ჩვენი კოლეგა გერმანელი დეპუტატები მთელ მსოფლიოს ეუბნებიან, რომ ეუთო/ოდირის მისია საერთოდ არ ჩაუშვეს საქართველოში. წარმოიდგინეთ, რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძე გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბუნდესტაგის წარმომადგენლების განცხადებას, რომელშიც ისინი აღნიშნავენ, თითქოს არჩევნებზე ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირვებლები არ იყვნენ დაშვებული.
„რა იკადრეს ჩვენმა კოლეგა გერმანელმა დეპუტატებმა, დღევანდელი ამბავი იცით? ბუნდესტაგის ზოგიერთმა წარმომადგენელმა უბრალოდ გადაწყვიტეს, ეუთო/ოდირის დასკვნის არაღიარებაზე კი არ მოეწერათ ხელი, ეთქვათ, რომ ეუთო/ოდირი საერთოდ არ ყოფილა საქართველოში. წარმოიდგინეთ, რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე. აბა, ვინმეს კითხვა დაუსვით, ამას გმობენ, გამოასწორებენ? მათ იფიქრეს, რომ გერმანიის დეპუტატს ინფორმაციის გავრცელების უფრო ფართო დიაპაზონი აქვს თანამედროვე სამყაროში, ვიდრე რომელიმე ქართველ დეპუტატს, მაგალითად, მდინარაძეს თუ სხვას. უბრალოდ, ასე ძალით გვჯობნიან, რომ მეტი რესურსი აქვთ ინფორმაციის გავრცელების და მთელ მსოფლიოს ეუბნებიან, რომ ეუთო/ოდირის მისია საერთოდ არ ჩაუშვეს საქართველოში. უბრალოდ მოიტყუეს. წარმოიდგინეთ, ამას რამდენიმე წლის წინაც არავინ იკადრებდა. თავისი აგენტურის – თუ ისინიც ვიღაცების წარმომადგენლები არიან, ახლა ამაში აღარ შევალ, ეს უკვე ყველამ კარგად ვიცით – ქართული აგენტურის, ქართველი ჯაშუშების მხარდასაჭერად თქვეს, რომ ეუთო/ოდირის მისია თურმე საერთოდ არ ჩამოგვიშვია საქართველოში. ასეთი თავხედური და ხელის გადაგრეხის ძალიან ბინძური მეთოდების შემსწრე ვართ, რომლითაც დღეს ებრძვიან საქართველოს. ეს არ არის ბრძოლა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობილია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო-ს მისიაში გრძელვადიანი დამკვირვებლები შედიოდნენ. ამის შესახებ ეუთო-ს მიერ 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ პრესრელიზშიც არის აღნიშნული.