
დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით, მისი დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც დიპლომატიური მისიის განცხადებაშია ნათქვამი, ეს არის საქართველოს სერიოზული დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტური.
„დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით. მისი დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას. ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის მიღებასთან და „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ გაკეთებული განცხადებების ფონზე, ეს საქართველოს სერიოზული დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტურია. პლურალისტური, მრავალპარტიული დემოკრატია ევრო-ატლანტიკური ღირებულებების აუცილებელი ნაწილია. „ქართულმა ოცნებამ“ ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომების მიღება“, – ნათქვამია განცხადებაში.