Home Blog Page 772

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ოზურგეთში – სრულად

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„მოგესალმებით მეგობრებო, თანამებრძოლებო

მივესალმები ულამაზეს გურიაში მცხოვრებ მაგარ ხალხს.

მიხარია, რომ ჩვენი საამაყო გურულები ისევე არიან მოტივირებული გასამარჯვებლად, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს და მჯერა 26 ოქტომბერს გურია და ბრძენი გურულები სწორ არჩევანს გააკეთებენ და პირველ რიგში აირჩევენ მშვიდობას!

ვინ თუ არა გურულებმა იცით მშვიდობის ფასი და მშვიდობის განსაკუთრებული მნიშვნელობა. 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვება სწორედ მშვიდობის გამარჯვება იყო, ვინაიდან სწორედ 1 ოქტომბერს ჩაეყარა საფუძველი ჩვენს ქვეყანაში იშვიათ, ხანგრძლივ და უწყვეტ მშვიდობიან პერიოდს. სწორედ ჩვენი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება საქართველოში, ამიტომ დამსახურებულად უწოდებს ჩვენი ხალხი მას მშვიდობისმყოფელს, მშვიდობის მომტანს, ხოლო ჩვენს პარტიას – „ქართულ ოცნებას“, მშვიდობის პარტიას. გურულებს არ გეშლებათ თეთრის და შავის გარჩევა, მშვიდობის პარტიის და ომის პარტიის ამოცნობა, კარგად იცით ვინ არის ომის პარტია და ვინ არის მშვიდობის პარტია, ვინ არის ომის მომტანი, ომის და ქაოსის, ომის და უბედურების, ნგრევის და განადგურების პარტია, ჩაგვრის, უსამართლობის და სიკვდილის პარტია და ვინ არის მშვიდობის, თავისუფლების, სტაბილურობის, განვითარების, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მომტანი, მრავალი კეთილდღეობის და ყველა მიმართულებით განვითარების მომტანი პარტია.

ჩვენი ხალხი კარგად ხედავს მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობას, 26 ოქტომბერს ან ავირჩევთ მშვიდობას, ქვეყნის წინსვლას და განვითარებას, ღირსეულ ევროპულ მომავალს ან ავირჩევთ ომის პარტიას, რომელიც გარანტირებულად, აუცილებლად მოიტანს ომს, ქაოსს, სიკვდილს და უბედურებას. დღეს ეს ბოროტი ძალა, იგივე „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ – ომის პარტია, თავისი სატელიტური პარტიებითა და ენჯეოებით, აგენტურით განაწილებულნი არიან სხვადასხვა ფრონტზე, ხალხს ატყუებენ, თითქოს ისინი სხვადასხვა ძალას წარმოადგენენ და თითქოს მათი სურვილია ეგრეთ წოდებული კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება… ახლა კითხვა დავსვათ: ვინ არის დღეს მთავარი ოპოზიციური პარტია? სამწუხაროდ ისევ იგივე ბოროტი ძალა – ომის პარტია, რომელმაც ათასი უბედურება მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ომი, ოკუპაცია, ტერიტორიების დაკარგვა, გაჩუქება, გადაცემა, ათასი უბედურება ჩვენს ხალხს მოუტანა. ხოლო ყველა სხვა დანარჩენი მათი თანამოაზრე, მათი მოკავშირე მათ მიერ შექმნილი, ხელოვნურად გაყოფილი პარტია, თუ ახლად შექმნილი გაერთიანებები და კოალიციები იბრძვიან მხოლოდ 5-იანი ბარიერის გადასალახად, რათა შემდეგ ისევ ამ ბოროტ ძალასთან ერთად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მათ მთავარ დედა პარტიასთან ერთად შექმნა კოალიცია. შესაბამისად ჩვენი ბრძენი ხალხი კარგად ხვდება, რომ ეს არის ტყუილია! კოალიციის შექმნის დაპირებით ატყუებენ ხალხს და ეუბნებიან, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოსწონთ ხმა მისცენ ნებისმიერ სხვა პარტიას და ვინ არიან ეს სხვა პარტიები? ეს სხვა პარტიები აცხადებენ, რომ კოალიცია უნდა შექმნან ისევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, შესაბამისად ეს ხომ ხაფანგია! ესეც ხომ ტყუილია. არავითარი სხვა ალტერნატივა, უკეთესი ოპოზიციური პარტია არ არსებობს დღეს საქართველოში, რომელია სხვა პარტია, რომელიც არ შეუერთდება სააკაშვილის პარტიას და ომის კოალიციას, ომის კოალიციურ მთავრობას, რომელი? სისხლიანი პროკურორი გვარამიას და ზონდერი მელიას ახალი პარტია და მასში შემავალი ლუზერების პარტიები თუ სააკაშვილის რეკეტიორი და ბიზნესის მოროდიორი ხაზარაძის პარტია ლელო და მის მიერ ახლახან ნაყიდი 1%-იანი პარტიები თუ მოღალატე გახარიას პარტია თუ რომელი? ვინ არის მათი ლიდერი ვისაც ხალხი უნდა გაყვეს? ვინ არის ჩვენი ლიდერის – ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი პარტიის „ქართული ოცნების“ ალტერნატივა? ალტერნატივა არ არსებობს! ან ავირჩევთ ომს ან ავირჩევთ მშვიდობას! სხვა ალტერნატივა არ არსებობს! და გაუცნობიერებული, რაღაც უკეთესის, ან რაღაც აბსტრაქტული, კოალიციური მთავრობის და ზოგადად, უკეთესის ძიებაში გარანტირებულად მივიღებთ უარესს! მეგობრებო, არ არსებობს იდეალური მმართველი ძალა, არ არსებობს იდეალური პარტია, არ არსებობს იდეალური მთავრობა, მაგრამ დღეს, არ არსებობს „ქართულ ოცნებაზე“ უკეთესი ალტერნატივა!

დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენმა – ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თუ ვის უნდა ანდოს ქვეყნის მართვა – მას ვინც 12 წლის მანძილზე საქმით და შედეგით დაამტკიცა, რომ არის მშვიდობის და თავისუფლების მომტანი, სტაბილურობის, განვითარების და ევროპული მომავლის გარანტი თუ იმ ბოროტ ძალას ვინც ასევე საქმით და შედეგით დაამტკიცა, რომ არის ომის, ჩაგვრის, ქაოსის, შიშის და ტერორის, ნგრევის და უბედურების მომტანი?

მე მჯერა, რომ ჩვენი ბრძენი ხალხი გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს და ხმას მისცემს ჩვენი ქვეყნის გადარჩენას, აირჩევს მშვიდობას, თავისუფლებას, სტაბილურობას, წინსვლას, განვითარებას, ღირსეულ ევროპულ მომავალს! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს სიმართლე! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს მშვიდობა! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს თავისუფალი საქართველო და გაიმარჯვებს პარტია „ქართული ოცნება“! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინის მხრიდან კურსკის ოლქზე თავდასხმის გამო ტერიტორიების გაცვლა არ მოხდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „რაშა თუდეისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ კურსკის ოლქზე უკრაინის თავდასხმის გამო ტერიტორიების გაცვლა არ მოხდება.

ლავროვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღიარებს, რომ ტყვეები აჰყავს და მიწების დაკავება შემდგომი მოლაპარაკებებისთვის სურს.

„ძალიან რთულია იმის განსჯა, თუ რა მიზანი და ჩანაფიქრი ჰქონდათ უკრაინელებს. მაგრამ ახლა პოლიტოლოგები ამას განიხილავენ. თვით ზელენსკიმაც კი თქვა- მას ხანდახან ფროიდისეული აღიარებები წამოსცდება ხოლმე – რომ ეს მათ შემდგომი გაცვლებისთვის დასჭირდებათ. ამიტომ თურმე ტყვეებიც აჰყავთ და კვადრატული კილომეტრების დაკავებაც სურთ. ეს ისე გულუბრყვილოდ და მიამიტურად ჟღერს. ჩვენი ტერიტორიის საკითხს არავისთან არ განვიხილავთ. ჩვენს ტერიტორიებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ“, – აღნიშნა ლავროვმა.

