Home Blog Page 537

სააკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთი მანიაკური მიდრეკილებების მწამებელთა ვიწრო ჯგუფს ჩაუგდო ხელში, ხალხს აკადრეს ისეთი რამ, რაც საუკუნეების მანძილზე არცერთ მტერს არ გაუკეთებია -ბიძინა ივანიშვილი

კარგად გახსოვთ, რომ პირველად ერთმანეთს 2012 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ტერორისგან, დანაშაულებისგან და ძალადობისგან შეურაცხყოფილ ზუგდიდში შევხვდით. მართლაც, თქვენს მხარეში ყველაზე მეტად გამოვლინდა რეჟიმისთვის დამახასიათებელი სისასტიკე, რადგანაც, როგორც აღმოჩნდა, სააკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთი განსაკუთრებული მანიაკური მიდრეკილებების მქონე მწამებლების ვიწრო ჯგუფს ჩაუგდო ხელში. მათაც განსაკუთრებული მონდომება გამოიჩინეს, მეგრელ და სვან ხალხს ისეთი რამ აკადრეს, რაც საუკუნეების მანძილზე არცერთ მტერს არ გაუკეთებია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, პარტიის საარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, „უკვე მრავალჯერ, ფაქტებით დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იტაცებდნენ და ხოცავდნენ, შემდეგ კი მათ ცხედრებს უგზო-უკვლოდ აქრობდნენ, ძალადობდნენ და აუპატიურებდნენ უმწეო და დაუცველ ადამიანებს, პატიმრებსა და ამა თუ იმ დანაშაულში ბრალდებულ ახალგაზრდა ბიჭებს, ამ ყველაფერს კი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ“.

„დანაშაულის მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ – ყველას უნდა სცოდნოდა, რომ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის, სამეგრელოზე გაბატონებული ახალაიების ოჯახის წინააღმდეგ თუ ხმას ამოიღებდა, ციხე, წამება და შანტაჟი ელოდა. ამ სინამდვილის პარალელურად კი ცინიკურად, პროპაგანდის მეშვეობით ცდილობდნენ, სამეგრელო საკუთარი წარმატების მაგალითად ექციათ და დანარჩენი ქვეყნისთვის ეს ეჩვენებინათ. მოქმედების მსგავსი ლოგიკა და აღქმების შესაქმნელად ცრუ სიმბოლოების გამოგონება „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის ხელწერაა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ჩვენს გუნდს აქვს უნარი და პოლიტიკური ნება, უზრუნველყოს მშვიდობა, ჩვენ მიერ დაწყებული ევროპული გზა ლოგიკურად დავასრულოთ და ღირსების შენარჩუნებით გავხდეთ ევროკავშირის წევრი -ბიძინა ივანიშვილი

დღეს იმდენად მკაფიო განსხვავებაა „ქართულ ოცნებასა“ და მეორე მხარეს მდგარ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, რომ საზოგადოებისთვის არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, საარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდს შეუძლია, მათ მიერ დაწყებული ევროპული გზა ქართველ ხალხთან ერთად, ლოგიკურად დაასრულოს და ღირსების შენარჩუნებით გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი.

„ჩვენს გუნდს აქვს გამოცდილება, უნარი და, რაც მთავარია, პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უზრუნველყოს. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ მიერ დაწყებული ევროპული გზა ქართველ ხალხთან ერთად, ლოგიკურად დავასრულოთ და ღირსების შენარჩუნებით გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ამის საპასუხოდ, გარე ძალების აგენტურას კვლავ სურს ომი, ქაოსი და სიღარიბე, რასაც გზა ქვეყნის განადგურებამდე მიჰყავს.

შიდა და გარე მტრებს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ საქართველო დასაღუპად გაიმეტონ. მათ დღემდე ვერ გაუგიათ, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას როგორც უნდა ეცადონ, არ არსებობს ორი საქართველო. საქართველო მხოლოდ ერთია, რომლის მოსახლეობასაც მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით, საკუთარი ღირებულებების შენარჩუნებით სურს, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. სწორედ ეს მარწმუნებს, რომ 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გავერთიანდებით, გავიმარჯვებთ და ქვეყანას სამშვიდობოს გავიყვანთ“,  – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი – ჩვენს გუნდს აქვს უნარი, პოლიტიკური ნება, უზრუნველყოს მშვიდობა, ჩვენ მიერ დაწყებული ევროპული გზა ლოგიკურად დავასრულოთ და ღირსების შენარჩუნებით გავხდეთ ევროკავშირის წევრი

დარწმუნებული ვარ, მალე დადგება დრო, როდესაც ყოველგვარი ხელოვნური დაბრკოლება მოიხსნება და ქართველები და აფხაზები ერთად ვიცხოვრებთ ერთიან და განუყოფელ ქართულ სახელმწიფოში – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც­ საქართველოს ომი არ ჰქონია. ახლაც, „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა შეინარჩუნებს მშვიდობას და უზრუნველყოფს ნათელ მომავალს ქართველი ხალხისთვის,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მშვიდობის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის წინსვლა და განვითარება.

