Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

 ,,რევოლუციების მოწყობის პრაქტიკა უნდა დამთავრდეს!”- ირაკლი ქადაგიშვილი 

საქართველო ჩვენს პარტნიორებთან ყოველთვის პირნათელია, ზურგს უკან ორმაგი თამაში ხელისუფლებას არასდროს ჰქონია, – ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოში რევოლუციების მოწყობის პრაქტიკა უნდა დამთავრდეს.

„რაც შეხება ბატონი შარლ მიშელის ნათქვამ სიტყვას, რომ ჩვენ ნამდვილი დიალოგი უნდა ვაწარმოოთ. ჩვენ ყოველთვის ამ ნამდვილი დიალოგისკენ ვართ მოწოდებული, რადგან იმის გამო, რომ ამ ქვეყანას მშვიდობა, სტაბილური განვითარება ჰქონოდა და დემოკრატია შეუფერხებლად განვითარებულიყო, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, მათ შორის, ბატონი შარლ მიშელის შემოთავაზებულ პროექტსაც დავეთანხმეთ. აღარ დავუბრუნდები იმ რყევას და პოლიტიკურ საბოტაჟს, რასაც ოპოზიცია ეწეოდა, დავთანხმდით ისეთ რაღაცებს, რასაც არც კონსტიტუცია ითვალისწინებდა და საერთოდ, დემოკრატიული პროცესისთვის მიუღებელია. 43%-იანი ბარიერის გადალახვას დავთანხმდით, ამაზე მეტი და შორს წასვლა რად გინდა?! ვერც ერთი თანამდებობის პირს, გარდა პრემიერ-მინისტრისა, ვერ დანიშნავდი, თუ ოპოზიცია არ დაგეთანხმებოდა, ასეთი რამე მსოფლიოში არსადაა. მიუხედავად ამისა, ამან პოლარიზაცია არ შეასუსტა, პირიქით გააძლიერა. თუ ნამდვილ დიალოგზე და ნამდვილ პარტნიორობაზეა საუბარი, სწორედ ეს არის ჩვენი ერთადერთი პირობა და მოთხოვნა, ჩვენ სხვა პირობა და მოთხოვნა არ გაგვაჩნია. საქართველო ჩვენს პარტნიორებთან ყოველთვის პირნათელია, ზურგს უკან ორმაგი თამაში ხელისუფლებას არასდროს ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს გამუდმებით ბრალს დებდნენ, რომ რუსეთისათვის სანქციების არიდების ადგილია, ჩვენ ოფიციალური დელეგაციების შეფასება ვნახეთ, რომ საქართველო სისტემურად ყველაზე კარგად მოწესრიგებული ქვეყანაა სანქციების დაცვის კუთხით, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით. რევოლუციების მოწყობის პრაქტიკა საქართველოში უნდა დამთავრდეს, უნდა იყოს საქართველოში არჩევნებით პოლიტიკური სისტემის განვითარება, ხელისუფლების ცვლილება და ა.შ. ამისათვის საქართველოში ყველა პირობა არსებობს, მედიასივრცე მრავალეროვანი, თავისუფალია, პოლიტიკური სივრცე მრავალფეროვანი, თავისუფალია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ჯანსაღ პროტესტს ყოველთვის მივესალმები და ვუერთდები კიდეც, მაგრამ ეს რადიკალური, ფანატიკური, შეპყრობილი ბღავილი – თქვი, რასაც ჩვენ ვამბობთ, თორემ გადაგივლით და მიწასთან გაგასწორებთო, არის ამაზრზენი – თორნიკე ნაროზაული

პოეტი თორნიკე ნაროზაული აქციის მონაწილეების მხრიდან საზოგადოების წევრების და მათ შორის, ცნობადი სახეების მიმართ ბულინგის და ზეწოლის შემთხვევებს ეხმიანება.

პოეტი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ დარბევაა, როცა პიროვნულად ეხები და ლანძღავ ადამიანებს… საერთო ჯგუფებსა და ჩათებში ითხოვ მათ მიმართ ბულინგს… მათი გვერდების „დარეპორტებას“ და პიროვნულ დამცირებას, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩუმად არიან ან სიტყვა-სიტყვით თქვენს ლოზუნგებს არ იმეორებენ.

მისივე თქმით, ძალით პატრიოტებს, რომლებსაც საკუთარი თავის გარდა ცხოვრებაში არაფერზე უდარდიათ, რომლებიც გამუდმებით იქ დგანან, სადაც ხალხის უმრავლესობა დგას, იმას აკეთებენ, რაც ტრენდულია და იმას იმეორებენ, რასაც სხვები ამბობენ, საერთოდ რაზე გაქვთ პრეტენზია? თუ გგონიათ, რომ თქვენს ყველა პოსტს, სთორის და კომენტარს არ ეტყობა, რომ ყალბია… რომ ზოგი შიშითაა დაწერილი, ზოგი სხვისი წამბაძველობით, ზოგი თავის გამოსაჩენად… რომ იქ ნამდვილი არაფერია?!