,,სამწუხაროდ, ფაშისტურმა ბულინგმა „სირცხვილიაზე“ გაიმარჯვა, ვერ ვიხსენით”- მამუკა მდინარაძე 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება „სირცხვილიას“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მოძრაობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღარ დარეგისტრირდება.

„სამწუხაროდ, ფაშისტურმა ბულინგმა „სირცხვილიაზე“ გაიმარჯვა, ვერ ვიხსენით, აღარ რეგისტრირდებიანო“, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილიამ“ 30 აგვისტოს გაავრცელა ვიდეორგოლი, სადაც ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდებოდნენ. ვიდეორგოლი ორგანიზაციის ფეისბუქგვერდზე აღარ იძებნება. დღეს კი „სირცხვილიამ“ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს და მუშაობას ახალი ხელმძღვანელით განაგრძობს.

აშშ-მა F16-ის ტექნიკური მომსახურებისთვის უკრაინაში სპეციალისტების გაგზავნაზე უარი განაცხადა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ F16-ის და სხვა დასავლური ტექნიკის ტექნიკური მომსახურებისთვის უკრაინაში სპეციალისტების გაგზავნაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ The Wall Street Journal იუწყება.

მანამდე უკრაინაში ამერიკელი სპეციალისტების გაგზავნის საკითხი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში განიხილებოდა, მაგრამ ამერიკულმა დაზვერვამ ეს იდეა უარყო „უსაფრთხოების პრობლემების გამო“.

„დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ყველანაირად შეეცდება უკრაინაში მყოფი ამერიკული პერსონალის განადგურებას“ – განუცხადა The Wall Street Journal-ს ერთ-ერთმა ამერიკელმა ჩინოვნიკმა.

ბაიდენის ადმინისტრაცია არ გამორიცხავდა, რომ მომავალში თვითმფრინავების და სხვა ტექნიკის ტექნიკური მომსახურებისთვის პერსონალი უკრაინაში გაგზავნის საკითხი დადებითად გადაწყდეს.

სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ დასავლური თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება უკრაინის დასაცავად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია და ამ მისიის შესრულება კიევის ევროპელ მოკავშირეებს შეუძლიათ. როგორც ჰოლანდიის სამხედრო მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, ნიდერლანდების მთავრობა აანაზღაურებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და სამოქალაქო კომპანიას შორის გაფორმებულ კონტრაქტს, რომელიც თვითმფრინავების მომსახურებას ითვალისწინებს.

„სირცხვილია“ აცხადებს, რომ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს და მუშაობას ახალი ხელმძღვანელით განაგრძობს

მოძრაობა „სირცხვილია“ აცხადებს, რომ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს. ამის შესახებ მოძრაობამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„გვესმის და ვიღებთ საზოგადოების რეაქციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეებისა და თანამოაზრეების კრიტიკა. ძალიან ვწუხვართ, რომ სათანადოდ ვერ შევაფასეთ ის შედეგები, რაც ჩვენს გადაწყვეტილებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მიგვაჩნია, რომ ჩვენი განცხადების დროც, ფორმაცა და შინაარსიც იყო შეცდომა და შესაძლებელი იყო რისკების უკეთ გათვლა და პრევენცია.

ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მიზანს, რომ არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობის გასაზრდელად დაგეგმილი კამპანიები ჩაგვეტარებინა, რათა ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილებისთვის შეგვეწყო ხელი, თუმცა, გამოხმაურებებზე დაყრდნობით ვიაზრებთ, რომ თანამოაზრეებშიც კი ნიჰილიზმისა და იმედგაცრუების დათესვას შევუწყვეთ ხელი, რაც ცხადია, საერთო მიზანს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში აზიანებს.

