ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 6 მაისს, ზუგდიდში, მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, საქართველოს ეროვნული გმირის, მამია ალასანიას ბიუსტი გაიხსნა. დღეს, მამია ალასანიას, 80 წელი შეუსრულდებოდა. ღონისძიებას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილე ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, მამია ალასანიას ვაჟი, ირაკლი ალასანია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, დავით კუხალეიშვილი და დავით ვერავა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ანზორ მარგიანი, საქართველოს პარლამენტის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელოს სამმართველოს წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები.
აღსანიშნავია, რომ მამია ალასანიას ბიუსტი დაიდგა იმ პარკში, სადაც განთავსებულია საქართველოს ეროვნული გმირების მერაბ კოსტავასა და გენო ადამიას ბიუსტები და 1924 წლის აჯანყებულთა ხსოვნის მემორიალი.
მამია ალასანია 1943 წლის 6 მაისს, სოფელ ანაკლიაში დაიბადა. იმავე წელს ალასანიების ოჯახი ზუგდიდში გადასახლდა. მამია ალასანიამ 1961 წელს ზუგდიდის №1 საშუალო სკოლა დაამთავრა. იგი უშიშროების პოლკოვნიკი გახლდათ. 1974 წლიდან სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა. მოგვიანებით კი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის უშიშროების კომიტეტის განყოფილების უფროსი იყო. 1992-93 წლებში, სპეციალური დავალებით იგი სამეგრელოში იქნა მივლინებული.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, იგი, სოხუმში, ჟიული შარტავასთან, სოხუმის მერთან, გურამ გაბესკირიასა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს შენობაში იმყოფებოდა. სეპარატისტებმა, ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია და ორმოცდაათი წლის მამია ალასანია, თანმხლებ პირებთან ერთად მოკლეს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და საქართველოს მთავრობის ძალისხმევითა, 2017 წლის ოქტომბერში, მამია ალასანიას ნეშტი, გურამ გაბესკირიას ნეშტთან ერთად, იდენტიფიცირებულ იქნა და მასთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაიკრძალა.
მამია ალასანიას, 2018 წელს, საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა.