სალომე ზურაბიშვილს ჟარგონულად, „ნაციონალური მოძრაობის” ენაზე ვუპასუხებ: ტოლი ნახოს! რაის სალომე ზურაბიშვილი და რაის დებატები! ლევან ხაბეიშვილმაც კი გაუსწრო მას რეიტინგითა და ავტორიტეტით, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი ალუდა ღუდუშაური პრეზიდენტ ზურაბიშვილის პრესკონფერენციასა და მის ინიციატივას ბიძინა ივანიშვილთან დებატების შესახებ.
ღუდუშაურის შეფასებით, “ზურაბიშვილის სახით ტრიბუნასთან “ნაციონალური მოძრაობის” დაბალი რანგის, უხარისხო პროპაგანდისტი იდგა”.
ღუდუშაური იმასაც ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ათეულობით მილიონი ლარის გაფლანგვაზე წარმოებულ საქმეს “პიჯაკების საქმე” უწოდა, რაც “ქართული ოცნების” დეპუტატის აზრით, სასამართლოზე პირდაპირი მითითებაა, თუ როგორ იმოქმედოს მან.
“თურმე მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას ტანისა და სხვადასხვა ადგილების კორექციისთვის დახარჯული და ჰაერში გასროლილი ჩვენი თანამოქალაქეების ათეულობით მილიონი ლარი “პიჯაკების საქმე” ყოფილა. ვინ მისცა ზურაბიშვილის იმის უფლება ისეთ შეფასებას აკეთებდეს, თითქოს ეს არაფერი არ არის და თითქოს ეს პიჯაკების საქმეა. ეს არის აღმაშფოთებელი – ამით ყველაფერი ნათქვამია!
დღეს ეს ადამიანი ცდილობს “ნაციონალურ მოძრაობას” საკუთარი საჭიროება დაანახოს. თურმე ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ინტერესები დაუზიანებია, თურმე საქართველოს ინტერესებს ბიძინა ივანიშვილი არ ემსახურება და სალომე ზურაბიშვილი, სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” ემსახურებიან. როგორ შეიძლება ადამიანი ასე დეგრადირდეს, რომ ოღონდაც კოლექტიურმა, რადიკალმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეიფაროს და კალთა გადააფაროს, ისეთ აბსურდებს ამბობს, რაც ჩვენ მოვისმინეთ. აბსოლუტურად უმორალო საუბარი იყო!
როგორ ბედავს ზურაბიშვილი როცა ამბობს: – მე ხალხს იმისთვის არ ავურჩევივარ… ვეტყვი, რომ ის ხალხს საერთოდ არ აურჩევია! სალომე ზურაბიშვილმა უნდა გაიგოს, რომ ის ქართველ ხალხს არ აურჩევია!
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, სალომე ზურაბიშვილიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება.
ისე მწარედ დამარცხდებიან, წარმოდგენაც კი არა აქვთ!” – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.