვიმის რაკეტა და პიროტექნიკის სხვა ნაწარმი) იმპორტი განხორციელდა.

ამავე მონაცემების თანახმად, 11 თვეში საქართველოში 616,4 ტონა პიროტექნიკა შემოვიდა, 2022 წლის 11 თვეში კი 777.1 ტონა.

რაც შეეხება ფინანსურ რესურსს, 2022 წელს ქვეყანას ერთი ტონა პიროტექნიკის შესყიდვა 7 484 დოლარი დაუჯდა, წელს კი 9 112 დოლარი.

სტატისტიკა წლების მიხედვით კი ასე გამოიყურება:

2022 წელი [დეკემბრამდე] – 5 მლნ 816 ათასი აშშ დოლარი
2021 წელი – 1 მლნ 844 ათასი აშშ დოლარი
2020 წელი – 3 მლნ 554 ათასი აშშ დოლარი
2019 წელი – 6 მლნ 305 ათასი აშშ დოლარი
2018 წელი – 4 მლნ 383 ათასი აშშ დოლარი
2017 წელი – 4 მლნ 021 ათასი აშშ დოლარი
სტატისტიკაზე საუბრისას აღსანიშნავია, რომ სასურსათო პროდუქტებთან ერთად, გასული წლების მსგავსად, მნიშვნელოვნად იზრდება მოთხოვნა პიროტექნიკაზე, თუმცა, მიუხედავად სპეციალისტების არაერთი მოწოდებისა თუ გაფრთხილებისა, არ მიჰყიდონ პიროტექნიკა ბავშვებს, მისგან გამოწვეული ზიანი, განსაკურებით კი არასრულწლოვნებში, ყოველწლიურად მაინც სულ უფრო მასშტაბური ხდება.

ინფორმაციისთვის უნდა ითქვას, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით, პიროტექნიკის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა დასჯადია: ის, ვინც არასრულწლოვანს პიროტექნიკას მიჰყიდის 100 [ფიზიკური პირის შემთხვევაში] ან 200 ლარით [იურიდიული პირის შემთხვევაში] ჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა ორმაგდება.

თუმცა, მიუხედავად კანონით გაწერილი ჯარიმებისა, ნათელია, რომ კანონი მხოლოდ ფურცელზე რჩება, რაკიღა თბილისის ქუჩებში და არამხოლოდ, მოზარდებზე პიროტექნიკის მიყიდვა კვლავ ხელმისაწვდომი და მარტივია.