ჩვენი გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველი იყო ის, რომ ფუნდამენტურად არასწორად მიგვაჩნდა ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნოდ ჯარიმების გადახდა, ახლაც იმავე აზრზე ვართ. ამიტომ, დაჯარიმების შემთხვევაში, “სირცხვილია” არ აპირებს ჯარიმების გადახდას.

გიორგი მჟავანაძე ტოვებს დირექტორის თანამდებობას და მუშაობას ახალი ხელმძღვანელობით ვაგრძელებთ. მადლობა თანამოაზრეებს გულწრფელი კრიტიკისა და რჩევებისთვის“, – წერს მოძრაობა „სირცხვილია“ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილიამ“ გუშინ გაავრცელა ვიდეორგოლი, სადაც ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდებოდნენ. დღეს ვიდეორგოლი ორგანიზაციის ფეისბუქგვერდზე არ იძებნება.

https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fshamemovement%2Fposts%2Fpfbid0TpgMcMMxcxxspwiMakwfhkcwfYd3MtM1KtXMFVBi871KyujiJxSNCoBh9VkKC3iGl&show_text=true&width=500

იმაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს, “სირცხვილია” რომ გაჯობებს კანონის წაკითხვაში – გურამ მაჭარაშვილი

“სირცხვილიამ”, ამ დარეგისტრირებით, პრაქტიკულად, დაასრულა საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც, რა თქმა უნდა, წაგებისთვის იყო განწირული,” – ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი მოძრაობა “სირცხვილიას” გადაწყვეტილებას “უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში” რეგისტრირების შესახებ.

“არ ყოფილა მტკივნეული დარეგისტრირება – ამას ვამბობდით წელიწადზე მეტია, რომ აბსოლუტურად უმტკივნეულოდ დარეგისტრირდები და გააგრძელებ საქმიანობას. “სირცხვილიამაც” კი, რომელიც ყველაზე რადიკალური ფრთაა, წაიკითხა კანონი და ნახა, რომ აბსოლუტურად უმტკივნეულოა დარეგისტრირება.

იმაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს, “სირცხვილია” რომ გაჯობებს კანონის წაკითხვაში. გამჭვირვალობის წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა, გამჭვირვალობა და სინათლე ყოველთვის იმარჯვებს სიბნელესა და შავ ფულზე. “სირცხვილიამ”, ამ დარეგისტრირებით, პრაქტიკულად, დაასრულა საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც, რა თქმა უნდა, წაგებისთვის იყო განწირული,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი

,,2019 წლის შემდეგ, ეტაპობრივად, 80%-ით გაიზარდა მეშახტეების ხელფასი, გადაიარაღდა შახტები, გაუმჯობესდა შრომის უსაფრთხოება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პროცესი ასე გაგრძელდეს” -პრემიერი

ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია ტყიბული და მეშახტე. ტყიბული იწოდება მეშახტეების ქალაქად და ყველას მინდა, მოგილოცოთ „მეშახტის დღე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტყიბულში, მეშახტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2019 წლის შემდეგ, ეტაპობრივად,  80%-ით გაიზარდა მეშახტეების ხელფასი, გადაიარაღდა შახტები, გაუმჯობესდა შრომის უსაფრთხოება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პროცესი ასე გაგრძელდეს, რაზეც საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას.