„ზუგდიდიდან რამდენიმე კილომეტრშია გამყოფი ხაზი, რომელიც ხელოვნურად გვაშორებს ჩვენს ისტორიულ მხარეს – აფხაზეთს. გამყოფი ხაზი ხელოვნურად გვაშორებს ადამიანებს, მათ შორის ჩვენ აფხაზ ძმებსა და დებს, რომლებიც ენგურს გაღმა ცხოვრობენ. დარწმუნებული ვარ, მალე დადგება ის დრო, როდესაც ყოველგვარი ხელოვნური დაბრკოლება მოიხსნება და ქართველები და აფხაზები ერთად ვიცხოვრებთ ერთიან და განუყოფელ ქართულ სახელმწიფოში, ერთად შევქმნით საქართველოს ნათელ მომავალს და ერთად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს. 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა დავდგეთ ერთად, რათა დავიცვათ მშვიდობა, ღირსება და კეთილდღეობა ჩვენი ქვეყნისთვის. 26 ჩვენი დღეა და ოქტომბერი ჩვენი თვეა! 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და გაიმარჯვებს ქართული სახელმწიფო!“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2012 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უზრუნველყო ქვეყნის ფუნდამენტური წინსვლა ყველა მიმართულებით -ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობის უმთავრეს შედეგებზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უმძიმესი მემკვიდრეობის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ სწრაფად შეძლო ქვეყნის განვითარების სწორი მიმართულებით შემოტრიალება და უზრუნველყო ქვეყნის ფუნდამენტური წინსვლა ყველა მიმართულებით.

„ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდი ლარიდან გავზარდეთ 90 მილიარდ ლარამდე, ხოლო 2028 წლისთვის 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება; ქვეყნის ბიუჯეტი 8.5 მილიარდი ლარიდან 28 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ, 2028 წელს კი, ბიუჯეტი 40 მილიარდ ლარს გადააჭარბებს; გავანახევრეთ უმუშევრობა. მხოლოდ ბოლო 2.5 წელიწადში შეიქმნა 170,000 სამუშაო ადგილი, ხოლო 2028 წლის ჩათვლით დამატებით 200,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება; 712.5 ლარიდან 2,005 ლარამდე გავზარდეთ საშუალო ხელფასი, რომელიც 2028 წელს 3,500 ლარს მიაღწევს; 2012 წლის შემდეგ, 680 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია სიღარიბე, ხოლო 2028 წლის ჩათვლით, სიღარიბეს დამატებით 300,000-მდე ადამიანი დაძლევს, რის შემდეგაც სიღარიბის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდება; მხოლოდ გასული 2.5 წელიწადის განმავლობაში, 5 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციები მოვიზიდეთ, ხოლო მომდევნო 4 წლის განმავლობაში, დამატებით 9 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოურ ინვესტიციებს მოვიზიდავთ; 2012 წლამდე მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი იყო აშენებული, 2012 წლის შემდეგ კი, ქვეყანაში 300 კილომეტრი ავტომაგისტრალი აშენდა. მომავალ წელს დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა, რაც სამეგრელოდან და სვანეთიდან ქვეყნის სხვა რეგიონებში და დედაქალაქში მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. აშენდება ახალი ავტომაგისტრალი თეკლათიდან ანაკლიამდე, რაც ბუნებრივია ანაკლიის პორტსაც მოემსახურება და ზოგადად ამ რეგიონს; ვიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას, რომელიც სამეგრელოს განვითარებას ახალ სტიმულს მისცემს; 2012 წლის შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, შეიქმნა 700 ახალი საწარმო და გაფართოვდა 800 საწარმო. ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, 2028 წლის ჩათვლით, ასობით ახალი საწარმო და 70,000 სამუშაო ადგილი შეიქმნება; 2-ჯერ გავზარდეთ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება. მომავალი 4 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ქართული სოფლის გაძლიერებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიარდი გამოიყოფა, ცნობისათვის დაახლოებით 10-ჯერ ნაკლები იყო გამოყოფილი 2012 წლისთვის; სწრაფად ვითარდება ტურიზმი. 2028 წლისთვის საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 11 მილიონს, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლები 6,4 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ვიწყებთ მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობას; 2030 წელს საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 3-ჯერ გადააჭარბებს 2012 წლის მაჩვენებელს და საქართველო, ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით, სრულიად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა გახდება; 2 მილიარდ ლარზე მეტი გამოიყოფა რეგიონული განვითარების ფონდისთვის, 400 მილიონი სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის, 155 მილიონი მთის ფონდისთვის, ხოლო 200 მილიონი – მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამისთვის; 2012 წლის შემდეგ, 3-ჯერ გაიზარდა გაზიფიკაციის ტემპი და უკვე მომავალ წელს ბუნებრივი აირით მოსახლეობის 93% იქნება უზრუნველყოფილი. 15-ჯერ გაიზარდა სახელმწიფო ინვესტიციები წყალმომარაგებაში. მომავალ წელს 24-საათიან წყალმომარაგებაზე წვდომა ქვეყნის ყველა ქალაქს ექნება; 2012 წლამდე, ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, 2012 წლის შემდეგ კი, 109 იუსტიციის სახლი აშენდა, ხოლო მომავალი წლის ბოლომდე კიდევ 12 იუსტიციის სახლი გაიხსნება და ამით მთელი ქვეყანა დაიფარება; 2012 წლის შემდეგ, 4 ჯერ გავზარდეთ განათლების დაფინანსება. საბავშვო ბაღები გავხადეთ სრულიად უფასო და შემოვიღეთ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა. ქვეყნის მასშტაბით დავასრულეთ 836 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია და დავიწყეთ 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა. ავაშენეთ 174 სკოლა და დავასრულეთ 1,000-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია, მომდევნო 4 წელიწადში კი, 500-ზე მეტი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდება; 4-ჯერ გაიზარდა სპორტის დაფინანსება და შედეგები არის სახეზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც სპორტულ მიღწევებზეც სათანადოდ აისახა და მომდევნო წლების განმავლობაში ვიწყებთ 2 მილიარდიან პროგრამას სპორტული ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებისთვის; ჩვენმა ხელისუფლებამ შემოიღო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და სხვა მიზნობრივი პროგრამები. 4-ჯერ გაიზარდა ქვეყნის სოციალური ბიუჯეტი და ჯანდაცვის დაფინანსება. შედეგად, 5-ჯერ გაუმჯობესდა ჯანდაცვის ფინანსური ხელმისაწვდომობა ჩვენი მოსახლეობისთვის, 72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანების რაოდენობა. 5-ჯერ გაფართოვდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი. 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები. 1 იანვრიდან, 70 წლამდე ასაკის პენსიონერთათვის პენსია 350 ლარი, ხოლო 70 წელს გადაცილებულ პენსიონერთათვის – 450 ლარი გახდება. შესაბამისად, 420 და 540 ლარამდე გაიზრდება პენსიები მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის; 35,000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო ღირსეული საცხოვრისი, ხოლო მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ, ბინებს ახლად აშენებულ კორპუსებში დამატებით 6,000 დევნილი ოჯახი მიიღებს, დღეს დავიწყეთ ზუგდიდში 1700 ოჯახისთვის განკუთვნილი სპეციალური საცხოვრებლის 7 კორპუსის მშენებლობა, რაც დასრულდება 2027 წელს,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები, პარტნიორები, ზუსტად იცოდეთ, საქართველოს ინტერესები არ გაიყიდება -კახა კალაძე

დღესაც ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, როდესაც უნდა გადავრჩეთ და უნდა გადავრჩეთ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერად, იმ ღირებულებებით, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და გავაგრძელოთ მშვიდობიანი განვითარება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ზუგდიდში, პარტიის საარჩევნო შეხვედრა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, წლების წინ ქვეყანაში ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის ღირსება.

„მოგესალმებით, მეგობრებო, მიხარია ამდენ გულანთებულ ადამიანს რომ ვხედავ. მივესალმები მესტიას, ფოთს, აბაშას, სენაკს, ხობს, მარტვილს, ჩხოროწყუს, წალენჯიხას, მივესალმები ჩვენს ძვირფას ზუგდიდს და ზუგდიდელებს. სამეგრელო-ზემო სვანეთში, ამ უძველესი ისტორიის მქონე მხარეში, ნათლად იგრძნობა, რამხელა კულტურის მატარებელია საქართველო, რა სიმდიდრე აქვს მას თავისი ისტორიით, ტრადიციებით და ადათ-წესებით, რითაც ამაყობს თითოეული ღირსეული ქართველი. მეგობრებო, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და არც ის არის შემთხვევითი, რომ ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძური, ღვთისმშობლის კვართი სწორედ აქ, ზუგდიდშია დაცული, როგორც უფლისადმი საქართველოს მარადიული სიყვარულის და ერთგულების სიმბოლო. ამ მხარეს მთელი თავისი ისტორიის მანძილზე უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნდა, რის გამოც მტრის არაერთი შემოსევის ობიექტი გამხდარა. აქ, ამ მიწაზე ლეგენდა და რეალობა ერთმანეთშია გადაჯაჭვული.

ერთი, რაც ზუსტად ვიცით, ასწლეულებია, გვებრძვის ხილული თუ უხილავი მტერი და საქართველო უფლის რწმენით, სიბრძნით, გაუტეხელობით, სიცოცხლის ჟინით განაგრძობს არსებობას და განვითარებას. მეგობრებო, დღესაც ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, როდესაც უნდა გადავრჩეთ და უნდა გადავრჩეთ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერად, იმ ღირებულებებით, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და გავაგრძელოთ მშვიდობიანი განვითარება. ჩვენ ყველას გვახსოვს, წლების წინ რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში, ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის ღირსება. გვახსოვს, როგორ უსწორდებოდნენ განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებს; გვახსოვს, რა ხდებოდა ბიზნესმენების მიმართ, როგორ არეკეტებდნენ, ართმევდნენ ქონებას. გვახსოვს, ქუჩაში დახვრეტილი ახალგაზრდები; გვახსოვს, რა ხდებოდა ციხეებში და ჩვენ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ გაძლევთ პირობას, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება წარსულში. მხოლოდ და მხოლოდ წინ, გამარჯვებებით, მშვიდობით ვიცხოვრებთ დემოკრატიულ, განვითარებულ, თავისუფალ საქართველოში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, საქართველოს არ სჭირდება ბატონები, არამედ სჭირდება პარტნიორები.

რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეს რეზოლუაცია, სადაც ღიად საუბრობენ იმაზაე, რასაც ადრე კულისებში გვეუბნებოდნენ და ხელების გაგრეხით გვაშანტაჟებდნენ. თუმცა, ყველაფერი ჯერ კიდევ არ უთქვამთ აღნიშნულ რეზოლუციაში, გაბედეს მხოლოდ სანქციებზე საუბარი. გვახსოვს, მოწოდებები, რასაც აჟღერებდნენ მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, სანქციებზე მიერთებასთან დაკავშირებით. ჩვენ რომ მაშინ შეცდომა დაგვეშვა და გადაგვედგა ნაბიჯი სანქციებზე მიერთებისკენ, ამით ვის დავაზარალებით? ისევ ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ხალხს, ეკონომიკას, მშრომელ ადამიანს. გვახსოვს მეორე ფრონტთან დაკავშირებით როგორ გვეუბნებოდნენ, გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს ქვეყანაშიო, მაგრამ ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს. დღეს აქ მდგომ თითოეულ ადამიანს კარგად აქვს გაცნობიერებული, რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია ქვეყნის წინაშე. დღეს არ გვაქვს არჩევანი გარდა ერთისა – დავიცვათ მშვიდობა, დავიცვათ ღირსება, დავიცვათ ჩვენი ოჯახების კეთილდღეობა და მხოლოდ განვითარებით შევქმნათ საქართველოს ევროპული მომავალი. მეგობრებო, არცერთი ნაბიჯით უკან. დღეს არ გვაქვს უფლება, ენის მოჩლექით ვილაპარაკოთ, ყველას და ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, რადგან თვალხილულია საფრთხე, რის წინაშეც აღმოვჩნდით. დღეს უკვე ღიად გვეუბნებიან, თურმე „სამწუხაროა ქართველებისთვის, რომ ყველაზე საყვარელი საქართველოაო“; თურმე საქართველო არ უნდა იყოს მისი მოქალაქეებისთვის სამყაროს ცენტრი და მის ბედს არა მოსახლეობა, არამედ გარე ძალები უნდა განაგებდნენ. მე ერთი რამ მჯერა, ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია საქართველო, კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება. ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები, პარტნიორები. ასე ვხედავთ ამ ქვეყნის განვითარებას და მის მომავალს.

კარგა ხანია, ჩვენ მათ უსამშობლო ადამიანები დავარქვით, თუმცა მოღალატეებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანას ყიდიან, სირცხვილის გრძნობა ნამდილად არ გააჩნიათ. ერთი რამ ზუსტად იცოდეთ, საქართველოს ინტერესები არ გაიყიდება. საქართველოს და მისი მოსახლეობის ინტერესები იყო და არის „ქართული ოცნებისთვის“ უპირველესი ამოცანა და სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც გაშმაგებული გვებრძვიან გარე ძალები. მეგობრებო, 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება მშვიდობა და ომი, ტრადიციული ფასეულობები და თავსმოხვეული პროპაგანდა, სამშობლოს სიყვარული და უსამშობლობა. რასაკვირველია, ამ გადამწყვეტ ბრძოლაშიც გაიმარჯვებს საქართველო. გაიმარჯვებს ხალხის ნება, გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, 26 ჩვენი რიცხვია, გაუმარჯოს საქართველოს, ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 ვიდრე ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში, მოღალატეების და აგენტების კოალიცია ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში -ირაკლი ღარიბაშვილი 

ვერცერთი მოქალაქე ვერ დაივიწყებს იმ სისასტიკეს, რომელსაც ანტიეროვნული და ბოროტი სისხლიანი რეჟიმი ავლენდა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ამ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს ყველაზე მეტად ახსოვთ ის ტრაგედიები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობამ მოუტანა სამეგრელოს და მთელ საქართველოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, პარტიის საარჩევნო ღონისძიებაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, დღეს ის მძიმე რეჟიმი კვლავ აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დასაბრუნებლად.

„მოგესალმებით, ჩემო მეგრელებო, მოგესალმებით ჩემო სვანებო, მივესალმები სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას, გამორჩეულად ნიჭიერ და ძლიერ ხალხს, პატრიოტ ხალხს. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, ჩვენო ერთგულო მხარდამჭერებო, ჩემო თანამებრძოლებო. გავიხსენოთ, რა მდგომარეობა იყო ჩვენს ქვეყანაში 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე. ვერცერთი მოქალაქე ვერ დაივიწყებს იმ სისასტიკეს, რომელსაც ანტიეროვნული და ბოროტი სისხლიანი რეჟიმი ავლენდა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ამ რეგიონში მაცხოვრებელ ადამიანებს ყველაზე მეტად ახსოვთ ის ტრაგედიები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობამ მოუტანა სამეგრელოს და მთელს საქართველოს: უდანაშაულო ადამიანების წამება, ოჯახების აწიოკება და შეკვეთილი მკვლელობები, ხალხის ქუჩაში დახოცვა, ბიზნესის რეკეტი და კერძო საკუთრების წართმევა, სახლების წართმევა, მედიისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობა. ჩვენ გვახსოვს ადამიანების გატაცება, დახოცვა.

ადამიანები უგზო-უკვლოდ ქრებოდნენ. ხდებოდა სისტემური დანაშაულები, საპატიმროებში და საიდუმლო სამალავებში უდანაშაულო ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება ხდებოდა. ყველას გვაქვს ნანახი ის საშინელი, მძიმე კადრები, ციხის კადრები და სამალავებში გადაღებული წამების და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრები, მაგრამ ყველა უბედურებასთან ერთად მეგობრებო, რაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ეს არის ომი და ტერიტორიების დაკარგვა. თან ახლავდა ამ ყველაფერს მუდმივი ქაოსი, არეულობა და გვახსოვს ისიც, არჩევნების დროს საკუთარ მოქალაქეებს როგორ უწყობდნენ ტერაქტს. სააკაშვილის კრიმინალურმა ბანდამ ჩააბარა ტერიტორიები რუსეთს, დაუკანონეს ოკუპაცია, გადასცეს 100-ზე მეტი სოფელი, აჩუქეს კოდორის ხეობა და ამის შემდეგ ცხოვრება გააგრძელეს ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა. ასეთი დიდი ბოროტების, მე ვიტყოდი, ურჩხულის დამარცხების იმედი თითქმის ყველას გადაწურული ჰქონდა, მაგრამ გამოჩნდა კაცი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ვინც თქვენთვის, ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის გადადო თავი, მოვიდა და დაამარცხა ჩვენი ხალხის მჩაგვრელი ბოროტი ძალა და პირველ ოქტომბერს მოიპოვა ისტორიული გამარჯვება, რითაც გაათავისუფლა ჩვენი ხალხი და გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა. პირველი ოქტომბრის გამარჯვებამ, თავისუფლებასთან ერთად, მოუტანა ჩვენს ქვეყანას ერთადერთი, უპრეცედენტო, უწყვეტი 12-წლიანი მშვიდობიანი პერიოდი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რამაც განაპირობა ხელშესახები პროგრესი ყველა მიმართულებით. ქვეყნის ბიუჯეტი და ეკონომიკა 3-ჯერ გაიზარდა, განვითარება და წინსვლა გვაქვს ყველა სფეროში, ქვეყანა 12 წელში გახდა ევროკავშირის კანდიდატი, მივიღეთ უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან და თავისუფალი ვაჭრობა, გაიხსნა სხვა დიდი ბაზრები, ჩინეთის ბაზარი, რუსეთის ბაზარი, ქვეყანა გახდა სტაბილური და სიტუაცია პროგნოზირებადი.

