ზურაბიშვილი ჯერ ევროკავშირს სთხოვდა საქართველოს დასჯას, ახლა აშშ-ს სთხოვს იმავეს, კარგად ჩანს, როგორ სძულს „მაკკეინის ინსტიტუტის“ სტიპენდიანტს საქართველო და ქართველი ხალხი -რატი იონათამიშვილი

6
spot_img

სალომე ზურაბიშვილი ჯერ ევროკავშირს სთხოვდა საქართველოს დასჯას, ახლა აშშ-ს სთხოვს იმავეს. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი ასახელებს, რომ საქართველო თურმე პატარა ქვეყანაა და აქ მხოლოდ 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც იონათამიშვილი აღნიშნავს, ზურაბიშვილის აზრით, პატარა ქვეყნებს და ერებს აქვთ ნაკლები უფლებები და ისინი „დიდი ქვეყნების“ ჭკუაზე უნდა დადიოდნენ.

რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ საქართველო არა ვინმეს მეორეხარისხოვანი პარტნიორი ქვეყანა, არამედ სტრატეგიული ბურჯია რეგიონში.

„ამ განცხადებებიდან სინამდვილეში კარგად ჩანს, როგორ სძულს „მაკკეინის ინსტიტუტის“ სტიპენდიანტს საქართველო და ქართველი ხალხი, რომ პატარა ქვეყნებს და ერებს, მისი აზრით, აქვთ ნაკლები უფლებები და ისინი „დიდი ქვეყნების“ ჭკუაზე უნდა დადიოდნენ. სწორედ ეს არის იმპერიალისტური, ბოლშევიკურ-ფაშისტური ხედვა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო თანამედროვე საერთაშორისო სამართალთან, მიდგომებთან და პრინციპებთან.

ზურაბიშვილს შევახსენებ, რომ საქართველო ვინმეს მეორეხარისხოვანი პარტნიორი ქვეყანა კი არ არის, არამედ სტრატეგიული ბურჯია რეგიონში, რომელიც უძლებს მრავალ გამოწვევას უსაფრთხოებისა და თავისუფლების გზაზე.

საქართველოს სიძლიერე მის სუვერენიტეტში, ღირებულებებში და სტრატეგიულ მდებარეობაშია და მოსახლეობის რაოდენობაზე აპელირება არის პირდაპირი მტრობა როგორც ჩენი ქვეყნის დღევანდელი დღის, ასევე ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის. ნებისმიერი ქვეყნის და ერის ღირსება ეფუძნება სწორ ფასეულობებს, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას და არა ტერიტორიების კვადრატულ მეტრებსა თუ მოსახელობის რაოდენობებს.

სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავდა ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც რცხვენოდა, რომ საქართველოში 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს“, – წერს რატი იონათამიშვილი.