ზვიად გამსახურდიას მიმართვა 1991 წლის 9 აპრილს მთავრობის სასახლის წინ, მიტინგზე დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით:
“ძვირფასო ძმანო და დანო!
დე, იყოს ეს დღე დასაწყისი ქართველი ერის კონსოლიდაციისა, ერთ მუშტად შეკვრისა — შინაური და გარეშე მტის წინააღმდეგ. დღევანდელი დღე ცრემლნარევი სიხარულის დღეა. მართალია ჩვენ ცრემლი არ შეგვშრობია თვალზე — 9 აპრილს წამებულთა გლოვა, სამაჩაბლოში წამებულთა გლოვა დღესაც გრძელდება, მაგრამ უფალმა მოგვივლინა ეს დღე ვითარცა დღე ცრემლნარევი სიხარულისა. ასეთი იყო საქართველოს ისტორია, ძვირფასო მეგობრებო. ეს იყო ცრემლნარევი სიხარული, ეს იყო ეკლიანი გზით სვლა ჭეშმარიტებისაკენ, საღვთო სიყვარულისაკენ. საქართველოს გზა ეკლიანი გზაა ქრისტესი, ჯვარცმისა, დაფვლისა და გარდაუვალი აღდგომისა. ამ დღეს დიდი დაფიქრება გვმართებს, დიდი ურთიერთ სიყვარული, დიდი პატიება, ურთიერთ მიტევება – რამეთუ არ არს კაცი, რომელიც ცხოვნდეს და არა სცოდოს. ამავე დროს, მეგობრებო, ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. მართალია ჩვენ იურიდიულად აღვადგინეთ საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ საქართველოს საბოლოო განთავისუფლებამდე ჯერ შორსაა. გავხედოთ იმ მძიმე გზას რომელიც გველოდება და მოითხოვს ჩვენგან დიდ დარაზმულობას, შრომას, ურთიერთსიყვარულს, ურთიერთგატანას ამ მძიმე გზაზე, ამ ძნელბედობის ჟამს. ჩვენმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ გამოიღო თავისი ნაყოფი. იგი დაგვირგვინდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით. ჩვენმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ გააერთიანა არა მხოლოდ ქართველი ერი, არამედ საქართველოს არაქართველი მოსახლეობა! ამიერიდან ისინი ჩვენი ძმები არაიან, ისინი ჩვენთან არიან, ჩვენთან ერთად იბრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და საქართველოს რესპუბლიკა მიიღებს მტკიცე საკანონმდებლო საფუძვლებს ყველა ეროვნების წარმომადგენლობათა შორის ჭეშმარიტი ძმობისა და მეგობრობის შესახებ, მათი უფლებრივი გარანტიების შესახებ საქართველოში.
პირველ რიგში, მეგობრებო როგორც გამოვაცხადეთ სესიაზე – საქართველო მტკიცე კონსტიტუციურ გარანტიებს მისცემს აფხაზ ხალხს, რომელთან ჩვენი ისტორიული ძმობა საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს. აფხაზთა და ქართველთა სამეფო ერთიანი სახელმწიფო კვლავ აღდგება, ქართველთა და აფხაზთა მეგობრობა დაეფუძნება აფხაზეთის უდიდესი შვილების გიორგი შარვაშიძის, არზაყან ემხვარის და სხვათა მამულიშვილურ, პატრიოტულ გზას და გააერთიანებს ჩვენს მოძმე ერებს. საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების წარმომადგენელი, რომელიც იარაღით ხელში არ იბრძოლებს ჩვენს წინააღმდეგ მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას!
აი, ასეთია მეგობრებო ჩვენი გადაწყვეტილება. დღეიდან საქართველო, მეგობრებო, მიმართავს მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებს რათა დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიოს თავისუფალ ერთა თანამეგობრობაში.
ძვირფასო ძმებო და დებო! დღევანდელი დღე მოიტანა 9 აპრილს დანთხეულმა სისხლმა. შემთხვევითი როდია, რომ დღევანდელ დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ისინი წინასწარმეტყველნი იყვნენ – მათ წინასწარმეტყველურად დასთხიეს სისხლი აქ, ამ ადგილას, რამე თუ უწყოდნენ რომ სწორედ აქ გამოცხადდებოდა დამოუკიდებლობა და სწორედ 9 აპრილს!
წუთიერი დუმილით პატივი ვცეთ დაღუპულთა ხსოვნას!”