„წავიკითხე, ხვიჩა კვარაცხელიას სამარცხვინო განცხადება მეთქი, გინდოდათ, ალბათ, დამეწერა, მაგრამ მადლობა ღმერთს, ამ ბიჭს გონებაც ისეთივე აქვს მიმადლებული, როგორც ფეხბურთის თამაშის ნიჭი.
„გული მწყდება, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის
პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით“. – სხვაგვარად ამ სიტყვებს ვერ დაწერდა. ეს ის კაცია, რომელმაც მთელ მსოფლიოს გააგებინა ჩვენი ქვეყნის შესახებ, რომელმაც შეცვალა ქართველი ემიგრანტებისადმი დამოკიდებულება, არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
რომელმაც ქართულ ფეხბურთს იმედი და რწმენა დაუბრუნა.
რომელმაც თავდაჯერება შემატა ქართველ ფეხბურთელებს.
რომელმაც, ლამის, მარტომ გაიყვანა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე და ერთი ღამით მაინც შეძლო მთელი ერის გაერთიანება.
რომელმაც იმაზე მეტი საქმე გააკეთა საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ვიდრე ერთად აღებულმა, ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და იმ ხალხმა, რომლებიც დღეს ხვიჩას ლანძღავენ.
აკა მორჩილაძის წერილის შემდეგ მივხვდი, რომ ამ ხალხს აკა მორჩილაძის ან ხვიჩა კვარაცხელიას აზრის მოსმენა კი არ სურდათ, როცა ამას ითხოვდნენ, არამედ მხოლოდ ის უნდოდათ, მათ აზრს დათანხმებულიყვნენ ეს ადამიანები, თან ზუსტად იმ სიტყვებით, რითაც თვითონ საუბრობენ.
ამას ფანატიზმი ჰქვია. როგორც უკვე ვთქვი, ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ.
ჯანსაღ პროტესტს ყოველთვის მივესალმები და ვუერთდები კიდეც, მაგრამ ეს რადიკალური, ფანატიკური, შეპყრობილი ბღავილი – თქვი, რასაც ჩვენ ვამბობთ, თორემ გადაგივლით და მიწასთან გაგასწორებთო – არის ამაზრზენი!
რა თავისუფალი სიტყვა, რა განსხვავებული აზრის პატივისცემა, რა კულტურა, რა ერთობა და სიყვარული – ოჯახის წევრებიც კი ერთმანეთს ჭამენ, როგორ თუ შენ სხვა აზრზე დგახარო! ისინი, ვინც მთელი ცხოვრება ერთად მოდიოდნენ, ერთად უძლებდნენ უამრავ გასაჭირს, ტრაგედიას, ტკივილს… ერთმანეთს ლანძღავენ და მიწასთან ასწორებენ…
როდესაც ხელისუფლებას აკრიტიკებ იმის გამო, რომ შენი აზრის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, როცა აქციებს სპეცრაზმით არბევს…
შენ რომელი მართლმსაჯულებით და უფლებით არბევ მორალურად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს? გინდა სოციალურ სივრცეში და გინდა რეალურ ცხოვრებაში?
რით განსხვავდები, მათგან, ვისაც ებრძვი?
იმით, რომ არ შეგიძლია სპეცრაზმი მიუქსიო მათ, ვინც არ გეთანხმება? ან უარესი – გეთანხმება, მაგრამ შენი სიტყვებით არ საუბრობს?!
(ჰო, დარბევაა, როცა პიროვნულად ეხები და ლანძღავ ადამიანებს… საერთო ჯგუფებსა და ჩათებში ითხოვ მათ მიმართ ბულინგს… მათი გვერდების „დარეპორტებას“ და პიროვნულ დამცირებას, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩუმად არიან ან სიტყვა-სიტყვით თქვენს ლოზუნგებს არ იმეორებენ.)
მით უმეტეს, ამ ძალით პატრიოტებს, რომლებსაც საკუთარი თავის გარდა ცხოვრებაში არაფერზე უდარდიათ, რომლებიც გამუდმებით იქ დგანან, სადაც ხალხის უმრავლესობა დგას (არა იმიტომ, რომ იქ სიმართლეა, უბრალოდ იმიტომ, რომ იქ უმრავლესობაა…), იმას აკეთებენ, რაც ტრენდულია და იმას იმეორებენ, რასაც სხვები ამბობენ, (და დარწმუნებული ვარ, დღეს, ამ განცხადების გამო, უმრავლესობა, ხვიჩას რომ აქებდეს, თავადაც შეაქებდნენ…) საერთოდ რაზე გაქვთ პრეტენზია? თუ გგონიათ, რომ თქვენს ყველა პოსტს, სთორის და კომენტარს არ ეტყობა, რომ ყალბია… რომ ზოგი შიშითაა დაწერილი, ზოგი სხვისი წამბაძველობით, ზოგი თავის გამოსაჩენად… რომ იქ ნამდვილი არაფერია?!
ყველაფერს ითამაშებთ და ყველაფერს მოიტყუებით, მაგრამ სამშობლოს სიყვარულს ვერა!
ჰოდა, ნუ აჰყვებით ამ ძალით პატრიოტ, ბრმა წინამძღოლებს, თითებს რომ ილესავენ კლავიატურაზე. პირადად ვიცნობ ბევრ მათგანს და ისიც ვიცი, რაცაა მათი პატრიოტიზმი… საკუთარი თავის გარდა, რომ არავინ ადარდებთ ქვეყნად და მხოლოდ პოპულარობაზე, პირად ანგარიშსწორებასა და კეთილდღეობაზე ფიქრობენ.
ასეთი რადიკალიზმით, ზეწოლით, დამცირებით და ბულინგით, ბევრი ადამიანის თვალში, იმ ჯანსაღ ნაწილსაც ჩრდილს აყენებთ, რომელიც მთელი სულით და გულით საქართველოს უკეთესი მომავლისთვის იბრძვის.
ანთხიეთ ეგ თქვენი სიძულვილი, ბოღმა და გესლი, საქართველოს მტრებს, მაგრამ ერთმანეთს – არა!
ასე ვერაფერში გავიმარჯვებთ.

დედა გვეტირება ასე. არ მაქვს იმის ილუზია, რომ ამ ნაწერიდან სწორ აზრს გამოიტანთ, მაგრამ სულ ერთია. რაც დავწერე, დავწერე“, – წერს თორნიკე ნაროზაული.

,,ბიძინა ივანიშვილის განცხადებები პროვოკაციული იყო საქართველოს მოსახლეობის და თქვენ მიმართ”- სალომე ზურაბიშვილი

ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ძალიან პროვოკაციული იყო თქვენ მიმართ, მაგრამ, ასევე, საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ყველაფერი ეს იმას ნიშნავს, რომ დაძაბულ ვითარებაში ვართ და თქვენ, როგორც ჩვენს პარტნიორებს ძალიან მნიშვნელოვანი როლი გაქვთ სტაბილურობის უზრუნველყოფაში,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა.

მან ელჩებს მიმართა თხოვნით, რომ ამ მნიშვნელოვან პერიოდში საქართველოში ბევრი მაღალი დონის ვიზიტი განხორციელდეს.

„ვფიქრობ, რომ პერიოდი, რომელიც ახლა იწყება, საკვანძო იქნება, რადგან დაგეგმილია მესამე მოსმენა. ის თუ როგორ არის არჩეული თარიღები, ასევე, ცოტათი პროვოკაციულია, ასე ვფიქრობ, რადგან ეს ყველაფერი ხდება სააღდგომო პერიოდში, როდესაც უნდა იყოს გაერთიანებისა და დეპოლარიზაციის დრო და ამის ნაცვლად საწინააღმდეგოდ მოხდა. ასევე, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ძალიან პროვოკაციული იყო თქვენ მიმართ, მაგრამ, ასევე, საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ყველაფერი ეს იმას ნიშნავს, რომ დაძაბულ ვითარებაში ვართ და თქვენ, როგორც ჩვენს პარტნიორებს, ძალიან მნიშვნელოვანი როლი გაქვთ სტაბილურობის უზრუნველყოფაში ქართველი ხალხისთვის, რომელსაც იწვევს ის ფაქტი, რომ თქვენ არ განიხილოთ საქართველო დაკარგულად, არამედ აღიქვათ, რომ ის აგრძელებს თავის გზას ევროინტეგრაციისკენ და რომ საქართველო არ არის მარტო. ჩემი თხოვნაა, რომ განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები ამ პერიოდში, მაისის ბოლომდე, ამის შემდეგ მე ვიცი, რომ თავად ევროპელებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი დგება, რაც დაკავშირებულია არჩევნებთან, ევროპარლამენტის არჩევნებთან და ჩვენს ამერიკელ მეგობრებსაც დაეწყებათ არჩევნების აქტიური პერიოდი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

,,ხელისუფლების მხრიდან ნაკლები პროვოკაცია და იმის უფრო მეტი გააზრება უნდა იყოს, თუ რა არის მოსახლეობის საერთო ნება”- პრეზიდენტი

ხელისუფლების მხრიდან ნაკლები პროვოკაცია და იმის უფრო მეტი გააზრება უნდა იყოს, თუ რა არის მოსახლეობის საერთო ნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ასევე, ჩვენს პარტნიორებზე თავდასხმებს ვხედავთ და აქვე მსურს გითხრათ ბოდიში იმ სიტყვებისთვის, რომლებიც იმ ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენეს და თქვენ ხართ ეს ქვეყნები. ქვეყნები, რომლებიც 30 წელზე მეტია ამ ქვეყნის განვითარებას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას, კულტურულ ინფრასტრუქტურას მხარს უჭერენ. ქართული იდენტობის დასაცავად, ყველა ის პროგრამა, რომელსაც თქვენი ქვეყნები ან თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციები თუ კერძო ორგანიზაციები მხარს უჭერდნენ, საქართველოს ინტერესებში შედიოდა. ეს არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ამიტომ მათი სახელით მინდა ამისთვის მადლობა ოფიციალურად გადაგიხადოთ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველგან არ ჩანს, ეს ის არის, რაც მოსახლეობის გონებაშია და საქართველოს მოსახლეობას არასდროს უგრძნია, რომ თქვენი რომელიმე ქვეყნის მიერ რაიმე ფორმით დამონებული ყოფილა ან ზეწოლა განუცდია, ჩვენი მეზობლების მსგავსად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, კონსტიტუციაზე თავდასხმაც განხორციელდა, სადაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი ნათლად არის დაფიქსირებული.

„ასევე, იყო პროვოკაცია და თავდასხმა კონსტიტუციაზე, რომელშიც მოგეხსენებათ, ძალიან ნათლად წერია, რა არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება და ორიენტაცია. სიტყვები, რომლებიც დღეს აზიის განვითარების ბანკის კონფერენციაზე აშკარად არ განმეორდა, ჩანს, რომ საქართველოსთვის დამახასიათებელი სხვა კურსი არსებობს. ეს კონსტიტუციაზე თავდასხმაა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს მოუწოდა, რომ თავიანთ ქვეყნებში არსებულ სამთავრობო კონტაქტებს მათი პასუხისმგებლობის შესახებ ესაუბრონ.

„ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს პასუხისმგებლობა დავინახოთ და თქვენს მთავრობასთან ან ხელისუფლებასთან არსებულ კონტაქტებს მათი პასუხისმგებლობის შესახებ მიმართოთ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი პარტნიორების მიმართ რიტორიკაში გამოხატული თავდასხმებია. ასევე, თავდასხმები ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ. როდესაც ხელისუფლება ხარ არ შეიძლება ამ ქვეყნის ახალგაზრდებს სატანისტები და სხვა ეპითეტები უწოდო, რომელთა გამეორებაც სამთავრობო, საპარლამენტო ხელისუფლების ქვედა დონეებზე ხდება. ასე რომ, ეს ყველაფერი სტაბილურ გარემოს არ ქმნის და მე აქ ვარ, რათა ყველაფერი გავაკეთო, რომ ეს სტაბილური გარემო შევინარჩუნო, რომ არჩევნებისკენ სვლის შესაძლებლობა შევინარჩუნო, რაც იმის შესაძლებლობას გააჩენს, რომ ყველა კანონი, რომელიც მიღებულია, გამოსწორდეს, კანონი, რომელიც ჩვენს ევროინტეგრაციის გეგმებს არ შეესაბამება. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ უნდა იყოს პასუხისმგებლობა და ნაკლები პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან და იმის უფრო მეტი გააზრება, თუ რა არის მოსახლეობის საერთო ნება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება.

შეხვედრა ორბელიანების სასახლეში იმართება.

პრეზიდენტმა ელჩებს სიტყვით მიმართა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზე ისაუბრა.

მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ შეხვედრა მედიისთვის დაიხურა.

,,როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაში „თბილისის დინამოს“ მფლობელი”- ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართველ სპორტსმენებს სპორტის ყველა ძირითად გუნდურ სახეობაში უდიდესი წარმატებები აქვთ.

კობახიძის განმარტებით, სპორტში წარმატებები თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.