„მინდა, მოგილოცოთ, ყველას, „მეშახტის დღე”. ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია ტყიბული და მეშახტე. ტყიბული იწოდება მეშახტეების ქალაქად და ყველას მინდა, მოგილოცოთ „მეშახტის დღე”. მეშახტის შრომა არის გამორჩეულად რთული შრომა, თუმცა ასევე გამორჩეულად საამაყო. განსაკუთრებული პატივისცემა მინდა, გამოვხატო თითოეული მეშახტის მიმართ. მე მახსოვს, 2017-2018 წლებში, იყო ჯერ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა, რაც დაკავშირებული იყო მეშახტის შრომასთან. იყო პრობლემები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შახტების გადაიარაღებასთან, შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და მიხარია, რომ 2019 წლის შემდეგ, ეტაპობრივად, ეს პრობლემები გადაჭრის გზაზეა. 80%-ით გაიზარდა მას შემდეგ მეშახტეების ხელფასი, გადაიარაღდა შახტები, გაუმჯობესდა შრომის უსაფრთხოება და, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პროცესი ასე გაგრძელდეს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ გაგრძელდება შახტების განვითარება, რაც რა თქმა უნდა, აისახება ტყიბულელებზე, მათ დასაქმებაზე, შრომის ანაზღაურებაზე და ამაზე, ჩვენ, საქართველოს მთავრობა ვიღებთ პასუხისმგებლობას. ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი იმაზე, რომ ტყიბულს არ მოვაკლოთ მზრუნველობა, ყურადღება და გარწმუნებთ, რომ შემდეგი წლების განმავლობაშიც განვაგრძობთ აუცილებლად ტყიბულზე ზრუნვას. კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ “ტყიბულქალაქობა” და “მეშახტის დღე”,”- განაცხადა პრემიერმა.

,,დღეს ტყიბული ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე იყო 10, 20 და 30 წლის წინ, ის პროექტი, რომელიც განხორციელდა ტყიბულში, ურბანული განახლების პროექტის სახით, არის მართლა გამორჩეული მთელი ქვეყნის მასშტაბით”- პრემიერი 

ტყიბული არის მართლაც გამორჩეული ქალაქი ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნისთვის და პირველ რიგში, გამორჩეულია თავისი არაჩვეულებრივი ტყიბულელებით, გამორჩეულად ღირსეული, თბილი, მშრომელი და პატრიოტი ადამიანებით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტყიბულქალაქობისა და მეშახტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის პროექტი, რომელიც განხორციელდა ტყიბულში, ურბანული განახლების პროექტის სახით, არის მართლა გამორჩეული მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„გილოცავთ ყველას ტყიბულქალაქობას, ამ უმშვენიერესი, ულამაზესი ქალაქის დღეს. ტყიბული არის მართლაც გამორჩეული ქალაქი ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნისთვის და პირველ რიგში, გამორჩეულია თავისი არაჩვეულებრივი ტყიბულელებით, გამორჩეულად ღირსეული, თბილი, მშრომელი და პატრიოტი ადამიანებით. კიდევ ერთხელ მინდა თქვენ მოგესალმოთ და მოგილოცოთ თქვენი ქალაქის დღე. 

როგორც მოგეხსენებათ, მე რაჭველი ვარ და ისევე, როგორც ყველა რაჭველისთვის, ჩემთვისაც ტყიბული არის გამორჩეულად ახლობელი ქალაქი. დაახლოებით 30 წელია, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, თითქმის ყოველ წელს მიწევს ტყიბულში ჩამოსვლა და ჩემს თვალწინ გაიარა ტყიბულის განვითარებამ, ისტორიამ მთელი ამ 30 წლის განმავლობაში. მე მახსოვს 90-იანი წლები, ურთულესი წლები ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ამ ქალაქისთვის. ყველას გვახსოვს, რომ განსაკუთრებულად აისახა კონკრეტული მოვლენები ტყიბულის განვითარებაზე 90-იან წლებში და შემდეგი 10 წელიც გვახსოვს, როდესაც ნაკლები ყურადღება ექცეოდა ამ ქალაქს. დღეს ეს ქალაქი,  ტყიბული არის  ბევრად უფრო განვითარებული, ვიდრე იყო 10, 20 და 30 წლის წინ. ის პროექტი, რომელიც განხორციელდა ტყიბულში, ურბანული განახლების პროექტის სახით, არის მართლა გამორჩეული მთელი ქვეყნის მასშტაბით და ქალაქს უბრალოდ ვერ იცნობთ, ამაში ალბათ ყველა დამეთანხმებით. ტყიბული დღეს არის გამორჩეულად ლამაზი და ამაში განსაკუთრებული წვლილი იმ პროექტმა შეიტანა, რომელიც განხორციელდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ. ყველას მინდა მოგილოცოთ განახლებული ტყიბული. ასევე, როგორც რაჭველმა არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ არაჩვეულებრივი სანახაობაა ნაქერალადან დანახული ტყიბული, ულამაზესი ლანდშაფტი, რომელიც ახასიათებს ამ ქალაქს”, –  განაცხადა პრემიერმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) დღეს 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს აირჩევს

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) დღეს 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს აირჩევს.

