“ზურაბ ადეიშვილზე იმის თქმა, რომ ის იყო საპატიო სტუმრის სტატუსით, არ შეშვენის არც ბუნდესტაგს, არც ქართულ-გერმანულ ურთიერთობას”

563
spot_img

ზურაბ ადეიშვილზე იმის დარქმევა, რომ ის არის საპატიო სტუმრის სტატუსით ბუნდესტაგში, არ შეშვენის არც ბუნდესტაგს, არც ქართულ-გერმანულ ურთიერთობას – საპასუხოდ საყვედურების თქმა, არ მგონია, რელევანტური იყოს, გაცილებით ლოგიკური იქნებოდა, რომ ეთქვათ, ეს იყო შეცდომა, ან საერთოდ ართქმა ჯობდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტთან დაკავშირებით გერმანიის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ბუნდესტაგისთვის მაინცდამაინც საამაყო არ უნდა იყოს იმ ადამიანის მიღება, რომელიც საკუთარ ქვეყანაში დანაშაულების ჩადენაშია მხილებულია.

“ამ საყვედურს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მივიღებ. ამ ადამიანისთვის დარქმევა, რომ ის არის საპატიო სტუმრის სტატუსით ბუნდესტაგში, რა თქმა უნდა, არ შეშვენის არც ბუნდესტაგს, არც ქართულ-გერმანულ ურთიერთობას და არ მგონია, რომ სასარგებლო იყოს გერმანულ-უკრაინული ურთიერთობებისთვისაც კი. ამიტომ რაღაცა საპასუხოდ საყვედურების თქმა, არ მგონია, რელევანტური იყოს. მე ვფიქრობ, გაცილებით ლოგიკური იქნებოდა, რომ თქმულიყო, რომ ვინმეს გამოეპარა მხედველობიდან. რა სასიამოვნოა, როდესაც საპატიო სტუმარს უწოდებ, შეხვედრებს მართავ და სამართლის უზენაესობაზე ელაპარაკები ადამიანს, რომლის სახელიც საქართველოში ასოცირდება ბიზნესის რეკეტთან, იმ ციხის ზედამხედველობასთან, სადაც ადამიანებს სისტემურად აწამებდნენ და აუპატიურებდნენ,” – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, გერმანიის საელჩომ განაცხადა, რომ ადეიშვილი ბუნდესტაგში იმყოფებოდა, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი და გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა აეკრძალათ.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ კი განაცხადა, რომ გერტ იან კოპმანი, გასულ სამშაბათს, უკრაინის გენერალურ პროკურორს შეხვდა, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა. მათივე განცხადებით, ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა.

არსებული ინფორმაციით, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს, გერტ იან კოპმანს საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი შეხვდა, რომელიც უკრაინის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, ადეიშვილმა კოპმანთან სისხლის სამართლის პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და პროკურატურის გაძლიერებაზე ისაუბრა.