„მინდა, დავაანონსო ახალი მეგაპროექტი. წინა სამთავრობო სხდომაზე გვქონდა საუბარი თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზე და მინდა, გაგაცნოთ მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ამჯერად სპორტს უკავშირდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სპორტსმენების წარმატებით. ჩვენ გვაქვს სპორტის ყველა ძირითად გუნდურ სახეობაში უდიდესი წარმატებები. დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის თავზე ჩვენმა ნაკრებებმა მოახერხეს ისტორიაში უდიდესი წარმატების მიღწევა. ფეხბურთელები პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენმა რაგბისტებმა პირველად შეძლეს ექვსი ერის გუნდების დამარცხება, კალათბურთელები პირველად გავიდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც მსოფლიოს საუკეთესო 16 გუნდს შორის დაიკავეს პირველად ადგილი, წყალბურთელები გადიან ევროპის ჩემპიონატებზე, გავიდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ევროპის საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვდნენ ზედიზედ ორჯერ, ჩვენი ხელბურთელები გავიდნენ პირველად ევროპის ჩემპიონატზე, სადაც პირველი ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვეს და ინდივიდუალურ სახეობებშიც გვაქვს უდიდესი პროგრესი, მედლების რაოდენობა არის გაორმაგებული, გასამმაგებული ბოლო წლების განმავლობაში, რაც არის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი. ასეთი წარმატებები არ გვქონდა იმ ცნობილი ცხრა წლის განმავლობაში, როდესაც ხელისუფლების სათავეში იყო ჩვენი დღევანდელი ოპოზიცია, 90-იან წლებთან შედარებითაც კი. მაშინ სპორტი იყო უფრო წარუმატებელი, რასაც ჰქონდა თავისი კონკრეტული მიზეზები. მინდა, გაგახსენოთ კონკრეტული მოვლენები, რასაც მაშინ ჰქონდა ადგილი. ყველას გახსოვთ, როგორ მოხდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა და იმავე დღეს როგორ გააკეთებინეს განცხადება გადადგომაზე. არაფერს ერიდებოდნენ, ასეთი უხეში ჩარევა ხდებოდა ფეხბურთში, სპორტში ზოგადად. ასევე, მინდა, შეგახსენოთ, რა მოხდა „თბილისის დინამოს“ გარშემო. რუსეთიდან ჩამოიყვანეს კონკრეტული ბიზნესმენი, რომელსაც მაინცდამაინც დიდი წარმოდგენა არ ჰქონდა ფეხბურთზე, მას ჩააბარეს ჩვენი ეროვნული სიამაყე, „თბილისის დინამო“ და კლუბი, ფაქტობრივად, განადგურების პირამდე მიიყვანეს, ნულოვანი წარმატება ჰქონდა ბოლო ტურნირებზე. ასევე, დღეს რომ შევხედოთ, საქართველოს ჩემპიონატზე „თბილისის დინამოს“ აქვს ათი თამაში, 12 ქულა და მეხუთე ადგილზეა. ამ მდგომარეობამდე მიიყვანა წინა ხელისუფლების პოლიტიკამ ჩვენი საამაყო სპორტული კლუბი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განმარტებით, „ცოტა ხნის წინ, ადამიანებს, ვინც არიან დღეს „თბილისის დინამოს“ ხელმძღვანელობაში, ისტორიული „დინამოს“ ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა სურდათ“.

„ეს დამოკიდებულება არის იმ პოლიტიკის გამოვლინება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას. ამას, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ, მაგრამ თვითონ დამოკიდებულება ამ ყველაფრიდან ჩანს. ეს ადამიანები „თბილისის დინამოს“, ისტორიული კლუბის სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს. რამდენიმე დღის წინათაც, „თბილისის დინამოს“ სახელით – რა შუაშია „თბილისის დინამო“ – გაავრცელეს პოლიტიკური განცხადება და გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი სწორედ კლუბის სახელით. როგორც ჩანს, როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაში „თბილისის დინამოს“ მფლობელი. ეს ყველაფერი არის იმ პოლიტიკის გამოვლინება, რომელიც ჰქონდა წინა ხელისუფლებას, რომელმაც ჩვენი სპორტი, ფეხბურთი წარუმატებლობამდე მიიყვანა. ჩვენ წლები დაგვჭირდა იმისთვის, რომ მაშინ სპორტისთვის მიყენებული ზიანი გამოგვესწორებინა, მივსულიყავით იმ უნიკალურ წარმატებამდე, რომელიც ჩვენს სპორტს აქვს ყველა სახეობაში დღევანდელ დღეს. ასევე, მინდა, გავიხსენო კონკრეტული ფეხბურთელების მონაყოლი, ერთ-ერთი ფეხბურთელის მონაყოლი, რომელმაც პირადად მითხრა, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო უარი უთხრეს ნაკრებში გამოძახებაზე. ერთ-ერთ უცხოელ მწვრთნელს, მაშინ ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელი იყო უცხოელი, აიძულებდნენ, არ გამოეძახებინა კონკრეტული ფეხბურთელი, ერთ-ერთ ტოპ-ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი არ გამოეძახებინა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში. პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფერს. ასევე კონკრეტული ფეხბურთელის მონაყოლით, ძალიან ხშირად, ნაკრების ფეხბურთელებს თბილისში თამაშებზე ჩამოფრენა საკუთარი ხარჯით უწევდათ“, – აღნიშნა პრემიერმა.