როგორც დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ნათია იოსელიანმა განაცხადა, 73-ივე საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრების ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი ცესკომ 27 აგვისტოს გამოაცხადა. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილი იყო. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ საბუთები მატერიალური სახით წარმოედგინათ ცესკოში 28-29 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით, ან საკონკურსო დოკუმენტაცია წარედგინათ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (konkursi.cec.gov.ge) საშუალებით. აღსანიშნავია, რომ კონკურსანტთა უმრავლესობამ ისარგებლა ცესკოს ამ სერვისით და რეგისტრაციისთვის სწორედ ელექტრონული პლატფორმა გამოიყენა.

ცესკოს მიერ გამოცხადებულ 219 ვაკანტურ ადგილზე სულ 264 განაცხადი დარეგისტრირდა, მათგან ერთმა კონკურსანტმა ვერ გამოასწორა ხარვეზი და შესაბამისად კონკურსში მონაწილეობას იღებს 263 პირი.

41 საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 ვაკანტურ ადგილზე შემოვიდა სულ 3-3 განაცხადი;

23 საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 ვაკანტურ ადგილზე შემოვიდა 4-4 განაცხადი;

7  საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 ვაკანტურ ადგილზე შემოვიდა 5-5 განაცხადი;

2 საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 ვაკანტურ ადგილზე შემოვიდა 7-7 განაცხადი;

კანდიდატების შერჩევის პროცესში მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამჯერადაც შესთავაზა კონკურსანტებს გასაუბრება და ამ პროცესის ლაივ რეჟიმში გადაცემა. 263 კონკურსანტიდან გასაუბრებაზე თანხმობა განაცხადა 135-მა კონკურსანტმა, მათგან 71-მა კი ასევე განაცხადა თანხმობა ცესკოს სოციალური ქსელის მეშვეობით გასაუბრების ლაივ რეჟიმში გადაცემაზე.

კონკურსანტებთან გასაუბრება 30 აგვისტოს დილის 10:30 საათიდან 21:30 საათამდე მიმდინარეობდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს საშუალება ჰქონდათ კონკურსანტებს გასაუბრებოდნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ. ამ შესაძლებლობით ცესკოს 13-მა წევრმა ისარგებლა. ასევე ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა ლაივ რეჟიმში ენახა იმ კონკურსანტებთან გასაუბრების პროცესი, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს ლაივში ჩართვაზე.

საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის შედეგების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაცია ცესკოს სხდომის დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი.

,,არავის ავიწყდება არაფერი, ამიტომ ოპოზიცია წააგებს არჩევნებს „მეათასეჯერ” – მაია ბითაძე

ჩვენი, „ქართული ოცნების“ შექმნილ ევროინტეგრაციის გზას ისე იბრალებთ, თითი თითზე არ გაქვთ დადებული ამ გზაზე და იმის გამო, რომ მიღებული თანხები არ გაგესაჯაროებინათ მეგობარი მეგობარს გადაკიდეთ, „ვიღაც უცხოელს“ სამშობლო ალანძღვინეთ, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე „მთის ამბების“ რედაქტორის გელა მთივლიშვილის ძველ და ახალ განცხადებებს, სადაც წარსულში ის ამბობს, რომ „გამჭვირვალობის კანონის” საჭიროება არ არსებობს, ახლა კი ამბობს, რომ არ ასაჯაროებს შემომწირველთა ვინაობას და მათი შენატანების მოცულობას, რადგან იმ პირობით სწირავდნენ ეს ადამიანები თანხას, რომ მათი ვინაობა არ გამჟღავნდებოდა.

ბითაძის თქმით, არავის ავიწყდება არაფერი, ამიტომ ოპოზიცია წააგებს არჩევნებს „მეათასეჯერ” და ვინმეს მაინც ცოტა თუ დაავიწყდება, ყოველთვის არსებობს სამარცხვინო მედია არქივი.

„არჩევნებს იცით რატომ წააგებთ, იმიტომ რომ სიცრუე, სიყალბე, ადამიანის ბულინი და სტიგმატიზაცია თქვენი ცხოვრების წესია. მათ შორის, ერთმანეთის ლანძღვას და ბულინგს არ ერიდებით. ჩვენი, ქართული ოცნების, შექმნილ ევროინტეგრაციის გზას ისე იბრალებთ, თითი თითზე არ გაქვთ დადებული ამ გზაზე და იმის გამო, რომ მიღებული თანხები არ გაგესაჯაროებინათ მეგობარი მეგობარს გადაკიდეთ, „ვიღაც უცხოელს” სამშობლო ალანძღვინეთ.

არავის ავიწყდება არაფერი, ამიტომ წააგებთ არჩევნებს „მეათასეჯერ” და ვინმეს მაინც ცოტა თუ დაავიწყდება, ყოველთვის არსებობს ასეთი სამარცხვინო მედია არქივი”, – წერს მაია ბითაძე.

მთავრობა მიკროკრედიტის ჯამური ლიმიტის 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის

თავრობა მიკროკრედიტის ჯამური ლიმიტის 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის.

პარლამენტში განსახილველად „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებია წარდგენილი, რომლის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გასაცემი მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა 100 000 ლარის ნაცვლად, 200 000 ლარით განისაზღვრება. ამავე პროექტით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის მიკროკრედიტის შესახებ დამატებითი მოთხოვნები განსაზღვროს.

კანონპროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ეროვნული ბანკის ერთობლივ საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონი, რომელიც 2006 წელს ამოქმედდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალურ ჯამურ ოდენობას ერთ მსესხებელზე არაუმეტეს 50 000 ლარით განსაზღვრავდა.

2017 წლის დეკემბერში, კანონმდებლობაში განხორციელებულ სხვა ცვლილებებთან ერთად, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებით, მიკროკრედიტის მაქსიმალური ოდენობა 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე გაიზარდა. ლიმიტის ზრდასთან ერთად, სექტორის რეგულირებაც გაძლიერდა, რამაც როგორც მთავრობა განმარტავს, “სექტორი უფრო ჯანსაღი, გამჭვირვალე, და ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახადა”.

„აღნიშნულმა ცვლილებებმა გააუმჯობესა კონკურენტული გარემო და შედეგად მიკროსაფინანსო სექტორის მთლიანი პორტფელის მოცულობა 1.1 მლრდ ლარიდან 1.7 მლრდ ლარამდე გაიზარდა.

დღეს-დღეობით მიკროკრედიტის არსებული ლიმიტი ერთგვარი შემაფერხებელი ფაქტორია სექტორის განვითარებისთვის, რადგან ფერხდება ახალი პროდუქტების შემუშავების შესაძლებლობა და რთულდება

არსებული მსესხებლების შენარჩუნება“, – ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

მომავალ კვირას, მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო სესია გაიხსნება

მომავალ კვირას, მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა სექტემბრის პირველ სამშაბათს – 3 სექტემბერს გაიმართება.

რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლენარული სხდომებს შეწყვეტს, მანამდე კი სესია 3-6 სექტემბრის კვირაში გაიმართება. პარლამენტი, ასევე, შეიძლება, 17-20 სექტემბრის კვირაში შეიკრიბოს.

წინასწარი ინფორმაციით, პლენარული სხდომების შეწყვეტამდე პარლამენტი “ამნისტიის შესახებ” კანონის პროექტზე მუშაობას დაასრულებს. ასევე, შესაძლოა მეორე მოსმენით ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მიიღონ. განიხილავენ დაჩქარებული წესით მისაღებ რამდენიმე კანონპროექტს.

საშემოდგომო სესიის დღის წესრიგზე ბიურო იმსჯელებს, რომლის სხდომა 2 სექტემბერს გაიმართება.