ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის შეხვედრა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა. აუდიენციის დასრუების შემდეგ, მელიამ განაცხადა, რომ მისი შთაბეჭდილებით, ზურაბიშვილი ნაკლებად ფიქრობს ვინ მისცემს ხმას და ვინ არა იმპიჩმენტს. ნიკა მელია გამოეხმაურა ინიციატივას, რომ იმპიჩმენტის კენჭისყრისას დარბაზში ოპოზიცია საერთოდ არ შევიდეს და ამით გამოირიცხება სპეკულაციები, დაუჭერს თუ არა ვინმე მხარს “ოცნების” გარდა, ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას: “მე რა შთაბეჭდილებაც დამრჩა, რომ ნაკლებად ფიქრობს ქალბატონი ზურაბიშვილი, ვინ მისცემს ხმას და ვინ არა, ვის მოისყიდიან და ვის არა. ფარული კენჭისყრის პირობებში, რა თქმა უნდა არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ მეორეს მხრივ, მოსაზრებას, რომ ოპოზიცია სხდომათა დარბაზში კენჭისყრისას არ შევიდეს, ჩემის აზრით არის ძალიან მძიმე გასააზრებლადაც კი. შენ თუ ოპოზიცია გქვია და პარლამენტში ხარ წარმოდგენილი და იმდენად უნდობლობაა ერთმანეთისა, რომ სხდომათა დარბაზში იმ შიშით ვერ შედიხარ, რომ ვიღაცამ ხმა არ მისცეს ქართული ოცნების სასარგებლოდ, მაშინ იქ აღარ უნდა იყო.” ამბობს მელია. მელიას შემდეგ, პრეზიდენტი “გირჩის” წევრს, დეპუტატ იაგო ხვიჩიას შეხვდა. ხვიჩიას შეფასებით, რეზიდენტი საკითხს “მშვიდად უყურებს”, მიუხედავად იმისა, რომ “ოცნებისგან” ყველაფერია მოსალოდნელი და შესაძლოა “გადაიბიროს ხალხი ოპოზიციიდან, ეს იმაზეა დამოკიდებული რამდენს გადაიხდიან. ძირითადად ნაცმოძრაობის სიით შესული ხალხია ამაში შემჩნეული” – ამბობს ხვიჩია. პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ათონელის რეზიდენციაში უკვე რამდენიმე დღეა პირადად ხვდება.