,,სპორტსმენების მიმართ არის პირდაპირ მითითება, რომ ესა თუ ის პოზიცია დააფიქსირონ ღიად, გინდათ, ბულინგი დაარქვით, გინდათ – ზეწოლა” – ვიქტორ სანიკიძე 

ჩვენს ქვეყანაში დღეს უმაღლესი სტანდარტით არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელს აქვს უფლება, თავისი მოსაზრება დააფიქსიროს, მაგრამ რასაც დღეს ჩვენ, ყველანი ვხედავთ, ბულინგი დავარქვათ, შეიძლება უფრო მძიმე ფორმებშია ის ყველაფერი, რასაც ვუყურებთ, რომ სპორტსმენებზე არის ზეწოლა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ვიქტორ სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს სპორტსმენების ბულინგი და მათ მიუთითებენ, რომ კონკრეტული პოზიცია ღიად დააფიქსირონ, რაც მიუღებელია და ეს ფაქტები არავის დაუგმია. სანიკიძის განცხადებით, ის სრულ სოლიდარობას უცხადებს სპორტსმენებს.

„არამარტო ზეწოლაა იმ მხრივ, რომ გამოვიდნენ და თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ, აქ პირდაპირ არის მითითება, რომ ესა თუ ის პოზიცია უნდა დააფიქსირონ ღიად და ამაზე ხდება ზეწოლა, რაც მიუღებელია, გინდათ, ბულინგი დაარქვით, გინდათ – ზეწოლა. სამწუხაროა, რომ ამ ფაქტებზე რეაგირება ჩვენ არ გვინახავს. მე პირადად არ მინახავს, ვინმეს დაეგმო და მოწოდება გაეკეთებინა, რომ ეს ყოვლად მიუღებელია და ძალიან სამწუხაროა. მინდა, სრული სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს საამაყო სპორტსმენებს და მათ წარმატებები ვუსურვო თავიანთ საქმიანობაში, ყოველდღიურად ისინი ქვეყნის საქმეს აკეთებენ და ასახელებენ ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე“, – აღნიშნა ვიქტორ სანიკიძემ.

,,სიძულვილის ენის ეს პრიმიტიული ფორმულა ბოლო მოვლენების მთავარ გზავნილად იქცა”- კახა კალაძე

ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად – ხვიჩას განცხადება მკაფიოა, ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანიის უწყვეტი ნაკადი მიმდინარეობს და თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს.

„ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია“- სიძულვილის ენის ეს პრიმიტიული ფორმულა ბოლო მოვლენების მთავარ გზავნილად იქცა.

სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია მედიით და სოციალური ქსელებით უწყვეტ ნაკადად მოედინება. თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია, ასეთი კი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილია. აგრესიული უმცირესობა სიძულვილითა და ზიზღით უპირისპირდება ყველას და ქვეყნის მტრად აცხადებს მათ, ვინც გაუძლებს ზეწოლას. დღეს ამ ჯგუფების ხელშია არა სიმართლე, არა რეალობის გააზრება, არა ერთმანეთის მოსმენისა და კამათის სურვილი, არა ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ ფაშისტური იდეოლოგიის ინსტრუმენტი- მტრის ხატის შექმნა.

გადავხედოთ სოციალურ ქსელებს, როგორი შეურაცხყოფა, ზიზღი და ბულინგი მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა მიერ მართული ჯგუფებიდან. განსაკუთრებული თავდასხმა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილებზე.

ნახეთ, როგორი ზეწოლა იყო რამდენიმე დღის მანძილზე ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლისგანაც კატეგორიულად მოითხოვდნენ ერთ რამეს- სიტყვასიტყვით გაემეორებინა ის მესიჯები, რაც საქართველოში გადატრიალების დაგეგმვის იდეოლოგებმა შექმნეს. ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ დიდი წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს, იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად. ხვიჩას განცხადება მკაფიოა – ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა!

ასევე შეურაცხყოფის და ზიზღის ობიექტად აქციეს საქართველოს სიამაყე ლაშა ტალახაძე და ჩვენი სპორტული თუ სახელოვნებო სფეროს სხვა ცნობილი სახეები.

მეგობრებო, რასაკვირველია, არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას!

საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით და ჩვენს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვერავინ მოახვევს თავს ფაშიზმს და სიძულვილის ენას.

დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, მეგობრებო, უფალმა ინებოს მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება!“- წერს კალაძე.