დღეს, მიუხედავად ამ წინსვლისა და მიუხედავად ძალიან ნათელი არჩევანისა, ისევ ის უბედურება, ის მძიმე რეჟიმი, რომელიც ჩვენს ხალხს ჩაგრავდა, კვლავ აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. თქვენ კარგად იცით, რომ მათ შექმნილი აქვთ ე.წ. 4 ბლოკი. მათ ამჯერად შეცვალეს ტაქტიკა და ფრონტი გაშალეს და წინასწარ, რეალურად, ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათ დე ფაქტო გაფორმებული კოალიცია აქვთ ისევ სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ ლიდერობის ქვეშ. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ ეს აგენტურა, სააკაშვილის მოკავშირე ხაზარაძე და მოღალატე გახარიას პარტიებით ცდილობენ ჩვენი ხალხის მოტყუებას, თითქოს ისინი არიან სხვა პარტიები და ხალხს მოუწოდებენ, თუ ძველი და ახალი ნაციონალების დაბრუნება არ უნდათ ან „ოცნება“ არ მოსწონთ, ხმა მისცენ თაღლით ხაზარაძეს და მოღალატე გახარიას. ამ დროს ჩვენ კარგად ვიცით, შეხედეთ მათ სახეებს, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს აგენტურა ყველა ერთმანეთში არის აღრეული. ვინ არის პარტია „ახალი“ – კარგად მოგეხსენებათ ნიკა გვარამია, რომელიც სააკაშვილის სისხლიანი პროკურორი იყო და ათასობით ჩვენი მოქალაქე გაამწარა და გააუბედურა, მისი პარტნიორი ნიკა მელია სააკაშვილის ასევე მსახური, „ნაციონალების“ კოალიციურ მთავრობაში შესვლას ადასტურებს უკვე თავის ხელმოწერით კაცი, რომელმაც ჯერ საკუთარ ქვეყანას უღალატა და უღალატა საკუთარ გუნდს, გახარიას ვგულისხმობ, რომელმაც ყველაზე მწვავე კრიზისის დროს გახსოვთ თქვენ, მიატოვა ქვეყანა და მიატოვა გუნდი, შემდეგ პატრონების დავალებით შექმნა პარტია. ახლა უკვე, მე ვიტყოდი, პირდაპირ სტაჟიანი აგენტის სალომე ზურაბიშვილის ომის ქარტიაზე ხელმოწერით დაადასტურა მზაობა, რომ შევიდეს სისხლიანი, ამ აგენტურის კოალიციაში. ასევე, მინდა გავახსენო საზოგადოებას ხაზარაძე, რომელსაც ყველა კარგად იცნობს, რომელიც ცდილობს, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეიყვანოს შეცდომაში. ხაზარაძემ ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს წაართვა სახლები, გახსოვთ. ხალხს, პირდაპირ უნდა ვთქვა, ახრჩობდა მაღალი პროცენტებით და პირდაპირი მნიშვნელობით მოროდიორობდა სააკაშვილის მმართველობის დროს. იგი თავად იფორმებდა წართმეულ ბიზნესებს და ქონებებს, სახლ-კარს. ასევე შეგახსენებთ, ვინაიდან ამ ულამაზეს კუთხეში ვიმყოფებით, სამეგრელოში, სწორედ ხაზარაძემ ვერ ააშენა ანაკლიის პორტი და ჩვენი მთავრობა ოთხი წელი ელოდა მას, მაგრამ უშედეგოდ. და ამის შემდეგ წავიდა და სახელმწიფოს, საკუთარ ქვეყანას უჩივლა საერთაშორისო სასამართლოში და ჩვენი ბიუჯეტიდან, თქვენი ბიუჯეტიდან ითხოვდა მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს, რომელიც რა თქმა უნდა საბოლოოდ სამართლიანად წააგო. ახლა ისიც, თავისი კოლეგა გახარიას მსგავსად ცდილობს ბარიერის გადალახვას, რათა შემდეგ ისევ, როგორც ვთქვი, „ნაციონალების“, ანუ აგენტურის კოალიციაში გაწევრიანდეს, რომლებიც ყველანი ერთად, მეგობრებო, ქვეყანას ჰპირდებიან დიდ ქაოსს, ომს, უბედურებას, ხალხის და ქვეყნის ნგრევას და განადგურებას. მაგრამ ვიდრე ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში, მოღალატეების და აგენტების კოალიცია ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში. ამ უსამშობლო ადამიანებმა ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და მეორედ ჩვენ არ მივცემთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის განადგურების საშუალებას. ამიტომ, 26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის იმედად, ერთად, ძლიერად უნდა ვაჩვენოთ ყველამ, რომ ვდგავართ მტკიცედ და ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი არის მშვიდობა, განვითარება და სტაბილურობა. მე მჯერა, რომ ჩვენი ბრძენი ხალხი გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს და ხმას მისცემს ქვეყნის გადარჩენას, აირჩევს მშვიდობას, თავისუფლებას, ღირსებას, სტაბილურობას და განვითარებას. 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს მშვიდობა, გაიმარჯვებს სიმართლე და გაიმარჯვებს ჩვენი ღირსეული, ამაყი ხალხი, გაიმარჯვებს სამეგრელო და გაიმარჯვებს საქართველო, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ეს ქვეყანა ამოვაგდეთ მუდმივი ომების დაწყევლილი წრიდან და აღარ ვაქციეთ სხვათა გეოპოლიტიკური თამაშების იარაღად – შალვა პაპუაშვილი

უსამშობლო ოპოზიციისგან განსხვავებით, ვმოქმედებთ თქვენი ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების საამებლად, ეს ქვეყანა ამოვაგდეთ მუდმივი ომების დაწყევლილი წრიდან და აღარ ვაქციეთ სხვათა გეოპოლიტიკური თამაშების იარაღად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, მმართველმა გუნდმა სახელმწიფოში სხვადასხვა მიმართულებით წარმატების მიღწევა მოახერხა, ვინაიდან, ოპოზიციისგან განსხვავებით, უარი თქვა სხვების გეოპოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობაზე და საკუთარი ხალხის ინტერესები დააყენა პირველ ადგილზე.

„ჩვენი ერთად დგომით შევძელით, რომ გავანახევრეთ უმუშევრობა და სამჯერ შევამცირეთ სიღარიბე, რის შედეგადაც თითქმის ნახევარმა მილიონმა ადამიანმა უკვე დაძლია სიღარიბე; ეკონომიკური ზრდის ტემპებით არა თუ რეგიონში, ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზე ვართ – გასამმაგებული ეკონომიკით, გასამმაგებული ბიუჯეტით, გასამმაგებული საშუალო ხელფასით. კანონის უზენაესობით, კორუფციის სიმცირით, ეკონომიკური თავისუფლებით ვართ არა მხოლოდ რეგიონის ნომერ პირველი სახელმწიფო, არამედ ვუსწრებთ ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას და რიგ შემთხვევაში ევროკავშირის წევრებსაც კი.

ასეთი საქართველო ავაშენეთ სულ რამდენიმე წელში. ავაშენეთ იმიტომ, რომ განსხვავებით უსამშობლო ოპოზიციისგან, ვმოქმედებთ თქვენი ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების საამებლად; ავაშენეთ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ამოვაგდეთ მუდმივი ომების დაწყევლილი წრიდან, და აღარ ვაქციეთ სხვათა გეოპოლიტიკური თამაშების იარაღად; ავაშენეთ იმიტომ, რომ პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში დავაბრუნეთ – რწმენა, ტრადიცია, სამშობლო, სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესი – იდეალები, რომლებსაც ესწრაფოდა ჩვენი მშობლების თაობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ, რომ ნიკა გილაური პრემიერმინისტრობის კანდიდატია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ნიკა გილაურს შეხვდა. თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში არ ადასტურებენ, რომ გილაური პრემიერმინისტრობის კანდიდატია.

„კურიერმა“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა გილაური სალომე ზურაბიშვილის ტექნიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია და ორბელიანების სასახლეში ნიკა გილაურსა და სალომე ზურაბიშვილს შორის დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა შეხვედრა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს.

ნიკა გილაურს 2009 წლიდან 2012 წლამდე პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა. 2007-2009 წლებში გილაური საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო, მანამდე კი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

ჩვენ საქართველოს შიდა საქმეებში არ ვერევით -დმიტრი პესკოვი

ჩვენ საქართველოს შიდა საქმეებში არ ვერევით, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება არჩევნებს, ეს ჩვენი საქმე არ არის. ვხედავთ დასავლეთის ქვეყნების დაუფარავ მცდელობებს, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე ზეწოლა და საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე პირდაპირი გავლენა მოახდინონ. ჩვენ საქართველოს შიდა საქმეებში არ ვერევით და ამის გაკეთებას არც ვაპირებთ“, – განაცხადა პესკოვმა.

კრემლის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში არსებული გართულებები ხალხებს შორის კავშირების განვითარებას ხელს არ უშლის.

„საქართველო ჩვენი მეზობელია. თქვენ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული ყველა გართულება იცით, რაც ამავდროულად, ორი ქვეყნის საზოგადოებებსა და ხალხებს შორის ჰუმანიტარული კავშირების განვითარებას ხელს არ უშლის. ხალხი საქართველოსა და რუსეთში მოგზაურობას აგრძელებს“, – აღნიშნა კრემლის პრესმდივანმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ფრიდონ ფაკაური თავისუფალია – სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ფრიდონ ფაკაური თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყება აღნიშნავს, რომ ფრიდონ ფაკაურის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სუს-ი ავრცელებს.

ევროკომისია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ახალ გეგმას წარადგენს

ევროკომისია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ახალ გეგმას წარადგენს.

ამის შესახებ  ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა წერილობით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს, რომლებიც 17-18 ოქტომბერს მიგრაციის საკითხის განხილვას გეგმავენ. წერილში ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ ევროკომისია ახალი მანდატის დაწყებისთანავე გეგმავს, განიხილოს ათი საკითხი, რათა დაეხმაროს ევროკავშირის წევრებს მიგრაციულ გამოწვევებთან გამკლავებაში. ევროკომისიის განახლებული შემადგენლობა უფლებამოსილების შესრულებას სავარაუდოდ პირველი დეკემბრიდან დაიწყებს.

წერილში ევროკომისიის პრეზიდენტი სთავაზობს ევროკავშირის ლიდერებს მაისში შეთანხმებული მიგრაციული პაქტის შესრულების დაჩქარებას. ის ასევე სთავაზობს მეტი შეთანხმების გაფორმებას მიგრანტების წარმომავლობის ან ტრანზიტულ ქვეყნებთან. კერძოდ, საუბარია თურქეთთან, ტუნისთან ან ლიბიასთან მოქმედ შეთანხმებებზე, რომლებსაც ევროკავშირი თანხას უხდის საზღვრის უკანონო კვეთის შესაკავებლად. ფონ დერ ლაიენმა დაასახელა ეგვიპტე, მაროკო, ალჟირი, მავრიტანია, სენეგალი და მალი იმ ქვეყნებად, რომელთანაც ევროკავშირმა უნდა ითანამშრომლოს არალეგალური მიგრაციის შესაკავებლად.

ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე გამოდის შეთავაზებით, რომ ის მიგრანტები, რომლებსაც ევროკავშირში დარჩენის უფლება არ ექნებათ, გაგზავნონ ე.წ. დაბრუნების ჰაბებში ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, რომლებთანაც ევროკავშირს ექნება შესაბამისი შეთანხმებები.

„ჩვენ უნდა შევისწავლოთ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ დაბრუნების ჰაბების იდეასთან დაკავშირებული შესაძლო გზები, განსაკუთრებით დაბრუნების შესახებ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით“, – აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი წერილში.

ევროკომისიის პრეზიდენტმა დაასახელა უკვე მიღწეული შეთანხმება იტალიასა და ალბანეთს შორის, როგორც შესაძლო მოდელი, რომლის მიხედვითაც, იტალიას შეუძლია, წელიწადში 36 ათასამდე მიგრანტი გაგზავნოს ალბანეთში მოწყობილ ორ ცენტრში, სადაც ისინი შემდგომ დეპორტაციას დაელოდებიან. პირველი ხომალდი, რომლითაც მიგრანტები ალბანეთში გაგზავნეს, იტალიიდან ორშაბათს გავიდა.

ევროკომისია ასევე გეგმავს, გაამკაცროს ზომები ისეთი მიგრანტებისთვის, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენენ.

თუ გვინდა მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა,ურთიერთშერიგება არ არსებობს ურთიერთპატიების გარეშე – ირაკლი კობახიძე

თუ გვინდა ურთიერთშერიგება, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რა თქმა უნდა, გზა გადის ამ ყველაფრისკენ ურთიერთშერიგებაზე და ურთიერთშერიგება არ არსებობს ურთიერთპატიების გარეშე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ვერ მოხდება ურთიერთპატიების გარეშე და გაჟღერებული გზავნილი ძალაშია.

„როდესაც საუბრობთ ბიძინა ივანიშვილზე, მინდა გავიხსენო, რომ რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს შექმნის იდეა და ინიციატივა ეკუთვნის სწორედ მას და ის, რომ დღეს ეს რეგიონი არის აღჭურვილი თანამედროვე რესპუბლიკური საავადმყოფოთი, არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება.

რაც შეეხება ბოდიშის თემას, ჩვენ თუ გვინდა ურთიერთშერიგება, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რა თქმა უნდა, გზა გადის ამ ყველაფრისკენ ურთიერთშერიგებაზე და ურთიერთშერიგება არ არსებობს ურთიერთპატიების გარეშე. შესაბამისად, ძალაშია ის გზავნილი, რომელიც ჩვენი მხრიდან გაჟღერდა – ჩვენ თუ გვინდა მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ერთადერთი გზა არის ურთიერთშერიგება და ურთიერთშერიგებისკენ ერთადერთი გზა არის ურთიერთპატიება ხალხებს შორის.

ბუნებრივია, ე.წ. ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს რუსეთის ფედერაცია, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენ თუ გვსურს მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს ვერ მოხდება ურთიერთშერიგებისა და შესაბამისად, ურთიერთპატიების გარეშე,”- განაცხადა პრემიერმა.