,, წითელ პარასკევს, მართლმადიდებლებისთვის უმძიმეს დღეს, საერო სიმღერა ტაძრის მახლობლად სანთლებით, ისეთივე ანომალიაა, როგორც პანაშვიდზე საცეკვაო მუსიკის ჩართვა”- გია აბაშიძე

ე.წ. „მაიდანიზაციის“ უნიჭო სცენარისტებს ჰგონიათ, რომ წითელ პარასკევს, ქართული ეკლესიის მახლობლად, სანთლებით, ევროპის ჰიმნის თუნდაც ქართულ ენაზე ნამღერი პოლიტტექნოლოგიურად იზიდავს დამატებით თანამოქალაქეთა “გულებსა და გონებებს, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მართლმადიდებელი ქართველები ამ ეპიზოდს ვერანაირად მიიღებენ დადებითად, რადგან მკრეხელობაა და პოლიტიკური კიტჩიცაა.

მისივე თქმით, წითელ პარასკევს, მართლმადიდებლებისთვის უმძიმეს დღეს, საერო სიმღერა ტაძრის მახლობლად სანთლებით, ისეთივე ანომალიაა, როგორც პანაშვიდზე საცეკვაო მუსიკის ჩართვა.

„მართლმადიდებელი ქართველები ამ ეპიზოდს ვერანაირად მიიღებენ დადებითად, რადგან მკრეხელობაა და პოლიტიკური კიტჩიცაა. ე.წ. „მაიდანიზაციის“ უნიჭო სცენარისტებს ჰგონიათ, რომ წითელ პარასკევს, ქართული ეკლესიის მახლობლად, სანთლებით, ევროპის ჰიმნის, თუნდაც ქართულ ენაზე ნამღერი პოლიტტექნოლოგიურად იზიდავს დამატებით თანამოქალაქეთა „გულებსა და გონებებს” (hearts & minds).

წითელ პარასკევს, მართლმადიდებლებისთვის უმძიმეს დღეს, საერო სიმღერა ტაძრის მახლობლად სანთლებით, ისეთივე ანომალიაა, როგორც პანაშვიდზე საცეკვაო მუსიკის ჩართვა. მეტიც, საქართველო უკრაინა არაა და აქ არ დგას დღის წესრიგში ე.წ. ალტერნატიული და ე.წ ავტოკეფალიური ეკლესიის შექმნის საკითხი.

ამაღამ, პარლამენტთან, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, მრავალი ფსევტრადიციული, ჭინკური პერფორმანსები უხვად იქნება. რაც მთავარია, სანთლებითა და პასქებით, ავაზაკურ სცენარში ასე უწერიათ.

ჯობია, ისევ გმირთა მოედანი გადაკეტონ ან სხვა სატრანსპორტო კვანძი მდარე ხარისხის ფსევდო-რევოლუციონერებმა“ – წერს გია აბაშიძე.

,,ჩვენი ხედვა და ძალისხმევა, შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ურყევია”- კობახიძე

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ხედვა და ძალისხმევა, შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ურყევია

ჩვენი მიზანია, გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის გაძლიერება და სრულად იქნეს საქართველოს პოტენციალი გამოყენებული, რათა ის გახდეს მთავარი ფინანსური, ეკონომიკური და კომერციული ცენტრი, ისევეროგორც ლოგისტიკის, ტექნოლოგიების, განათლებისა და სერვისების ჰაბი შავი ზღვის რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობაძემ აღნიშნა, საქართველოს კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერად ქვეყნის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ინფრასტრუქტურის გაძლიერებაც.

ჩვენ ინტენსიურად ვაშენებთ აღმოსავლეთ-დასავლეთ და სამხრეთ-ჩრდილოეთის საავტომობილო ინფრასტრუქტურას, რაც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას კიდევ უფრო გააძლიერებს. ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტები. მნიშვნელოვანია აღინიშნოსრომ გათვალისწინებულია ყოვლისმომცველი რეფორმის პროგრამა ქვეყნის სარკინიგზო სექტორისთვის, რაც გადამწყვეტია საჯარო კორპორაციების რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის.

ეს ძალისხმევა ემსახურება საქართველოს განვითარებას და ამ საპასუხისმგებლო საქმეში კარგად ვაცნობიერებთ, რომ თანამედროვე, გლობალურად დაკავშირებულ მსოფლიოში ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება პარტნიორების გარეშე შეუძლებელია. მინდა მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის და მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მრავალფეროვანი პორტფელი ჩამოგვიყალიბდა როგორც სუვერენულ, ისე კერძო სექტორში. ჯამურად, 4.5 მილიარდი აშშ დოლარი მიიმართება ისეთი მნიშვნელოვანი სექტორების და პროექტების დაფინანსებაზეროგორიცაა ჩქაროსნული მაგისტრალები, ელექტროგადამცემი ხაზები, სხვადასხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა.

სიამაყით მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენი ქვეყანა აზიის განვითარების ბანკს 2007 წელს შეურთდა, როგორც აზიის განვითარების ფონდის ბენეფიციარი; დღეს კისაქართველოს აღნიშნულ ფონდში უკვე დონორი ქვეყნის სტატუსი აქვს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს მიზანდასახულობას და საქართველოს განვითარების შეუქცევადობას.

მეგობრებო, ჩვენი მიზანია, გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის გაძლიერება და სრულად იქნეს საქართველოს პოტენციალი გამოყენებული, რათა ის გახდეს მთავარი ფინანსური, ეკონომიკური და კომერციული ცენტრი, ისევეროგორც ლოგისტიკის, ტექნოლოგიების, განათლებისა და სერვისების ჰაბი შავი ზღვის რეგიონში.

ამდენად, ჩვენი ხედვა და ძალისხმევა, შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ურყევია.

ჩვენ გავაგრძელებთ შესაბამისი რეფორმებისა და პროექტების განხორციელებას უკეთესი მომავლის მშენებლობისთვის და ამ პროცესში აზიის განვითარების ბანკის უწყვეტი მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

,,ფრაზა “ხიდი მომავლისკენ“ საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს” -კობახიძე

დღევანდელი შეხვედრის ძირითადი მოტივია “ხიდი მომავლისკენ”, რაც საჭირო პლატფორმას გვთავაზობს ეკონომიკური განვითარების ტენდენციების, ჩვენი საერთო მიზნებისა და სამომავლო გეგმების, ასევე, რეგიონული თუ გლობალური კრიზისების დაძლევის პერსპექტივების განსახილველად, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ფრაზა საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს. 
 
„მოხარული ვარ, დღეს მასპინძლის რანგში მოგმართოთ აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე.
პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ასაკავას გამოცხადებული ნდობისთვის და ასევე, გამოვხატო მადლიერება აზიის განვითარების ბანკის გუნდის მიმართ, რომელმაც ღირებული დახმარება გაგვიწია ამ ღირსშესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებაში.
დღევანდელი შეხვედრის ძირითადი მოტივია “ხიდი მომავლისკენ”, რაც საჭირო პლატფორმას გვთავაზობს ეკონომიკური განვითარების ტენდენციების, ჩვენი საერთო მიზნებისა და სამომავლო გეგმების, ასევე, რეგიონული თუ გლობალური კრიზისების დაძლევის პერსპექტივების განსახილველად.
ამავე დროს, ეს ფრაზა საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს – ჩვენი გადაწყვეტილებებით და ნაბიჯით ვქმნით უფრო განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და დაცულ მომავალს შემდგომი თაობებისთვის.
ამ ხედვას აძლიერებს ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც საქართველოს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ ხიდად აქცევს. ჩვენი უნიკალური მდებარეობა გვაძლევს საშუალებას, ერთდროულად ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამავე დროს, ღირსეულად ვატარებდეთ ისტორიული აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მემკვიდრის სტატუსს.
მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფნებით უმნიშვნელოვანეს როლს ვასრულებთ ე.წ. შუა დერეფნის ფუნქციონირებაში, რომელიც სხვა მარშრუტების სტაბილურ, უსაფრთხო და საიმედო ალტერნატივად ჩამოყალიბდა. ჩვენ გავაგრძელებთ აზიური ბიზნესისა და ინვესტორებისთვის საუკეთესო ბიზნეს-გარემოს შეთავაზებას და რეგიონში მათი გაფართოების შესაძლებლობის უზრუნველყოფას”, –  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტ მასაცუგუ ასაკავას შეხვდა, რომელიც თბილისს ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში სტუმრობს.

მთავრობის მეთაურმა მასაცუგუ ასაკავას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ბანკის წლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აღინიშნა ADB-ის განსაკუთრებული  მხარდაჭერა ქვეყნისთვის სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსების თვალსაზრისით, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ, ენერგეტიკულ და განათლების სფეროებში როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ითქვა, რომ საქართველოსა და ADB-ის თანამშრომლობის 2024-2028 წლების სტრატეგია (CPS) მიზნად ისახავს საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

ყურადღება დაეთმო ქვეყანაში ეკონომიკურ წინსვლას და ამ კუთხით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებს.

აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს სტრუქტურულ რეფორმებს და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას. საუბარი შეეხო მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო როლის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

დღეის მდგომარეობით, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში 1.9 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების 16 აქტიური საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს.